გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210117002082466
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-878-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - მაგდა მამაცაშვილი

მოსარჩელეები - გას------–--–---ი, ტე-–-------–--–---ი

წარმომადგენლები - ტა------------ე, მა------------–--ე

მოპასუხე - შპს „ვ----“

წარმომადგენელი - ტა-----–------–---–ი

დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 03 სექტემბრის №12------1 იპოთეკის ხელშეკრულება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლი--------------ის მიერ 2017 წლის 11 ივლისს გაცემული №17------5 სააღსრულებო ფურცელი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

გას------–--–---მა 2012 წლის 01 სექტემბერს მუშაობა დაიწყო შპს „ვ----ში“ დისტრიბუტორად.

 

2012 წლის 01 სექტემბერს შპს „ვ----სა“ და გას------–--–---ს შორის გაფორმდა საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ვ----“ გას------–--–---ს სარეალიზაციოდ გადასცემდა მის მიერ უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილ საკონდიტრო და საყოფაცხოვრებო (პროდუქცია) საქონელს 25 000 ლარის ფარგლებში. მოპასუხეს უნდა მოეთხოვა სარეალიზაციოდ გატანილი საქონლის შესაბამისი, დროული ანგარიშსწორება. კერძოდ, კლიენტებისაგან რეალიზაციის შედეგად აღებული თანხის იმავე დღეს გადაცემა (ფირმის სალაროში შეტანა), ასევე ეწარმოებინა კლიენტებთან ნარჩენი ვალის დროულად, მიწოდებიდან მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის ვადაში დაბრუნება (ამოღება) და გასაყიდი საქონლის აღრიცხვა.

 

2012 წლის 03 სექტემბერს შპს „ვ----ს“, ტე-–-------–--–---სა და გას------–--–---ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №12------1, რომლითაც ტე-–-------–--–---ი, როგორც მესაკუთრე, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფდა შპს „ვ----სა“ და გას------–--–---ს შორის 2012 წლის 01 სექტემბერს დადებული საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

 

მოსარჩელის განმარტებით, არც გას------–--–---ი და არც ტე-–-------–--–---ი არ ფლობენ სამართალწარმოების ენას (არ იციან წერა-კითხვა, არ ესმით ქართული ენა). არც ერთი ხელშეკრულების შედგენას არ დასწრებია თარჯიმანი. ამდენად, მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი. მათ იცოდნენ მხოლოდ ის, რომ გას------–--–---ი დასაქმდა შპს „ვ----ში“.

 

2017 წლის 17 აგვისტოს ტე-–-------–--–---ს ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროდან წინადადება ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2017 წლის 11 ივლისს ნოტარიუს ლი--------------ეს გაუცია სააღსრულებო ფურცელი №17------5. იპოთეკარის წარმომადგენლის განცხადებით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იყო 25 000 ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად უნდა მომხდარიყო ტე-–-------–--–---ის კუთვნილი უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინის, მდებარე: ქალაქი გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. №92, ს/კ 81.15.2-.1--, რეალიზაცია.

 

მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ 2012 წლის 01 სექტემბრის ხელშეკრულება საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგად დებულებებს და არაფერია ნათქვამი კონკრეტულად რაში მდგომარეობს გას------–--–---ის შეუსრულებელი ვალდებულება, არ ერთვის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კონკრეტული საქონლის მიწოდებიდან გამომდინარე გადაუხდელ დავალიანებაზე. მაშინ, როდესაც ხელშეკრულების 3.3. პუნქტით მწარმოებელს ევალებოდა მიმწოდებლის კლიენტებთან ეწარმოებინა ნარჩენი ვალის დროულად, მიწოდებიდან მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის ვადაში დაბრუნება (ამოღება) და გასაყიდი საქონლის აღრიცხვა. გას------–--–---ს შპს „ვ----ს“ მიმართ არ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულება. შესაბამისად, ნოტარიუსს არ უნდა გაეცა სააღსრულებო ფურცელი.

 

რაც შეეხება იურიდიულ ინტერესს, მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შემთხვევაში, უძრავი ქონება შეზღუდვის გარეშე დარეგისტრირდება მესაკუთრის სახელზე და თავიდან იქნება აცილებული იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გას------–--–---ს გააჩნია შესასრულებელი ვალდებულება შპს „ვ----ს“ მიმართ. ამასთან, მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება ბევრად აღემატება 25 000 ლარს. მოპასუხე, ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეებმა არ იციან სამართალწარმოების ენა და მხარეთათვის უცნობი იყო იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. გას------–--–---ი 2012 წლის 01 სექტემბრიდან 2014 წლის ჩათვლით მუშაობდა შპს „ვ----ში“ დისტრიბუტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.09.2012წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 21-2-);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2012 წლის 01 სექტემბერს შპს „ვ----სა“ (მწარმოებელი) და გას------–--–---ს (მიმწოდებლი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, რომლის თანახმად წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მწარმოებელი სარეალიზაციოდ (ბრუნვაში) გადასცემს მიმწოდებელს მის მიერ იმპორტის სახით, უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილ საკონდიტრო და საყოფაცხოვრებო (პროდუქციას) საქონელს, 25 000 ლარის ფარგლებში, რაც იმას გულისხმობს, რომ მიმწოდებლის მხრიდან დროული ფულადი ანგარიშსწორების განხორციელების შემთხვევაში (დროულ ანგარიშსწორებაში იგულისხმება, მიმწოდებლის შეკვეთის საფუძველზე, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით კლიენტებისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების დაფარვა მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში), მას კვლავ შეუძლია იგივე ოდენობის საქონლის გატანა სისტემატიურად, ხოლო მიმწოდებელი, მისი შეკვეთის საფუძველზე, მასთან მიმაგრებულ კლიენტებთან სარეალიზაციოდ გატანილ (მიწოდებულ) საქონელზე იღებს პასუხისმგებლობას და რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას გადასცემს (ფირმის სალაროში შეიტანს) მწარმოებელს. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ერთი წლის ვადით - 2013 წლის 01 სექტემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.09.2012წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 21-2-);

 

3.1.3. მხარეთა შორის 01.09.2012წ. გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი კლიენტებისაგან რეალიზაციის შედეგად აღებულ თანხას იმავე დღეს არ გადასცემს მწარმოებელს, მაშინ მწარმოებელს უფლება აქვს მიმწოდებელს მისცეს წერილობითი გაფრთხილება, რომ მან მაქსიმუმ 2 დღის ვადაში განახორციელოს თანხის მიმწოდებლისათვის გადაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მწარმოებელი იპოთეკით დატვირთული ქონებიდან იძულების წესით განახორციელებს ვალის ამოღებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.09.2012წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 21-2-);

 

3.1.4. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გას------–--–---ი მასსა და შპს „ვ----ს“ შორის 2012 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აწარმოებდა მწარმოებლისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის გატანას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.09.2012წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 21-2-);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. 2012 წლის 03 სექტემბერს შპს „ვ----ს“, ტე-–-------–--–---სა და გას------–--–---ს შორის გაფორმდა №12------1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტე-–-------–--–---მა იპოთეკის საგნით უზრუნველყო შპს „ვ----სა“ და გას------–--–---ს შორის 2012 წლის 01 სექტემბერს დადებული მიწოდებისა და რეალიზაციის ხელშეკრულებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–----------------------------–------–------ა, ს/კ 81.15.2-.1--. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ტე-–-------–--–---ისა და გას------–--–---ის მიერ ხელმოწერა შესრულებულია ქართულ ენაზე. იპოთეკის ხელშეკრულების შედგენას არ დასწრებია თარჯიმანი.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა მხარეების მიერ მათი ხელმოწერის სანოტარო წესით დადასტურებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან - 2013 წლის 01 სექტემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.09.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 24-29);

 

3.1.6. 03.09.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას გას------–--–---სა და ტე-–-------–--–---ს ნოტარიუსის წინაშე არ განუცხადებიათ სახელმწიფო ენის არ ცოდნის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.7. 03.09.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკის საგნის ღირებულება და მოთხოვნის მოცულობა მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის, შეადგენდა - 25 000 ლარს, თანახმად 01.09.2012წ. საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.09.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 24-29);

 

3.1.8. 03.09.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათ ნოტარიუსისაგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსის და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 24-29);

 

3.1.9. 03.09.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა ლ. ბუ-------ემ სანოტარო აქტზე ხელმომწერთ წაუკითხა წინამდებარე ხელშეკრულება ზუსტად, გარკვევით, გამოტოვების, შემოკლების გარეშე და განუმარტა ხელშეკრულების შინაარსი და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 24-29);

 

3.1.10. 2013 წლის 14 სექტემბერს შპს „ვ----სა“ და გას------–--–---ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება #08-გ, რომლის თანახმად გას------–--–---ი შპს „ვ----ში“ დაინიშნა „პრესელერის“ თანამდებობაზე. აღნიშნული თანამდებობა დამსაქმებლის საზოგადოებაში მოიცავდა: დამსაქმებლის მითითებით, მის მფლობელობაში არსებულ საყოფაცხოვრებო/საკვები პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, პოტენციური მომხმარებლის (კლიენტის) მოძიებას, დამსაქმებლის სახელით პროდუქციასთან დაკავშირებული შეკვეთის მიღებას, შეკვეთის შემდგომ გადამისამართებას დამსაქმებლის მიწოდების სამსახურისათვის, მომხმარებლისათვის პროდუქციის დროული მიწოდების გაკონტროლებას, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში დამსაქმებლის სახელით საზღაურის მიღებასა და მიღებული საზღაურის ბრალეული გაჭიანურების გარეშე არაუგვიანეს მიმდინარე სამუშაო დღისა, დამსაქმებლის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის (ბუღალტერია) გადაცემას ან/და დამსაქმებლის შესაბამის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას, ხოლო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამსაქმებლისათვის წარდგენას.

 

შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა ერთი წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.09.2013წ. შრომითი ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 83-90);

 

3.1.11. 03.09.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 11 ივლისს ნოტარიუს ლი--------------ის მიერ გაიცა №17------5 სააღსრულებო ფურცელი (კრედიტორი - შპს „ვ----“, მოვალე - გას------–--–---ი, მესაკუთრე - ტე-–-------–--–---ი), რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 25 000 ლარით და დადგინდა ტე-–-------–--–---ის კუთვნილი უძრავი ქონების, იპოთეკის საგნის, მდებარე: ქა-–----------------------------–------–------ა, ს/კ 81.15.2-.1--, რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 16-18);

 

3.1.12. 2017 წლის 17 აგვისტოს ტე-–-------–--–---ს და გას------–--–---ს ჩაბარდათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ასრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 15.08.2017წ. №A1-----------/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (იხ. ს.ფ 31-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას (ფაქტობრივ გარემოებას) მასზედ, რომ შპს „ვ----ს“, გას------–--–---სა და ტე-–-------–--–---ს შორის 2012 წლის 03 სექტემბერს იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ნოტარიუსის მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესასრულებლად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

3.2.2. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას (ფაქტობრივ გარემოებას) მასზედ, რომ მოსარჩელე გას------–--–---ის მიერ სრულად იქნა შესრულებული მასსა და შპს „ვ----ს“ შორის 2012 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და მას შპს „ვ----ს“ მიმართ არანაირი დავალიანება არ ერიცხება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ფულადი ვალდებულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2012 წლის 01 სექტემბერს შპს „ვ----სა“ და გას------–--–---ს შორის გაფორმდა საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულება. ასევე, სადავო არაა არც ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გას------–--–---ი აწარმოებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის გატანას შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ამდენად, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ გას------–--–---ის მიერ სრულად არის შესრულებული მასსა და შპს „ვ----ს“ შორის 2012 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და მას შპს „ვ----ს“ მიმართ არანაირი დავალიანება არ ერიცხება, ობიექტურად ეკისრება მოსარჩელე მხარეს. თუმცა, მას არ წარმოუდგენია მის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. ამასთან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არის გამხდარი მოპასუხის მიერ. მისი განმარტებით, გას------–--–---ს შპს „ვ----ს“ მიმართ გააჩნია ხელშეკრულებაში მითითებულზე ბევრად მეტი დავალიანება. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის ზოგადი პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

 

ამასთან, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას 01.09.2012წ. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი კლიენტებისაგან რეალიზაციის შედეგად აღებულ თანხას იმავე დღეს არ გადასცემს მწარმოებელს, მაშინ მწარმოებელს უფლება აქვს მიმწოდებელს მისცეს წერილობითი გაფრთხილება, რომ მან მაქსიმუმ 2 დღის ვადაში განახორციელოს თანხის მიმწოდებლისათვის გადაცემა. ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენდა მოპასუხის უფლებას, რომლის გამოუყენებლობა, მოვალის მხრიდან მისი წილი ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვერ შეცვლის კრედიტორის უფლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.07.2017წ. სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 16-18);

- 01.09.2012წ. ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 21-2-);

- 03.09.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 24-29);

- 15.08.2017. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (იხ. ს.ფ. 31-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

(სადავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება იხილეთ გადაწყვეტილების მეექვსე ნაწილში)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გას------–--–---ისა და ტე-–-------–--–---ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 286-ე, 429-ე, მუხლებით;

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, 38-ე, მე-40, 49-ე, 50-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. ე.ი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილება ენიჭება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნივთის რეალიზაციის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 03 სექტემბერს შპს „ვ----ს“, ტე-–-------–--–---სა და გას------–--–---ს შორის გაფორმდა №12------1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტე-–-------–--–---მა იპოთეკის საგნის უზრუნველყო შპს „ვ----სა“ და გას------–--–---ს შორის 2012 წლის 01 სექტემბერს დადებული მიწოდებისა და რეალიზაციის ხელშეკრულებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–----------------------------–------–------ა, ს/კ 81.15.2-.1--.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

აღნიშნულ ნორმა წარმოადგენს გარიგების შინაარსის კონტროლის განმსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერძო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. გარიგება შეიძლება ბათილი იყოს იმის გამო, რომ მისი შინაარსი ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ნორმის მიზანი არის ასევე ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. სხვა კანონებით დადგენილმა შეზღუდვებმა და წესებმა ასევე შეიძლება მოახდინონ გავლენა გარიგების ნამდვილობაზე.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ შეილახოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროებენ სამართლებრივ კონსულტაციას.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კი თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, წერა-კითხვის უცოდინარი, ან უსინათლოა, ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადო მითითება გააკეთოს დოკუმენტში.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.

 

წარმოდგენილი სარჩელით სადავო საკითხს წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულების მართლზომიერება, კერძოდ მისი შესაბამისობა ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. მოსარჩელის განმარტებით, გას------–--–---ი და ტე-–-------–--–---ი არ ფლობენ სამართლაწარმოების ენას - არ იციან წერა-კითხვა და არ ესმით ქართული ენა, იპოთეკის ხელშეკრულების შედგენას არ დასწრებია თარჯიმანი და შესაბამისად მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ 03.09.2012წ. სადავო იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიუს ლი--------------ის მიერ, ხოლო მასზე ტე-–-------–--–---ისა და გას------–--–---ის მიერ ხელმოწერა შესრულებულია ქართულ ენაზე. ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა გამოხატეს ერთმანეთს შორის იპოთეკის ხელშეკრულების დადებისა და მისი სანოტარო წესით დადასტურების ნება. ნოტარიუსმა ხელშეკრულების დადებისას შეამოწმა მხარეთა ვინაობები და სანოტარო აქტზე ხელმომწერთ წაუკითხა იპოთეკის ხელშეკრულება ზუსტად, გარკვევით, გამოტოვების, შემოკლების გარეშე და განუმარტა ხელშეკრულების შინაარსი და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები. ხელშეკრულებაში, ასევე მითითებულია, რომ მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ნოტარიუსისაგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსის და ძირითადი პრინციპების) შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის, როგორც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიმართ, არსებობს ნდობის მაღალი სტანდარტი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ობიექტურად ივარაუდება, რომ ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესრულებისას მოქმედებს დამოუკიდებლად და მიუკერძოებელად, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესაბამისად. ხოლო, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ნების თავისუფალი გამოვლენისა და კერძო ავტონომიის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები თავისუფალნი არიან მათ მიერ სამართლებრივი მოქმედებების შესრულებისას და შესაბამისად აღნიშნული მოქმედების რისკიც მათზეა. აქედან გამომდინარე, თუკი ტე-–-------–--–---სა და გას------–--–---ს არ ესმოდათ სამართალწარმოების ენა, ისინი ვალდებულნი იყვნენ აღნიშნულის თაობაზე განეცხადებინათ ნოტარიუსისათვის, რა შემთხვევაშიც ნოტარიუსი შესაბამის ღონისძიებებს განახორცილებდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დგინდება, რომ მოსარჩელეებმა ნოტარიუს აღნიშნულის თაობაზე განუცხადეს, მით უფრო იმ პირობებში, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია სწორედ ქართულ ენაზე, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არ ფლობენ ქართულ ენას. იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა ნების თავისუფალი გამოხატვის ფარგლებში და ადგილი არ ჰქონია იძულების ან/და მოტყუების ფაქტს. ნოტარიუსის მიერ სათანადო წესით მხარეთათვის განმარტებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, ასევე ზუსტად, გარკვევით, გამოტოვების, შემოკლების გარეშე წაკითხულ იქნა ხელშეკრულების შინაარსი და განმარტებულ იქნა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ დგინდება, რომ მოსარჩელეებმა ხელშეკრულების შინაარსის შეუცნობლად მოაწერეს იპოთეკის ხელშეკრულებას ხელი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ განხორციელებულ სანოტარო მოქმედებაში არ იკვეთება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა მხარეთა შორის 2012 წლის 03 სექტემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. „ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ’’პ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადამოსული მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის ’’გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ 03.09.2012წ. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 11 ივლისს ნოტარიუს ლი--------------ის მიერ გაიცა №17------5 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 25 000 ლარით და დადგინდა ტე-–-------–--–---ის კუთვნილი უძრავი ქონების, იპოთეკის საგნის, მდებარე: ქა-–----------------------------–------–------ა, ს/კ 81.15.2-.1-- რეალიზაცია. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლიანობა, ვინაიდან მის მიერ შპს „ვ----ს“ მიმართ სრულად არის შესრულებული 01.03.2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და მის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას.

 

სასამართლო პირველ რიგში მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სააღსრულებო ფურცელი არ წარმოადგენს გარიგებას და იგი არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სააღსრულებო ორგანო ახორციელებს აღსრულებას. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააღსრულებო ფურცელს გასცემს ნოტარიუსი, კრედიტორის განცხადების საფუძველზე. ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოვალე არ ეთანხმება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების მოცულობას, აღძრული სარჩელის მოთხოვნა შეიძლება იყოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი სააღსრულებო ფურცლის სრულად, ან ნაწილობრივ (ცვლილებების შეტანა) გაუქმება. მსგავსი სარჩელი შინაარსობრივად წარმოადგენს მოვალესა და კრედიტორს შორის დავას ვალდებულების არსებობასთან, ან მოცულობასთან დაკავშირებით. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდგომ სააღსრულებო ფურცელი კარგავს იურიდიულ ძალას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე გას------–--–---ის მიერ სრულადაა შესრულებული მასსა და შპს „ვ----ს“ შორის 2012 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და მას შპს „ვ----ს“ მიმართ არანაირი დავალიანება არ ერიცხება, ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ წარადგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გას------–--–---ი მასსა და შპს „ვ----ს“ შორის გაფორმებული ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აწარმოებდა მწარმოებლისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის გატანას შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ხოლო, მწარმოებელი სარეალიზაციოდ (ბრუნვაში) გადასცემდა მიმწოდებელს მის მიერ იმპორტის სახით, უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილ საკონდიტრო და საყოფაცხოვრებო (პროდუქციას) საქონელს, 25 000 ლარის ფარგლებში. ამდენად, ყოველივე ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემულ იქნა კანონის სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა გას------–--–---ისა და ტე-–-------–--–---ის სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, ჰას------–--–---ის და ტე-–-------–--–---ის წარმომადგენლების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ჰას------–--–---ის და ტე-–-------–--–---ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ლი--------------ის მიერ 2017 წლის 11 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის N17------5 საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გას------–--–---ისა და ტე-–-------–--–---ის სარჩელი შპს „ვ----ს“ მიმართ, იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ჰას------–--–---ის და ტე-–-------–--–---ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ლი--------------ის მიერ 2017 წლის 11 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის N17------5 საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე