გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.08.2018
საქმის ნომერი
160210118002505784
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
15.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 160210118002505784

საქმე #2/600-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 აგვისტო, 2018 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - ელ-------------ა

წარმომადგენელი - დი----------–--–-–---–ი

მოპასუხეები - აფ-–--------------ი, რა---–---------ი, არ---------------ი

წარმომადგენელი - ჯე---------------ი

თარჯიმნები - სუ-------------–---–ი, ნა--–-------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეებს აფ-–--------------ს, რა---–---------ს და არ---------------ს მოსარჩელე ელ-------------ას სასარგებლოდ 12 000 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2015 წელს მოსარჩელემ გაიცნო აფ-–--------------ი, რა---–--------ი და არ---------------ი, რომლებიც ცხოვრობენ მარნეულის რაიონის ს------–--------–--–-- აღნიშნული პირები მოსარჩელის სოფელში ყიდიდნენ ხახვს. მათ შეთავაზეს მოსარჩელეს, რომ მათთვის მიეყიდა მატყლი და ცხვრები. თითო სულ ცხვარში უნდა გადაეხადა 250 ლარი, ხოლო ერთ კილოგრამ მატყლში კი 5 ლარი. 2015 წლის ივნისის თვეში წაიყვანეს რვა სული ცხვარი, 2000 ლარის ღირებულების და ერთ კვირაში გადაუხადეს რვა სული ცხვრის საფასური 2000 ლარი. ამის შემდეგ ივლისის თვეში მოპასუხეებმა წაიყვანეს 30 სული ცხვარი 7500 ლარის ღირებულების. შეთანხმდნენ, რომ ცხვრების ღირებულება უნდა მიეცათ ცხვრების გაყიდვის შემდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ მოპასუხეებმა კიდევ წაიყვანეს 16 სული ცხვარი, 4000 ლარის ღირებულების და 100 კგ მატყლი, 500 ლარის ღირებულების და უთხრეს მოსარჩელეს, რომ ერთ კვირაში გადაუხდიდნენ მთლიან თანხას, 12000 ლარს, მაგრამ არ გადაუხადეს. მოსარჩელემ რამდენჯერმე მიაკითხა სახლში მოპასუხეებს, რომ მიეცათ დარჩენილი 12000 ლარი. ბოლოს მიაკითხა 2017 წლის 25 ივლისს სახლში, სადაც დახვდნენ სამივე მოპასუხე, რომლებმაც დაუწყეს ჩხუბი და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოაგდეს სახლიდან.

 

2.1. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეები სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობენ. აღნიშნავენ, რომ მოსარჩელესთან არასდროს არ ჰქონიათ სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს, არსებობდა თუ არა მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თუ არა მოსარჩელე ელ-------------ამ მოპასუხეებს 46 ცხვარი და 100 კილოგრამი მატყლი, გადაუხადეს თუ არა მოპასუხეებმა მოსარჩელეს შესაბამისი ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამასთან, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითიტებულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად სასამართლოს წინაშე წარმოდგინა მოწმეები. მოწმე ვა---------------ს ჩვენებით, მას მთაში ჰყავს ცხვრები, ვინაიდან ელ-------------ამ ნახა კლიენტი, მას ჩამოუყვანა ცხვრები. მან ე-–-----ს თითო ცხვარი მისცა 200 ლარად. ე-–-----სთან ცხვრების საყიდლად მოვიდა სამი ადამიანი, ერთ-ერთს ერქვა ალასტუნი. ცხვრები წაიყვანეს მისი თანდასწრებით, ,,ფორდი“-ს მარკის ავტომანქანით. ასევე წაიღეს მატყლიც. ე-–-----ს ფული არ მისცეს, არც ცხვრის და არც მატყლის. მოწმემ განაცხადა, რომ მყიდველები იყვნენ მამა და შვილები. აღნიშნულ ფაქტს მათ გარდა არავინ არ ესწრებოდა. აღნიშნული პირები იყვნენ მისულნი სამჯერ, აქედან ორ შეხვედრას თავად ესწრებოდა. მათ ერთხელ წაიყვანეს 30 სული ცხვარი, ხოლო მეორედ 16 სული ცხვარი. მოწმის განცხადებით, ე-–-----ს და აღნიშნული პირების საუბარს უშუალოდ არ ესწრებოდა. ე-–-----მ მას გადაუხადა 6000 ლარი, 30 ცხვარზე. აღნიშნულის შემდეგ, ე-–-----სთან ერთად მივიდა ვალის გამო სოფელ კირიხლოში, სახლში იყვნენ ალასტუნი და მისი დედ-მამა. მათ უთხრეს, რომ როცა პამიდვრის მოსავალი მოვა, ფულს მაშინ გადაუხდიდნენ.

 

მოწმე აგ--–--------ის განმარტებით, იგი არის ელ-------------ის ძმისშვილი. მის ოჯახს, ასევე ბიძას და მამიდას - ელ-------------ას ეკუთვნით ცხვრები. 2015 წელს, დაახლოებით შემოდგომაზე მამიდამისთან მივიდა 3 ადამიანი, რომელთა სახელები არ იცის. ისინი მივიდნენ ცხვრების საყიდლად, იგი ასევე ესწრებოდა საუბარს, მორიგდნენ ცხვრის ფასზე, თითო ცხვარში უნდა გადაეხადათ 250 ლარი. აღნიშნულმა პირებმა წაიყვანეს ცხვრები, ფული არ გადაუხდიათ, გადასახდელი აქვთ 12000 ლარი. ასევე წაიღეს ერთი ტ-------, დაახლოებით 45-50 კილოგრამი მატყლი. პირველად წაიყვანეს რვა სული ცხვარი, მეორედ 30 სული ცხვარი, მესამედ 16 სული ცხვარი.

 

მოწმე მა------------------ს განმარტებით, იგი არის ელ-------------ას თანასოფლელი, შეესწრო ფაქტს, როცა ე-–-----სთან მისული იყო სამი ადამიანი, ე-–-----ს მხრიდანაც სამნი იყვნენ, საუბრობდნენ, მაგრამ რას ეხებოდა საუბარი არ იცის. როგორც შემდეგში ე-–-----სგან გაიგო აღნიშნული სამი პიროვნება მისული იყვნენ ცხვრების საყიდლად. აღნიშნულ პირებს იგი არ იცნობს. მისულნი იყვნენ თეთრი ,,ფორდი“-ს ფირმის მიკროავტობუსით, რომლის ნომერიც მისთვის უცნობია. წაიყვანეს დაახლოებით 25-30 ცხვარი. შემდეგ გაიგო ე-–-----სგან, რომ ცხვრების საფასური არ გადაუხადეს და უთხრეს, რომ ჰქონდათ სათბურები და პამიდვრის მოსავლის გაყიდვის შემდეგ მისცემდნენ თანხას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოწმეების განმარტებები შეფასებული უნდა იქნას კრიტიკულად. მოცემულ შემთხვევაში მოწმეები არიან მოსარჩელის მხარდამჭერები, ისინი დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით, ამიტომ მათი განმარტებების ნამდვილობა უნდა შემოწმდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მოსარჩელეს მტკიცებულების სახით ასევე წარმოდგენილი აქვს სანოტარო წესით დამოწმებული ნა------–----ს და ვა---------------ს განცხადება, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ აფ-–--------------მა, რა---–--------მა და არ---------------მა, მათი თანდასწრებით ელ-------------ასგან წაიყვანეს 54 სული ცხვარი, თითოეულზე არ გადაუხდიათ 250 ლარი. ასევე წაიღეს 100 კგ მატყლი, რაზეც უნდა გადაიხადონ 500 ლარი. დღეის მდგომარეობით არ გადაუხდიათ 12000 ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვა--------------ი დაკითხული იქნა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით, რომელმაც განაცხადა, რომ ელ-------------ას და ცხვრების მყიდველების შეხვედრას მათ გარდა არავინ ესწრებოდა, მას არ მიუთითებია ნ------–------, როგორც მოლაპარაკების პროცესში ან ცხვრების წაყვანის პროცესში დასწრე პირზე. ასევე მოწმე აგ--–--------ს და მა-----------------ს არ მიუთითებიათ ნ------–------. ამასთანავე წერილობით მტკიცებულებაში გადმოცემულია, რომ ელ-------------ასგან მოპასუხეებმა წაიყვანეს 54 სული ცხვარი, რისი საფასურიც არ გადაუხადდეს ელ-------------ას. ხოლო თავად მოსარჩელე, ასევე დაკითხული მოწმეები ვა--------------- და აგ--–--------ი აცხადებენ, რომ ელ-------------ასაგან წაიყვანეს 46 სული ცხვარი, რომლის ღირებულება არ გადაუხდიათ. მოწმე აგ--–--------ის განმარტება, რომ ელ-------------ას არ გადაუხადეს ერთი ტ-------, დაახლოებით 40-45 კგ მატყლის ღირებულება, ეწინააღმდეგება მოსარჩელის განმარტებას, რომელიც აღნიშნავს, რომ მოპასუხეებმა მისგან წაიღეს 100 კგ მატყლი. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია. ამასთანავე მოწმეები დეტალურად ვერ გადმოსცემენ საქმის გარემოებებს, ისინი ვერ ახდენენ იმ პირების იდენტიფიკაციას, ვისთანაც სავარაუდოდ მოსარჩელეს ჰქონდა სავარაუდოდ სახელშეკრულებო ურთიერთობა. რაც შეეხება მტკიცებულების სახით მოსარჩელის მიერ შსს მარნეულის სამმართველოდან წარმოდგენილ ელ-------------ას განცხადებას და გამოკითხვის ოქმს, სასამართლო მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულების მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს. გარდა ამისა, აღნიშნულ მტკიცებულებებში ელ-------------ა აღნიშნავს მხოლოდ აფ-–--------------თან ურთიერთობის ფაქტს და არაფერს ამბობს დანარჩენ, მოპასუხეებად მითითებულ პირებზე, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელის სასამართლოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებასთან და მის სასარჩელო მოთხოვნასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების და მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, მოსარჩელე მხარეს სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში ვერ დგინდება მოსარჩელეს და უშუალოდ მითითებულ მოპასუხეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტი. ვერც ერთი მოწმე კონკრეტულად ვერ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვისთანაც დადო ელ-------------ამ ხელშეკრულება ცხვრების ნასყიდობის შესახებ.

 

ამდენად, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 69-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საფუძველი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ფორმირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული ფასი. ნასყიდობის ხელშეკრულება, ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგების ფორმასთან დაკავშირებით, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება და როგორც წესი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები შესაბამის პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან. ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი და შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდანაც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო.

 

ამდენად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი. თუმცა ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის და ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. გარკვეულ წესებს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით კანონმდებელი მხოლოდ ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც ამას თავად სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველყოფა მოითხოვს და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების სათაურად განსაზღვრეს ქირავნობის ხელშეკრულება, მისაღწევი მიზნის და ხელშეკრულების საგნის თავისებურებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა ემყარება საიჯარო ურთიერთობიდან წარმოშობილ ვალდებულებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო დაედასტურებინა მასსა და მოპასუხეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, კერძოდ, რომ მან მოპასუხეებს მიჰყიდა 46 სული ცხვარი. აღნიშნული გარემოების დამტკიცების შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ვალდებული იქნებოდა ემტკიცებინა მოსარჩელისათვის ცხვრების საფასურის გადახდის ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ გასაგებად და დამაჯერებლად ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, რაზეც სასამართლომ იმსჯელა სადავო ფაქტობრივ გარემოებებში. კანონის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს მისი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი). მან ეს ვალდებულება სათანადოდ ვერ შეასრულა, რადგანაც ვერ წარმოადგინა მოპასუხეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (იხ. საქართელოს უზენაესი სასამართლოს განმარტება საქმეზე Nას-279-264-17, 21.04.17) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული".

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ-------------ას სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 360 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ელ-------------ას სარჩელი აფ-–--------------ის, რა---–--------ის და არ---------------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც რა---–---------ს (პ/ნ28---------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი კირიხლო, ს/კ: 83.08.07.8-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე