1. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
დ1) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე;
ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;
ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;
ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
3. თანამდებობის პირი ვალდებულია ზემდგომ თანამდებობის პირს აცნობოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. განცხადება თვითაცილების თაობაზე განიხილება ამ კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4960 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №879 – ვებგვერდი, 04.08.2021