გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2018
საქმის ნომერი
080210018002410165
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#080210018002410165

#2/1341-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.07.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - შპს „მ----–---„წარმომადგენელი - ტ------–---------ე;

მოპასუხე - თ------------------;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ------------------ს შპს „მ----–---„-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 600 ლარს, სარგებელი - 120 ლარს, პირგასამტეხლო 300 ლარს. (სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში იხ. სხდომის ოქმი).

 

1.2. თ------------------ს შპს „მ----–---„-ის სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 01 თებერვალს მოპასუხე თ------------------ს და შპს „მ-------„-ს შორის გაფორმდა ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა თანხა 600 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 600 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 120 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 01 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში მხარეთა შორის არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა პირველი სესხის გაცემის საკომისიო თვეში 20%-ის ოდენობით. მსესხებელს ხელშეკრულების 8.4. მუხლის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 1.67%-ის ოდენობით; მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა. 2017 წლის 16 ნოემბრიდან კომპანიას შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი საფირმო სახელწოდებაა შპს „მ----–---„(იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ------------------მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო შპს „მ----–---„-ის სარჩელი, კერძოდ ძირი თანხის 600 ლარის დაკისრების ნაწილში, რასაც გადაიხდის ნაწილ-ნაწილ. (იხ. შესაგებელი, 20.06.2018წ სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 01 თებერვალს, მოპასუხე თ------------------ს და შპს „მ-------„-ის შორის დაიდო სესხის ელექტრონული ხელშეკრულება №L-9----. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, თ------------------ზე გაიცა 600 ლარი, 30 დღით, ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის ოდენობა 120 ლარი და პირგასამტეხლო 1.67% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

01/02/2016 წლის №L-9---- ხელშეკრულება.

 

3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა და მისი დავალიანება შეადგენს 7874,28 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 600 ლარს, სარგებელი - 120 ლარს, პირგასამტეხლო 7154,28 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

01/02/2016 წლის №L-9---- ხელშეკრულება.

 

3.1.3. 2017 წლის 16 ნოემბრიდან შპს „მ-------„-ს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და დღეის მდგომარეობით მისი საფიმო სახელწოდებაა შპს „მ----–---„.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.2. საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის. მოპასუხე სადავოდ ხდის პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს ჯარიმის (პირგასამტეხლოს) მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას და მიიჩნევს რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „მ----–---„-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2016 წლის 01 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 01 თებერვლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 01 თებერვალს, შპს „მ-------„-ს თ------------–----ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 600 ლარი, 30 დღის ვადით, სესხის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა სესხის გაცემის საკომისიო თვეში 20%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 120 ლარს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 01 თებერვალს, მოპასუხე თ------------------ს და შპს „მ-------„-ის შორის დაიდო სესხის ელექტრონული ხელშეკრულება №L-9----. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, თ------------------ზე გაიცა 600 ლარი, 30 დღით, ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის ოდენობა 120 ლარი და პირგასამტეხლო 1.67% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე; მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - თ------------------ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 30 დღის ვადაში სარგებელთან ერთად. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, განისაზღვრა პირველი სესხის გაცემის საკომისიო თვეში 20%-ის ოდენობით, ხოლო ყოველი მომდევნო სესხის გაცემის საკომისიოს განსაზღვრა დამოკიდებულია წინა სესხის რაოდენობასა და გადახდების ისტორიაზე.

 

მხარეებს შორის 2016 წლის 01 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სესხის ძირითადი თანხა და სესხის გაცემის საკომისიო გადაიხდება სესხის ვადის ბოლო დღეს. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 600 ლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის 600 ლარის დასაკისრებლად.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 1,67% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, თ------------------ს შპს „მ----–---„-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 820 გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 600 ლარს, პროცენტი 120 ლარს და პირგასამტეხლო 100 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 600 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, 29,41 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 10,78 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 200 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 9.81 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „მ----–---„-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თ------------------ს- შპს „მ----–---„-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 820 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირითადი თანხაა - 600 ლარი და პროცენტი - 120 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

3. თ------------------ს- შპს „მ----–---„-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

4. თ------------------ს- შპს „მ----–---„-ის სასარგებლოდ დაეკისროს 10.78 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. შპს „მ----–---„-ს (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 13 თებერვალს სს 'თიბისი ბანკში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 29.41 ლარი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე