გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
330210118002333588
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6765-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - ზ------ი გ--–----ე

წარმომადგენლები - პ------ ე------–-ძე, ჯ--ა ზ-------ე

მოპასუხეები - ს--- მ------–---–ი, წარმომადგენელი - ე-–----ა კ-----------ი

ე------ მ-------ი

ვ--–---ი მ--------ი

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 თებერვლის ნივთის აღწერა-დაყადაღების შესახებ №1----- აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი ჯივისი, მოშავო ფერის; 2. სამეული, მოყავისფრო, ტყავის, მეორადი; 3. მაგიდა, მოყავისფრო, ხის; 4. სარეცხი მანქანა, მოთეთრო ფერის, ბოში, მუშა მდგომარეობაში; 5. მაცივარი, მოვერცხლისფრო ფერის, მუშა მდგომარეობაში.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ცხოვრობს ქ. თბილისი, ე. ბეჟანიშვილის ქუჩა №1-, კორპ. 9, ბინა №---ში. აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ზ------ი გ--–----ის საკუთრებაში. მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს მისი სიძე-ე------ მ-------ი, რომელიც დღეის მდგომარეობით არის უმუშევარი და საკუთრებაში არ ფლობს უძრავ-მოძრავ ქონებას. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული №2/74-17 ფურცლის საფუძველზე თბილისის საღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო საქმე №A--------. მოცემულ საქმეზე კრედიტორს წარმოადგენს მოპასუხე ს--- მ------–---–ი, ხოლო მოვალეებს - ე------ მ-------ი და ვ--–---ი მ--------ი. 2018 წლის 20 თებერვალს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ა-–---------------------ემ შეადგინა ნივთის აღწერის და დაყადაღების შესახებ №1----- აქტი, რომლითაც მოახდინა ზ------ი გ--–----ის კუთვნილ და მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაში განთავსებული ნივთების აღწერა-დაყადაღება, კერძოდ: 1. ტელევიზორი (მოშავო ფერის ჯივისი-ს ფირმის); 2. სამეული (ტყავის, მოყავისფრო ფერის); 3. მაგიდა (ხის, მოყავისფრო ფერის); 4. სარეცხი მანქანა (ბოშის ფირმის, მოთეთრო ფერის); 5 მაცივარი (მოვერცხლისფრო ფერის). აღნიშნული ნივთები არ წარმოადგენენ ე------ მ-------ის და ვ--–---ი მ--------ის საკუთრებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს ქონების ყადაღისგან განთავისუფლებას

 

(იხ. სარჩელი, ს.ფ 2-17, 2018 წლის 16 ივლისის სხდომის ოქმი, 10:20:56).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. ე------ მ-------მა შესაგებლით სარჩელი ცნო, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

(იხ. შესაგებელი ს.ფ. 50-59).

 

2.2. ს--- მ------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს - ე------ მ-------ს და ვ--–---ი მ--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 1-220 ლარის ოდენობით და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელე არასწორად უთითებს, თითქოს დაყადაღებული ნივთები არ ეკუთვნის ე------ მ-------ს. მოპასუხე ე------ მ-------ი არის მოსარჩელის ოჯახის წევრი-სიძე, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ერთად, ერთ მისამართზე და ეწევიან საერთო მეურნეობას. ამასთან, ზ------ი გ--–----ემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ დაყადაღებული ქონება მის მიერ არის შეძენილი. მოპასუხე თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(იხ. შესაგებელი ს.ფ. 70-78, 2018 წლის 16 ივლისის სხდომის ოქმი, 10:22:31).

 

2.3. რაც შეეხება მოპასუხე ვ--–---ი მ--------ს, იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული №2/74-17 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება №A--------), რომლის მიხედვითაც მოპასუხე ე------ მ-------ს და ვ--–---ი მ--------ს ს--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ - 1-220 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 02 მარტს გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 28-29);

 

3.1.2. 2018 წლის 20 თებერვალს, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ა-–---------------------ემ, მოვალე ს--- მ------–---–ის ვალდებულების გამო, აღწერა და დააყადაღა ქ. თბილისი, ე. ბეჟანიშვილის ქუჩა №1-, კორპუსი №9, ბინა №---ში განთავსებული მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი ჯივისი, მოშავო ფერის; 2. სამეული, მოყავისფრო, ტყავის, მეორადი; 3. მაგიდა, მოყავისფრო, ხის; 4. სარეცხი მანქანა, მოთეთრო ფერის, ბოში, მუშა მდგომარეობაში; 5. მაცივარი, მოვერცხლისფრო ფერის, მუშა მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი №1----- (იხ. ს.ფ. 25-27).

 

3.1.3. ქ. თბილისში, ე. ბეჟანიშვილის ქუჩა №1-, კორპუსი №9, ბინა №-- ფართით 228,28 კვ.მ. რეგისტრირებულია ზ------ი გ--–----ის საკუთრებად (საკადასტრო კოდი 0----------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 23-24).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, მოწმეთა ჩვენების, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლები; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-40 მუხლის პირველი პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

პირველ რიგში, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, დავის ფარგლებში ერთ-ერთი მოპასუხის მიერ გამოვლენილ ნების მატერიალურ და პროცესუალურ კომპონენტებს, ვინაიდან სამივე მოპასუხე წარმოადგენს აღნიშნულ დავაში სავალდებულო მოპასუხეებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო სამი მოპასუხის წინააღმდეგ - ს--- მ------–---–ის, ე------ მ-------ის და ვ--–---ი მ--------ის მიმართ. კრედიტორი და მოვალე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის პოზიცია - სარჩელის ცნობა, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძვლად ვერ მიიჩნევს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სავალდებულო თანამონაწილეობა, რის გამოც მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს არსებითი განხილვის შედეგს და სამართლებრივი თვალსაზრისით იმის მტკიცებულებათა შეფასებას, იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ე. ბეჟანიშვილის ქუჩა №1-, კორპუსი №9, ბინა №-- ფართით - 228,28 კვ.მ. რეგისტრირებულია ზ------ი გ--–----ის საკუთრებად (საკადასტრო კოდი 0----------------------), შესაბამისად, ბინაში განთავსებული ნივთები ეკუთვნის მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ ტექნიკა განკუთვნილია ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე ზ------ი გ--–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები: №ას-305-293-2012; №ას-1522-1529-2011; №ას-1777-1755-2011; საქმე №ას-586-561-2016, 29.07.2016).

 

ზ------ი გ--–----ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

ამდენად, სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ასევე დადგენილია, რომ ნივთებზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მოსარჩელე. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებელება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტით თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, მოსარჩელეს ეკისრება სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი, რომ დაყადაღებული ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს მოსარჩელეზეა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ იძულებით აღსრულების ფარგლებში დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოძრავ ქონებას, რომელიც განთავსებულ იყო მოსარჩელის და მოვალის საცხოვრებელში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოძრავ ნივთთან დაკავშირებით აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი პრეზუმფცია, იძულებით აღსრულებისას, აღმასრულებლის მიერ ყადაღის დადების დროს იცვლება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით, რომლის თანახმადაც იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი მუხლი კონკურენციაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან, აღნიშნულ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური კანონით ,,სააღსრულებლო წარმოებათა’’ შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზუმფცია. იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის და იძულებით აღსრულებისას დაყადაღებული მოძრავი ქონების კუთვნილების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარეს და არა მოპასუხეებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოვალეა და თითქმის ყოველთვის მოსარჩელესთან დაახლოებული სუბიექტია, ხოლო მეორე კრედიტორი, რომელიც შეიძლება სულაც არ იცნობდეს მოსარჩელეს და არ ჰქონდეს ინფორმაცია დაყადაღებული ნივთების წარმომავლობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალეები არიან ე------ მ-------ი და ვ--–---ი მ--------ი, რის გამოც იძულებით აღსრულების ფარგლებში ყადაღა უნდა დაედოს მხოლოდ მოვალეთა საკუთრებაში არსებულ ქონებას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.

 

მოწმე ე---------- გ--–----ე განმარტავს, რომ არის მოსარჩელის, ზ------ გ--–----ის შვილი და მოპასუხე ე------ მინასიანის ცოლის და. ცხოვრობს ქ. თბილისში, ე. ბეჟანიშვილის ქუჩა №1-, კორპუსი №9, ბინა №---ში მამასთან, დებთან, დისშვილებთან და სიძესთან ერთად. ე------ მინასიანი დაახლოებით 9 წლის წინ დაქორწინდა ე---------- გ--–----ის დაზე, ჰყავთ ორი შვილი. და არ მუშაობს, სიძეც უმუშევარია, რადგან ნასამართლეობა ხელს უშლის მუშაობის დაწყებაში. სახლში არსებული ნივთები შეძენილია ზ------ი გ--–----ის მიერ იმ პერიოდში, როდესაც მოპასუხე ე------ მინასიანი იმყოფებოდა პატიმრობაში. თბილისში, ს---მრის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ე------ მინასიანი დაახლოებით 2016 წელს გადავიდა, მანამდე ცხოვრობდა კახეთში. ოჯახს არჩენს მოსარჩელე ზ------ი გ--–----ე, რომელიც არის 65 წლის.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ქონება სადაც აღიწერა მოძრავი ნივთები არ არის მოვალეების ე------ მ-------ის და ვ--–---ი მ--------ის საკუთრება. სასამართლოს მოსარჩელეთა ახსნა-განმარტების და მოწმე ე---------- გ--–----ის ჩვენების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები არის ზ------ი გ--–----ის საკუთრება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით შეძლო დაემტკიცებინა დაყადაღების აქტით დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლების არსებობა. ხოლო მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს დასაბუთებული შედავება, ასევე არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სარჩელში მითითებული ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 (ას ოცი) ლარი სარჩელზე და 50 (ორმოცდაათი) ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობისთვის. შესაბამისად, მოპასუხეებს -ს--- მ------–---–ს, ე------ მინასიანს და ვ--–---ი მ--------ს ზ------ი გ--–----ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 170 (ას სამოცდაათი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ------ი გ--–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 თებერვლის ნივთის აღწერა-დაყადაღების შესახებ №1----- აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი ჯივისი, მოშავო ფერის; 2. სამეული, მოყავისფრო, ტყავის, მეორადი; 3. მაგიდა, მოყავისფრო, ხის; 4. სარეცხი მანქანა, მოთეთრო ფერის, ბოში, მუშა მდგომარეობაში; 5. მაცივარი, მოვერცხლისფრო ფერის, მუშა მდგომარეობაში;

 

2. მოპასუხეებს - ს--- მ------–---–ს, ე------ მ-------ს და ვ--–---ი მ--------ს მოსარჩელე ზ------ი გ--–----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 170 (ას სამოცდაათი) ლარის (120 ლარი სარჩელსა და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი თანხა) გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე