გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.08.2018
საქმის ნომერი
330210118002319972
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/5----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - სს „ფ----------------------–--“

წარმომადგენელი - ლ-–--------ე, დ--------------ი

მოპასუხეები - მ-------–----ე

წარმომადგენელი - ქ------–-----------ა

მოპასუხე - გ-------------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-------–----ეს და გ-------------------ეს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 18307,87 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 13506,51 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4297,96 ლარი და პირგასამტეხლო - 503,40 ლარი.

1.2. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:

 

2017 წლის 19 აპრილს დ---------------ესა და სს „ფ----------------------–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დ---------------ემ მიიღო სესხი 15050 ლარი, რაც უნდა დაეფარა 2020 წლის 21 აპრილამდე. სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 22%-ით, ხოლო სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს უნდა გადაეხადა საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%, რომლის დარიცხვა განხორციელდებოდა მხოლოდ 60 დღეზე.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მ-------–----ესთან და გ-------------------ესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, სადაც მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 21000 ლარით.

 

მსესხებელი დ---------------ე გარდაიცვალა, ხოლო მისი თავდები პირები არ ასრულებენ სახელშეკრულებო ვალდებულებას, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.

 

(მოსარჩელემ სესხის წლიური 22% -ის ოდენობა დააზუსტა სასამართლოს 15.06.2018 წლის სხდომაზე და მიუთითა, რომ სარჩელში 24,95%-ის მითითებისას მექანიკური შეცდომა იყო დაშვებული).

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

მოპასუხე გ-------------------ემ წერილობითი შესაგებელი არ წარადგინა, ხოლო მოპასუხე მ-------–----ის მიერ წარდგენილ წერილობით შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებებით მოპასუხეებმა არ ცნეს ბანკის მოთხოვნა და განმარტეს, რომ მოსარჩელეს, პირველ რიგში, მსესხებლის მიმართ უნდა დაეყენებინა მოთხოვნა, ხოლო შემდგომში თავდები პირების მიმართ. დავალიანების დაფარვის მიზნით თავდაპირველად ბანკს უნდა განეხორციელებინა მსესხებლის ქონების რეალიზება. მსესხებლის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, რაც საკმარისი იქნებოდა დავალიანების დასაფარად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ფ----------------------–--სა“ და დ---------------ეს შორის 2017 წლის 19 აპრილს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, დ---------------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 15050 ლარი, 2020 წლის 21 აპრილამდე - 1098 დღის ვადით, წლიური 22% სარგებლის და პირგასამტეხლოს სახით - სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%-ის დარიცხვით. ამასთან, საურავი დაერიცხებოდა 60 კალენდარული დღის განმავლობაში. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.04.2017 წლის სესხის ხელშეკრულება N---------------;

- გრაფიკი.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 19 აპრილს, სს „ფ----------------------–--სა“ და მოპასუხეებს - მ-------–----ესა და გ-------------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ თავდებობის წერილები, რომლითაც თავდებობის თანხის ოდენობა განისაზღვრა 21000 ლარით.

 

თავდებობის წერილებით ბანკს მიენიჭა უფლება, წაუყენოს სოლიდარულ თავდებებს მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.04.2017 წლის თავდებობის წერილები.

 

3.1.3. სესხზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2017 წლის 19 ოქტომბერს. მსესხებელი დ---------------ე გარდაიცვალა 2017 წლის 1-----------ს და მისი გარდაცვალების შემდგომ, სესხის დაფარვა აღარ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 23.02.2018 წლის მდგომარეობით (სარჩელის აღძვრის თარიღი) 2017 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არის ჯამში 18307,87 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13506,51 ლარი, ხელშეკრულების ვადის ბოლომდე გათვალისწინებული დარჩენილი პროცენტი - 4297,96 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 503,4 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (გადახდების ისტორია, გაფრთხილების წერილები) საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც დავალიანების დაფარვის ფაქტს დაადასტურებდა, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- გადახდის გრაფიკი;

- გაფრთხილების წერილები;

- გადახდების ისტორია.

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას, რომ ძირითადი მსესხებლის (ან მისი მემკვიდრეების) მიმართ მოთხოვნის წარუდგენლობის გამო, ბანკს აღარ აქვს უფლება დავალიანების დაფარვა მოითხოვოს სოლიდარული თავდები პირებისგან. მოპასუხეთა ამ მსჯელობას გამორიცხავს, სამოქალაქო კოდექსის 465-ე და 895-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი.

 

სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

დადგენილია, რომ თავდებობის წერილებით მ-------–----ემ და გ-------------------ემ იკისრეს სს „ფ----------------------–--ს“ წინაშე ვალდებულება, მსესხებელსა და ბანკს შორის არსებული 19.04.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში ბანკის სასარგებლოდ დაფარონ როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი და შესაძლო საურავი. ამასთან, ბანკს უფლება მიენიჭა, თავდებებს მოთხოვნა წაუყენოს მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 19.04.2017 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არის ჯამში 18307,87 ლარი, აქედან სესხის ძირითადი თანხაა 13506,51 ლარი, ხელშეკრულების ვადის ბოლომდე შეთანხმებული პროცენტი - 4297,96 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 503,40 ლარი. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის დიდი, იგი დარიცხულია მხოლოდ 60 კალენდარულ დღეზე და შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 19.04.2017 წლის თავდებობის წერილებით მ-------–----ემ და გ-------------------ემ ძირითად მსესხებელთან - დ---------------ესთან ერთად სოლიდარულად იკისრეს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია საკუთარი არჩევით შესრულება მოითხოვოს როგორც ერთი, ისე ყველა სოლიდარული მოვალისგან, ამავე დროს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ და მთლიანად შესრულებამდე, სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამდენად, ვინაიდან 19.04.2017 წლის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არც მსესხებლს და არც სოლიდარული თავდებებს არ შეუსრულებიათ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლი ანიჭებს კრედიტორს უფლებას ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს, სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სესხის ხელშეკრულების 4.9 პუნქტით, ასევე თავდებობის წერილებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად. შეთანხმება კი სს „ფ----------------------–--ს“ აძლევს უფლებას, მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 599,23 (549,23+50) ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხეებს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურება.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ვინაიდან სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მ-------–----ეს და გ-------------------ეს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 19.04.2017 წლის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 18307,87 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 13506,51 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4297,96 ლარი, ჯარიმა - 503,40 ლარი);

 

3. მ-------–----ეს და გ-------------------ეს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 599,23 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-4 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე