გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.08.2018
საქმის ნომერი
080210015002725532
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210015002725532

N2/697-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში - შპს „ტ----;

წარმომადგენელი - ვალერიანე თევდორაძე;

მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში - წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა;

წარმომადგენელი თამარ შვანგირაძე;

დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება;

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში -პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზაღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. შპს „ტ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა

1.1. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 466 596.31 ლარის გადახდა;

1.2. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 40437 ლარის გადახდა;

1.3. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სს „თიბისი ბანკისაგან“ მიღებული 24635 ლარი და საბანკო გარანტიის მომსახურებისათვის გადახდილი 472.46 ლარი;

1.1.1.წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

1.1.2. შპს „ტ----ს“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 106915.68 ლარის ოდენობით.

1.1.3. შპს „ტ----ს“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 740358.07 ლარის გადახდა;

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 23 ივნისს შპს „ტ----ს“ და წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N138, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ, შპს „ტ----მ“ იკისრა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში (ვ---–-ხჰესის დასახლება) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება, მეორე მხრივ, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ იკისრა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ჯამური ღირებულებით 492 699 ლარის ფარგლებში. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვინაიდან ეკონომიურად მოიხმარა თანხა, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 466 596.31 ლარი. სამუშაოების მიმდინარეობას ყოველდღიურ რეჟიმში ზედამხედველობდა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, მათთან შეთანხმებით ხდებოდა სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საკითხების გადაწყვეტაც. სამუშაოს ღირებულება და მოცულობა დადასტურებულია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საინჟინრო ექსპერტზის დასკვნით N006256314, 17.11.2014წ. სამუშაოთა დასრულებისთანავე ამ გზაზე მოძრაობა დაიწყო აზერბაიჯანული ფირმა „აკორდის“ მძიმე ტექნიკამ, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა ავტობანზე, რამაც გზაზე წარმოშვა გარკვეული ხარვეზები. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული იყო 16 სმ-იანი სისქის გზის მოწყობა, რაც არსებულ დატვირთვას არანაირად არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოვლენილი ხარვეზები არ იყო შპს „ტ----ს“ მიერ განხორციელებული სამუშაოების ნაკლით გამოწვეული, მან ჩაატარა სარემონტო სამუშაოებიც, შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი არ მიუღია. მოპასუხის მოთხოვნით, 2014 წლის 31 დეკემბერს სს „თიბისი ბანკმა“ საბანკო გარანტიის სახით წ---–----ბოს მუნიციპალიტეტს გადაურიცხა 24635 ლარი, თუმცა ეს მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. კერძოდ, 2014 წლის 31 დეკემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტმა წერილობით აცნობა შპს „ტ----ს“ გზაზე გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე, რომლის მიზეზებიც არ იყო დადგენილი, ეს კი ადასტურებს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის მომენტისათვის წ---–----ბოს მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა დადგენილი ხარვეზის მიზეზები და შპს „ტ----ს“ ბრალეულობა. გარდა აღნიშნულისა, შპს „ტ----ს“ მიერ პროდუქციის შეძენა დაკავშირებული იყო დოლარის კურსის ცვლილებებთან, თანხის დროულად მიუღებლობის გამო კი მიადგა ზიანი, რომელიც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.

შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 27 აპრილს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩათვალა შპს „ტ----სთან“ 2014 წლის 23 ივნისს დადებული N138 ხელშეკრულების შეწყვეტა და მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1.% ოდენობით, რომელმაც ჯამში შეადგინა 106915.68 ლარი. 2014 წლის აგვისტოში ინსპექტირების ჯგუფმა გამოავლინა, რომ სამუშაოების პირველ ეტაპზე შპს „ტ----“ არ აწარმოებდა გზის ზედაპირის მოსამზადებელ სამუშაოებს, რის თაობაზეც გამგეობამ გააფრთხილა 2014 წლის 26 აგვისტოს და წერილობით მოსთხოვა მუშაობა გაეგრძელებინა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე წლის 27 აგვისტოს მოპასუხეს დაავალეს პირველი ეტაპის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რაც შპს „ტ----მ“ არ შეასრულა. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, შესრულებული სამუშაოს პროექტთან შესაბამისობის და ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 395 998.65 ლარს, ხოლო არსებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება, რომელიც წარმოადგენს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტისათვის მიყენებულ ზიანს - 740358.07 ლარს.

2. მოპასუხის განმარტება:

2.1. მოპასუხე წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მის განმარტებით, 2014 წლის 23 სექტემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა შპს „ტ----ს“ მიერ განხორციელებული სამუშაოები, რა დროსაც აღმოაჩნდა, რომ დაუსრულებელი იყო ბეტონის გზის მარჯვენა სავალი ზოლის ნაწილის მოწყობა, მარცხენა ზოლზე არ იყო გაკეთებული შეერთებები, დაუსრულებელი იყო გვერდულების მოწყობა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინსპექტირების ჯგუფმა შეადგინა შესაბამისი აქტი (23.09.2014 წ). 2014 წლის 01 ოქტომბერს შ.პ.ს „ტ----მ“ წერილობით აცნობა „მუნიციპალიტეტს“ სამუშაოების დასრულების შესახებ, ინსპექტირების ჯგუფმა დაათვალიერა სამუშაოები 02.10.2014 წელს, რა დროსაც გაირკვა, რომ დაუსრულებელი იყო ბეტონის გზის გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და არ იყო შევსებული ჭრილები ბიტუმის ემულსიით, აღნიშნულის თაობაზეც შედგა აქტი (02.10.2014 წ). ინსპექტირების ჯგუფმა სამუშაოების მიმდინარეობა ასევე დაათვალიერა 06.10.2014 წ, 08.10.2014 წ, 10.10.2014 წ. ამავე ჯგუფმა 15.10.2014 წელს შეადგინა აქტი სამუშაოების დასრულების შესახებ. 18.11.2014 წელს შ.პ.ს „ტ----მ“ წერილით მიმართა „მუნიციპალიტეტს“ და წარადგინა სამუშაოების ასანაზღაურებლად საჭირო დოკუმენტები: შესრულებული სამუშაოების აქტი, ფარული სამუშაოების აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგი, სამუშაოს ამსახველი ფოტოები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა თანხის ანაზღაურება. 2014 წლის 3 ნოემბერს ინსპექტირების ჯგუფმა დაათვალიერა სადაო გზის მონაკვეთი, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ გზის ბეტონის საფარი დასაწყისიდან სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიამდე, რომელიც შეადგენს დაახლოებით 300 მეტრს, დაბზარული იყო და გზა განიცდიდა რღვევას. აღნიშნული აცნობეს მოპასუხეს და მოთხოვეს ხარვეზების გამოსწორება. 2014 წლის 26 ნოემბერს ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა სამუშაოები, რა დროსაც გზაზე ისევ შეიმჩნეოდა ხილული ბზარები. 04.12.2014 წელს კომისიამ უარი უთხრა შ.პ.ს ,,ტ----ს’’ სამუშაოების მიღება- ჩაბარებაზე, რაც აცნობა წერილობით, 08.12.2014 წელს კი კვლავ მოსთხოვა დეფექტების აღმოფხვრა. ინსპექტირების ჯგუფმა სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა 22.12.2014 წელს, 26.12.2014 წელს, 30.12.2014 წელს, რა დროსაც დაადგინა, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა გზის მთელ პერიმეტრზე აღმოფხვრილი არ იყო ის დეფექტები, რომელიც გზის საფარზე აღინიშნებოდა ხილული ბზარების სახით. მოპასუხე პრივატულ საუბრებში აღნიშნავდა, რომ გზაზე არსებული ბზარები მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, 2014 წლის 31 დეკემბერს მას სთხოვეს წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა გზაზე დეფექტების გამომწვევი მიზეზები. შ.პ.ს „ტ----ს“, მიუხედავად დაპირებისა, დასკვნა არ წარუდგენია. 12.01.2015 წლის N31/85 წერილით შ.პ.ს „ტ----ს“ კვლავ მოსთხოვეს წარედგინა დაპირებული საექსპერტო დასკვნა. 21.01.2015 წელს შ.პ.ს „ტ----მ“ „მუნიციპალიტეტს“ აცნობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. 05.02.2015 წელს გზა დაათვალიერა ინსპექტირების ჯგუფმა, თუმცა გზის საფარზე კვლავ აღინიშნებოდა ხილული ბზარები. ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელისაგან მოითხოვეს 27.02.2015 წელს და 19.03.2015 წელს, თუმცა მან მხოლოდ 24.03.2015 წელს წარადგინა შ.პ.ს ,,სანდოს’’ მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განიხილა მიღება-ჩაბარების კომისიამ და 22.04.2015 წელს მიზანშეწონილად არ მიიჩნია სამუშაოების მიღება-ჩაბარება. 16.04.2015 წელს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გზას კვლავ აღენიშნებოდა ხილული ბზარები და იგი იშლებოდა. აღნიშნული მოტივით არ იქნა გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ აღდგენილი მონაკვეთის საექსპლუტაციო ვადა გაუტოლდება პროექტის შესაბამის ხანგრძლივობას. 22.04.2015 წლის გადაწყვეტილებით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ შეწყვეტილიყო ხელშეკრულება და მოსარჩელის მიმართ გატარებულიყო კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.04.2015 წლის N31/498 ბრძანებით შეწყდა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტს და შ.პ.ს „ტ----ს“ შორის 2014 წლის 23 ივნისს დადებული N138 ხელშეკრულება და მოსარჩელეს გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1% ოდენობით, რომელმაც ჯამში შეადგინა 106 915,68 ლარი. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, თითქოსდა სამშენებლო კომპანია „აკორდის“ მძიმე ტექნიკამ გამოიწვია გზის საფარის დაზიანება, არ დასტურდება ექსპეტიზის დასკვნით, გარდა აღნიშნულისა, ის თავად იყო ვალდებული მშენებლობის პროცესში, გზის ექსპლუატაციაში მიღებამდე, დაეცვა გზის საფარი გარე ზემოქმედებისგან ან რაიმე ხელშემშლელი მიზეზების შესახებ ეცნობებინა შემსყიდველისათვის, რაც არ გაუკეთებია. რაც შეეხება 16 სმ სისქის გზის მოწყობის მიზანშეწონილობას, აღნიშნული კატეგორიის (შიდა სასოფლო გზა) გზისთვის, სისქე სავსებით შეესაბამება სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრულ პარამეტრებს.

2.2.2. მოპასუხე შპს „ტ----მ“ შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 15 ოქტომბერს, თუმცა სარჩელი წარმოდგენილია ვადაგადაცილებული დღეების თაობაზე, რაც წინააღმდეგობრივია. ამავდროულად, სახეზე არაა ბეტონის საფარის რღვევა, რასაც ადასტურებს ფაქტების კონსტატაციის ოქმი. შპს „ტ----ს“ მიერ სარჩელის აღძვრის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება და დააკისრა პირგასამტეხლო. გზის სარეაბილიტაციო პროექტი შედგენილი იყო არაპროფესიონალურად და არ შეესაბამებოდა საქართველოში არსებულ საპროექტო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორი ამ ურთიერთობაში გამოდის არა როგორც არქიტექტორი და პროფესიონალი, არამედ როგორც გამგეობის „დანამატი“, რასაც ადასტურებს მის მიერ „საჩუქრად“ გადაცემული „ხარჯთაღრიცხვა“.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 23 ივნისს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში „შემსყიდველი“) და შპს „ტ----ს“ (შემდგომში „მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N138. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 492 699 ლარს, სამუშაოების შესრულების ვადა -ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა შემდეგი პირობები: ხელშეკრულებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლის ინსპექტირება, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიმდინარეობის კონტროლი ახორცილდება „შემსყიდველი“ და მის მიერ ზედამხედველობაზე უფლებამოსილი პირი/ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ (პუნქტი5.1.); ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „შემსყიდველი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს შესრულებული სამუშაოს კონტროლი-ინსპექტირება (პუნქტი 5.2); სამუშაოების მიღება ხორციელდება ეტაპობრივად ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ (პუნქტი 7.1); შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება მოხდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე. ექსპერტის მომსახურების ხარჯებს გაწევს მიმწოდებელი (პუნქტი 7.2); შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი (პუნქტი7.3); შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზის მითითებით (პუნქტი 7.4); ობიექტი დასრულებულად ჩაითვლება საექსპერტო დასკვნის ან შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე (პუნქტი 7.5); მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოს ამსახველი ფოტო-მასალები (დაწყებამდე, მიმდინარე და საბოლოო), ფარული სამუშაოების აქტები (პუნქტი 7.6); მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ჯეროვნად საპროექტო დოკუმენტაციის ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, მსგავსი სამუშაოებითვის უკვე არსებული სტანდარტებისა და „შემსყიდველის“ მოთხოვნების შესაბამისად. წესდებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში „შემსყიდველი“ უფლებამოსილია არ მიიღოს სამუშაო ან/და „მიმწოდებლის“ მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. (პუნქტი 7.7); საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტის, ფორმა N2-ის, ფარული სამუშაოების ჩატარების აქტი (ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახდო დოკუმენტაციისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა (პუნქტი 8.3.); შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ ეტაპობრივად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და „შემსყიდველის“ მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი „მიმწოდებელს“ დაუბრუნდება საგარანტიო ვადის (სამი წელი) გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტის გამოსწორებამდე.(პუნქტი 8.4); „მიმწოდებელი“ იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს სამუშაოს არსებული სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით (პუნქტი 10.1); შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს სამ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა (პუნქტი 10.2); ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „შემსყიდველის“, „მიმწოდებლის“ და ხელშეკრულებით გათვალისიწინებული სამუშაოების ინსპექტირების მიზნით შერჩეული პირის/ორგანოს მონაწილეობით ფორმდება შესაბამისი აქტი (პუნქტი 16.1); თუ „მიმწოდებელი“ გადააცილებს შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (პუნქტი16.2); ხელშეკრულების 12.1 პუნქტით, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად: „ა“ თუ მიმწოდებელი არ ასრულებს/ არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ან თუ მიმწოდებელმა თვითნებურად შეწყვიტა სამუშაოების შესრულება; „ბ“ თუ „მიმწოდებელი“ სისტემატურად და/ან უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს; „გ“ იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%; „დ“ თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; „ე“ მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; „ვ“ თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი ყალბი აღმოჩნდა; „ზ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების მე-17 მუხლის 17.4 პუნქტით, 17.1 და 17.2 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხილეთ სხდომის ოქმი);

- ხელშეკრულება N138 (იხილეთ ს. ფ 16-21. ტ.1);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2014 წლის 14 აგვისტოს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით აცნობა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ სოფელ გეგუთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში მოცემული იყო გზის საფარის გაფხვიერება 20 სმ სისქის გამაფხვიერებელი საშუალებით. ისინი აპირებდნენ ამ სამუშაოების შესრულებას ნაწილობრივ, რადგან არ მიაჩნდათ სწორად წლობით დატკეპნილი ქვიშა-ხრეშოვანი მასის გაფხვიერება -დატკეპნა, არსებულ გზაზე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოძრაობდა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სატრანსპორტო საშუალებები, ქვიშა-ხრეშის ფენამ მიიღო ბუნებრივი ვიბრაცია და იმდენად მტკიცე გახდა საფუძველი, რომ მისი ხელახლა გაფხვიერებით და დატკეპნით, არსებული სიმტკიცის ნახევარსაც ვერ მიიღებენ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ მიერ მოხდებოდა საფუძვლის ორმული მოსწორება 40 მმ-ინი ღორღის ფენის მოსაწყობად. ამ სამუშაოს ამოღებით მიღებული ეკონომია კი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სხვა ნებისმიერი დამატებითი სამუშაოს შესრულებისათვის.

 

2014 წლის 26 აგვისტოს შპს „ტ----ს“, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა 14 აგვისტოს წერილის პასუხად, N31/493 წერილით მოსთხოვა სასწრაფოდ შეეწყვიტა 2014 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და სამუშაოთა განახლების შემთხვევაში ეცნობებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა და გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

2014 წლის 27 აგვისტოს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა და მოითხოვა სამუშაოთა ღირებულების 106948.182 ლარის გადახდა.

 

2014 წლის 01 სექტემბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით უპასუხა ადრესატს, N31/493 წერილთან დაკავშირებით, რომ მითითების შესაბამისად, სამუშაოები შეჩერდა 10 დღის ვადით, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ობიექტის დროულად ჩაბარებაზე. აქვე აცნობა, რომ სამუშაოები განაახლა ხელშეკრულების პირობების და პროექტის შესაბამისად.

 

2014 წლის 09 სექტემბერს შპს „ტ----მ“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს აცნობა, რომ სამუშაოების შესრულების პერიოდში იყო განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა (300-400), რაც შეუძლებელს ხდიდა მაღალი სიმტკიცის ბეტონის საფარის დაგებას, იგი უთითებდა, რომ ასეთ პირობებში დაგებულ ბეტონს შესაძლოა მიეღო სტრუქტურული დაზიანებები, რომელიც გამოიწვევდა ბეტონის მდგრადობის, მარკიანობის და ექსლუატაციის გაუარასებას. ასეთი ტემპერატურის პირობებში მაღალი ხარისხის ბეტონის საფარის მისაღებად საჭირო იყო მისი განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა, რაც საჭიროებდა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას, აღნიშნულის გამო იძულებული გახდნენ შეეჩერებინათ სამუშაოების წარმოება. წერილში მითითებულია, რომ მას ერთვოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი მაღალ ტემპერატურიანი დღეების შესახებ, რაც შეადგენდა 15 დღეს.

 

2014 წლის 11 სექტემბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა და ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად, მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 498,493 ლარის გადარიცხვა.

 

2014 წლის 19 სექტემბერს „შემსყიდველმა“ შპს „ტ----ს“ უპასუხა, რომ პირველ ეტაპზე შესრულებულ გზის ბეტონით მოწყობის სამუშაოებს არ ახლდა არსებული გზის ზედაპირის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი საბუთი. გამომდინარე აქედან შპს „ტ----ს“ სთხოვდნენ წარედგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, საიდანაც დადგინდებოდა, რომ ასანაზღაურებლად მოთხოვნილ მონაკვეთს არ სჭირდებოდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. ასევე მოთხოვეს ექსპერტიზის დასკვნა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილში მოყვანილ რიცხვებში, შესაძლებელი იყო თუ არა ბეტონის საფარის მოწყობა.

 

2014 წლის 22 სექტემბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 15 კალენდარული დღით, სადაც უთითებდა, რომ ვადის გაგრძელება ითხოვეს 9 სექტემბერს, რაზეც „მუნიციპალიტეტმა“ პასუხი გასცა მხოლოდ 19 სექტემბერს, მასში მოთხოვნილი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას სჭირდება გარკვეული დრო, ხელშეკრულების ვადა კი იწურება 22 სექტემბერს, ორშაბათს, რაც შეუძლებელს ხდის რაიმე დოკუმენტის მომზადებას. გარდა აღნიშნულისა 2014 წლის 26 აგვისტოს წერილის საფუძველზე შეფერხება გამოიწვია სამუშაოების 10 დღის ვადით შეჩერებამ.

 

2014 წლის 20 ოქტომბერს შპს „ტ----მ“ უარი მიიღო ვადის გაგრძელების თხოვნაზე. აქვე მითითებული იქნა, რომ სამუშაოების მიღება-ჩაბარების საკითხი განხილული იქნებოდა, თუკი შპს „ტ----“ წარადგენდა 2014 წლის 19 სექტემბრის წერილით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 14 აგვისტოს წერილი ( იხ.ს.ფ.130. ტ1)

- 2014 წლის 26 აგვისტოს წერილი ( იხ.ს.ფ.131. ტ1)

- 2014 წლის 27 აგვისტოს წერილი ( იხ.ს.ფ.132. ტ1)

- 2014 წლის 01 სექტემბრის წერილი ( იხ.ს.ფ.113. ტ2)

- 2014 წლის 09 სექტემბრის წერილი ( იხ.ს.ფ.115-116. ტ2)

- 2014 წლის 11 სექტემბრის წერილი ( იხ.ს.ფ.114. ტ2)

- 2014 წლის 19 სექტემბრის წერილი ( იხ.ს.ფ.137. ტ1)

- 2014 წლის 22 სექტემბრის წერილი ( იხ.ს.ფ.138-139. ტ1)

- 2014 წლის 20 ოქტომბრის წერილი ( იხ.ს.ფ.140. ტ1)

-2014 წლის 10 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 142-153. ტ.1)

3.2.2. 2014 წლის 23 სექტემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მამუკა მატარაძის, ამავე განყოფილების უფროსის კახა ფანცხავას, სპეციალისტების იონა ჯოჯუას და მალხაზ ჩხეიძის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის და მოსაკრებლების განყოფილების უფროსის გიორგი გოგლიძის მონაწილეობით შედგა აქტი, N138 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ სამუშაოები არ არის დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელია ბეტონის გზის მარჯვენა სავალი ზოლის ნაწილის მოწყობა, ხოლო მარცხენა ზოლზე რამდენიმე ადგილას არ არის გაკეთებული შეერთებები, ასევე დაუსრულებელია გვერდულების მოწყობა.

 

2014 წლის 01 ოქტომბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით აცნობა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა და უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა შესაბამისი ექსპერტიზა.

 

2014 წლის 02 ოქტომბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგა აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელი იყო ბეტონის გზის გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და შევსებული ბიტუმის ემულსიით.

 

2014 წლის 6 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელი იყო გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და შევსებული ბიტუმის ემულსიით.

 

2014 წლის 8 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, ხრეშის ნაწილი გვერდულებზე არ იყო გასწორებული, გადატარებული არ ჰქონდათ გამასწორებელი ტექნიკა, ზოგ ადგილას დაყრილი იყო მიწიანი და არა ხრეშოვანი ბალასტი.

 

2014 წლის 10 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ გვერდულს და გზას შორის არსებობდა დონეების სხვაობა, გზის შუა გამყოფ ნაწილებში არ იყო ჩასხმული წებო-ემულსია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 23 სექტემბერის აქტი ( იხ.ს.ფ.68. ტ. 1.);

- 2014 წლის 01 ოქტომბრის წერილი ( იხ.ს.ფ.69. ტ. 1.);

- 2014 წლის 02 ოქტომბრის აქტი ( იხ.ს.ფ.70. ტ. 1.);

- 2014 წლის 06 ოქტომბრის აქტი ( იხ.ს.ფ.71. ტ. 1.);

- 2014 წლის 08 ოქტომბრის აქტი ( იხ.ს.ფ.72. ტ. 1.);

- 2014 წლის 10 ოქტომბრის აქტი ( იხ.ს.ფ.73. ტ. 1.);

3.2.3. 2014 წლის 15 ოქტომბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა შეადგინეს აქტი 2014 წლის 23 ივნისის N138 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თაობაზე. მიუხედავად ამისა, 2014 წლის 21 ოქტომბერს „მუნუციპალიტეტის“ გამგეობამ შპს „ტ----ს“ აცნობა, რომ 2.6 და 8 ოქტომბრის შემოწმების აქტების თანახმად, სამუშაოები არ იყო დასრულებული, კერძოდ, არ იყო დაჭრილი გზის საფარი, ჭრილები არ იყო დამუშავებული ბიტუმის ემულსიით, არ იყო დასრულებული გვერდულების მოწყობა, შპს“ტ----ს“ სთხოვდნენ მითითებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ეცნობებინათ წერილობით მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 15 ოქტომბრის აქტი ( იხ.ს.ფ.42. ტ. 1.);

- 2014 წლის 21 ოქტომბრის წერილი ( იხ.ს.ფ.75. ტ. 1.);

3.2.4. 2014 წლის 03 ნოემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მამუკა მატარაძემ, ამავე განყოფილების უფროსმა კახა ფანცხავამ, სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ შეადგინეს აქტი, სამუშაოების ვიზუალური დათვალიერების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ შესასვლელიდან სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიამდე დახეთქილი იყო გზის სავალ ნაწილზე მოწყობილი ბეტონის საფარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 3 ნოემბრის აქტი ( იხ.ს.ფ.76. ტ. 1.);

3.2.5. 2014 წლის 18 ნოემბერს შპს „ტ----მ“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს წერილობით მიმართა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მიზნით. მიმართვას ერთვოდა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 17 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა N006256314, რომლის თანახმადაც, შპს „ტ----ს“ მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გეგუთში ვ---–-ხჰესის დასახლებაში საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა 466596.31 ლარს. კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ობიექტი დათვალიერებული იქნა ვიზუალურად და ჩაუტარდა საკონტროლო აზომვები, ხილული სამუშაოები აზომეს ფაქტიური მდგომარეობით, სხვა სამუშაოები ჩათვლილი იქნა როგორც ტექნოლოგიურად აუცილებელი, დასკვნაში მითითებულია, რომ ფარული სამუშაოების მოცულობის დაზუსტება და ჩათვლა დამკვეთის პრეროგატივაა. შესრულებული სამუშაოების ღირებულების დასადგენად გამოიყენეს შესრულებული სამუშაოების აქტების მონაცემები, რომელიც შესაბამისობაშია საბაზრო მონაცემებთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ტ----ს“ დირექტორის წერილი( იხ.ს.ფ.74. ტ. 1.);

- 2014 წლის 17 ნოემბერის ექსპერტიზის დასკვნა N006256314 ( იხ.ს.ფ.31-37. ტ. 1.);

3.2.6. 2014 წლის 26 ნოემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მამუკა მატარაძემ, ამავე განყოფილების უფროსმა კახა ფანცხავამ, სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ შეადგინეს აქტი, N138 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ გზაზე აღინიშნება ხილული ბზარები, რომელიც მიუხედავად მოთხოვნისა, არ არის გამოსწორებული.

 

2014 წლის 08 დეკემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით აცნობა შპს „ტ----ს“, რომ განიხილეს მათი 2018 წლის 18 ნოემბრის წერილი, თუმცა ინსპექტირების ჯგუფის მიერ ამავე წლის 3 და 26 ნოემბრის შედგენილი აქტებიდან გამომდინარე, გაირკვა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო ხარვეზით. მოსარჩელეს მოსთხოვეს გამოესწორებინა დეფექტები და ნაკლოვანებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო არ იქნებოდა მიღებული.

 

2014 წლის 22 დეკემბრს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეადგინა აქტი, სადაც მითითებულია, რომ გზაზე აღინიშნება ბეტონის რღვევა და ხილული ბზარები. იგივე ჯგუფის მიერ შედგენილი 2014 წლის 26 დეკემბრის აქტით, მიმდინარეობდა სამუშაოები ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. ასევე 2014 წლის 30 დეკემბრის აქტით, ხარვეზები აღმოფხვრილი არ იყო და ფიქსირდებოდა ადგილები, სადაც აღინიშნებოდა ბეტონის რღვევა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 26 ნოემბრის აქტი ( იხ.ს.ფ.77. ტ. 1.);

- 2014 წლის 08 დეკემბრის წერილი ( იხ.ს.ფ.78-79. ტ. 1.);

- 2014 წლის 22 დეკემბრის აქტი ( იხ.ს.ფ.80. ტ. 1.);

- 2014 წლის 26 დეკემბრის აქტი ( იხ.ს.ფ.81. ტ. 1.);

- 2014 წლის 30 დეკემბრის აქტი ( იხ.ს.ფ.82. ტ. 1.);

3.2.7. 2014 წლის 31 დეკემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით მიმართა შპს „ტ----ს“, წერილში მითითებულია, რომ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად უტარდებოდა მონიტორინგი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. სამუშაოები მიმდინარეობდა ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევით. კერძოდ, დამკვეთთან შეთანხმების გარეშე არსებული გზის საფარს არ უტარდებოდა გაფხვიერება და ტკეპნა, რაზეც შპს „ტ----ს“ არაერთხელ ეცნობა ზეპირი და წერილობითი ფორმით, მასვე წერილობით მოსთხოვეს პროექტის დარღვევით წარმოებული სამუშაოების შეჩერება, ასევე სამუშაოების ეტაპის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარედგინა საექსპერტო დასკვნა, გაფხვიერების და ტკეპნის გარეშე სამუშაოების წარმოების დასაშვებობის თაობაზე, რაც უგულვებელყოფილი იქნა. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნით დასტურდება სამუშაოების სრული მოცულობით შესრულება. სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების ერთადერთ მიზეზად შპს „ტ----ს“ მიერ სახელდება ზაფხულის პერიოდში მაღალი ტემპერატურის პირობებში ბეტონის საფარის მოწყობის შეუძლებლობა, რაზეც ხელშეკრულების 14.1 პუნქტის შესაბამისად, საჭირო იყო ინფორმაციის მიწოდება, ხოლო შემდეგ აღნიშნული მიზეზის საფუძვლიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. შპს „ტ----ს“ მიერ მოწყობილმა საფარმა განიცადა დეფორმაცია და რღვევა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „ტ----ს“ მოსთხოვა დაედგინა დაზიანების მიზეზები და წარედგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

 

შპს „ტ----მ“ აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით იმავე დღეს უპასუხა „მუნიციპალიტეტს“, რომ დაზიანების მიზეზების და დაწუნებული სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა წარმოადგენდა „შემსყიდველის“ ფუნქციას, მიუხედავად ამისა, გამოთქვამდნენ მზაობას, ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ხარჯების გასაღებად. ამავე წერილით შპს „ტ----მ“ კიდევ ერთხელ მოითხოვა სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.

 

იმავე დღეს, ანუ 2014 წლის 31 დეკემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით მიმართა სს „თიბისი ბანკს“ და 2014 წლის 17 ივნისს გაცემული N9463-2614039 საბანკო გარანტიის საფუძველზე მოითხოვა 24635 ლარის გადარიცხვა. მოთხოვნაში მითითებული იყო, რომ შპს „ტ----მ“ უხეშად დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ხელშეკრულება არ შესრულდა დადგენილ ვადაში, ნაწილი კი შესრულებულია არაჯეროვნად, ხელშეკრულების 2.3 და 7.7 პუნქტებით განსაზღვრული ტექნიკური პირობების, აგრეთვე ხელშეკრულების 15.4.1 და 15.4.3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით.

 

სს „თიბისი ბანკმა“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა შეასრულა და მას გადაურიცხა საბანკო გარანტიის სახით 24635 ლარი, რომელიც შემდგომში, 2015 წლის 6 თებერვალს მოხსნა შპს „ტ----ს“ ანგარიშიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ტ----ს“ მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა საკომისიო - 150 ლარი და გარანტიის მომსახურებისათვის გადახდილი პროცენტი - 472.46 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წ---–----ბოს მუნიციპალტეტის წერილი ( იხ.ს.ფ.40-41. ტ. 1.);

- 2014 წლის 31 დეკემბერის წერილი ( იხ.ს.ფ.38. ტ. 1.);

_შპს „ტ----ს“ 31 დეკემბრის წერილი ( იხ.ს.ფ.89. ტ. 1.);

- სს „თიბისი ბანკის“ წერილი ( იხ.ს.ფ.45. ტ. 1.);

3.2.8. 2015 წლის 8 იანვარს შპს „ტ----ს“ დირექტორმა „მუნიციპალიტეტიდან“ მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება და საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება. ასევე ხელშეკრულების 7.4 პუნქტიდან გამომდინარე, საბოლოო შემოწმების შედეგების, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და მიზეზების შესახებ დასკვნის მიწოდება.

 

2014 წლის 12 იანვარს შპს „ტ----ს“ ადრესატმა წერილობით უპასუხა, რომ ხელშეკრულება არ დასრულდა 3.1. პუნქტით დადგენილ ვადაში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა არაჯეროვნად და მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზები, რითაც წ---–----ბოს მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. შპს „ტ----“ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ თუ უმოკლეს ვადაში არ აღმოფხვრიდა ხარვეზებს, მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ სანქციებს.

 

იმავე დღეს შპს „ტ----ს“ გაუგზავნეს მეორე წერილი, სადაც მითითებულია, რომ ინსპექტირების ჯგუფის აქტების თანახმად, გზაზე შეიმჩნევა ხილული ბზარები და გზის საფარის რღვევა. სამუშაოები ნაწარმოები იყო ხელშეკრულების პირობების დარღვევით, კერძოდ, მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე (არა იყო ნაწარმოები გაფხვიერება და ტკეპნა), პირველი ეტაპის სამუშაოების ჩაბარებას და თანხის ანაზღაურებას სჭირდებოდა ექსპერტიზის დასკვნა, რაც წარმოდგენილი არ იყო. შპს „ტ----ს“ მოსთხოვეს ექსპერტიზის ჩატარება და დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ტ----ს“2015 წლის 8 იანვარის წერილი ( იხ.ს.ფ. 85. ტ. 1.);

- - წ---–----ბოს მუნიციპალტეტის 2015 წლის 12 იანვრის წერილები ( იხ.ს.ფ.83-84. 86-88. ტ. 1.);

3.2.9. 2015 წლის 21 იანვარს შპს „ტ----მ“ „მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ მიმართა ექსპერტიზას, რათა გაერკვია ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასა და სამშენებლო ნორმებთან, ასევე დაედგინა რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გამომწვევი მიზეზები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ტ----ს“2015 წლის 21 იანვარის წერილი ( იხ.ს.ფ. 90-91. ტ. 1.);

3.2.10. 2015 წლის 5 თებერვალს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეადგინა აქტი, სადაც მითითებულია, რომ შპს „ტ----“ აწარმოებს სამუშაოებს ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, თუმცა გზის საფარზე შეიმჩნევა ხილული ბზარები და სამუშაოები დასრულებული არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 5 თებერვლის აქტი ( იხ.ს.ფ.93. ტ. 1.);

3.2.11. შპს „სანდოს“ 2015 წლის 24 მარტის N06 ექსპერტიზის დასკვნით, შპს „ტ----ს“ მიერ დაგებული გზის სავალი ნაწილის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად, 50 წლის წინ გაშენებული და გამყარებული სავალი ნაწილის საფუძველზე, ასფალტბეტონის ძველი შემორჩენილი საფარის აღების შემდეგ, ფრაქციული ღორღის შემასწორებელი ფენის მოწყობის და მასზე 16 სმ სისქის მონოლითური რკინა-ბეტონის საფარის დაგებით. ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის თანახმად, საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს სწორად შერჩეული მეთოდით და ტექნოლოგიური პროცესით, ამიტომ აღდგენილი მონაკვეთის საექსპლუატაციო ვადა გაუტოლდება პროექტის შესაბამის ხანგრძლივობას და მისი ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „სანდოს“ ექსპერტიზის დასკვნა ( იხ.ს.ფ.117-122. ტ. 1.);

3.2.12. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 23 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით N002272315, რომელიც შესრულდა შპს „ტ----ს“ დაკვეთით, გზაზე ბზარების გაჩენის მიზეზის გასარკვევად, სოფელ გეგუთის ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ N1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცეები ბევრად ნაკლებია საპროექტო მნიშვნელობაზე. რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცეა, საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 23 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა N002272315 ( იხ.ს.ფ.90-96. ტ. 4.);

3.2.13. 2015 წლის 16 აპრილს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეადგინა აქტი, სადაც მითითებულია, რომ ბეტონის გზის საფარზე შეიმჩნევა ხილული ბზარები, მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა.

 

2015 წლის 27 აპრილს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის N31 496 ბრძანებით შეწყდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტს და შპს „ტ----ს“ შორის გაფორმებული 2014 წლის 23 ივნისის N138 ხელშეკრულება. ბრძანებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შპს „ტ----ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების ღირებულების 492699 ლარის 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 106915.68 ლარს, თანხის ხუთი სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს უნდა მიემართა სასამართლოსათვის, თანხის ამოღების მიზნით. ბრძანება ეყრდნობა გამგებლის 2015 წლის 17 აპრილის N31466 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2015 წლის 22 აპრილს ოქმს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 16 აპრილის აქტი ( იხ.ს.ფ. 98-107. ტ. 1.);

- შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა ( იხ.ს.ფ.111-112. ტ. 1.);

- წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის N31 496 ბრძანება ( იხ.ს.ფ.184. ტ. 1.);

- 2015 წლის 22 აპრილს ოქმი ( იხ.ს.ფ.107-110. ტ. 1.);

3.2.14. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 03 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით N004373815, შპს „ტ----ს“ მიერ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში (ვ---–-ხჰესის დასახლება), საავტომობილო გზის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები არ შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას. არასრულად არის შესრულებული „არსებული გზის საფარის (ქვიშა-ხრეშოვანი) გაფხვიერება, გამაფხვიერებელი გასაშუალებული სისქით 20 სმ“. პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულება თანახმად N4 დანართისა, შეადგენს 395998.65 ლარს. შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის უნდა შედგეს პროექტი, სადაც განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ღირებულება, ასევე გზის შემდგომი ექსპლოატაციის მიზანშეწონილობა. აღნიშნული პროექტის შედგენის შემდეგ დადგინდება თუ რა ზიანი მიადგა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოცდილი ნიმუშების სიმტკიცეები იცვლება B15-დან B25 კლასამდე. ამოჭრილი კერნების სისქეები იცვლება 12-დან 20 სმ-მდე. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ პროექტით და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო „არსებული გზის საფარის (ქვიშა-ხრეშოვანი) გაფხვიერება გამაფხვიერებლით, მოცულობით 3241 კბ.მ, ფაქტობრივად შესრულებულია 2250 კბმ. ჩატარებული საინჟინრო კვლევისას ამოკვეთილი იქნა 7 ცალი ნიმუში, რომელთაგან მხოლოდ ორი ცალი არის B25 კლასის და ოთხი ნიმუშის სისქე მერყეობს 12-15 სმ-მდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 03 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნა N004373815 ( იხ.ს.ფ. 7-38. ტ. 3.);

3.2.15. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 2015 წლის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში (ვ---–-ხჰესის დასახლება) არსებული საავტომობილო გზის გამოკვლეულ პიკეტებში ბეტონის საშუალო სიმტკიცე იცვლება დიაპაზონში: 325,7:397,5 კგძ/სმ2, (B25:B30). გამოკვლეულ შვიდივე პიკეტზე მოწყობილი ბეტონის საფარის სიმტკიცე კუმშვაზე აკმაყოფილებს მის საპროექტო მაჩვენებელს და შეესაბამება B25 (32.7 მპ). ამავე დასკვნით, სადავოა საავატომობილო გზის საპროექტო დოკუმენტაცია არ შეესაბამება საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს, იგი შესრულებულია არაკვალიფიციურად, დოკუმენტაციის მიხედვით შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციას არ აქვს დასახელება; არაა მოცემული პროექტის მიზანი; არაა მოცემული განმარტებითი ბარათი, სადაც აღწერილი უნდა იყოს საავტომობილო გზის არსებული მდგომარეობა, გეოლოგიური პირობები, რომელი ნორმებით არის დაპროექტებული, საპროექტო გადაწყვეტები, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების უწყისი, სამუშაოების მოცულობების კრებსითი, უწყისი; არასრულყოფილია გრაფიკული ნაწილი, სადაც მოცემული უნდა იყოს გზის სიტუაციური გეგმა, გრძივი პროფილი, საგზაო სამოსის კონსტრუქციული ნახაზი, განივი პროფილები და სხვა საჭიროების მიხედვით; პროექტში მოცემული დანართი N1 არ შეესაბამება სათაურს, იგი არ წამოადგენს ხარჯთაღრიცხვას, მასში არაა მოცემული ფასები; დანართ 1-ში მოცემული შესასრულებელი სამუშაოები არაა სწორად ფორმულირებული: არსებული გზის საფარს გაფხვიერების შემდეგ დასჭირდება მოსწორება და დატკეპნა; ღორღით -40 მმ ეწყობა საფუძველი და არა გზა; ბეტონით ეწყობა საფარი და არ შეიძლება მისი მოწყობა გასაშუალებული სისქით; გრაფიკულ ნაწილში მოცემულია ნახაზები, რომელთაც არა აქვს დასათაურება; ამ ნახაზებიდან გარკვეული ნაწილი ალბათ ჩაფიქრებულია გრძივ პროფილად, მაგრამ ის შესრულებულია არაკვალიფიციურად, მისგან არ შეიძლება რაიმე ინფორმაციის მიღება და ექსპერტიზას არ ექვემდებარება; მეორე ნაწილი ალბათ ჩაფიქრებულია გზის გეგმად, მაგრამ ისიც შესრულებულია არაკვალიფიციურად. არასწორადაა დატანილი გვერდულები, არასრულყოფილადაა დატანილი საგზაო სამოსის კონსტრუქცია; ბოლო ნახაზი, რომელსაც დასათაურება არა აქვს, ალბათ წარმოადგენს სქემეტურ გეგმას. მასზე დატანილია მხოლოდ გზის დასაწყისი, არ ჩანს ბოლო; პროექტის მიხედვით ძნელია დაადგინო გზის სიგრძე, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი შეადგენს დაახლოებით 2890 მ. ამ შემთხვეაში 7 მ სიგანეზე ცემენტბეტონის საფარი უნდა მოეწყოს 20000 მ2-ზე უფრო დიდ ფართობზე და არა 16205 მ2-ზე, როგორც დანართშია მოცემული; წარმოუდგენელია, რომ ამ სიგრძის გზაზე არაა მიერთება, ეზოში შესასვლელი, რაიმე საგზაო ნიშანი, წყლის აცილების სისტემა და ა.შ. რაზეც პროექტში არაფერია მოცემული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა ( იხ.ს.ფ.194-238. ტ. 1.);

3.2.16. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 04 იანვრის ექსპერტიზის დასკვნით N000007616, რომელიც შესრულებულია შპს „ტ----ს“ დირექტორის შეკვეთით, სოფელ ვ---–-ხის ბეტონის გზის საფარის ხარისხის გამოკვლევის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილებში ამოკვეთილი 5 ცილინდრის ნიმუშის სიმტკიცეებიდან 2 ნიმუშის სიმტკიცე აკმაყოფილებს საპროექტო (B25 კლასი) მოთხოვნას, ხოლო 3 ნიმუში არა. ბეტონის საფარის საპროექტო სისქეა 16 სმ, ამოკვეთილი ნიმუშებიდან 4 ნიმუში აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნებს, ხოლო 1 ნიმუში არა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 04 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა N000007616 ( იხ.ს.ფ.67-87. ტ. 4.);

3.2.17. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 04 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით N001854916, სოფელ გეგუთში ვ---–-ხჰესის დასახლებაში არსებული ბეტობის გზის დაშლისა და ახალი ბეტონის საფარის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეადგენს 737189.17 ლარს. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა არის წინასწარი, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მისით ხელმძღვანელობა. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვით შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება მშენებელ ორგანიზაციასთან უნდა მოხდეს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 04 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა N001854916 ( იხ.ს.ფ.145-156. ტ. 3.);

3.2.18. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით N00569917, რომელიც შესრულებულია შპს „ტ----ს“ შეკვეთით, გეგუთი-ვ---–-ხჰესის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშის სიმტკიცეები იცვლება 34.22 მპა-დან (342.2 კგძ/სმ2, მარკა 350, ბეტონის კლასი B25) 41.72 მპა-მდე (417.2 კგძ/სმ2, მარკა 400, კლასი B30). ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების საშუალო სისქეა 16.75 სმ, სულ შემოწმებული იქნა 12 ნიმუში. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით რაიმე შეზღუდვა, რომელიც ზღუდავს კონკრეტული საავტომობილო გზის ექსპლუატაციას არ არის. ფაქტობრივად გზა არის ექსპლუატაციაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა N00569917 ( იხ.ს.ფ.3-51. ტ. 5.);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ როგორც შპს „ტ----ს“ სარჩელი, ასევე წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდესნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2014 წლის 23 ივნისს შპს „ტ----ს“ და წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N138, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ, შპს „ტ----მ“ იკისრა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში (ვ---–-ხჰესის დასახლება) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება, მეორე მხრივ, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ იკისრა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ჯამური ღირებულებით 492 699 ლარის ფარგლებში. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

2014 წლის 01 ოქტომბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით აცნობა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა და უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა შესაბამისი ექსპერტიზა. 2014 წლის 01, 02, 06, 08, 10 ოქტომბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა სამუშაოთა შესრულების მდგომარეობა და დაადგინა, რომ იგი არ იყო დასრულებული (ფაქტობრივი გარემოება 3.2.2). მხოლოდ 2014 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმებისას მივიდა ინსპეტირების ჯგუფი დასკვნამდე, რომ სამუშაოები დასრულდა. (ფაქტობრივი გარემოება 3.2.3).

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სამუშაოების მიღება ხორციელდება ეტაპობრივად ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ (პუნქტი 7.1); შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება მოხდებოდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე. ექსპერტის მომსახურების ხარჯებს გასწევდა მიმწოდებელი (პუნქტი 7.2);

მოცემულ შემთხვევაში, სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში შპს „ტ----მ“ 2014 წლის 27 აგვისტოს და 2014 წლის 11 სექტემბერს „შემსყიდველს“ წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა და ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად, მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა (ფაქტობრივი გარემოება 3.2.1). მანვე მიმართა „შემსყიდველს“ 2014 წლის 18 ნოემბერს და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. მიმართვას ერთვოდა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 17 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა N006256314, რომლის თანახმადაც, შპს „ტ----ს“ მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გეგუთში ვ---–-ხჰესის დასახლებაში საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა 466596.31 ლარს. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული იყო, რომ ობიექტი დათვალიერებული იქნა ვიზუალურად და ჩაუტარდა საკონტროლო აზომვები, ხილული სამუშაოები აზომეს ფაქტიური მდგომარეობით, სხვა სამუშაოები ჩათვლილი იქნა როგორც ტექნოლოგიურად აუცილებელი, დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ფარული სამუშაოების მოცულობის დაზუსტება და ჩათვლა დამკვეთის პრეროგატივაა. ექსპერტების მითითებით, შესრულებული სამუშაოების ღირებულების დასადგენად გამოიყენეს შესრულებული სამუშაოების აქტების მონაცემები, რომელიც შესაბამისობაში იყო საბაზრო მონაცემებთან (ფაქტობრივი გარემოება 3.2.5). 2014 წლის 08 დეკემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით აცნობა შპს „ტ----ს“, რომ განიხილეს მისი 2014 წლის 18 ნოემბრის წერილი, თუმცა ინსპექტირების ჯგუფის მიერ ამავე წლის 3 და 26 ნოემბრის შედგენილი აქტებიდან გამომდინარე, გაირკვა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო ხარვეზით. მოსარჩელეს მოსთხოვეს გამოესწორებინა დეფექტები და ნაკლოვანებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო არ იქნებოდა მიღებული. 2014 წლის 31 დეკემბრის წერილში კი მითითებულია, რომ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად უტარდებოდა მონიტორინგი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. სამუშაოები მიმდინარეობდა ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევით. კერძოდ, დამკვეთთან შეთანხმების გარეშე არსებული გზის საფარს არ უტარდებოდა გაფხვიერება და ტკეპნა, რაზეც შპს „ტ----ს“ არაერთხელ ეცნობა ზეპირი და წერილობითი ფორმით, მასვე წერილობით მოსთხოვეს პროექტის დარღვევით წარმოებული სამუშაოების შეჩერება, ასევე სამუშაოების ეტაპის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარედგინა საექსპერტო დასკვნა, გაფხვიერების და ტკეპნის გარეშე სამუშაოების წარმოების დასაშვებობის თაობაზე, რაც უგულვებელყოფილი იქნა. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნით დასტურდება სამუშაოების სრული მოცულობით შესრულება. სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების ერთერთ მიზეზად შპს „ტ----ს“ მიერ სახელდება ზაფხულის პერიოდში მაღალი ტემპერატურის პირობებში ბეტონის საფარის მოწყობის შეუძლებლობა, რაზეც ხელშეკრულების 14.1 პუნქტის შესაბამისად, საჭირო იყო ინფორმაციის მიწოდება, ხოლო შემდეგ აღნიშნული მიზეზის საფუძვლიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. შპს „ტ----ს“ მიერ მოწყობილმა საფარმა განიცადა დეფორმაცია და რღვევა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „ტ----ს“ მოსთხოვა დაედგინა დაზიანების მიზეზები და წარედგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

ამდენად, „შემსყიდველმა“ ხელშეკრულების პირობების დარღვევით, „მიმწოდებლისაგან“ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა გზის საფარის დაზიანების მიზეზები. ხელშეკრულების მიხედვით კი „მიმწოდებლის“ მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ, „შემსყიდველი“ ვალდებული იყო ოპერატიულად, წერილობით ეცნობებინა „მიმწოდებლისათვის“ საბოლოოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით, რაც არ განუხორციელებია (ხელშეკრულების 7.2, 7.4 პუნქტები). იმავე დღეს შპს „ტ----მ“ წერილობით უპასუხა „მუნიცაპალიტეტს“ და განუმარტა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა მის ფუნქციას, ამავე დროს გამოხატა მზაობა, თავად გაეღო ექსპერტიზის ხარჯი, თუკი „შემსყიდველი“ მოინდომებდა კვლევის ჩატარებას. მიუხედავად ამისა, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას არ უცნობებია შპს „ტ----სათვის“ საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით, მხოლოდ ზოგადად განმარტავდა, რომ სამუშაოები არ დასრულდა დადგენილ ვადაში, გზაზე შეიმჩნეოდა ხილული ბზარები, პირველადი სამუშაოები ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე (არ იყო ნაწარმოები გაფხვიერება და ტკეპნა). ამავე პერიოდში ინსპექტირების ჯგუფმა არაერთხელ შეადგინა აქტი, რომ გზაზე შეიმჩნეოდა ხილული ბზარები, „მუნიციპალიტეტმა“ კი დაავალა „მიმწოდებელს“ გამოესწორებინა ხარვეზები, თავად აქტების შინაარსიდან ირკვევა, რომ შპს „ტ----“ მართლაც აწარმოებდა სამუშაოებს დეფექტების აღმოფხვრის მიზნით. შპს „ტ----ს“ შეკვეთით 2015 წლის 24 მარტს შპს „სანდოს“ მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით, შპს „ტ----ს“ მიერ დაგებული გზის სავალი ნაწილის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ჩატარებული იყო პროექტის შესაბამისად, 50 წლის წინ გაშენებული და გამყარებული სავალი ნაწილის საფუძველზე, ასფალტბეტონის ძველი შემორჩენილი საფარის აღების შემდეგ, ფრაქციული ღორღის შემასწორებელი ფენის მოწყობის და მასზე 16 სმ სისქის მონოლითური რკინა-ბეტონის საფარის დაგებით. ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის თანახმად, საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა სწორად შერჩეული მეთოდით და ტექნოლოგიური პროცესით, ამიტომ აღდგენილი მონაკვეთის საექსპლუატაციო ვადა გაუტოლდებოდა პროექტის შესაბამის ხანგრძლივობას და მისი ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი იყო (ფაქტობრივი გარემოება 3.2.11). ამავე დროს შპს „ტ----მ“ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, რათა დაედგინა ბზარების გაჩენის მიზეზები. ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 23 აპრილის დასკვნით N002272315, სოფელ გეგუთის ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ N1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცეები ბევრად ნაკლები იყო საპროექტო მნიშვნელობაზე. ექსპეტიზამ დაასკვნა, რომ რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცე იყო, საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით (ფაქტობრივი გარემოება 3.2.14).

2015 წლის 27 აპრილს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის N31 496 ბრძანებით შეწყდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტს და შპს „ტ----ს“ შორის გაფორმებული 2014 წლის 23 ივნისის N138 ხელშეკრულება. ბრძანებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის (17.1. მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები) შპს „ტ----ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების ღირებულების 492699 ლარის 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა 106915.68 ლარს, თანხის ხუთი სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს უნდა მიემართა სასამართლოსათვის, თანხის ამოღების მიზნით. ბრძანება ეფუძნებოდა გამგებლის 2015 წლის 17 აპრილის N31466 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2015 წლის 22 აპრილის ოქმს. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ კომისიის გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილ აქტებს, არანაირი კვლევა რატომ არ იზიარებდნენ კომისიის წევრები შპს „ტ----ს“ მიერ წარდგენილ 2014 წლის 18 ნოემბრის და 2015 წლის 24 მარტის დასკვნებს არ ჩატარებულა, ამასთან, არც 2015 წლის 27 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა გაუზიარებია „შემსყიდველს“, რადგან მასზე საუბარი კომისიის სხდომაზე არ ყოფილა.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „შემსყიდველის“, „მიმწოდებლის“ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ინსპექტირების მიზნით შერჩეული პირის/ორგანოს მონაწილეობით უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი აქტი (პუნქტი 16.1), რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამასთან, ხელშეკრულების 12.1 პუნქტით, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თუ მიმწოდებელი არ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ან თუ მიმწოდებელი თვითნებურად შეწყვეტდა სამუშაოების შესრულებას. ამავე ხელშეკრულების მე-17 მუხლის 17.4 პუნქტით, 17.1 და 17.2 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში (რომელიც ითვალისწინებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებს), შემსყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ხელშეკრულება შეწყდა 17.1 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების საფუძველზე. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც ირკვეოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება იყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 17 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა N006256314, რომლის თანახმადაც, შპს „ტ----ს“ მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გეგუთში ვ---–-ხჰესის დასახლებაში საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა 466596.31 ლარს, შესაბამისად, წ---–----ბოს მინუციპალიტეტის გამგეობას წარმოეშვა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, მას არ შეუფასებია შესრულებული სამუშაოს მოცულობა და არ დაუდგენია, რამდენი უნდა გადაეხადა „მიმწოდებლისათვის“, თუკი არ ეთანხმებოდა ექსპერტიზის დასკვნას. შესაბამისად, არ გადაუხდია შპს „ტ----სათვის“ არც მოთხოვნილი და არც მის მიერ დაანგარიშებული რაიმე თანხა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლით, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ მიიღო შპს „ტ----ს“ მიერ შესრულებული სამუშაო, რადგან მიიჩნია, რომ იგი არ იყო ჯეროვნად შესრულებული და ამასთან, ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას, თუმცა ეს არ ათავისუფლებდა მას იმ დროისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ეს ოდენობა დადასტურებული იყო შესაბამისი ექსპერტიზის დაკვნით და რაიმე საწინააღმდეგო წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----სათვის“ არ წარუდგენია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა 466596.31 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

6.2. 2014 წლის 23 ივნისს შპს „ტ----ს“ და წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N138 ხელშეკრულების 18.1 პუნქტით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული იყო საბანკო გარანტია. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის (ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულების) შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებუოი თანხა არ უბრუნდებოდა (პუნქტი 18.2).

დადგენილია, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით მიმართა სს „თიბისი ბანკს“ და 2014 წლის 17 ივნისს გაცემული N9463-2614039 საბანკო გარანტიის საფუძველზე მოითხოვა 24635 ლარის გადარიცხვა. მოთხოვნაში მითითებული იყო, რომ შპს „ტ----მ“ უხეშად დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ხელშეკრულება არ შესრულდა დადგენილ ვადაში, ნაწილი კი შესრულებულია არჯეროვნად, ხელშეკრულების 2.3 და 7.7 პუნქტებით განსაზღვრული ტექნიკური პირობების, აგრეთვე ხელშეკრულების 15.4.1 და 15.4.3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით.

 

სს „თიბისი ბანკმა“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა შეასრულა და მას გადაურიცხა საბანკო გარანტიის სახით 24635 ლარი, რომელიც შემდგომში, 2015 წლის 6 თებერვალს მოხსნა შპს „ტ----ს“ ანგარიშიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ტ----ს“ მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა საკომისიო - 150 ლარი და გარანტიის მომსახურებისათვის გადახდილი პროცენტი - 472.46 ლარი.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს საბანკო გარანტიის თანხის შპს „ტ----სათვის“ დაბრუნების თაობაზე, უნდა გაირკვეს ადგილი ჰქონდა თუ არა ხელშეკრულების არაჯეროვან და ვალის დარღვევით შესრულებას ადგილი.

პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების შესრულების ვადებზე, დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 22 სექტემბერს, თუმცა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის აქტით, დასრულდა 2015 წლის 15 ოქტომბერს. მართალია შპს „ტ----ს“ დირექციამ ‘შემსყიდველს“ 2014 წლის 1 ოქტომბერს აცნობა სამუშაოთა დასრულების შესახებ, მაგრამ 2014 წლის 02 ოქტომბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგა აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელი იყო ბეტონის გზის გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და შევსებული ბიტუმის ემულსიით. 2014 წლის 6 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ სამუშაოები არ იყო დამთავრებული. კერძოდ, დაუსრულებელი იყო გვერდულების მოწყობა, ბეტონი არ იყო დაჭრილი და შევსებული ბიტუმის ემულსიით. 2014 წლის 8 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ სამუშაოები არ იყო დამთავრებული, კერძოდ, ხრეშის ნაწილი გვერდულებზე არ იყო გასწორებული, გადატარებული არ ჰქონდათ გამასწორებელი ტექნიკა, ზოგ ადგილას დაყრილი იყო მიწიანი და არა ხრეშოვანი ბალასტი. 2014 წლის 10 ოქტომბერს იგივე ჯგუფმა ჩაატარა ინსპექტირება და დაადგინა, რომ გვერდულს და გზას შორის არსებობდა დონეების სხვაობა, გზის შუა გამყოფ ნაწილებში არ იყო ჩასხმული წებო-ემულსია, ამდენად, სამუშაოების დასრულების ვადა შპს „ტ----ს“ მიერ გადაცილებული იქნა 22 დღით. მოსარჩელის განმარტებით, ვადის გადაცილება არ მომხდარა მათი მიზეზით, კერძოდ, იგი დაკავშირებული იყო კლიმატურ პირობებთან (მაღალი ტემპერატურა) და გამგეობის წერილთან, სამუშაოების შეჩერების შესახებ, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: 2014 წლის 14 აგვისტოს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით აცნობა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ სოფელ გეგუთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში მოცემული იყო გზის საფარის გაფხვიერება 20 სმ სისქის გამაფხვიერებელი საშუალებით. ისინი აპირებდნენ ამ სამუშაოების შესრულებას ნაწილობრივ, რადგან არ მიაჩნდათ სწორად წლობით დატკეპნილი ქვიშა-ხრეშოვანი მასის გაფხვიერება-დატკეპნა, არსებულ გზაზე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოძრაობდა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სატრანსპორტო საშუალებები, ქვიშა-ხრეშის ფენამ მიიღო ბუნებრივი ვიბრაცია და იმდენად მტკიცე გახდა საფუძველი, რომ მისი ხელახლა გაფხვიერებით და დატკეპნით, არსებული სიმტკიცის ნახევარსაც ვერ მიიღებენ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ მიერ მოხდებოდა საფუძვლის ორმული მოსწორება 40 მმ-ინი ღორღის ფენის მოსაწყობად. ამ სამუშაოს ამოღებით მიღებული ეკონომია კი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სხვა ნებისმიერი დამატებითი სამუშაოს შესრულებისათვის. 2014 წლის 26 აგვისტოს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, 14 აგვისტოს წერილის პასუხად, შპს „ტ----ს“, წერილობით მოსთხოვა სასწრაფოდ შეეწყვიტა 2014 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და სამუშაოთა განახლების შემთხვევაში ეცნობებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა და გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2014 წლის 01 სექტემბერს შპს „ტ----ს“ დირექტორმა წერილობით უპასუხა ადრესატს, რომ მითითების შესაბამისად, სამუშაოები შეჩერდა 10 დღის ვადით, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ობიექტის დროულად ჩაბარებაზე. აქვე აცნობა, რომ სამუშაოები განაახლა ხელშეკრულების პირობების და პროექტის შესაბამისად.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.7 მუხლით, მიმწოდებელს სამუშაოები უნდა განეხორციელებინა საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ნებისმიერ გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება ჰქონდა არ მიეღო სამუშაო. ამავე ხელშეკრულების 1.1.1. მუხლით, ცვლილებებს ხელშეკრულებაში სჭირდებოდა ორივე მხარის თანხმობა, გარდა წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზებისა. მოცემულ შემთხვებაში „მიმწოდებელმა“ შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა არ გამოეყენებინა გამაფხვიერებელი საშუალებები და როდესაც მიიღო უარი, პროექტის შესაბამისად გააგრძელა მუშაობა. ამდენად, სამუშაოების შეჩერება გამოწვეული იყო არა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრალეულობით, არამედ შპს „ტ----ს“ ქმედებით, რომელსაც შეეძლო წინასწარ შეეთანხმებინა და დაესაბუთებინა საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევის გეგმა, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა სახეზე არ იყო წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზები და შეცვლილი გარემოებები.

რაც შეეხება ვადის გადაცილებას კლიმატური პირობების გამო, 2014 წლის 09 სექტემბერს შპს „ტ----მ“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს აცნობა, რომ სამუშაოების შესრულების პერიოდში იყო განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა (300-400), რაც შეუძლებელს ხდიდა მაღალი სიმტკიცის ბეტონის საფარის დაგებას, იგი უთითებდა, რომ ასეთ პირობებში დაგებულ ბეტონს შესაძლოა მიეღო სტრუქტურული დაზიანებები, რომელიც გამოიწვევდა ბეტონის მდგრადობის, მარკიანობის და ექსლუატაციის გაუარასებას. ასეთი ტემპერატურის პირობებში მაღალი ხარისხის ბეტონის საფარის მისაღებად საჭიროა იყო მისი განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა, რაც საჭიროებდა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას, აღნიშნულის გამო იძულებული გახდნენ შეეჩერებინათ სამუშაოების წარმოება. წერილში მითითებულია, რომ მას ერთვოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი მაღალ ტემპერატურიანი დღეების შესახებ, რაც შეადგენდა 15 დღეს.

სასამართლოსათვის წარმოდგენილ მასალებს არ ერთვის გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, შესაბამისად გაუგებარია რომელ დღეებზეა საუბარი, ამასთან, დადგენილია, რომ „შემსყიდველმა“ არ გაითვალისწინა შპს „ტ----ს“ მიერ დასახელებული მიზეზი და არ გაუგრძელა ვადა, რადგან მისი მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია. 2014 წლის 19 სექტემბრის და 20 ოქტომბრის წერილებით კი მოსთხოვა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რათა გარკვეულიყო მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. მიუხედავად ამისა, შპს „ტ----ს“ არც მითითებულ პერიოდში და არც საქმის განხილვის სტადიაზე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, მაღალი ტემპერატურის პირობებში დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ტ----მ“ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა 22 დღით.

რაც შეეხება ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხს, დადგენილია, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ინსპექტირების ჯგუფმა დაწერა აქტი, სამუშაოთა დასრულების თაობაზე, 2014 წლის 03 ნოემბერს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მამუკა მატარაძემ, ამავე განყოფილების უფროსმა კახა ფანცხავამ, სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ შეადგინეს აქტი, სამუშაოების ვიზუალური დათვალიერების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ შესასვლელიდან სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიამდე დახეთქილი იყო გზის სავალ ნაწილზე მოწყობილი ბეტონის საფარი. შპს „ტ----ს“ დაავალეს ხარვეზის გამოსწორება, რის ვალდებულებაც მას ჰქონდა ხელშეკრულების 15.4.3. მუხლით, სადაც ნათქვამია, რომ „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა. შპს „ტ----მ“ დაიწყო სამუშაოები ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, თუმცა 26 ნოემბრის, 8 დეკემბრის 22 დეკემბრის, 26 დეკემბრის და 30 დეკემბრის აქტებში „შემსყიდველის“ მიერ დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფი უთითებდა, რომ ხარვეზები გამოსწორებული არ იყო. ამავე დროს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წინ წამოწია საკითხი, რომ სამუშაოების პირველ ეტაპზე დამკვეთთან შეთანხმების გარეშე არსებული გზის საფარს არ უტარდებოდა გაფხვიერება და ტკეპნა, რაც სავარაუდოდ მიიჩნია ბზარების გაჩენის მიზეზად, თუმცა არანაირი კვლევა ამ კუთხით არ ჩაუტარებია. შემოწმებები გრძელდებოდა შემდეგ თვეებშიც, სადაც დადასტურებულია სამუშაოთა წარმოება, თუმცა ხარვეზების აღმოფხვრა დადასტურებული არ არის.შპს „ტ----ს“ დაკვეთით შპს „სანდომ“ ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის 2015 წლის 24 მარტის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს „ტ----ს“ მიერ დაგებული გზის სავალი ნაწილის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად, 50 წლის წინ გაშენებული და გამყარებული სავალი ნაწილის საფუძველზე, ასფალტბეტონის ძველი შემორჩენილი საფარის აღების შემდეგ, ფრაქციული ღორღის შემასწორებელი ფენის მოწყობის და მასზე 16 სმ სისქის მონოლითური რკინა-ბეტონის საფარის დაგებით. ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის თანახმად, საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს სწორად შერჩეული მეთოდით და ტექნოლოგიური პროცესით, ამიტომ აღდგენილი მონაკვეთის საექსპლუატაციო ვადა გაუტოლდება პროექტის შესაბამის ხანგრძლივობას და მისი ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ გაითვალისწინა ეს დასკვნა და დამატებით აცქენტი გააკეთა ბეტონის მარკიანობაზე, რომელიც მისი მითითებით ძალიან დაბალი სიმტკიცის იყო. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით არაერთხელ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელთა შინაარსი გარკვეულწილად ურთიერთსაწინააღმდეგოა. კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 23 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით N002272315 ბზარების გაჩენის მიზეზის გასარკვევად, სოფელ გეგუთის ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ N1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცეები ბევრად ნაკლებია საპროექტო მნიშვნელობაზე. რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცეა, საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით.

იმავე ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 03 აგვისტოს დასკვნით N004373815, შპს „ტ----ს“ მიერ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში (ვ---–-ხჰესის დასახლება), საავტომობილო გზის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები არ შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას. არასრულად არის შესრულებული „არსებული გზის საფარის (ქვიშა-ხრეშოვანი) გაფხვიერება, გამაფხვიერებელი გასაშუალებული სისქით 20 სმ“. პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულება თანახმად N4 დანართისა, შეადგენს 395998.65 ლარს. შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის უნდა შედგეს პროექტი, სადაც განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ღირებულება, ასევე გზის შემდგომი ექსპლოატაციის მიზანშეწონილობა. აღნიშნული პროექტის შედგენის შემდეგ დადგინდება თუ რა ზიანი მიადგა წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოცდილი ნუმუშების სიმტკიცეები იცვლება B15-დან B25 კლასამდე. ამოჭრილი კერნების სისქეები იცვლება 12-დან 20 სმ-მდე. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ პროექტით და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო „არსებული გზის საფარის (ქვიშა-ხრეშოვანი) გაფხვიერება გამაფხვიერებლით, მოცულობით 3241 კბ.მ, ფაქტობრივად შესრულებულია 2250 კბმ. ჩატარებული საინჟინრო კვლევისას ამოკვეთილი იქნა 7 ცალი ნიმუში, რომელთაგან მხოლოდ ორი ცალი არის B25 კლასის და ოთხი ნიმუშის სისქე მერყეობს 12-15 სმ-მდე.

იმავე ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 04 იანვრის დასკვნით N000007616, სოფელ ვ---–-ხის ბეტონის გზის საფარის ხარისხის გამოკვლევის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილებში ამოკვეთილი 5 ცილინდრის ნიმუშის სიმტკიცეებიდან 2 ნიმუშის სიმტკიცე აკმაყოფილებს საპროექტო (B25 კლასი) მოთხოვნას, ხოლო 3 ნიმუში არა. ბეტონის საფარის საპროექტო სისქეა 16 სმ, ამოკვეთილი ნიმუშებიდან 4 ნიმუში აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნებს, ხოლო 1 ნიმუში არა.

იმავე ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით N00569917, გეგუთი-ვ---–-ხჰესის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშის სიმტკიცეები იცვლება 34.22 მპა-დან (342.2 კგძ/სმ2, მარკა 350, ბეტონის კლასი B25) 41.72 მპა-მდე (417.2 კგძ/სმ2, მარკა 400, კლასი B30). ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების საშუალო სისქეა 16.75 სმ, სულ შემოწმებული იქნა 12 ნიმუში. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით რაიმე შეზღუდვა, რომელიც ზღუდავს კონკრეტული საავტომობილო გზის ექსპლუატაციას არ არის. ფაქტობრივად გზა არის ექსპლუატაციაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

განსახილველ შემთხვევაში, ერთი და იგივე საექსპერტო დაწესებულების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი (დასკვნა) თავისი შინაარსით არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამ წინააღმდეგობის აღმოფხვრა ვერ შეძლეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმაც, ამასთან იგი ნაწილობრივ ეწინააღმდეგება სხვა საექსპერტო დაწესებულების მიერ მომზადებულ დასკვნასაც. კერძოდ, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნით, წ---–----ბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში (ვ---–-ხჰესის დასახლება) არსებული საავტომობილო გზის გამოკვლეულ პიკეტებში ბეტონის საშუალო სიმტკიცე იცვლება დიაპაზონში: 325,7:397,5 კგძ/სმ2, (B25:B30). გამოკვლეულ შვიდივე პიკეტზე მოწყობილი ბეტონის საფარის სიმტკიცე კუმშვაზე აკმაყოფილებს მის საპროექტო მაჩვენებელს და შეესაბამება B25 (32.7 მპ).

სასამართლომ შინაგანი რწმენის შექმნის და ობიექტური რეალობის დადგენის მიზნით ადგილზე დაათვალიერა გზის საფარი, რა დროსაც დარწმუნდა, რომ გზას აქვს უმნიშვნელო ბზარები, რომელიც არ აფერხებს მოძრაობას და არ ქმნის რაიმე სახის პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ გასულია თითქმის ოთხი წელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელშეკრულების 10.2 პუნქტით, სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენდა სამ წელს. ის, რომ გზა დატვირთულია სრულფასოვნად და ვარგისია ექსპლუატაციისათვის დადასტურებულია ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტის კონსტანტაციის მასალებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით N00569917 და შპს „სანდოს“ 2015 წლის 24 მარტის დასკვნით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ტ----ს“ მიერ 2014 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული აქვს ჯეროვნად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ შპს „ტ----მ“ ხელშეკრულების პირობებიდან ვერ შეასრულა მხოლოდ სამუშაოების 22 სექტემბრამდე დასრულების პირობა, რის გამოც მისი მოთხოვნა საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. შპს „ტ----ს“ სასარჩელო მოთხოვნაა ასევე თანხის დროულად გადაუხდელობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც არ უნდა დამაყოფილდეს შემდეგ გარმოებათა გამო: მოსარჩელის განმარტებით, იგი სამშენებლო მასალებს ყიდულობდა აშშ დოლარის კურსის შესაბამისად, მხარეებს შორის დავის პერიოდში შეიცვალა დოლარის კურსი, რამაც მიაყენა ზიანი 40437 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არაა არცერთი მტკიცებულება, რომლითაც გაირკვეოდა, რა კავშირი ჰქონდა აშშ დოლარის კურსის ცვლილებას, მოსარჩელის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალების ღირებულებასთან, როგორ აისახა თანხის დროულად გადაუხდელობა ამ მხრივ მის მატერიალურ მდგომარეობაზე და საიდან არის მიღებული ციფრი 40437 ლარი. სასამართლოს კი, როცა საუბარია მიყენებულ ზიანზე, უფლება არ აქვს გასცდეს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლითაც იგი ასაბუთებს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს.

6.4. შეგებებული სარჩელით წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააყენა ორი სასარჩელო მოთხოვნა, შპს „ტ----ს“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 106915.68 ლარის ოდენობით და მიყენებული ზიანის ანაზღაურება 740358.07 ლარის ოდენობით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.2 პუნქტით თუ „მიმწოდებელი“ გადააცილებს შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ტ----მ“ 22 დღით გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადა, მას პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 10839.38 ლარის გადახდა (492699 ლარის 0.1% X 22 დღეზე), ნაცვლად მოთხოვნილი 106915.68 ლარისა. რაც შეეხება მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მოსარჩელის განმარტებით, შპს „ტ----ს“ მიერ შესრულებული სამუშაოებზე ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭიროა 740358.07 ლარი, რაც წარმოადგენს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტისათვის მიყენებულ ზიანს. ეს განმარტება ეყრდნობა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 04 აპრილის ექსპერტიზის დასკვნას N001854916, რომლის თანახმადაც, სოფელ გეგუთში ვ---–-ხჰესის დასახლებაში არსებული ბეტობის გზის დაშლისა და ახალი ბეტონის საფარის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეადგენს 737189.17 ლარს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა არის სრულიად დაუსაბუთებელი, რადგან გაურკვეველია რატომ უნდა განხორციელდეს ბეტობის გზის დაშლა და ახალი ბეტონის საფარის მოწყობა, როცა იგივე ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 09 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით N00569917, გეგუთი-ვ---–-ხჰესის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. ამდენად, არ არის დასაბუთებული გზის საფარის დაშლის და ახალის მოწყობის საჭიროება, შესაბამისად, არ არსებობს ზიანიც, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს „მიმწოდებელს“ შპს „ტ----ს“.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს შპს „ტ----ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 5100 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 4500 ლარი, ფაქტის კონსტანტაციისათვის 100 ლარი. ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი ზედმეტად არის გადახდილი და იგი უნდა დაუბრუნდეს შპს „ტ----ს“, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 87.68%), მოპასუხეს წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 4384 ლარის და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ფაქტის კონსტანტაციისათვის გადახდილი 100 ლარის 87.68% - 87.68 ლარი, რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების თანხას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია 2000 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ვინაიდან წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 10839.38 ლარის ოდენობით, შესაბამისად, შპს „ტ----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 325.18 ლარი. ვინაიდან წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნის 1.28% დაკმაყოფილდა, მის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის 13552.69 ლარის 1.28 %, რაც შეადგენს 173.47 ლარს, უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ტ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 466 596.31 ლარის გადახდა;

2. დანარჩენ ნაწილში შპს „ტ----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2.1 წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2.2. შპს „ტ----ს“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 10839.38 ლარის ოდენობით.

3. დანარჩენ ნაწილში წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

4. შპს „ტ----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150 (გადახდის თარიღი 2015 წლის 5 მაისი საგადახდო დავალება N1430822075);

5. წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „ტ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 4384 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა 2000 ლარი და ფაქტის კონსტანტაციის თანხა 87.68 ლარი.

6. შპს „ტ----ს“ წ---–----ბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 173.47 ლარი, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 325.18 ლარი.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე