გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.08.2018
საქმის ნომერი
330210016001591236
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
14.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3-----------------

საქმე №2/34412-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2018წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - ს----------–---------------------–--–--------------------–-----------–--------------------–--------------–-------------–-ა

წარმომადგენელი - ს------- ნ-----ე

მოპასუხე - შპს ,,ვ--–-–---------- -L---------------”

წარმომადგენელი - ბ------ გ---

დავის საგანი - სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს შპს ,,ვ--–-–----------ს“ 2015 წლის 13 ივნისს გაფორმებული N------- და N------- სალიცენზიო შეთანხმებებით გათვალისწინებული გადასახადელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 2260 ლარისა და 09 თეთრის გადახდა;

1.2. დაეკისროს შპს ,,ვ--–-–----------ს“ ს----------–----------------------–-----------–--–---თვის 2015 წლის 13 ივნისს გაფორმებული N------- და N------- სალიცენზიო შეთანხმებებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისთვის 2016 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 539 ლარისა და 07 თეთრის ოდენობით, ასევე სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0.1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და შპს ,,ვ--–-–----------ს“ შორის ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2015 წლის 13 ივნისს დაიდო ორი სახის სალიცენზიო შეთანხმება. N------- შეთანხმება ,,ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ და N------- შეთანხმება მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის საჯარო შესრულების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების 4.4. პუნქტის თანახმად მოსარგებლემ იკისრა ვალდებულება ასოციაციისთვის გადაეხადა საჯაროდ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებებისთვის გადასახდელი ჰონორარი თვეში 90 ლარი და 83 თეთრი და იგივე ობიექტზე მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის საჯარო შესრულებისათვის გადსახდელი ჰონორარი 45 ლარი და 32 თეთრი. ორივე შეთანხმებით ჯამში თანხა შეადგენს 136 ლარსა და 15 თეთრს. ამავე სალიცენზიო შეთანხმებით, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოპასუხის მიერ ჰონორარის გადახდის ვადის დარღვევისთვის მისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, რაც არ ათავისუფლებდა მოპასუხეს ჰონორარის გადახდის ვალდებულებისგან. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხემ არ გადაიხადა ჰონორარის თანხა და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 2799 ლარსა და 16 თეთრს. აღნიშნული დავალიანება მოიცავს ასევე პირგასამტეხლოს 539 ლარს და 09თეთრს. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის და პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითა, რომ გაურკვეველია მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანების გაანგარიშების საფუძველი, ამასთან მოპასუხე აღნიშნავს, რომ მისი მშობლიური ენა არის თურქული და მას არ ესმოდა შეთანხმების გაფორმების დროს ქართული ენა და ამასთან არ უსარგებლია თარჯიმნის მომსახურებით, შესაბამისად იგი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მისი უფლებების დარღვევას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და შპს ,,ვ--–-–----------ს“ შორის ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2015 წლის 13 ივნისს დაიდო ორი სახის სალიცენზიო შეთანხმება. N------- შეთანხმება ,,ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ და N------- შეთანხმება მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის საჯარო შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2015 წლის 13 ივნისის N------- და N------- სალიცენზიო შეთანხმებები;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. მხარეთა შორის დადებული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, ასოციაციას უფლება აქვს მოითხოვოს მოსარგებლისგან პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მოსარგებლეს ამ შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის ვალდებულებისგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2015 წლის 13 ივნისის N------- და N------- სალიცენზიო შეთანხმებები;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, შპს ,,ვ--–-–----------ის“ დავალიანება დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად შეადგენს 2799 ლარსა და 16 თეთრს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მოსარჩელის საავტორო უფლებათა ასოციაციის ფინანსური განყოფილების გაანგარიშების სისწორეს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დავალიანების ოდენობის გაანგარიშება. რომლის მიხედვითაც საავტორო ჰონორარის 17 თვის დავალიანებაა 2260.07 ლარი ხოლო აღნიშნული დავალიანების გამო დარიცხული პირგასამტეხლო 539.09 ლარი. რაც შეეხება, მოპასუხეს, იგი არ უთითებს რა საფუძვლით არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ დავალიანების გაანგარიშებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის არცერთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშების დოკუმენტებს, შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, შპს ,,ვ--–-–----------ის“ დავალიანება დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად შეადგენს 2799 ლარსა და 16 თეთრს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–--- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის დავალიანების 2260,09 ლარის, პირგასამტეხლოს 539,07 ლარისა და 2016 წლის 08 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 2260.09 ლარის 0.1%-ის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლი, საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” მე-4, მე-18-ე, 63-ე, 65-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის ”რ” ქვეპუნქტის თანახმად, „საჯარო შესრულება“ არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო შესრულებად ითვლება ნაწარმოების გამოსახულებათა ჩვენება თანამიმდევრობით.

 

ბერნის კონვენციის მე11 (I) მუხლის თანახმად, დრამატული, მუსიკალურ-დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ თავიანთი ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე, ნებისმიერი საშუალებით ან ხერხით განხორციელებული საჯარო შესრულების ჩათვლით.

 

შპს ,,ფ------------------“ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს, სადაც ხორციელდება საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზება. შესაბამისად, დასტურდება, რომ ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით საჯარო გადაცემაა, ვინაიდან, განკუთვნილია არა ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრის მიმართ, არამედ ფართო საზოგადოებისადმი. დასახელებული ფაქტი ცხადყოფს, რომ, სახეზეა, საჯარო შესრულება.

 

აღნიშნულის შემდგომ, მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და აქვს თუ არა ამ უკანასკნელს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევი პირისაგან ქმედების აკრძალვა. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა ''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და დასახელებული კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, კერძოდ:

 

''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

 

''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს: ა) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები; ბ) გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს; გ) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ან/და ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით; ე) გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს; ვ) შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით; ზ) განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით. დასახელებული მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ირკვევა რომ მოსარჩელე დარეგისტრირებულია, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, შესაბამისად, დგინდება ის გარემოება, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ მან არ იცოდა ქართული ენა და მისთვის არ იყო ცნობილი თუ რა დოკუმენტს და შეთანხმებას აწერდა ხელს, ვინაიდან სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარე თავად იყო ვალდებული ენის არ ცოდნის შემთხვევაში ესარგებლა თარჯიმნის მომსახურებით და მას არავინ ავალდებულებდა გაცნობის გარეშე დათანხმებოდა ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილი გარემოებაა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, შპს ,,ვ--–-–----------ის“ საავტორო ჰონორარის დავალიანება შეადგენს 2799.16 ლარს (იხ. 3.1.1. სადავო ფაქტ. გარემოება).

 

მხარეთა შორის დადებული სალიცენზიო შეთანხმების 4.4. პუნქტის თანახმად, შეთანხმების 2.1. პუნქტში მითითებულ ობიექტზე რესტორანში ,,ვ--–-–----------ი“ 32 დასაჯდომ ადგილზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური ან/და ცოცხალი საშუალებით მუსიკალური ნაწარმოებებისთვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 90.83 ლარს.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მხარეთა შორის დადებული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, ასოციაციას უფლება აქვს მოითხოვოს მოსარგებლისგან პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მოსარგებლეს ამ შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია, მოპასუხის დავალიანების ოდენობა მოსარჩელის მიმართ და ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელეს აქვს აღნიშნული დავალიანებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კანონმდებლობითა და სალიცენზიო შეთანხმებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძლიანია, და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია’’.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” მე-18, 65-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ს----------–----------------------–-----------–--–--- სარჩელი შპს ,,ვ--–-–-----------L---------------”-ის მიმართ, სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;

 

2.დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ვ--–-–-----------L---------------”-ს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ N------- და 0------ სალიცენზიო შეთანხმებებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის დავალიანების 2260,09 ლარისა და პირგასამტეხლოს 539,07 ლარის გადახდა;

 

3.დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ვ--–-–-----------L---------------”-ს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ 2016 წლის 08 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 2260,09 ლარის 0.1%-ის გადახდა;

 

4. დაეკისროს შპს ,,ვ--–-–-----------L---------------”-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია