განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.01.2020
საქმის ნომერი
190310019002929633
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190310019002929633

საქმე №3ბ/2078-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

22 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლე-–---------–---რი;

 

აპელანტი (მოპასუხე) - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - მაკა შერეშაშვილი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა სამსახურში აღდგენის თაობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შვებულებების ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 მარტის N6-- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.2. ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა სამსახურში აღდგენის თაობაზე;

 

1.3. სრული განაცდურის და გამოუყენებელი შვებულებების ანაზღაურება აღდგენამდე;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელე ლე-–---------–---რის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის N6-- ბრძანება და დაევალა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 24 აპრილის N1--- ბრძანებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ლე-–---------–---რის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს მოსარჩელე ლე-–---------–---რთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ 2016 წლის 08 ნოემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამჯერ გამოცხადდა რეორგანიზაცია. პირველი ორი ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. 2017 წლის 23 მარტის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის N5-- ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაციისთვის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 30 აპრილამდე (ტ.1, ს. ფ. 34-35; 64-65; 127-140; 152-165).

 

4.2. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე - დაირღვა რეორგანიზაციის ვადა: ვერ მოხერხდა მისი 2017 წლის 15 აპრილამდე შემუშავება. ვადა გაგრძელდა 2017 წლის 28 აპრილამდე, ხოლო 2017 წლის 30 აპრილამდე ვერ დასრულდა რეორგანიზაცია და მაისის თვეში დაიწყეს თანამშრომელთა განთავისუფლება - დანიშვნა (ტ.1, ს.ფ 127-140; 152-165).

 

4.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 21 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება N13, რომლითაც რეორგანიზაციასთან ერთად ასევე განისაზღვრა მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ საკითხი (ტ.1, ს.ფ 127-140; 152-165).

 

4.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე-–---------–---რის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 მაისის N8-- ბრძანება ლე-–---------–---რის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ემსჯელა მოსარჩელესთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე (ტომი1, ს.ფ. 54-71; 152-165).

 

4.5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 მაისის N1--- ბრძანების შესაბამისად, ლე-–---------–---რი გათავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 1 მაისიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად აღნიშნული საშტატო ერთეულის შემცირების გამო. მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. (ტომი 1, ს.ფ. 104; 152-165).

 

4.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე ლე-–---------–---რის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 მაისის N1--- ბრძანება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლე-–---------–---რის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 მაისის N1--- ბრძანება და დაევალა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 24 აპრილის N1--- ბრძანებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება კანონით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ 152-165).

 

4.7. დადგენილია, რომ 2019 წლის 14 თებერვლის განცხადებით მოსარჩელე ლე-–---------–---რმა მოითხოვა კომისიაში იმ წევრების არ შეყვანა, რომლებიც ხელს აწერდნენ 2018 წლის 14 მაისით დათარიღებულ კომისიის სხდომის ოქმს. ასევე დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 თებერვლის N0------ წერილით ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ვინაიდან არ დგინდება არცერთი საფუძველი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით "ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა" (ტ.1, ს.ფ 168-169).

 

4.8. დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 მარტის N6-- ბრძანებით, ლე-–---------–---რი გათვისუფლდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ლე-–---------–---რი გათავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 01 მაისიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული ბრძანება დაეფუძნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, 2019 წლის 12 თებერვლის N3-- ბრძანებით შექმნილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განმხილველი შემადგენლობის (ჯგუფის) 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებას (ტ.1, ს.ფ. 268-269).

 

4.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა შემდეგი: გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 მაისის N8-- ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების ჩაბარებაზე მოსარჩელემ განაცხადა უარი (ტ.1, ს.ფ. 113-114).

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N1--- ბრძანების საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვა (ტომი 1, ს.ფ 141).

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმის მასალების გამოკვლევის, შესწავლის და შეფასების მიზნით ჩატარებულ სხდომაზე შედგა 2018 წლის 26 აპრილის ოქმი N1, სადაც აღნიშნულია, რომ ლე-–---------–---რმა წარადგინა ქვემო ქართლის სააღსრულებლო ბიუროს წინანადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ვადის დარღვევით. თამარ ხაჩიძემ (სხდომის მდივანი) განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მერიას ჩაბარდა 2018 წლის 03 აპრილს, ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის შესახებ გამოიცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილს N1--- ბრძანება კომისიის შექმნისა და მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით 26 აპრილს 12:00 საათზე სხდომის გამართვის შესახებ და ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

ლე-–---------–---რის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და 2015 წლის 1 თებერვლიდან კონკურსის წესით დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2017 წლის 1 მაისს გათავისუფლდა სამსახურიდან ,,რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო’’. აღინიშნა, რომ რეალურად შტატების შემცირება არ მომხდარა. ლე-–---------–---რმა დააყენა შუამდგომლობა სხდომის მიმდინარეობის ჩაწერის თაობაზე, რაზედაც განმარტებულ იქნა, რომ მერია ვერ უზრუნველყოფდა ჩაწერას, შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო და მას შეეძლო თვითონ მოეხდინა სხდომის ჩაწერა. ლელა გოგოლაურის განმარტებით, იგი ვერ უზრუნველყოფდა სხდომის მიმდინარეობის ჩაწერას. ლე-–---------–---რმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 2016 წლის 8 ნოემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამჯერ გამოცხადდა რეორგანიზაცია. გეგმის მიხედვით, რეორგანიზაცია უნდა დამთავრებულიყო 2017 წლის 30 აპრილს, ხოლო საშტატო ნუსხის და დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა დამთავრებულიყო 2017 წლის 15 აპრილს. გამგებლის წერილის საფუძველზე მოწვეული იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, მაგრამ საკითხი ვერ მომზადდა და სხდომა არ შედგა. 27 აპრილს ჩატარდა საკრებულოს სხდომა, სადაც დაამტკიცეს გამგეობის და სამსახურების დებულებები, გააუქმეს 2015 წლის საშტატო ნუსხა. დღის წესრიგში არ იყო შეტანილი ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცება, საკრებულომ კანონდარღვევით გამოიტანა განკარგულება შტატების დამტკიცების შესახებ განკარგულებაში ძალაში შესვლის თარიღად მითითებულია 2017 წლის 1 მაისი. სამსახურში არ მომხდარა შტატების შემცირების გამო 30 დღით ადრე თანამშრომელთა გაფრთხილება. აღნიშნული რეორგანიზაცია ჩატარდა კანონდარღვევით. 2017 წლის 20 აპრილს განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა გამგეობის დებულების 34-ე მუხლში დაშვებული შეცდომა გამოსწორებულიყო და გაუქმებულიყო საკრებულოს 2017 წლის 21 მარტის N16 დადგენილება. საკრებულოს თავმჯდომარემ არ გაიტანა საკრებულოზე აღნიშნული საკითხი, ხოლო განცხადებაზე მიღებულ იქნა პასუხი, რომ მიემართა სასამართლოსთვის. ლე-–---------–---რის განმარტებით, გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილება, რომლის შესაბამისად მოხდა სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატის გაუქმება, გამგეობამ კი არასწორად გამოიყნა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. ვინაიდან გამგეობამ რეორგანიზაციისას, იხელმძღვანელა აღნიშნული დადგენილებით, ასეთ შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის გაუქმებასთან ერთად უნდა გაუქმებულიყო მესამე მოადგილის შტატიც, რაც არ გაუქმებულა და აღნიშნული მოსარჩელის მიერ მიჩნეულ იქნა დისკრიმინაციად.

 

ნინო თავაძემ (წევრი) განმარტა: "გამგებლის 2017 წლის 23 მარტის N5-- ბრძანება, სადაც მითითებულია საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ 108-ე მუხლის პირველი პუნქტი, სადაც წერია (მოხელეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაცია, თანამდებობის შემცირების ან ატესტაციის არადამაკამყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) გაცნობილი აქვს ყველა თანამშრომელს, მათ შორის ქალბატონ ლელასაც. ბრძანების მეორე მხარეს ხელი აქვს მოწერილი 2017 წლის 27 მარტს, შესაბამისად, იმის განმარტება, რომ არ იყო გაფრთხილებული 30 დღით ადრე, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს."

 

ლე-–---------–---რის განმარტებით 1 მაისს საღამოს შეუტანეს გათავისუფლების ბრძანება, რომელიც არ ჩაიბარა, 29 მაისს დაიბარა იურიდიული განყოფილების უფროსმა და უთხრა - თუ თანახმა იქნებოდა 17 მაისიდან გაფორმდებოდა სამსახურში, სხვა თანამდებობაზე. ელოდებოდა გამგებელს 31 მაისამდე, შეხვედრა ვერ მოხერხდა, რის შემდგომაც სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ლე-–---------–---რის მიერ მოთხოვნილ იქნა სხდომაზე საკრებულოს წარმომადგენლის მოწვევა. სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ იქნა, რომ დამატებით ეცნობებოდა სხდომის დღე. სხდომა ჩანიშნულ იქნა 2018 წლის 03 მაისს. 2018 წლის 03 მაისს სხდომის მდივანს თამარი ხაჩიძეს ლე-–---------–---რი დაუკავშირდა ტელეფონით 899221131, აცნობა, რომ ცუდად ყოფნის გამო ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას და მოითხოვა სხდომის გადადება. სხდომა გადაიდო 2018 წლის 14 მაისისთვის.

 

სხდომა გაგრძელდა 2018 წლის 14 მაისს. ზემოაღნიშნულ სხდომაზე განიმარტა შემდეგი: ლე-–---------–---რის მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვაზე საკრებულოს წარმომადგენელმა ნ. შპეტიშვილმა განმარტა, რომ საკრებულოში შესული დოკუმენტის განხილვის დრო არ იყო საკმარისი, რაც აცნობეს გამგებელს, ამავე დროს ისაუბრეს ხარვეზებზე 27 აპრილის სხდომაზე. ასევე განმარტა, რომ ყოფილიყო კანონდარღვევა, სასამართლო ცნობდა ბათილად. მისი განმარტებით, რეგლამენტი აძლევს საშუალებას რიგგარეშე სხდომის 7 დღის ვადაში მოწვევის თაობაზე და არა 7 დღის გასვლის შემდეგ. გამომდინარე აქედან, 27 აპრილს მათ ჰქონდათ რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება. საერთოდ, სასამართლოს მიერ საკრებულოს არცერთი აქტი არ ყოფილა ბათილად ცნობილი, ეს იმას ამტკიცებს რომ კანონის სრული დაცვით იყო მიღებული საკრებულოს აქტები.

 

ლელა გოგოლაურის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ მოადგილეების შტატები უნდა გადაკეთებულიყო მთავარი სპეციალისტის შტატად. ასევე, მთავარი სპეციალისტის ადგილს სთავაზობდნენ, მაგრამ არ დაასაქმეს, ბოლოს მოსთხოვეს კონკურსში მონაწილეობის მიღება, სადაც აიღო 48 ქულა. ზემოაღნიშნულ სხდომაზე, კენჭისყრით გადაწყვეტილ იქნა, რომ ლე-–---------–---რის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან იყო კანონიერი (ტ.1, ს.ფ 142-150).

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის ოქმი N1-ის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს ლე-–---------–---რის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება (ტ.1, ს.ფ 142-150).

 

მოსარჩელე ლელა გოგოლაურის განმარტებით, სხდომაზე არ მომხდარა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება, რაც გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მომხდარიყო. სხდომაზე არ მოუსმენია არც კომისიის წევრთა მოსაზრებები, არც დადგენილებისა და გადაწყვეტილების პროექტები წარუდგენია ვინმეს და არც მათი კენჭისყრაზე დაყენება არ მომხდარა. კომისიის თავმჯდომარემ მოსარჩელეს არ მისცა კითხვების დასმის უფლება და შეკითხვაზე, თუ როდის მიეცემოდა მათ შეხედულებებზე აზრის გამოთქმის საშუალება, უთხრეს, რომ გაამზადებდნენ ოქმს, რომელსაც მერთან ერთად გადასცემდნენ მასაც და შემდგომ ექნებოდა საშუალება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მერისთვის მიემართა წერილობით. მოსარჩელემ 14 მაისს მიმართა წერილობით მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა კანონიერი გადაწყვეტილების მიღება მისი სამსახურის აღდგენის, აუნაზღაურებელი შვებულებისა და სრული განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. მითითებულ წერილზე მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის ოქმის შესაბამისად, კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს ლე-–---------–---რის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება. ზეპირი სხდომა საკითხთან მიმართებით ჩატარდა 2019 წლის 19 თებერვალს (ტ.1, ს.ფ 205-252)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა შემდეგი: მოსარჩელე ლელა გოგოლაურის განმარტებით, სხდომაზე არ მომხდარა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება, რაც გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მომხდარიყო. მისი განმარტებით:

ა) გამგეობაში რეორგანიზაცია ისე გამოცხადდა, რომ მისი ჩატარების არც აუცილებლობის დასაბუთება მომხდარა, არც გაანალიზება და არც გათვლა, თუ რა სიკეთეს ან ზარალს მოიტანდა გამგეობისთვის.

ბ) საჯარო მოხელეები ერთი თვით ადრე არავის გაუფრთხილებია შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რაც კანონდარღვევაა.

გ) გამგებლის 2017 წლის 23 მარტის N5-- ბრძანებაში ზუსტად არ იყო განსაზღვრული, რა სახის რეორგანიზაცია ტარდებოდა საჯარო სამსახურში.

დ) რეორგანიზაციის ვადა განისაზღვრა 38 დღით, რითაც დაირღვა გამგეობის დებულების 35-ე მუხლი.

ე) რეორგანიზაცია ფარულად მიმდინარეობდა, თანამშრომლებმა არ იცოდნენ რა სახის რეორგანიზაცია ტარდებოდა.

ვ) თანამშრომლები არ იყვნენ გაფრთხილებულნი სამსახურის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით.

ზ) გამგეობამ 12 აპრილს საკრებულოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოთხოვა რიგგარეშე სხდომის მოწვევა. საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 აპრილის N41 ბრძანებით 13 აპრილს დაინიშნა სხდომა. თუმცა სხდომა ჩაიშალა.

თ) გამგებლის 2017 წლის 23 მარტს გამოცემულ N5-- ბრძნებაში შევიდა ცვლილება 12 აპრილით დათარიღებული N655 ბრძანებით, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს. მითითებული კანონდარღვევაა, ვინაიდან ბრძანებაში ვადის გაგრძელებაზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ვადის ამოწურვამდე.

ი) 2017 წლის 28 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე განხილული და დაწუნებული პროექტები ხელახლა საკრებულოში დაამტკიცეს 27 აპრილის სხდომაზე, რაც მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს საკრებულოს რეგლამენტის დარღვევას.

კ) გამგეობის 21 და 24 აპრილის წერილების საფუძველზე საკრებულოში წარდგენილი პროექტების 27 აპრილის სხდომაზე გატანა საკრებულოს რეგლამენტის დარღვევაა.

ლ) მოსარჩელის განმარტებით, საკრებულოზე წარდგენილი პროექტების განმარტებით ბარათებში სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატების გაუქმების საფუძვლად გამოყენებულია მთავრობის 2019 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილება, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის უკვე არსებობდა საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 25 აპრილის N199/სა ბრძანება და მოადგილის შტატის არსებობა უკანონოდ ვერ ჩაითვლებოდა.

მ) ფაქტიურად არც მომხდარა შტატების შემცირება, თუმცა სამსახურიდან მაინც გაათავისუფლეს მოხელეები, რაც მოსარჩელის განმარტებით დაუშვებელია.

ნ) 2018 წლის 24 აპრილის N1--- ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე გამოცემულმა N1--- ბრძანებით ლე-–---------–---რის განმარტებით კიდევ ერთხელ დაირღვა მისი შრომის და ანაზღაურების უფლებები.

ო) მოსარჩელის განმარტებით, საკრებულოში გამგეობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა - დამტკიცებით დაირღვა საკრებულოს რეგლამენტის 47.2, 50.6, 57.2,6,7, 82.3,4, 83, 84.4, 95, და 135 მუხლები.

პ) მოსარჩელის განმარტებით, გამგეობაში რეორგანიზაცია არ მიმდინარეობდა შტატების შემცირებით, ამიტომ მისი სამსახურიდან გაშვებით დაირღვა მისი უფლებები (ტ.1, ს.ფ.198-202).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რა დროსაც, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ორგანოს იმ განმარტებაზე, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებულ რეორგანიზაციას, შტატების შემცირება არ ახლდა თან და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი ის მტკიცებულებები, რომელიც გაამყარებდა ვარაუდს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის N6-- ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე მხარეებს დაევალათ საქმის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლე-–---------–---რთან მიმართებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს უნდა შეესწავლა განმეორებით საკითხი, გამოეკვლია საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის შემდგომაც მიიღებდა ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ნაცვლად ამისა, მოპასუხე მხარემ დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება საკითხთან მიმართებით, რითიც ფაქტობრივად არ იქნა გამოკვლეული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრისა და 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებებით ბათილად ცნობილი აქტები ლე-–---------–---რთან მიმართებით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 14 თებერვლის განცხადებით მოსარჩელე ლე-–---------–---რის მიერ მოთხოვნილ იქნა კომისიაში იმ წევრების არ შეყვანა, რომლებიც ხელს აწერდნენ 2018 წლის 14 მაისით დათარიღებულ კომისიის სხდომის ოქმს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 19 თებერვლის N0------ წერილით ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ იყო უსაფუძვლო და ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ წინაპირობებს.

 

სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციუი კოდექსის 91-93-ე მუხლებზე აპელირებით მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპი და ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის და 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებებით მოპასუხეებს - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს დაევალათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ლე-–---------–---რის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც ნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს უნდა შეესწავლა და გამოეკვლია 2017 წლის 01 მაისის N8-- ბრძანების კანონიერების საკითხი, აღნიშნული კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარის მიერ ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

 

6. ლე-–---------–---რის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.1. ლე-–---------–---რის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ რეორგანიზაციის საბაბით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება 2017 წლის 1 მაისს. მიიჩნევს, რომ გამგეობამ უგულებელყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის საკანონმდებლო მოთხოვნა.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, გამგეობამ რეორგანიზაცია ჩაატარა მთელი რიგი დარღვევებით, მიუთითებს, რომ 2017 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ანუ 38 დღიანი რეორგანიზაციის გამოცხადება გამგეობის დებულების 35-ე მუხლის დარღვევაა, რადგან 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რეორგანიზაციის ვადად განსაზღვრულია მინიმუმ ორი თვე, გამგეობის რეორგანიზაციის ვადად კი 6 თვემდე პერიოდი ჰქონდა. მიიჩნევს, რომ გამგეობის რეორგანიზაციის პერიოდი უნდა განსაზღვრულიყო მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ექვსი თვით. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ რეორგანიზაციის ვადის დარღვევად ჩათვალა მხოლოდ ის, რომ 30 აპრილს ვერ დასრულდა რეორგანიზაცია, როგორც ეს რეორგანიზაციის გეგმით იყო გათვალისწინებული და ფაქტიურად 2017 წლის 1 მაისს დაიწყო თანამშრომლთა გათავისუფლება - დანიშვნა, რომელიც გაგრძელდა ივნისის ბოლომდე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ გამგებლის 2017 წლის 28 მარტის N5-- ბრძანებაში 2017 წლის 12 აპრილის N655 ბრძანებით კანონდარღვევით შევიდა ცვლილება. კერძოდ, N5-- ბრძანებით გამგეობაში 2017 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა რეორგანიზაცია და დამტკიცდა რეორგანიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა მომხდარიყო დებულების პროექტის დამუშავება და მიღება, რეორგანიზაცია კი, უნდა დამთავრებულიყო 2017 წლის 30 აპრილს. აპელანტი მიუთითებს, რომ დებულებების პროექტების მიღება საკრებულოს პრეროგატივაა, ანუ 2017 წლის 15 აპრილამდე რომ მომხდარიყო მათი მიღება, საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, 7 დღით ადრე უნდა გადაეგზავნა დამუშავებული დებულების პროექტი საკრებულოში, ხოლო ვადის შეცვლა კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ ამ ვადის დადგომამდე, ანუ გამგებლის ბრძანებაში 2017 წლის 8 აპრილს მაინც უნდა შესულიყო ცვლილება, რაც აპელანტის განმარტებით, არ განხორციელებულა და უფრო მეტიც, ცვლილება შევიდა 2017 წლის 12 მარტით დათარიღებული N655 ბრძანებით, რომელსაც ხელი მოეწერა და რეგისტრაციაში გატარდა 2017 წლის 19 აპრილს. აპელანტი მიუთითებს, რომ ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, ბრძანება ძალაში შედიოდა ხელმოწერისთანავე, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის თანახმად, ბრძანება ძალაში შედის რეგისტრაციის შემდეგ. საჩივრის ავტორი მიუთითებს იურიდიული განყოფილების და კანცელარიის რეგისტრაციის ჟურნალში არსებულ ჩანაწერებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ჩანაწერები ადასტურებს, რომ 2017 წლის 12 აპრილით დათარიღებული გამგებლის N655 ბრძანებას რეგისტრაცია გავლილი აქვს 2017 წლის 19 აპრილს, რაც აპელანტის განმარტებით ადასტურებს, რომ გამგებლის N5-- ბრძანებაში ცვლილება განხორციელდა კანონდარღვევით.

 

საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება - ადმინისტრაციული წარმოება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის N1--- ბრძანების საფუძველზე დაიწყო დარღვევით, კერძოდ 2018 წლის 26 აპრილს. მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილება ორივე მხარემ ჩაიბარა 2018 წლის 15 თებევრალს და შესრულებისთვის ვადა განსაზღვრული - კანონიერ ძალაში შევლიდან ერთი თვე, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2018 წლის 13 მარტს და შესაბამისად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 13 აპრილამდე უნდა დამთავრებულიყო ადმინისტრაციული წარმოება, მაგრამ დაიწყო 13 დღით გვიან და 32 დღეში დასრულდა ნაცვლად 30 დღისა. აპელანტი არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარების აღსრულების ერთ თვიანი ვადის დაცვის შესახებ და მიიჩნევს, რომ განხილვა უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან და არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.

 

7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

7.1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ ლე-–---------–---რი სამსახურიდან გათავისუფლდა თანამდებობრივი პოზიციის გაუქმების გამო. წარმომადგენლის განმარტებით, სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატების გაუქმების საფუძველს, როგორც ეს მითითებული იყო საკრებულოში გადაგზავნილ განმარტებით ბარათებშიც, წარმოადგენდა "თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილებით დამტკიცებული - საჯარო სამსახურის თანამდებობათა თანდართული რეესტრი, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საჯარო თანამდებობები განისაზღვრა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, სადაც მუნიციპალიტეტში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატებოდა 100 000-ს, მერიის/გამგეობის სამსახურის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე არ იყო გათვალისწინებული.

 

აპელანტის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საშტატო ერთეულების რაოდენობა არ შეცვლილა, სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი სხვა შტატად არ გარდაქმნილა/არ გადაკეთებულა, საშტატო რიცხოვნობის ცვლილების გარეშე გაუქმდა მოადგილეების შტატები, შესაბამისად გათავისუფლდნენ მოხელეები, რომლებიც იკავებდნენ სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობებს. მისივე განმარტებით, იმ დროს მოქმედი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი არ ადგენდა რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მოხელის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობას. წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ლე-–---------–---რი სამსახურიდან გათავისუფლდა შტატის გაუქმების გამო და მიიღო კომპენსაცია იმ ოდენობით, რაც მოცემული შემთხვევისათვის დადგენილი იყო კანონით.

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოება ფაქტობრივად არ ჩატარებულა და მოპასუხე მხარეს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მისივე განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რისი გამოკვლევა არ მოხდა, რა ვერ გამოიკვლია და უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს. მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2019 წლის 12 თებერვლის N3-- ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ასევე უგულებელყოფილი იქნა საქმეში არსებული სამუშაო ჯგუფის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება, სადაც ნათლად არის ასახული დაინტერესებულ მხარის მონაწილეობით განხილული საკითხები, ასევე შემდგომ სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

8.2. პირველყოვლისა პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც ლე-–---------–---რის, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. შესაბამისად, პალატა მსჯელობს სასარჩელო მოთხოვნებზე სრულად.

 

აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარეებს წარმოადგენდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, აპელანტის (მოსარჩელე) ლე-–---------–---რის სასარჩელო მოთხოვნების კვალობაზე მის მიერვე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და საქმის განხილვა გაგრძელდა მხოლოდ მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით.

 

დავის საგანთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ლე-–---------–---რის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების სადავოობის ფარგლებში, საკითხზე მიღებულია სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, კერძოდ 2017 წლის 28 დეკემბერს (საქმე N3/126-17), 2018 წლის 21 ნოემბერს (საქმე N3-181-18) და ბოლოს 2019 წლის 27 ივნისს (საქმე N3-102-19), რომელზედაც წარდგენილი სააპელაციო საჩივრები წარმოადგენს სწორედ განხილვის საგანს.

 

ზემოთმითითებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე, მხარეთა მიერ დასახელებული არაერთი ფაქტობრივი გარემოებისა და ამ გარემოებათა/პოზიციის გამყარების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტების სიმრავლის მიუხედავად, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ნამდვილი სადავო საკითხის გამოკვეთას. მოცემულ შემთხვევაში პალატა საკვანძოდ მიიჩნევს იმ საკითხის დადგენას, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილების პირობებში, რამდენად სწორად გათავისუფლდა მოქალაქე ლე-–---------–---რი სამსახურიდან და სწორედ, რომ აღნიშნული გარემოების შეფასებით არის შესაძლებელი საკითხის სწორად გადაჭრა.

 

8.3. მეტი სიცხადისთვის პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 1 თებერვალს ლე-–---------–---რი დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

 

დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის N5-- ბრძანებით გამოცხადდა რეორგანიზაცია და ვადა განისაზღვრა 2017 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 30 აპრილამდე. საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ბრძანება ლე-–---------–---რს ჩაბარდა 2017 წლის 27 მარტს.

 

დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მაისის N8-- ბრძანებით, საქართველოს ორგანულის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის „ე“ პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 97-ე მუხლის, 108-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ N5-- ბრძანებისა და „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის N91 განკარგულების საფძველზე, ლე-–---------–---რი გათავისუფლდა 2017 წლის 1 მაისიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო.

 

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა მხარის მიერ და 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილებით, ლე-–---------–---რის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 მაისის N8-- ბრძანება ლე-–---------–---რის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს მოსარჩელე ლე-–---------–---რთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 მაისის N1--- ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველოსბის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტის, სზაკ-ის 202-ე მუხლის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების, ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N1--- ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2018 წლის 26 აპრილის N1 სხდომის ოქმის თანახმად, ლე-–---------–---რი გათავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 1 მაისიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად აღნიშნული საშტატო ერთეულის შემცირების გამო.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ბრძანება ასევე გასაჩივრდა მხარის მიერ და 2018 წლის 21 ნოემბრის N3/181-18 გადაწყვეტილებით, ლე-–---------–---რის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 მაისის N1--- ბრძანება და დაევალა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 24 აპრილის N1--- ბრძანებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 მარტის N6-- ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტის, სზა კოდექსის 202-ე მუხლის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის N3/181-18 გადაწყვეტილების, ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 12 თებერვლის N3-- ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2019 წლის 19 მარტის N4092-04 წერილის საფუძველზე, გათავისუფლებულად ჩაითვალა ლე-–---------–---რი 2017 წლის 1 მაისიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო.

 

8.4. პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; დ) ამ კანონის 112-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოხელის კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება; ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

 

ამავე კანონის 110-ე მუხლით, კანონმდებელმა მიუთითა, რომ მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება არ იწვევს მოხელის სტატუსის შეწყვეტას მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადის გასვლამდე.

 

8.5. ადმინისტრაციული ორგანო ლე-–---------–---რის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილება მათ ავალდებულებდათ გაეუქმებინათ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის შტატი, რადგან გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატებოდა 100.000-ს; თავის მხრივ, ლე-–---------–---რი აპელირებდა, რომ მთავრობის ეს დადგენილება ამგვარი ვალდებულებას არ ითვალისწინებდა, რადგან ეს იყო სარეკომენდაციო ხასიათის; ამ წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად და ასევე, ვინაიდან აღნიშნულის დადგენა მოცემული დავის გადასაწყვეად საკვანძოა, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილების ნამდვილი მიზნის გაგების მართლმსაჯულებითი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576-ე დადგენილების 46-ე მუხლი და კერძოდ კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსი გულისხმობდა თუ არა იმას, რომ მუნიციპალიტეტს, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 100 000-ს, მერიის/გამგეობის საშტატო ნუსხაში სავალდებულოდ უნდა იყოს გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის (ადმინისტრაცია, დეპარტამენტი, საქალაქო სამსახური, სამსახური, აპარატი) ხელმძღვანელის მოადგილე. ასევე დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია, ზემოაღნიშნული დადგენილების 47-ე მუხლი და კერძოდ კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი გულისხმობს თუ არა იმას, რომ მუნიციპალიტეტს, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 100 000-ს, მერიის/გამგეობის საშტატო ნუსხაში გათვალისწინებული არ შეიძლება იქნეს სტრუქტურული ერთეულის (ადმინისტრაცია, დეპარტამენტი, საქალაქო სამსახური, სამსახური, აპარატი) ხელმძღვანელის მოადგილე.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2020 წლის 8 იანვრის GOV 6 20 00000251 მომართვით პალატაში გადმოგზავნილი იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 3 იანვრის Nგ10 წერილი, სადაც მითითებულია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 20 სექტემბრის N1262-Iს კანონის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, საჯარო თანამდებობათა კონკრეტული ნუსხა განისაზღვრა საჯარო სამსახურის თანამდებობათ რეესტრით, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილებით, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა.

 

აღნიშნული დადგენილების თანახმად, რანგების მიხედვით, დადგინდა საჯარო თანამდებობათა კონკრეტული ნუსხა და დამტკიცდა საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი. მოცემული რეესტრის 46-ე მუხლის შესაბამისად, ცალსახად განისაზღვრა იმ მუნიციპალიტეტის (გარდა, ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერიის/გამგეობის საჯარო თანამდებობები, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 100 000-ს, ხოლო იმ მუნიციპალიტეტის მერიის/გამგეობის საჯარო თანამდებობები, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 100 000-ს მოწესრიგდა ამავე რეესტრის 47-ე მუხლის საფუძველზე.

 

ამასთან, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილების მე-2 მუხლით დადგინდა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების ვალდებულება, რომ დადგენილების ამოქმედებიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 31 ოქტომბრისა, უზრუნველეყოთ მუნიციპალიტეტების თანამდებობათა დასახელებების ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრთან შესაბამისობა. აქვე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი, რომლის 127-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ „2017 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტები“. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილება, მიღებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ამდენად განიმარტა, რომ ხსენებული დადგენილების მოქმედების საკითხი უნდა გადაწყდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნული წერილის შინაარსი ცხადყოფს, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით ლე-–---------–---რის გათავისუფლება რეალურად მოხდა მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რომელიც აღარ ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ ორგანოში (რადგან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდეონობა არ აღემეტებოდა 100 000-ს) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის საშტატო ერთეულის არსებობას და რაც სააპელაციო პალატას კანონშესაბამისად მიაჩნია.

 

პალატა ცესკოს ვებ. გვერდზე განთავსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდშიც და დღეის მდგომარეობითაც, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 100 000-ს.

 

ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისიწინებით პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ არგუმენტებს, კერძოდ, ვერ გაიზიარებს იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს განმეორებით უნდა შეესწავლა საკითხი, გამოეკვლია საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის შემდგომაც მიიღებდა ახალ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. ასევე, პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი ის მტკიცებულებები, რომელიც გაამყარებდა ვარაუდს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის N6-- ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

პალატა, სააპელაციო საჩივრების შეფასებისა და მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შედეგად იზიარება აპელანტის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მოსაზრებებს, სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სადავო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 მარტის N6-- ბრძანება, რომლითაც ლე-–---------–---რი 2017 წლის 1 მაისიდან ჩაითვალა გათავისუფლებულად გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორის - ლე-–---------–---რის აპელირებას გამგეობის მიერ მთელი რიგი დარღვევებით ჩატარებულ რეორგანიზაციაზე, პალატა მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის ვადები გამგეობაში არ დარღვეულა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაცია გამოცხადდა 2017 წლის 23 მარტს N5-- ბრძანებით - რეორგანიზაციის ვადად განისაზღვრა 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდი. დამტკიცდა რეორგანიზაციის გეგმა დანართის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ყველა სამსახურის დებულების, ასევე გამგეობის საშტატო ნუსხის ცვლილებას, ბრძანებაში ასევე ჩაიწერა, რომ რეორგანიზაციის პერიოდში გამგეობა იხელმძღვანელებდა მოქმედი დებულებებით და საშტატო ნუსხით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 12 აპრილის N655 ბრძანება ეხებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის N5-- ბრძანების დანართში ცვლილებას, აღნიშნული დოკუმენტით არ შედიოდა ცვლილება რეორგანიზაციის საწყის და დასრულების ვადებში, ცვლილება ეხებოდა სარეორგანიზაციო ღონისძიებების, კერძოდ, სამსახურის დებულებებისა და საშტატო ნუსხის პროექტების საკრებულოში წარდგენის ვადებს, რომელიც ნაცვლად 15 აპრილისა განისაზღვრა 28 აპრილის პერიოდით.

 

პალატა საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის N5-- ბრძანება ლე-–---------–---რს ჩაბარდა 2017 წლის 27 მარტს. აღნიშნული ბრძანების შეფასების ფარგლებში პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციის არსის/დანიშნულების მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბრძანებაში ცალსახად და ნათლად უნდა მითითებულიყო ბრძანების დანართში/რეორგანიზაციის გეგმაში, სამსახურიდან რეორგანიზაციის გამო გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა, აქვე პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, აღნიშნულის (შესაძლო გათავისუფლების შესახებ) მითითება/მიუთითებლობა ვერ შეცვლიდა სარჩელის ბედს და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაკეთებული სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრებები, წინადადები და შენიშვნები საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მეორეხარისხოვნად აქცევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიუთითებლობას.

 

ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ლე-–---------–---რის სარჩელი უსაფუძვლობის თაობაზე და განმარტავს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლე-–---------–---რს უარი უნდა ეთქვას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 მარტის N6-- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უსაფუძვლობის გამო.

 

პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან

დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს

ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პალატის მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული სადავო - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 მარტის N6-- ბრძანება, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ლე-–---------–---რის მოთხოვნის - ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის (სამსახურში აღდგენის თაობაზე) და სრული განაცდურის და გამოუყენებელი შვებულებების (აღდგენამდე) ანაზღაურების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ლე-–---------–---რის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლე-–---------–---რის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლე-–---------–---რის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

4. ლე-–---------–---რის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -