გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32141 - 17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე გ----------------ი
მოპასუხე ა--------–---–-
წარმომადგენელი თ-------------------–---–ი
მესამე პირი ნ-----–-------–---–ი (არასრულწლოვანი)
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი ნ------–-------–---–ი
დავის საგანი არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
გ---- პ------------------ არასრულწლოვან შვილთან, 2007 წლის 3------------ დაბადებულ ნ-----–-------–---–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა სასწავლო პერიოდის განმავლობაში ყოველი კვირის პარასკევ დღეს 18:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე ღამე დარჩენის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, არასრულწლოვანის დაბადების დღეს (3------------) 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ზაფხულის არდადეგების პერიოდში 10 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით და ზამთრის არდადეგების პერიოდში 03 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით.
მოსარჩელე გ----------------ს და მოპასუხე ა--------–---–ს ქორწინების პერიოდში, 2007 წლის 3------------, შეეძინათ შვილი ნ-----–-------------ი. მხარეები განქორწინდნენ 2010 წლის 2--------. განქორწინების შემდეგ, მოპასუხის დაჟინებული მოთხოვნით ბავშვს შეეცვალა გვარი და ამჟამად არის ნ-----–-------–---–ი. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, ა--------–---–თან. მოპასუხე არ აძლევს საშუალებას გ----------------ს ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. მოსარჩელეს დაახლოებით შვიდი წელია არ უნახავს არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ი და მასთან პირადი ხასიათის ურთიერთობა, კონტაქტი არ ჰქონია.
გ----------------ი იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან, ჰყავს მეორე არასრულწლოვანი შვილი და ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. მოსარჩელემ ნ-----–-------–---–თან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის დადგენა მოითხოვა ა--------–---–-ს მიერ ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელის აღძვრის შემდეგ. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე მხარე იხდის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ალიმენტს არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ის რჩენა-აღზრდის მიზნით.
(სარჩელი, 2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას.
გ----------------მა განქორწინების დროს ა--------–---–ს მოსთხოვა, რომ მათ საერთო შვილს, ნ-----–-------------ს აღარ ეტარებინა მამის გვარი და იგი გადასულიყო დედის გვარზე. მხარეთა განქორწინების შემდეგ, მოსარჩელემ სრულიად გაწყვიტა ურთიერთობა მის ყოფილ მეუღლესთან და საერთო შვილთან. მას არც ერთხელ არ გამოუხატავს სურვილი ენახა შვილი და ეზრუნა მასზე. 2017 წელს ა--------–---–-- მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ---- პ------------------ ალიმენტის დაკისრება, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გ----------------ი ქორწინების პერიოდში ა--------–---–ს და ნ-----–-------------ს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ძალადობდა მათზე ფსიქოლოგიურად. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მათ შორის შეწყდა ქორწინება. განქორწინების შემდეგ, მოსარჩელემ სრულიად დაივიწყა თავისი შვილი. ა--------–---–- დამოუკიდებლად ცდილობდა აღეზარდა ნ-----–-------–---–ი, საკუთარი ძალებით მოეძიებინა მატერიალური სახსრები და გაეწია სრულფასოვანი ფსიქოლოგიური თანადგომა საკუთარი შვილისთვის. მოპასუხეს ეხმარებოდნენ მშობლები. წლების მატებასთან ერთად, გაიზარდა ბავშვის მოთხოვნილებები, რამაც ა--------–---–ს გადაადგმევინა ნაბიჯი, მოეთხოვა გ---- პ------------------ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით. სწორედ მოთხოვნილი ალიმენტი გ---- პ------------------ გახდა საფუძველი, სასამართლო წესით მოეთხოვა საკუთარ შვილთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა. გ----------------ის ჭეშმარიტ ინტერესს წარმოადგენს არა ნ-----–-------–---–ზე ზრუნვა და მამობრივი გრძნობების გამოხატვა, არამედ მისი ყოფილი მეუღლის ერთგვარი ,,დასჯა“ ალიმენტის მოთხოვნის გამო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნ-----–- არც კი იცნობს საკუთარ მამას და მასთან შეხვედრა უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობაზე.
(შესაგებელი, 2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).
მესამე პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულ გარემოებებს და ასევე, იზიარებს ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებს.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მართალია არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან, რასაც ადგენს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციაც. თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია ის საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც ბავშვი თავისი ასაკისა და გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე უარს აცხადებს მამასთან ურთიერთობაზე. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელე გ----------------ის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა მატრავმირებელი იქნება ბავშვისათვის და უარყოფით გავლენას მოახდენს არასრულწლოვან ნ-----–-------–---–ის ფსიქოლოგიურ, ემოციურ მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ მომზადებული იყოს, როგორც ბავშვი ასევე მამა ამ ურთიერთობის აღდგენის, ჩამოყალიბებისათვის, აუცილებელია მოხდეს ფსიქოლოგთან დამატებითი კონსულტაციები. იმის გათვალისწინებით, რომ მამას და შვილს შორის რამდენიმე წლიანი (დაახლოებით 7 წელი) წყვეტა არის ურთიერთობისა და მამას პირადი კონტაქტი ნ-----–-------–---–თან არ ჰქონია 7 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად ბავშვი მამას არც კი იცნობს, მიზანშეწონილი არ არის ამ ეტაპზე განისაზღვროს მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი. ნ-----–-------–---–ი უარს აცხადებს მამასთან ურთიერთობაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი მამასთან შეხვედრა და გარკვეული ურთიერთობა აუცილებლად ტრავმის გამომწვევი იქნება არასრულწლოვნისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ი ჩაება საქმეში.
ნ-----–-------–---–მა ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ არ სურს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, მით უმეტეს თუ მამა, გ----------------ი იქნებოდა იქ. ფსიქოლოგის მითითებით ნ-----–-------–---–ი არ არის ემოციურად მზად სასამართლო სხდომაზე მოსასვლელად და სასაუბროდ (თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები, 24.07.2018 წელი, ს.ფ. 149-150).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ----------------ი და ა--------–---–- 2010 წლის ივნისის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ი ცხოვრობს მოპასუხესთან, ა--------–---–თან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).
3.1.2. მოსარჩელე გ----------------ი ქორწინებაშია სხვა პირთან. იგი, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, ცხოვრობს მისამართზე თ---–-----------------.
გ----------------ი დასაქმებულია ს----------–----–-----------------------------ში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).
_სსიპ სოციალური მომსახურების ს------------- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2017 წლის 08 დეკემბრის დასკვნა N2---- (ს.ფ. 76-77).
3.1.3. მოპასუხე ა--------–---–- არასრულწლოვან ნ-----–-------–---–თან, მშობლებთან და ბაბუასთან ერთად, ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ჯ-----–---–------. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს ხუთ ოთახიანი არასტანდარტული ტიპის ბინა, რომელიც უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ნივთებით, ტექნიკითა და ყველა საჭირო ავეჯით. საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის მოწესრიგებული და დამაკმაყოფილებელი. სახლში შექმნილია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვისნ საჭირო ყველა პირობა.
ნ-----–-------–---–ის ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება მის ასაკს. იგი არის საკმაოდ გონებამახვილი და კომუნიკაბელური ბავშვი. არასრულწლოვანი სწვალოს სსიპ თბილისის 2------------- სკოლაში. მისი აკადემიური მოსწრება არის დამაკმაყოფილებელი. ოჯახის წევრები მაქსიმალურად ზრუნავენ ნ-----–-- ფიზიკური და გონებრივ განვითარებაზე. სახლში არის ბავშვის განვითარებისათვის შექმნილი ყველა პირობა, გამოყოფილია სამეცადინო კუთხე. თავისუფალ დროს ბავშვი ხატავს დედასთან ერთად. ნ-----–- დამატებით დადის ფრანგულისა და ინგლისურის წრეებზე, ასევე ცურვაზე. ის ხშირად გადის ოლიმპიადებზე.
ნ-----–-------–---–ს არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა, საჭიროების შემთხვევაში იგი იღებს სამედიცინო მომსახურებას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).
_სსიპ სოციალური მომსახურების ს------------- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2017 წლის 08 დეკემბრის დასკვნა N2---- (ს.ფ. 76-77).
3.1.4. მოპასუხე ა--------–---–- დასაქმებული იყო ს----------–----–-----------------------------ს მომსახურების სააგენტოში. ამჟამად, მას უკავია ს----------–----–-----------------------------ს ს-----------------–-–---------------------–-------------------------------–--;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).
_სსიპ სოციალური მომსახურების სამინისტროს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2017 წლის 08 დეკემბრის დასკვნა N2---- (ს.ფ. 76-77).
3.1.5. გ----------------ი არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად იხდის ალიმენტს 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ----------------ს და ა--------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2007 წლის 3------------, შეეძინათ შვილი ნ-----–-------------ი.
არასრულწლოვანმა ნ-----–-------------მა გვარის შეცვლის შემდეგ, 2010 წლის 1-----–---, მიიღო გვარი კ----–---–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 2------------ გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 40);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 2------------ გაცემული სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა N0----------- აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 41).
3.2.2. გ----------------ი და ა--------–---–- განქორწინდნენ 2010 წლის 2--------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ 2010 წლის 2-------- გაცემული განქორწინების მოწმობა ს---------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 39).
3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა--------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე გ----------------ს არასრულწლოვანი შვილის, 2007 წლის 3------------ დაბადებული ნ-----–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 28 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ს.ფ. 29-38);
_ა--------–---–-ს სარჩელი სამოქალაქო საქმეზე გ----------------ის მიმართ (ს.ფ. 14-28).
3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განჩინებით, არასრულწლოვან ნ-----–-------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი, დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) შესაბამისი ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში და ფსიქოლოგის წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის პროცესში სულ შედგა ხუთი ვიზიტი, დედის ა--------–---–-ს ვიზიტი 17.05.2018 წელი, მამის გ----------------ის ვიზიტი 18.05.2018 წელი, ნ-----–-------–---–ის ვიზიტები 29.05.2018 წელი, 07.06.2018 წელი და 21.06.2018 წელი.
2018 წლის 24 ივლისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების N0--------- მიხედვით:
არასრულწლოვანი ნ-----–- კომუნიკაბელური და მხიარული ბავშვია, აქვს მრავალმხრივი ინტერესები და ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში. ბავშვის შემეცნებითი სფეროს თავისუბურებები და ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს;
ფსიქოლოგთან ერთ-ერთ ვიზიტზე არასრულწლოვანმა სთხოვა ფსიქოლოგს მეტად აღარ დაებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის, ინტერესების შესახებ აქტიურად და ხალისით საუბრობდა, მას მთელი ვიზიტის მანძილზე დაძაბულობა მაინც თან სდევდა; მამის შესახებ საუბრისას არასრულწლოვანი ნ-----–-- დაძაბულობა და შფოთვა მკვეთრად გაიზარდა, რაც სხეულებრივი გამოვლინებითაც შესამჩნევი იყო - თვალები აუცრემლდა, სახეზე წამოწითლდა, გაუჭირდა საუბარი; არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ის მხრიდან ვლინდება უკმაყოფილება და ემოციური დაძაბულობა შექმნილი სიტუაციით; მძაფრია არასრულწლოვანის მგრძნობელობა გარემოს ზემოქმედების, კრიტიკის მიმართ;
ნ-----–-------–---–ს დედასთან, ა--------–---–თან აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი,მათ შორის მეგობრული, მზრუნველი ურთიერთდამოკიდებულებაა;მეგობარ და მზრუნველ გარემოს ბავშვს უქმნიან ოჯახშიც; აქტიური და სიანტერესოა ნ-----–-- სოციალური და საგანმანათლებლო ცხოვრებაც; ნ-----–-------–---–ი მამის როლს ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მით უფრო ტრავმირებულია თვითონ მამასთან ურთიერთობის არქონის გამო; შფოთვა და დაძაბულობა მკვეთრად გამოვლინდა მამის შესახებ საუბრისას. ამ დროს ნ-----–-- საუბარიც გაუჭირდა და თვითონვე აღნიშნა ,,სიტყვები დავკარგეო“. იგი მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა (,,მის გარეშეც კარგად ვარ, ,,არ ვიცი რატომ არ ჩანდა, არც ის ვიცი, ეხლა რატომ გამოჩნდა“) და გამოთქვა სურვილი მამის შესახებ საუბარი დასრულებულიყო;
არასრულწლოვანის ემოციური გამოვლინებები, მისი პასუხები მიუთითებს, რომ მისთვის მტკივნეული და მწვავეა შექმნილი მდგომარეობა; მამა-შვილის ურთიერთობა კი ვერ შედგება, სანამ ტრავმა არ გადამუშავდება, მით უმეტეს, ნ-----–-------–---–ი ამ ეტაზე გარდატეხის ასაკში იმყოფება, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ეს ასაკი მსგავსი პროცესების წამოსაწყებად გაცილებით შეუფერებელია. ფსიქოლოგთან საუბრისას, ნ-----–-------–---–მა არაერთხელ აღნიშნა, რომ არ უნდოდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, მით უმეტეს თუ მამა იქნებოდა სხდომაზე. მას ფსიქოლოგთანაც არ სურდა ვიზიტებზე მისვლა;
ნ-----–- არ არის ემოციურად მზად სასამართლოს სხდომაზე მისასვლელად და სასაუბროდ. დედის მირ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 3 წლის ასაკის მერე, თითქმის შვიდი წელია ნ-----–-- არ ჰქონია მამასთან ურთიერთობა, ფაქტობრივად არც კი იცნობს მამას. ბავშვს ამ წლების მანძილზე მამა არ მოუკითხავს. მხოლოდ სასამართლოს სხდომების შემდეგ იკითხა ამდენი წელი სად იყოო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის 2018 წლის 24 ივლისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები N0--------- (ს.ფ. 149-150).
3.2.5. არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ი სოციალური მუშაკთან ინდივიდუალური საუბრისას არ გამოთქვამს, რომ სურვილს კონტაქტი ჰქონდეს მამასთან, გ----------------თან. ბავშვს არ ახსოვს მამა, არ უნახავს რამდენიმე წელია და ამ პერიოდში, გ----------------ს არც უცდია მისი ნახვა.
მოსარჩელე გ----------------ს არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ი დაახლოებით შვიდი წელია არ უნახავს და მასთან არ ჰქონია რაიმე სახის ურთიერთობა (არც პირადი და არც თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით, მაგალითად ტელეფონით, სოციალური ქსელით და სხვ.);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სამინისტროს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2017 წლის 08 დეკემბრის დასკვნა N2---- (ს.ფ. 76-77).
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამი წლის იყო ნ-----–-------–---–ი, ბოლოს რომ ნახა. მოპასუხესთან და მის ოჯახთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, გ----------------ს კონფლიქტისათვის თავიდან აცილების მიზნით, 2010 წლის სექტემბრის თვის შემდეგ აღარ უცდია არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა. მოპასუხე ა--------–---–-ს მხრიდან ალიმენტის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემდგომ, მოსარჩელემ ,,საპასუხოდ“ მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–-------–---–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
გ----------------ს აქვს უფლება, ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. საქმის მასალებით ამ ეტაპზე არ დადგინდა მოსარჩელის არასრულწლოვან ნ-----–-------–---–თან ურთიერთობის მიზანშეწონილობა, თუმცა გარკვეული პერიოდით ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ, შესაძლებელია გ----------------ის შვილთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა შეზღუდული დროით, რაც არასრულწლოვანის ჰარმონიული აღზრდა-განვითარების ინტერესებს შეესაბამება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
გ----------------მა სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა შემდეგი წესით: სასწავლო პერიოდის განმავლობაში ყოველი კვირის პარასკევი დღე 18:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე ღამე დარჩენის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე და დასვენების დღეებში, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, არასრულწლოვანის დაბადების დღე 3------------ 15:00 საათიდან 19:00 საათამდე; ზაფხულის არდადეგების პერიოდში 10 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთი და ასევე ზამთრის არდადეგების პერიოდში 03 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით.
გ----------------ს და ა--------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2007 წლის 3------------ შეეძინათ შვილი ნ-----–-------------ი. მხარეები განქორწინდნენ 2010 წლის 2--------. მითითებული პერიოდიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. განქორწინების შემდგომ, შეიცვალა არასრულწლოვანი ნ-----–-------------ის გვარი. მან 2010 წლის 1-----–--- გვარის შეცვლის შემდეგ, მიიღო გვარი "კ----–---–-". არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ი ცხოვრობს მოპასუხესთან, ა--------–---–თან (3.2.1., 3.2.2., 3.1.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის თანახმად, მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვაროს მიკუთვნების შესახებ. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით, განქორწინების შემდეგ შეიცვალა არასრულწლოვანის გვარი და იგი 2010 წლის 1-----–------- ატარებს დედის გვარს "კ----–---–ს" (3.2.1).
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავეს ადგენს კოდექსის 1198-ე მუხლიც: 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
დადგენილია, რომ მოსარჩელე გ----------------ი ქორწინებაშია სხვა პირთან. იგი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–-----------------. იგი დასაქმებულია ს----------–----–-----------------------------ში. ამასთან, როგორც სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნიდან ირკვევა, მოპასუხე ა--------–---–- არასრულწლოვან ნ-----–-------–---–თან, მშობლებთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ჯ-----–---–------. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს ხუთ ოთახიანი არასტანდარტული ტიპის ბინა, რომელიც უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ნივთებით, ტექნიკითა და ყველა საჭირო ავეჯით. საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის მოწესრიგებული და დამაკმაყოფილებელი. სახლში შექმნილია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის საჭირო ყველა პირობა (3.1.2., 3.1.3).
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნით, ნ-----–-------–---–ის ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება მის ასაკს. იგი არის საკმაოდ გონებამახვილი და კომუნიკაბელური ბავშვი. არასრულწლოვანი სწავლობს სსიპ თბილისის 2------------- სკოლაში. მისი აკადემიური მოსწრება არის დამაკმაყოფილებელი. ოჯახის წევრები მაქსიმალურად ზრუნავენ ნ-----–-- ფიზიკური და გონებრივ განვითარებაზე. სახლში არის ბავშვის განვითარებისათვის შექმნილი ყველა პირობა, გამოყოფილია სამეცადინო კუთხე. თავისუფალ დროს ბავშვი ხატავს დედასთან ერთად. ნ-----–- დამატებით დადის ფრანგულისა და ინგლისურის წრეებზე, ასევე ცურვაზე. ის ხშირად გადის ოლიმპიადებზე. არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ს არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა, საჭიროების შემთხვევაში იგი იღებს სამედიცინო მომსახურებას. სოციალური სამსახურის შეფასებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მშობლებს შორის არსებულმა კონფლიქტმა არ იქონიოს ბავშვზე გავლენა. მშობლების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე მისი სურვილი და საჭიროებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგებილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში ჩაება არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ი (ს.ფ. 50-54). ნ-----–-------–---–მა ფსიქოლოგიური კვლევის მიმდინარეობისას, ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ არ სურს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, მით უმეტეს თუ მამა, გ----------------ი იქნება იქ. ფსიქოლოგის მითითებით ნ-----–-------–---–ი არ არის ემოციურად მზად სასამართლო სხდომაზე მოსასვლელად და სასაუბროდ (თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები, 24.07.2018 წელი, ს.ფ. 149-150).
ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის N12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე- 12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში. როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 42, 43, 44, ).
საქართველოსსამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მოცემული დავის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განჩინებით, არასრულწლოვან ნ-----–-------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი, დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) შესაბამისი ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში და ფსიქოლოგის წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანი ნ-----–- კომუნიკაბელური და მხიარული ბავშვია, აქვს მრავალმხრივი ინტერესები და ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში. ბავშვის შემეცნებითი სფეროს თავისუბურებები და ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. არასრულწლოვანი ფსიქოლოგთან ვიზიტებზე მხოლოდ აუცილებლობის გამო მოდიოდა. ერთ-ერთ ვიზიტიზე სთხოვა კიდევაც ფსიქოლოგს მეტად აღარ დაებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის, ინტერესების შესახებ აქტიურად და ხალისით საუბრობდა, მთელი ვიზიტის მანძილზე დაძაბულობა მაინც თან სდევდა. მამის შესახებ საუბრისას კი დაძაბულობა და შფოთვა მკვეთრად გაიზარდა, რაც სხეულებრივი გამოვლინებითაც შესამჩნევი იყო - თვალები აუცრემლდა, სახეზე წამოწითლდა, გაუჭირდა საუბარი. არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ის მხრიდან ვლინდება უკმაყოფილება და ემოციური დაძაბულობა შექმნილი სიტუაციით, მიიჩნევს, რომ არაგონივრულია იყოს გულახდილი. მძაფრია მგრძნობელობა გარემოს ზემოქმედების, კრიტიკის მიმართ. არასრულწლოვანს დედასთან აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი. მათ შორის მეგობრული, მზრუნველი ურთიერთდამოკიდებულებაა. ნ-----–-------–---–ი მამის როლს ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მით უფრო ტრავმირებულია თვითონ მამასთან ურთიერთობის არქონის გამო. როგორც უკვე აღინიშნა, შფოთვა და დაძაბულობა მკვეთრად გამოვლინდა მამის შესახებ საუბრისას. ამ დროს ნ-----–-- საუბარიც გაუჭირდა და თვითონვე აღნიშნა ,,სიტყვები დავკარგეო“. იგი მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა (,,მის გარეშეც კარგად ვარ, ,,არ ვიცი რატომ არ ჩანდა, არც ის ვიცი, ეხლა რატომ გამოჩნდა“) და გამოთქვა სურვილი მამის შესახებ საუბარი დასრულებულიყო. არასრულწლოვანის ემოციური გამოვლინებები, მისი პასუხები მიუთითებს, რომ მისთვის მტკივნეული და მწვავეა შექმნილი მდგომარეობა. მამა-შვილის ურთიერთობა კი ვერ შედგება, სანამ ტრავმა არ გადამუშავდება, მით უმეტეს, ნ-----–-------–---–ი ამ ეტაზე გარდატეხის ასაკში იმყოფება, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ეს ასაკი მსგავსი პროცესების წამოსაწყებად გაცილებით შეუფერებელია (3.2.4).
ზემოაღნიშნულ ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს და თავად არასრულწლოვანი ბავშვის სურვილს ემყარება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (წარმომადგენლის) პოზიცია, რომ ამ ეტაპზე არ იქნება მიზანშეწონილი გ----------------ს არასრულწლოვან ნ-----–-------–---–თან განესაზღვროს ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, თუნდაც მცირე ხნით, ვინაიდან, აღნიშნული აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენს არასრულწლოვანზე და მისთვის იქნება ტრავმის გამომწვევი მამასთან შეხვედრა, მასთან ურთიერთობის იძულება.
საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ ა--------–---–-- 2017 წლის 28 ივლისს სარჩელი მიმართა სასამართლოს გ----------------ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2007 წლის 3------------ დაბადებული ნ-----–-------–---–ის ალიმენტის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა--------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ----------------ს არასრულწლოვანი შვილის, 2007 წლის 3------------ დაბადებული ნ-----–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 28 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მხარეთა განმარტებით, გ----------------ი არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად იხდის ალიმენტს 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით (3.1.5., 3.2.3).
მშობელთა უპირველესი მოვალეობაა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ საქმეზე, განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს. ~ არასრულწლოვანი ნ-----–-------–---–ი სოციალური მუშაკთან ინდივიდუალური საუბრისას არ გამოთქვამს სურვილს კონტაქტი ჰქონდეს მამასთან, გ----------------თან. ბავშვს არ ახსოვს მამა, არ უნახავს რამდენიმე წელია და ამ პერიოდში, გ----------------ს არც უცდია მისი ნახვა. შესაბამისად მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სურს არასრულწლოვანს მამასთან ურთიერთობა, წარმოადგენს მამა-შვილს შორის ურთიერთობის ხანგრძლივი წყვეტა, რაც ბავშვის ასაკიდან გამომდინარე იწვევს მამასთან სრულ გაუცხოვებას.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამი წლის იყო ნ-----–-------–---–ი, ბოლოს რომ ნახა. მოპასუხესთან და მის ოჯახთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, გ----------------ს კონფლიქტისათვის თავიდან აცილების მიზნით, 2010 წლის სექტემბრის თვის შემდეგ აღარ უცდია არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა. მოპასუხე ა--------–---–-ს მხრიდან ალიმენტის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემდგომ, მოსარჩელემ ,,საპასუხოდ“ მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–-------–---–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა (3.2.5). არასრულწლოვანი ამ ეტაპზე არის 10 წლის, მას ჩამოყალიბებული აქვს ასაკის შესაბამისი აზროვნება, ნათლად, აშკარად გამოხატავს თავის სურვილებს, ნებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია მისი პოზიცია დავის საგანთან მიმართებით: ნ-----–-------–---–ს არათუ მამასთან, გ----------------თან ურთიერთობა სურს, მისი ნახვა და მასთან ხშირი კონტაქტი, არამედ, მასზე საუბარსაც კი თავს არიდებს. მამის ხსენება და მასთან დაკავშირებით კითხვების დასმა, ბავშვი შფოთვას და დაძაბულობას იწვევს, რაც სხეულებრივი გამოვლინებებითაც შესამჩნევი ხდება. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპზე, მოცემული ვითარებიდან, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის (იგი გარდატეხის ასაკშია) და ემოციური ფონის გათვალისწინებით, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ბავშვის, ნ-----–-------–---–ის მამასთან, გ----------------თან ურთიერთობის შესაძლებლობას. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს პოზიტიური ვალდებულება, მშობელთა შეუთანხმებლობისას შვილის აღზრდის საკითხის მოგვარების თაობაზე, უნდა ემყარებოდეს ეროვნული და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ ბავშვის უპირატეს ინტერესებს, რაც საქმის გარემოებების ობიექტური და სრულყოფილი კვლევის გზით უნდა განხორციელდეს. უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის 3.1. მუხლი).
ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. აღნიშნული საკითხის განხილვისას უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ფსიქოლოგმა ჩატარებული კვლევის შედეგად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ ეტაპზე ბავშვის მამასთან ურთიერთობა. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით, აღნიშნულს წინ უნდა უძღვოდეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბავშვის მომზადება, რადგან მან შეძლოს მამასთან ურთიერთობის თანდათანობით აღდგენა. არასრულწლოვანი ბავშვის მოსარჩელე მხარესთან გაუცხოვება უკავშირდება მამა-შვილს შორის შეხვედრების ხანგრძლივი დროით წყვეტას. განსახილველი დავის ფარგლებში, არ გამოიკვეთა მოსარჩელე გ----------------ის იმგვარი სახის უარყოფითი პიროვნული მახასიათებელი, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვან ნ-----–-------–---–ის ზრდა-განვითარების უპირატეს ინტერესებს. კომპეტენტური ორგანოს დასკვნის შედეგად, მოცემულ ეტაპზე არ არის მზაობა არასრულწლოვანის მხრიდან მამასთან ურთიერთობისა, თუმცა ბავშვის უფლებაა ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალში მისი სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany (CG), no. 30943/96, ველი 73, ECHR 2003-VIII). სწორედ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გ----------------ს არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–-------–---–თან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს გარკვეული დრო, თუმცა არა სარჩელით მოთხოვნილი წესით. კერძოდ, არსებული სპეციფიკური ვითარებიდან გამომდინარე, გ----------------ს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი უნდა განესაზღვროს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ პირველი თვის ყოველი შაბათი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე დედის, ა--------–---–-ს თანდასწრებით ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ოთხი თვის შემდეგ კი ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დამოუკიდებლად თავის საცხოვრებელ ადგილად წაყვანისა და თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მამასთან, გ----------------თან ურთიერთობის აღსადგენად, არასრულწლოვან ნ-----–-------–---–ს აქვს გონივრული დრო, რათა გაიაროს ფსიქოლოგიური მომზადება მამასთან ურთიერთობის წყვეტის შედეგად ჩამოყალიბებული ბარიერების მოსახსნელად.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე, მამა-შვილის არსებული გაუცხოვების აღმოფხვრისა და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთს, რომლის გონივრულად, უპირატესად ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. მშობლების მხრიდან ჰარმონიული მზრუნველი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს ბავშვის სრულყოფილ განვითარებას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გ----------------ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ა--------–---–-ს (პირადი №0----------) მიმართ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე:
განესაზღვროს გ----------------ს (პირადი N0----------) 2007 წლის 3------------ დაბადებული ნ-----–-------–---–ის (პირადი N0----------) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ პირველი თვის ყოველი შაბათი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე მოპასუხე ა--------–---–-ს თანდასწრებით ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განესაზღვროს გ----------------ს (პირადი N0----------) 2007 წლის 3------------ დაბადებული ნ-----–-------–---–თან (პირადი N0----------) ურთიერთობისათვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ოთხი თვის შემდეგ ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით;
2. დაეკისროს ა--------–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე