გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1516–18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - შპს ,,ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენელი - მ-------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე
მესამე პირი - შპს ,,ო-------–--------ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №6--- გადაწყვეტილება შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 25 ოქტომბრის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N------ აქტით შპს ,,ო-------–--------ი’’-სათვის 2266,74 ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევის ნაწილში (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ.: 05.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:06:07).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს ,,ო-------–--------ი“-ს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს, შპს ,,ო-------–--------ი’’-ს დირექტორმა განცხადებით მიმართა შპს ,,ჯ---------------------------------ს’’ და მოითხოვა ობიექტის შემოწმება, კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა არსებული წყალარინების სისტემა ახალ მშენებარე ობიექტს.
შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2016 წლის 21 სექტემბრის წერილის საფუძველზე აღნიშნულ კომპანიას უფლება მიეცა წყალარინების განშტოება დაერთებულიყო მათივე ეზოს წითელ ხაზებში გამავალ D=150 მმ-იან ქსელში, ჩაღრმავება H=0.8 მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ო-------–--------ი“-ს დირექტორის 2016 წლის 12 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 68);
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2016 წლის 21 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 69).
4.1.2. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 16 იანვარს შპს ,,ო-------–--------მა’’ განცხადებით მიმართა შპს ,,ჯ---------------------------------ს“, რომლითაც მოითხოვა წყალმომარაგების სისტემაზე ახალ მომხმარებლად მიერთება.
აღნიშნული განცხადების პასუხად, კომპანიის 2017 წლის 17 თებერვლის წერილით შპს ,,ო-------–--------ს’’ განემარტა, რომ კომპანია შესაძლებლად მიიჩნევდა ობიექტისთვის წყალმომარაგების განხორციელებას და მითითება გაკეთდა შესაბამის ანგარიშსწორებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ო-------–--------ი“-ს დირექტორის 2017 წლის 16 იანვრის განაცხადი (ს.ფ. 75);
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 17 თებერვლის წერილი (ს.ფ. 74).
4.1.3. 2017 წლის 25 ოქტომბერს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა ქ. თბილისში, დ-----------–-----–---------------ში მდებარე ობიექტის (სარეკლამო კომპანია) წყალმომარაგების სისტემა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტი, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N------ და აღურიცხავი წყლის მოხარების N------ აქტი, რომლითაც შპს ,,ო-------–--------ს“ დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 2266.74 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 25 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N------ (ს.ფ. 70);
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 25 ოქტომბრის აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N------ აქტი (ს.ფ. 71).
4.1.4. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის საფუძველზე, 2017 წლის 1 ნოემბრის N2199 დადგენილებით შპს ,,ო-------–--------ს“ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 1 ნოემბრის N2199 დადგენილება (ს.ფ. 63- 64).
4.1.5. 2017 წლის 24 ნოემბერს, შპს ,,ო-------–--------ი’’-ს დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ აღურიცხავი წყლის მოხმარების N------ აქტით თანხის დარიცხვისა და გაფრთხილების შესახებ 2017 წლის 1 ნოემბრის N2199 დადგენილების გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ო-------–--------ი“-ს დირექტორის 2017 წლის 24 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 62).
4.1.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №6--- გადაწყვეტილებით შპს ,,ო-------–--------ი“-ს განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 1 ნოემრბის N2199 დადგენილება, ხოლო შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 25 ოქტომბრის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N------ აქტით შპს ,,ო-------–--------ისათვის“ 2266.74 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №6--- გადაწყვეტილება (ს.ფ. 57-61).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №6--- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას.
ხსენებული წესების მე-2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხოლო მე-3 მუხლის საფუძველზე, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამ წესების მიზნებისათვის კი სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ამასთან, მე-4 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ხოლო ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. ამავე ნორმის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა ქ. თბილისში დ-----------–-----–---------------ში მდებარე ობიექტის (სარეკლამო კომპანია) წყალმომარაგება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტი, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N------ და აღურიცხავი წყლის მოხარების N------ აქტი, რომლითაც შპს ,,ო-------–--------ს“ დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულება - 2266.74 ლარი. რომელიც დაანგარიშებულ იქნა 32 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 22 დღეზე 8 საათიანი მოხმარებით.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №6--- გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ, ვინაიდან კომისიამ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ო-------–--------ი’’- 2017 წლის მაისის თვიდან იხდის როგორც სასმელი წყლის ისე, წყალარინების კანონმდებლობით დადგენილ საფასურს, შესაბამისად მიიჩნია, რომ დარიცხვა უნდა განხორცილელებულიყო ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
7.3. სასამართლო მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების განსაზღვრისას ერთმანეთისაგან განასხვავებს შემთხვევებს, რამდენად შესაძლებელია ასეთი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა; კერძოდ, ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა. ხოლო ამავე წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
სასამართლო ყურადრებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებზე, კერძოდ, ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს, რომ შპს ,,ო-------–--------ი’’ წარმოადგენდა ახალაშენებულ ობიექტს, სწორედ ამ საფუძვლით, 2016 წლის 12 სექტემბერს შპს ,,ო-------–--------ის’’ დერექტორმა განცხადებით მიმართა შპს ,,ჯ---------------------------------ს და მოითხოვა აღნიშნული ობიექტის შემოწმება, კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა არსებული წყალარინების სისტემა ახალ მშენებარე ობიექტს. კომპანიის 2016 წლის 21 სექტემბრის წერილის საფუძველზე აღნიშნულ კომპანიას უფლება მიეცა წყალარინების განშტოება დაეერთებინა მათივე ეზოს წითელ ხაზებში გამავალ D=150 მმ-იან ქსელში, ჩაღრმავება H=0.8 მ. ამასთან, სასამართლო მიუთითებს 2017 წლის 16 იანვრის შპს ,,ო-------–--------ის’’ განაცხადზე, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა წყალმომარაგების სისტემაზე ახალ მომხმარებლად მიერთება, აღნიშნულ განცხადებაზეც კომპანიის მიერ 2017 წლის 17 თებერვლის წერილით განმარტებული იქნა, რომ კომპანია შესაძლებლად მიიჩნევდა ობიექტისთვის წყალმომარაგების განხორციელებას და მითითება გაკეთდა შესაბამის ანგარიშსწორებაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას მასზედ, რომ 2017 წლის 25 ოქტომბრის N------ აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს ,,ო-------–--------’’-ზე 2266.74 ლარის დარიცხვა განხორციელდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუცველად, კერძოდ, არასწორად იქნა გათვალისწინებული ობიექტის მიერ სასმელი წყლის მოხმარების რეჟიმი. მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელდა 32 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 22 დღეზე, 8 საათიანი დღიური მოხმარებით, თუმცა ზემოაღნიშნული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ო-------–--------ი’’ 2017 წლის მაისის თვიდან იხდიდა როგორც წყალარინების, ისე სასმელი წლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფასურს, რაც დასტურდება ბრუნვის ისტორიით, შეუძლებელი იყო მის მიერ იმ რაოდენობის სასმელი წყლის მოხმარება, რაც შპს ,,ჯ---------------------------------მა“ მას დაარიცხა.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №6--- გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ---------------------------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ჯ---------------------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე