გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
511210018002518287
საქმე № 2/29 ნ-მ 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2018 წელი ქ. ნინოწმინდა
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე სო-----------
მოპასუხე ხ---------------ნ
თარჯიმანი ნაირა მანველიან
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ხ---------------ანის არასრულწლოვანი შვილის, სვ-------------- (დაბადებული 2001 წლის 1-------- პირადი N3----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 28 ივნისიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე;
მოსარჩელე სო-----------ი და ხ---------------ანი 1992 წლიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2001 წლის 12 ივნისს შეეძინათ შვილი ს-------------ი. მხარეები 2018 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთად. მხარეები განქორწინდნენ 2018 წელს. მოპასუხე ამ ხნის განმავლობაში არ ზრუნავდა ბავშვზე და არ იღებდა მონაწილეობას მისი აღზრდა-განვითარების პროცესში. მოსარჩელის ინფორმაციით, მოპასუხეს აქვს ყოველთვიური შემოსავალი. იგი ვალდებულია იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანის შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ნორმალური პირობების შექმნაში და უწევდეს მას სტაბილურ ფინანსურ დახმარებას.
(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2001 წლის 12 ივნისს დაბადებული სვ-------------- სასრგებლოდ ალიმენტის გადახდის თაობაზე. მისი განმარტებით, იგი არ აკლებს მზრუნევლობას არასრულწლოვან შვილს და უწევს ფინანსურ დახმარებას. მოპასუხე არ არის დასაქმებული და აქვს ბანკის დავალიანება, ყოველთვიურად იხდის მოსარჩელის მაგივრად კრედიტს.
(სასამართლოს 2018 წლის 23 ივნისის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე სო-----------ი და მოპასუხე ხ---------------ანი 1992 წლიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2001 წლის 28 ივნისს შეეძინათ შვილი ს-------------ი. ასევე მათ ყავთ ორი სრულწლოვანი შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სვ-------------- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №41------------ხ. ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. სო-----------ი და ხ---------------ანი განქორწინდნენ 2018 წლის მაისის თვეში მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და საერთო საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. არასრულწლოვანი ს-------------ი ცხოვრობს მოსარჩელე სო-----------თნ ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. მოპასუხე ხ---------------ანი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, თუმცა დაკავებულია სოფლის მეურნეობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, , სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე სო-----------ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ხ---------------ანს გააჩნია სტაბილური შემოსავალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, ცხოვრობს სოფელში და ეწვა საოჯახო მეურნეობას. ბანკიდან აღებული აქვს კრედიტი და იხდის ბანკის ვალს. განმარტა, რომ ალიმენტის სახით დასახელებულ ოდენობას ვერ გადაიხდის, რაც შეება მატერიალურ დახმარებას მზადაა დაეხმაროს თუ კი ბავშვი გადავა მასთან საცხოვრებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.3. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე სო-----------მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2001 წლის 12 ივნისს დაბადებული ს-------------ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სო-----------ი და მოპასუხე ხ---------------ანი იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2001 წლის 12 ივნისს შეეძინათ შვილი ს-------------ი. სო-----------ი და ხ---------------ანი განქორწინდნენ 2018 წლის 28 მაისს. მხარეები ერთი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და საერთო საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. არასრულწლოვანი ს-------------ი ცხოვრობს მოსარჩელე სო-----------თან ერთად. მოსარჩელის განმარტებით, შვილს მარტო ზრდის, ეკონომირად ძალიან უჭირს, იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მოპასუხეს ჰყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თესავს კარტოფილს და ეწევა ოჯახურ მეურნეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე სონიკ ესოიანის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ხ---------------ანს გააჩნია სტაბილური შემოსავალი, რომ საკუთრებაში გააჩნია ტრაქტორი, საიდანაც ასევე იღებს შემოსავალს ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე ხ---------------ანის განმარტებით, მას სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, იგი ცხოვრობს სოფელში და ეწვა საოჯახო მეურნეობას. ამასთან, განმარტავს, რომ მას გააჩნია საკრედიტო დავალიანება სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე
და მეურნეობიდან მიღებულ შემოსავალს იხდის ბანკში კრედიტის დასაფარად.
სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი ვალდებულია არასრულწლოვანი ბავშვი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მოპასუხე მხარე საერთოდ არ ეთანხმება ალიმენტის გადახდის შესახებ მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ თუ კი ბავშვი საცხოვრებლად მასათან გადავა, მიიღებს მონაწილეობას მის აღზრდაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი არასრულწლოვანი შვილი, არ არის დამოკიდებული იმაზე რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და არც მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულაური სამუშაოდან) შემოსავლის მიღების მიღების შესაძლებლობა. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა, რის გამოც, მშობელი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 130 (ასოცდაათი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სო-----------ის მოთხოვნა - ხ---------------ანისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე სო-----------ი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე ხ---------------ანს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სო-----------ის (პირადი N3----------) სარჩელი.
დაეკისროს ხ---------------ანს (პირადი N3----------) არასრულწლოვანი შვილის სვ-------------- (დაბადებული 2001 წლის 1-------- პირადი N3----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. დაეკისროს ხ---------------ანს (პირადი N3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოს მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან