გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.08.2018
საქმის ნომერი
330310018002307275
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/931-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შ------------------–---–ი

წარმომადგენელი - ვ-–---------------ძე

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრს ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - შ-------------–-–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ს--–--------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის N3---- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.4. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, შ------------------–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც შ------------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება ქ. თბილისში, ა-–----------------------------------ის მიმდებარედ მდებარე 904,10 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. (იხ. სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისში, ა-–-----ის ქუჩა, საკადასტრო კოდი N 0--------------- (ნაკვეთის წინა ნომერი 38), დაზუსტებული ფართობი 919,00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 22.02.2012 წ. წერილი N 0------.

 

3.1.2. 203 წლის 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შ------------------–---–მა მოპასუხის ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 7 მარტის (ოქმი N3--) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა ქ. თბილისში, ა-–-------------ს მიმდებარედ მდებარე 904, 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე და ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება შ------------------–---–ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (ოქმი №3--, საკითხი №5) და აღიარების კომისიას დაევალა განცხადების განხილვისას შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 17 ივნისს (იხ. N ბს-20-20(კ-14))

 

3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 18 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 5--), მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს - ქ. თბილისი, ა-–----------------------------------ის მიმდებარედ, 904,10 კვ.მ. მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და შ------------------–---–ს ეღიარა საკუთრების უფლება.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 29 ივლისს გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N 1----.

 

3.1.5. 2016 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შ------------------–---–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------------ის მიმდებარედ 904,10 კვ.მ. რეგისტრაციის თაობაზე.

 

3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 23 აგვისტოს გამოცემულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და ვინაიდან შ------------------–---–ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის (ს/კ 0---------------) დადგინდა ზედდება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაეგზვანა მიმართვა N2-----, რომლითაც ეცნობა ზედდების თაობაზე და მოთხოვნილი იქნა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. 23.08.2016 წ. N 2----- მიმართვზე პასუხის მოსვლამდე შეჩერდა გადაწყვეტილების მიღება.

 

3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.08.2016 წ. N 2----- მიმართვის პასუხად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 სექტმბრის N 1------- წერილით ეცნობა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი წერილის შინაარსიდან გამომადინარე და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელი იყო საქმის წარმოების ორი თვის ვადით გაგრძელება, ხოლო იმავე წლის 24 ოქტომბრის N 1------- მიმართვით მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მასალების გადაგზავნა.

 

3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 ოქტომბერს გამოცემულ იქნა გადაწყვეტილება შ------------------–---–ის 22.08.2016 წ. N8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც დადგინდა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაა მიიღებოდა 2016 წლის 23 აგვისტოს N2----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 იანვრის N 1--- მიმართვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 23.08.2016 წ. N 2----- წერილზე დამატებით იქნა მოთხოვნილი სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში იგივე შინაარსის წერილი იქნა გაგზავნილი 2017 წლის 14 მარტს.

 

3.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 30 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც შ------------------–---–ის 2017 წლის 02 მარტის N9------- ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო 2017 წლის 14 მარტის N8---- წერილზე საბოლოო პასუხის მირებამდე.

 

3.1.10. 2017 წლის 28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შ------------------–---–მა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის N1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

 

3.1.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შ------------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №1----- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ------------------–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 82-99)

 

3.1.14. 2017 წლის 30 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N8------------17 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ რადგან არ იყო წარდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნივთის კორექტირების თაობაზე და მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას მესაკუთრის თანხმობის გარეშე განეხორციელებინა საზღვრის კორექტირება, ხოლო ზედდება წარმოადგენდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას, დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა კორექტირებაზე ან აღნიშნული საკადასტრო კოდზე (ს.კ. 0---------------) რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.11.2017წ. N8------------17 გადაწყვეტილება, (ს.ფ. 125);

 

3.1.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 იანვრის N8------------19 გადაწყვეტილებით, იქიდან გამომდინარე, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, შ------------------–---–ის N8----------- განცხადებასთან დაკავშირებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.01.2018წ. N8------------19 გადაწყვეტილება, (ს.ფ. 129);

 

3.1.16. საჯარო რეესტრის ეროვნუ8ლ სააგენტოში, 2017 წლის 17 დეკემბერს და 2018 წლის 08 იანვარს, შ------------------–---–ის მიერ წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრისა და 2018 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

3.1.17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის N3---- გადაწყვეტილებით შ------------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.01.2018წ. N3---- გადაწყვეტილება, (ს.ფ. 134);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო რომ შ------------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი აქტის გამოცემა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“, საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისი №376 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს. რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 30 ნოემბრის, 2018 წლის 05 იანვრის და 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის განხილვისას, უნდა შემოწმდეს შესახებ დავის გადაწყვეტისას, უნდა შემოწმდეს მათი გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე მათი გამოცემის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. შესაბამისად უნდა შეფასდეს ახალი აქტის გამოცემის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6.3. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

საჯარო რეესრტის ეროვნული სააგენტოს 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად („ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტები), მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ 2016 წლის 22 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------------ის მიმდებარედ. აღნიშნულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, იმავე წლის 23 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა N 2----- მიმართვა და განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავ ნივთი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდი 0---------------, შესაბამისად მოეთხოვა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა.ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მისვლამდე გადადო გადაწყვეტილების მიღება. თუმცა არაერთი მიმართვის მიუხედავად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N8------------17 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს (მოსარჩელეს) დაევალა წარედგინა 0--------------- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა კორექტირებაზე ან წარედგინა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღე. მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა შესრულებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებული დავალება, რის გამოც ამ უკანასკნელმა 2018 წლის 05 იანვრის N8------------17 გადაწყვეტილებით შ------------------–---–ის სარჩელზე შეწყვიტა წარმოება.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის დასადგენად სახელმწიფო საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტი, წარმოადგენდა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოტანილი განკარგულების საფუძველზე შ------------------–---–ის სახელზე უძრავი ნივთის დარეგისტრირების დამაბრკოლებელ გარემოებას და აუცილებელი იყო თუ არა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის წარდგენა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს ზემოაღნიშნული კანონის მიზნებსა და ამ კანონით მოწესრიგებულ სამართლებრივი ურთიერთობის შედეგებზე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამდენად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზანია კერძო საკუთრებაში არმყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და განუკარგავი მიწის ნაკვეთის პირისათვის საკუთრებაში გადაცემა და ამ გზით მიწის ფონდის ათვისება და შესაბამისად, სწორედ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განაპიროებებს კონკრეტულ შემთხვევაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის გავრცელების შესაძლებლობას (იხ. უზენაესი სასამართლოს 11.07.2018წ. გადაწყვეტილება ბს-319-319 (კ-18)).

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენს აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ფიზიკური პირისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ნივთის რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან კანონმდებელმა სწორედ ზემოაღნიშნული კანონით გამოხატა სახელმწიფოს ნება, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით გადაეცა იმ პირებისათვის ვისაც ამ კანონის შესაბამისად დაუდასტურდებოდა ფლობა და სარგებლობა და არ დაუდგენია რაიმე განსხვავება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ და დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს შორის. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ განმცხადებლის დავალდებულება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოიპოვოს თანხმობა კორექტირებაზე წარმოადგენს დამატებით შეზღუდვას, რაც ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს და ამ კანონის მიზნებს.

 

ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისი №376 დადგენილების მე - 6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღიარების კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში კომისიის წევრები არიან, აგრეთვე, სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში კომისიის წევრად, კომისიის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები.

 

ამდენად იმ პირობებში, როდესაც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში ჩართულია თავად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სწორედ მისი მონაწილეობით აქვს კომისიას მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია და მისი კანონიერების საკითხი სადავოდ არ გაუხდია უძრავი ნივთის მესაკუთრეს, გაუგებარია რას ემსახურება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან დამატებითი თანხმობის მოპოვების თაობაზე. ამასთან, თავისივე განმარტებას (იგულისხმება კორექტირების თანხმობის წარდგენა) ეწინააღმდეგება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს წარედგინა სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან მიუხედავად იმისა გაუქმდება თუ არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერი,, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი თანახმად აღნიშნული ქონება მაინც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და მაშინ რა ლოგიკით აღარ სჭირდება მოპასუხეს მესაკუთრის თანხმობა კორექტირებაზე გაუგებარი და დაუსაბუთებელია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთის სახელმწიფო სახელზე რეგისტრაცია არ წარმოადგენს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოტანილი განკარგულების საფუძველზე მიწის ნაკვეთის ახალ მესაკუთრეზე რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას და აღნიშნულის განსახორციელებლად არ არის აუცილებელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა კორექტირებაზე მითუმეტეს, სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რის გამოც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უსაფუძვლოდ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რასაც შედეგად მოჰყვა სარეგისტრაციო წარმოების უსაფუძვლო შეწყვეტა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრისა (N8------------17) და 2018 წლის 05 იანვრის (N8------------19) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარეს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნენ ცნობილნი.

 

6.7. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის N3---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც შ------------------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის (N8------------17) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესხებ და ამავე სააგენტოს 2018 წლის 05 იანვრის (N8------------17) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №3---- გადაწყვეტილებაც, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შ------------------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის N8------------17, 2018 წლის 05 იანვრის N8------------19 და 2018 წლის 17 იანვრის №3---- გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 18 ივლისის N 5-- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე , შ------------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება ქ. თბილისში, ა-–----------------------------------ის მიმდებარედ მდებარე 904,10 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ შ------------------–---–ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ არსებობს მხარეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის N3---- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

5. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც აღიარების კომისიის 2016 წლის 18 ივლისის N5-- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, შ------------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება ქ. თბილისში, ა-–----------------------------------ის მიმდებარედ მდებარე 904,10 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

 

6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი