გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.08.2018
საქმის ნომერი
080310018002581802
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/509-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი იზოლდა ლოსაბერიძე

 

მოსარჩელე - მ------ ჯ----–--ე

წარმომადგენელი - მ--–------ გ----------ე

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო

წარმომადგენელი - ი-–------–-------ე

 

დაინტერესებული პირი - ნ----------ე

 

დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის ი-–------–-------ის მიერ 2018 წლის 4 აგვისტოს გამოცემული N001148 შემაკავებელი ორდერის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2018 წლის 4 აგვისტოს გამოცემული №001148 შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2011 წლის 31 იანვრიდან მ------ ჯ----–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ----------ესთან. 2018 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ მ------ ჯ----–--ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რასაც არ ეთანხმება. მხარე აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მისი მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას ნ----------ის მიმართ ადგილი არ აქვს. სადავო ორდერი ეფუძნება მხოლოდ ნ----------ის განმარტებას, რომელსაც შემაკავებელი ორდერი არსებობა ესაჭიროება სამოქალაქო დავის გადაწყვეტისათვის, რომელიც შეეხება ბავშვთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრას.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ, 2018 წლის 10 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა მოსაზრება, თანდართული მასალებით.

 

სხდომაზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორი ი-–------–-------ე არ დაეთანხმა მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და განმარტა, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ნ----------ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ქალბატონი დახვდა აღელვებული, იმ მოტივით, რომ მას მ------ ჯალიძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ქალბატონის განმარტებით მ------ ჯ----–--ემ ბავშვი არ მიუყვანა სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ დროს, რის გამოც დაურეკა მას, თუმცა მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი და ძალაში უნდა დარჩეს.

 

2.2. დაინტერესებული პირის - ნ----------ის პოზიცია:

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული ნ----------ე არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ მართალია იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ ჯ----–--ესთან, თუმცა ფაქტიურად ხუთი წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თავად მ------ ჯ----–--ემ მიმართა სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ მისი სურვილი იყო ოჯახის შენარჩუნება. 2018 წლის 4 აგვისტოს სასამართლოს განკარგულების საფუძველზე მ------ ჯ----–--ემ წაიყვანა ბავშვი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 15:00 საათზე, დაახლოებით 15:30 საათზე დაურეკა მას ბავშვის მოსაკითხად, რა დროსაც მისგან მიიღო შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო განახორციელა შეტყობინება საპატრულო პოლიციაში და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. მხარე აღნიშნავს, რომ მ------ ჯ----–--ის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას არაერთხელ ჰქონია ადგილი, თუმცა აღნიშნულის შესახებ მის მიერ აქამდე არ გაცხადებულა, რადგან სურდა ოჯახის შენარჩუნება შვილის გამო. მხარე აღნიშნავს, რომ მ------ ჯ----–--ის მიერ შესაძლოა გაგრძელდეს ფსიქოლოგიური ძალადობა მის მიმართ, რის გამოც ითხოვს გამოცემული ორდერის ძალაში დატოვებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ 2011 წლის 31 იანვარიდან ნ----------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ ჯ----–--ესთან. მათ 2012 წლის 13 ოქტომბერს შეეძინა ვაჟი - კონსტანტინე ჯ----–--ე.

 

დაინტერესებული პირის ნ----------ის ზეპირი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ დაახლოებით ბოლო ხუთი წელია ნ----------ე და მ------ ჯ----–--ე ერთად არ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა;

- დაბადების მოწმობა;

- ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს ნ----------ემ განცხადებით (შეტყობინება) მიმართა საპატრულო პოლიციას და ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით ითხოვა დახმარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება;

 

3.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს პატრულ ინსპექტორი ი-–------–-------ე გამოცხადდა ნ----------ის საცხოვრებელ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ბ------ის მე-2 მკ/ რაიონი, N13/51. ადგილზე მისვლისას ნ----------ემ განუმარტა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მ------ ჯ----–--ემ სასამართლოს განჩინების საფუძველზე წაიყვანა მათი საერთო შვილი და უნდა მიეყვანა 15:00 საათზე. ვინაიდან დადგენილ დროს ბავშვი არ მიუყვანა იგი დაუკავშირდა მ------ ჯ----–--ეს, რომელმაც სატელეფონო საუბრისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეაგირების ოქმი;

 

3.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს ახსნა განმარტება ჩამოერთვა ნ----------ეს, რომელმაც განმარტა, რომ თითქმის ხუთი წელია არაოფიციალურად დაშორებულია მეუღლესთან მ------ ჯ----–--ესთან, რომლისგანაც იღებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა ვინაიდან ჰყავთ საერთო შვილი არ სურს მისი დაკარგვა. 2018 წლის 4 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე მისმა ყოფილმა მეუღლემ მ------ ჯ----–--ემ ბავშვი წაიყვანა დაახლოებით 12:00 საათზე, რომელიც უნდა დაებრუნებინა 15:00 საათზე, რაც მან არ შეასრულა. აღნიშნულის გამო იგი დაუკავშირდა მ------ ჯ----–--ეს 15:30 საათზე და მოსთხოვა ბავშვის მოყვანა, რა დროსაც დაუწყო უმიზეზოდ უხეში საუბარი და ბავშვის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც არ არის პირველი შემთხვევა მის მხრიდან. მისი მეუღლის ქმედებებიდან გამომდინარე მას აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, და აქვს შიში არ მიაყენოს მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს შემაკავებელი ორდერის გამოცემას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 4 აგვისტოს რეაგირების ოქმი

- ახსნა-განმარტება;

 

3.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის ი-–------–-------ის მიერ 2018 წლის 4 აგვისტოს გამოიცა N001148 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მ------ ჯ----–--ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მობილური, სოციალური და ნებისმიერი საშუალებით კონტაქტი. ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური ძალადობა; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 30 დღე.

 

შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, ნ----------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ მ------ ჯ----–--ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემაკავებელი ორდერი ოქმი;

- შემაკავებელი ორდერი;

 

3.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს N001148 შემაკავებელი ორდერი მ------ ჯ----–--ეს ჩაბარდა 2018 წლის 6 აგვისტოს, სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 8 აგვისტოს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო, ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

 

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემის მიზანს წარმოადგენს მსხვერპლის მოძალადისგან მყისიერი დაცვა, აღნიშნული კი განხორციელებული უნდა იქნეს პოლიციის ორგანოების მიერ ოპერატიული რეაგირების საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს შესაბამისი ორგანოების ვალდებულებას დაუყოვნებლივ გამოცხადნენ ადგილზე ან მსხვერპლის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში დაიწყონ წარმოება, შეაგროვონ მტკიცებულებები, გამოკითხონ მოწმეები და საჭიროების შემთხვევაში გამოსცენ შემაკავებელი ორდერი, რათა აღკვეთონ ძალადობრივი ქმედება მსხვერპლის მიმართ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------ ჯ----–--ის მიმართ 2018 წლის 4 აგვისტოს შედგა შემაკავებელი ორდერი ნ----------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. ასევე დადგენილია, რომ ნ----------ემ განახორციელა შეტყობინება საპატრულო პოლიციაში, ადგილზე მისულ პატრულ ინსპექტორებს დახვდა აღელვებული ნ----------ე, იმ მოტივით, რომ მას ყოფილმა მეუღლემ მ------ ჯ----–--ემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს არ დააბრუნა შვილი, რის გამოც განხორციელებულ სატელეფონო კომუნიკაციის დროს მ------ ჯ----–--ემ უხეში სიტყვებით მიმართა ნ----------ეს, რამაც გააღიზიანა ქალბატონი.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, მოსარჩელე მ------ ჯ----–--ესა და დაინტერესებული პირი ნ----------ეს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი დავა განქორწინების თაობაზე. ასევე, 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და განისაზღვრა მათი საერთო არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) შვილის მამის მიერ ნახვის დღეები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა თუ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფონზე გარკვეულ ემოციურ დისბალანსს, რაც გამოწვეული მათ შორის მიმდინარე (სამართლებრივი - განქორწინება, შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა და სხვ.) პროცესების სენსიტიურობით.

 

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და ისინი შეიძლება გამომდინარეობდეს მძიმე სოციალური თუ ეკონომიური მდგომაროებიდან, ემყარებოდეს რელიგიური თუ კულტურულ ტრადიციებს და ურთიერთობის დადგენილი ფორმით სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულ წესებს. ოჯახში ძალადობის მიზეზს ასევე, შეიძლება წარმოადგენდეს ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორის მიმართ ძალაუფლების დემონსტრირების და კონტროლის განხორციელებას. ანუ, როცა ოჯახის ერთი წევრი ცდილობს დაამყაროს კონტროლი მსხვერპლის ქმედებაზე (არსებობაზე) და ამისთვის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს. რიგ შემთხვევაში ძალადობის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ისეთი სხვა ფაქტორები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ფსიქიკური და მენტალური პრობლემები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შეიძლება კონკრეტულ ურთიერთობებში, ნამდვილადაც, ადგილი ჰქონდეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც რასაკვირველია დასაგმობი საქციელია და სხვა ნორმატიული შეფასების ქვეშ დაქვემდებარებული ქმედებას წარმოადგენდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მოხდეს იმ გარემოებების გამიჯვნა, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კონკრეტული ქმედება არ/ვერ განიხილებოდეს ძალადობის ისეთ ფორმად როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა და ქმედების სუბიექტი არ/ვერ იყოს მიჩნეული ტიპიურ ,,მოძალადედ“.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, მიზანმიმართულად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: კრიტიკა, აგრესიული და შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ან ასეთი მიმართვა, დაშინება, ,,მსვერპლის“ აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, საზოგადოებისგან იზოლირება, დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია. ფსიქოლოგიური ძალადობის მიზანია - მსხვერპლს დაეკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადეკვატურ აღქმაში, პრობლემა შეექმნას სოციუმში სრულფასოვან პიროვნებად გამოვლენაში და შესაძლებლობების რეალიზებაში. ამდენად, მოძალადის მიზანია პიროვნების იდენტობის შელახვა, მასზე კონტროლის დამყარება და გარკვეული სახის სარგებელის (ემოციური, მენტალური, მატერიალური და სხვა) მიღება. მოძალადეს ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტების გამოყენების შემდეგ უმარტივდება მსხვერპლით მანიპულირება, რაც შედეგად მის პიროვნებაზე დომინირებას იწვევს.

 

მიჩნეულია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა წარმოადგენს ძალადობის „ფარულ“ ფორმას და შესაბამისად, მისი გამოვლენა და დაფიქსირება, როგორც ძალადობის ფორმა რთული პროცესია. რამდენადაც ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის არაპირდაპირი, ,,ფარული“ ფორმა, იგი შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული. ფსიქოლოგიური ძალადობა უნდა იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას და ეს ყველაფერი კონკრეტული პირის მიერ განხორციელებულ მიზანმიმართულ ქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს. მისი გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ როდესაც რეალურად არსებობს აუცილებლობა მსხვერპლის დაცვისა მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ პირის ახსნა-განმარტება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება გარემოში განვითარებული კონკრეტული მოვლენების მიმართ, რომელიც არ არის გამყარებული რელევანტური მტკიცებულებებით და ობიექტურ დამკვირვებელს არ უქმნის გონივრულ ეჭვს ძალადობის რაიმე ფორმით არსებობის შესახებ, ვერ გახდება შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვების საფუძველი. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ინარჩუნებს მის სამართლებრივ ძალას იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ძალადობის ფაქტი წარსულში, აწმყოში და არსებობის დასაბუთებული ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით იარსებებს მომავალში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება და ვერც მხარეთა მიერ იქნა მითითებული ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ან გონივრული ეჭვის საფუძველს შეუქმნიდა, რომ მ------ ჯ----–--ის მიერ ხორციელდება ან არსებობს საშიშროება, რომ მომავალში განხორციელდება ძალადობა ნ----------ის მიმართ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიჩნევს, რომ არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ 2018 წლის 4 აგვისტოს გამოცემული N001148 შემაკავებელი ორდერის გამოცემისას საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------ ჯ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის ი-–------–-------ის მიერ 2018 წლის 4 აგვისტოს გამოცემული N001148 შემაკავებელი ორდერი.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი