გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.08.2018
საქმის ნომერი
330210018002332081
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
14.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3-----------------

საქმე N 2/6665-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

08.06.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე ბ-------- უ-----ე

მოპასუხე შპს ,,ო----------------ი"

წარმომადგენელი მ----- მ-------

დავის საგანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს შპს ,,ო----------------ს“ მოსარჩელის ბ-------- უ-----ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 6806 ლარის ოდენობით გადახდა;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2015 წლის 08 იანვრიდან მუშაობდა მოპასუხე შპს ,,ო----------------ში“ დარაჯის პოზიციაზე. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის შრომის ანაზღაურებად განსაზღვრული იყო 250 ლარი ყოველთვიურად. მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის განმავლობაში მოპასუხეს არ გადაუხდია მოსარჩელისთვის 3 თვის ხელფასი, ხოლო მარტის თვეში 250 ლარის ნაცვლად ჩაერიცხა 194 ლარი. რაც შეეხება 2016-2017 წლებს, მოსარჩელეს საერთოდ არ მიუღია მოპასუხისგან არცერთი თვის შრომითი ანაზღაურება. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული დავალიანებების მოპასუხეზე დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს სრული ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების მიხედვით. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელეზე ხელფასის გაცემა ხდებოდა ხელზე, შესაბამისად მისთვის არ მომხდარა აღნიშნული თანხის ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე 2015 წლის 08 იანვრიდან მუშაობდა მოპასუხე შპს ,,ო----------------ში“ დარაჯის პოზიციაზე. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის შრომის ანაზღაურებად განსაზღვრული იყო 250 ლარი ყოველთვიურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2015 წლის 08 იანვრის შრომით ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.2. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე, 2015 წლის 8 იანვარს და მოქმედებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეთა შეთანხმებამდე, ხოლო მხარეთა შორის შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2015 წლის 08 იანვრის შრომით ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.3. მოსარჩელეს ორი თვის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად მოპასუხე შპს ,,ო----------------ისა“ მიღებული აქვს შპს ,,მ–-----------გან“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 მარტის წერილი;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 4382.50 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე, მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე და 327-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე 2015 წლის 08 იანვრიდან მუშაობდა მოპასუხე შპს ,,ო----------------ში“ დარაჯის პოზიციაზე. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის შრომის ანაზღაურებად განსაზღვრული იყო 250 ლარი ყოველთვიურად (იხ. 3.1.1. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში და არ მომხდარა მისთვის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემა, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ მას არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ და არ ფიქსირდება ჩარიცხვები, ვინაიდან მათ მიერ ხელფასის გაცემა მოსარჩელისთვის ხდებოდა ხელზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელფასის გაცემა მოსარჩელეზე ნამდვილად ხდებოდა, გააჩნია მოპასუხე მხარეს, რომელიც ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

დადგენილი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიაში იმუშავა 3 წელი 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით. მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურების გათვალისწინებით საერთო ჯამში მოსარჩელის მისაღები ხელფასი 36 თვეზე არის 9000 ლარი.

 

უდავო გარემოებაა და მოსარჩელე თავადაც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს ორი თვის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად მოპასუხე შპს ,,ო----------------ისა“ მიღებული აქვს შპს ,,მ–-----------გან“ (იხ. 3.1.3. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 მაისის წერილით დგინდება, რომ მოსარჩელეს ჯამურად 2007 წლიდან 2018 წლის მარტის თვის ჩათვლით მოპასუხისაგან ხელფასის სახით მიღებული აქვს 4117.50 ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4382.50 ლარის ოდენობით, ვინაიდან სრულად შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსარჩელის მისაღები თანხა შეადგენს 9000 ლარს, ხოლო აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს შპს ,,მ–-----------“ მიერ მოსარჩელეზე გაცემული 500 ლარი და შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა 4117.50 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 131,47 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ბ-------- უ-----ეს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ო----------------ის" მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე;

 

2. მოპასუხე შპს ,,ო----------------ს" მოსარჩელე ბ-------- უ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4382,50 ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე შპს ,,ო----------------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახ. ბაჟის 131,47 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია