გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.08.2018
საქმის ნომერი
330210018002468728
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
06.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/15741-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ო----- ჯ-----–--ე

მოპასუხე - შპს ,,ა-----ა’’

წარმომადგენელი - მ-------ა ლ-–--ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ა-----ა’’-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასარგებლოდ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ჯამში 19 339.54 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2015 წლის 14 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,ა-----ა’’-ს შორის დაიდო #- იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოიჯარემ განათავსა სავაჭრო აპარატები (ვედინგ მანქანები) შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე.

 

2012 წლის 2 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,ა-----ა’’-ს შორის დაიდო #- იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოიჯარემ განათავსა სავაჭრო აპარატები (ვედინგ მანქანები) შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე.

მოპასუხე აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე იხდიდა საიჯარო ქირას, მაგრამ მოგვიანებით მან შეწყვიტა საიჯარო ქირის გადახდა. რის შესაბამისადაც, 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს ძირ თანხას - 400 ლარს და პირგასამტეხლოს 1 501.40 ლარს, ხოლო 2012 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს ძირ თანხას - 3 516.13 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 9 576.05 ლარს.

 

2014 წლის 30 დეკემბერს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება მოპასუხის მიერ #-- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რომლის მიხედვითაც შპს ,,ა-----ა’’-მ აღიარა და სურვილი გამოთქვა მორიგების აქტის შესაბამისად გადაეხადა წარმოშობილი დავალიანება 54 599.13 ლარი, რაც მისი მხრიდან შესრულდა ნაწილობრივ და გადახდილ იქნა მხოლოდ 1- 456 ლარი. ვინაიდან, მოსარჩელეს მიმართული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მოპასუხის მიმართ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებისა და შეთანხმების აქტიდან გამომდინარე 2016 წლის 1 დეკემბრამდე დავალიანების გადახდის თაობაზე. მოპასუხეს დარჩა დავალიანება გადასახდელი შეთანხმების აქტის მიხედვით 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 14 აპრილამდე პერიოდისათვის 2 274.96 ლარი. დარჩენილი დავალიანების გადაუხდელობის გამო მოპასუხეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 14 აპრილამდე დაერიცხა საურავი 2 071 ლარი, შესაბამისად, მოპასუხეს სულ ჯამში გადასახდელი აქვს 4 345.96 ლარი.

 

შესაბამისად, 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 14 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს ჯამში 19 339.54 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე შპს ,,ა-----ა’’-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, მოპასუხემ სარჩელი ცნო 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 400 ლარის, ასევე 2012 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 3 516.13 ლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან მოპასუხემ მიუთითა აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული შეთანხმების აქტის მიხედვით არსებული დავალიანების დაკისრებაზე უკვე ნამსჯელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 2 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც მეიჯარეს და შპს ,,ა-----ა’’-ს, როგორც მოიჯარეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება #-, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანზე რიცხული უძრავი ქონებების გარკვეულ ფართზე შეთანხმებული რაოდენობით მოპასუხის სავაჭრო აპარატების განთავსება.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო (სარგებლობაში გადაცემის) ქირად განისაზღვრა თითოეულ განსათავსებელ აპარატზე თვეში 60 ლარი.

 

ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარე იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა: - საიჯარო ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - წლიური საიჯარო ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.26-29);

- ცვლილება საიჯარო ხელშეკრულებაში (ს.ფ. 30);

- საიჯარო ხელშეკრულების დამატება (ს.ფ. 31)

- შეთანხმება (ს.ფ. 32-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2015 წლის 14 იანვარს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება 2012 წლის 2 ივლისის საიჯარო ხელშეკრულება #--ზე, რომლის თანახმადაც შევიდა ცვლილება 2012 წლის 2 ივლისის #- საიჯარო ხელშეკრულების მე-6 მუხლში და განისაზღვრა, რომ მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ს.ფ.35-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2012 წლის 2 ივლისის #- იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიმართ ძირი თანხის - 3 516.13 ლარის და პირგასამტეხლოს 9 576.05 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2015 წლის 14 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც მეიჯარეს და შპს ,,ა-----ა’’-ს, როგორც მოიჯარეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება #-, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანზე რიცხული უძრავი ქონებების გარკვეულ ფართზე შეთანხმებული რაოდენობით მოპასუხის სავაჭრო აპარატების განთავსება.

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო (სარგებლობაში გადაცემის) ქირად განისაზღვრა თითოეულ განსათავსებელ აპარატზე თვეში 100 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდების ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეკისრება პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2015 წლის 14 იანვარის #- იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიმართ ძირი თანხის - 400 ლარის და დარიცხული პირგასამტეხლოს - 1 501.40 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. შს სამინისტროსა და შპს ,,ა-----ა’’-ს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების (2011 წლის 01.1-.1-; 2012 წლის 2 ივლისის #-; 2012 წლის 2 ივლისის #-; 2013 წლის 20 ნოემბრის #--) პირობების შეუსრულებლობის გამო შპს ,,ა-----ა’’-ს წარმოეშვა საიჯარო დავალიანება (პირგასამტეხლოს ჩათვლით) 2014 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით 54 599.13 ლარის ოდენობით;

 

2. შპს ,,ა-----ა’’ იღებს პასუხისმგებლობას ზემოაღნიშნული თანხა (54 599.13 ლარი) გადაიხადოს 2015 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 იანვრამდე (24 თვის განმავლობაში) თანაბარ წილად ყოველ თვე 2 274.96 ლარი, არაუგვიანეს მიმდინარე თვის 25 რიცხვისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტში თანხის გადარიცხვიდან (გადახდიდან) 3 სამუშაო დღის განმავლობაში;

 

3. შპს ,,ა-----ა’’-ს მიერ ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ს.ფ. 18-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე #2/3-----16 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს ,,ა-----ა’’-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,ა-----ა’’-ს დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ 72 486 ლარის გადახდა : ძირი - 65 548.17 ლარი; ჯარიმა - 6 938.31 ლარი.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:

 

2014 წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,ა-----ა’’-ს შორის შედგა შეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზე შპს ,,ა-----ა’’-მ აღიარა ზემოთ მოყვანილი იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებები 54 599.13 ლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება გადაეხადა აღნიშნული თანხა 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 იანვრამდე, ყოველთვიურად 2 274 ლარის ოდენობით. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, შპს ,,ა-----ა’’-ს მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მას ეკისრება პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 54-60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ დაეთანხმა 2015 წლის 14 იანვრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 400 ლარის და 2012 წლის 2 ივლისის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 3 516.13 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალე გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღებოს შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით ისე ნატურით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ დაეთანხმა 2015 წლის 14 იანვრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 400 ლარის და 2012 წლის 2 ივლისის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 3 516.13 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ როგორც 2012 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებით, ისე 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2012 წლის 2 ივლისის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 9 576.05 ლარი, ისევე როგორც 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების დარღვევიდან გამოდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1 501.40 ლარი შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით, კერძოდ 2012 წლის 2 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 500 ლარით, ხოლო 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე - 50 ლარით.

 

6.3.დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე #2/3-----16 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს ,,ა-----ა’’-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,ა-----ა’’-ს დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ 72 486 ლარის გადახდა : ძირი - 65 548.17 ლარი; ჯარიმა - 6 938.31 ლარი.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:

 

2014 წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,ა-----ა’’-ს შორის შედგა შეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზე შპს ,,ა-----ა’’-მ აღიარა ზემოთ მოყვანილი იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებები 54 599.13 ლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება გადაეხადა აღნიშნული თანხა 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 იანვრამდე, ყოველთვიურად 2 274 ლარის ოდენობით. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, შპს ,,ა-----ა’’-ს მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მას ეკისრება პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით უკვე არსებითად ნამსჯელია მხარეთა შორის 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს 4 345.96 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარის იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 16.5 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ა-----ა’’-ს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ 2012 წლის 2 ივლისის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 3 516.13 ლარის და პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ა-----ა’’-ს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ 2015 წლის 14 იანვრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 400 ლარის და პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა;

 

1.3. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა-----ა’’-ს მიმართ 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

 

2.დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ა-----ა’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 16.5 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია