გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 031210017002049992
№2/298-2017წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2018 წელი ქ. ქობულეთი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ზინაიდა აბაშიძე
მოსარჩელე - შპს “ემ------------ი”
წარმომადგენელი - ნა--------ძე
მოპასუხე - ნი------–-ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნი------–-ძეს შპს “ემ------------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს თანხა 660 ლარის ოდენობით (220 ლარი - ძირთადი თანხა; 63.8 ლარი - სარგებელი; 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა; პირგასამტეხლო -356.2 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ნი------–-ძემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. ამასთან, როგორც შესაგებელში და ასევე სასამართლო სხდომაზე ნი------–-ძემ განმარტა, რომ აღიარებს სესხის ხელშეკრულებით არსებულ ვალდებულებას სესხის ძირი თანხის ნაწილში, და თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირი თანხა 220 ლარი და ჯარიმა 30 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 29 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა №9---- ელექტრონული (ოლაინ) სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულება ძალაში იყო 2015 წლის 27 თებერვლამდე.
3.1.2. მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის თუ მსესხებელი არ გადაიხდიდა დავალიანებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 1.5 %-ის ოდენობით.
3.1.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულაბა და დადგენილ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელექტრონული (ოლაინ) სესხის შესახებ ხელშეკრულება;
- საგადახდო დავალება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც განსაზღვრულ ვადების დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 417-ე, 418-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის არსებობდა ელექტრონული (ოლაინ) სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობა (სესხის ხელშეკრულება).
6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თუმცა, მიუხედავად, აღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო სამართალი აგებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზე, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც, მხარეებს აქვთ უფლება ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი და აქცესორული ხასიათის საშუალებანი. სწორედ ამგვარ უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას წარმოადგენს პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების შესრულების და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. ის ნაკისრი ვალდებულების დარღვევის - საზღაურია და ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, მისი შესრულების მასტიმულირებელ ფუნქციასაც ასრულებს. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის თუ მსესხებელი დადგენილ ვადაში არ გაიდაიხდიდა ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ სარგებელს, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების (ეტაპის) ღირებულების 1.5 %-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოსარჩელეს მოპასუხისათვის დარიცხული აქვს პირგასამტეხლო 356.2 ლარი. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას, პერიოდს, განაკვეთის ოდენობას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში - 50 ლარით უნდა განისაზღვროს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 25 ლარი.
7.2. რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების და განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 10 (ათი) ლარი, 32 (ოცდათორმეტი) ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. სააპელაციო საჩივარის დასაშვებობა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება - 2 000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგინს ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ემ------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ,,ემ------------ის" სასარგებლოდ ნი------–-ძეს დაეკისროს 353.8 (სამას ორმოცდაცამეტი და 80 თეთრი) ლარის (220 ლარი - ძირითადი თანხა; 63.8 ლარი - სარგებელი; 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა; პირგასამტეხლო -50 ლარი) გადახდა ;
3. შპს ,,ემ------------ის" სასარგებლოდ ნი------–-ძეს ასევე დაეკისროს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი ს- 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა;
4. მოპასუხე - ნი------–-ძეს შპს ,,ემ------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 10 (ათი) ლარის გადახდა წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე