განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-302-18
(N042150318001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15.08.2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი - ლევან ჯალაღანია,დაცვის მხარე: ადვოკატები - ქეთევან გოგბერაშვილი, ნაიმი იასაღაშვილი,ბრალდებული: გ------------ე
მამის სახელი: შ--–--
დაბადებული: 05.05.1--- წ.
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო-სპეციალური
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და მცხოვრები: ბოლნისი, დ-------------ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი - განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
გ------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა, პირადად ინახავდა და ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას - ვაზნებს.
2018 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის დ-------------ში, რ---------–ის ქუჩაზე, დასახლებულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გ------------ემ რამდენიმე მეტრის დადევნებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ვალის არსებობით გამოწვეული შურისძიების მოტივით, განზრახ მოკლა ბიძაშვილი რ-------------ე.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გარდაცვლილი რ-------------ის მეუღლის ლ------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მის ოჯახს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულთან. დაახლოებით 7 წლის წინ გ------------ემ საბერძნეთიდან სესხი გამოუგზავნა მის მეუღლეს. თანხის ნაწილი დაუბრუნეს, დარჩენილი იყო 3500$ ექვივალენტი ლარში. თანხის დაბრუნებას ითხოვდა გ------------ე, მათი ოჯახი ვერ ახერხებდა დაბრუნებას, რის გამოც ჰქონდათ უთანხმოება. მისი მეუღლე გ------------ეს ამ უკანასკნელის ძმის, ზ-------------ის მეშვეობით ჰპირდებოდა, რომ ა.წ. მაისის ბოლომდე კ--------ის სკვერის რეკონსტრუქციას, რომელიც ტენდერით ჰქონდა მოგებული, დაამთავრებდა და ვალს დაუბრუნებდა. მისი მეუღლე და გ------------ე ამ საკითხზე ბოლოს აღარ შეხვედრიან ერთმანეთს. 2018 წლის 15 მარტს, დილის 09 საათზე მისი მეუღლე წავიდა დ------------–ის ჯიპით კ--------ის სკვერთან. დაახლოებით 9-10 საათზე შეამჩნია, რომ ხალხი გარბოდა სკვერის მიმართულებით, ისიც წავიდა და ნახა, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილი იყო წყაროდან 5-6 მეტრში. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---------------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ რ---------–---–---–თან ერთად რ-------------ესთან მუშაობდა მუშად დ-------------ში, სკვერის რეკონსტრუქციაზე. შემთხვევის დილით, დაახლოებით 9-10 საათზე, რ-------------ემ სკვერში, სადაც მუშაობდნენ, მიიტანა ცემენტი. იგი ხარაჩოზე იყო ასული, რ---------–---–---–ი - ცემენტს ტვირთავდა ჯიპიდან. მოულოდნელად შემოესმა სროლის ხმა, დაინახა, რომ რ-------------ე გარბოდა, გ------------ე კი დაახლოებით 10-15 მეტრში მისდევდა ავტომატის სროლით. სკვერის წყაროდან პირველ, ჩ---–------ების სახლთან დაიჩოქა რ-------------ემ, შემდეგ ზიგზაგისებურად წავიდა, ისევ დაიჩოქა ყ----–---–---–ების სახლთან. გ------------ის მისვლისას ხელები აუწია რ-------------ემ და უთხრა, ფული უნდა მოგცეო. იგი სასწრაფოდ ჩამოვიდა ხარაჩოდან და რ---------–---–---–თან ერთად, კიბეების ქვეშ ძრომით გადავიდნენ ერთ-ერთ ეზოში, რომ მათაც არ მოხვედროდათ ტყვია. გაქცევისას კიდევ გაიგო ორი გასროლის ხმა. მისივე განმარტებით, სროლამდე რ----- და გ------------ეს შორის კამათის ხმა არ გაუგია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---------–---–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ რ-------------ესთან მუშაობდა მუშად დ-------------ში სკვერის რეკონსტრუქციაზე გ---------------–-–---–თან ერთად. შემთხვევის დღეს რ-------------ემ მიიტანა ცემენტი, რომლის გადმოტვირთვასაც დაახლოებით 20-30 მ-ში მისი მითითებით ახდენდა ა/მანქანიდან. ზურგშექცეულმა გაიგო ავტომატის 5-6 სროლის ხმა, გაიხედა, გამოიქცა გაჩერებისკენ და დაინახა, რომ რ-------------ე გარბოდა, რომელსაც კაცი მისდევდა მოკლელულიანი ავტომატით. შეშინებული სროლის გამო გაიქცა სახლისკენ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ-------------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის გ------------ის მეგობარი. შემთხვევის დღეს, დილით იყო რ-------------ესთან, ხელი ჩამოართვა თუ არა, გაისმა სროლის ხმა, რ-----ი გაიქცა, დაინახა, რომ გ-------------ე გაეკიდა სროლით. მესამე გასროლის დროს დაუვარდა გ----ს ტელეფონი. სროლისას ადგილზე იყვნენ ის და ორი მუშა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ--------–---–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 10 საათზე იჯდა დ-------------ის სკვერში. დაინახა, რომ რ-------------ემ მანქანით მიიტანა ცემენტი. ასევე დაინახა, რომ გ------------ემაც გააჩერა მანქანა, გადმოვიდა ა/მანქანიდან და გაიგო ავტომატიდან გასროლის ხმა. გასროლამდე მათ შორის შეკამათება არ ყოფილა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 02 ივლისის №004294018 ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური დასკვნის თანახმად:
- გამოსაკვლევი იარაღი (ჩარჩოზე ნომრით ”ям5511”) წარმოადგენს - ქარხნული წესით დამზადებულ (არსებული მარკირების მიხედვით - რუსული წარმოების, ”იჟევის” საიარაღო ქარხნის მიერ 1972 წ. დამზადებულ, 7.62 მმ კალიბრის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, კალაშნიკოვის კონტრაქციის 1947 წლის ნიმუშის (არანაკლებ ოთხი ერთეული) იარაღის ნაწილების გამოყენებით აწყობილ ავტომატურ იარაღს, რომელიც ვარგისია გასროლების საწარმოებლად.
- გამოსაკვლევი 29 (ოცდაცხრა) ცალი ვაზნა, წარმოადგენს - სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, სამხედრო დანიშნულების, 1947 წ. ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის (და მის შესაბამის კალიბრის მოდიფიკაციისთვის) განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ 7.62მმ (7.62X39მმ) კალიბრის ვაზნებს, აქედან (ექსპერიმენტში გამოყენებული) 3 ცალი ვაზნა ვარგისი აღმოჩნდა გამოყენებისათვის, დარჩენილი(19) მსგავსი ვაზნა მოცემული მდგომარეობით ვარგისი უნდა იყოს გამოყენებისათვის (სროლისთვის).
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული (FCD820665: FCD820666; FCD820667; FCD820668; FCD820672; FCD820673; FCD820675 ფუთებში და N 12 პაკეტში მოთავსებული) მასრები წარმოადგენენ - სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, 7.62მმ (7.62X39მმ) კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1947 წლის ნიმუშის და მოდელის, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის იარაღებისთვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ ზემოთხსენებულ 29 ვაზნის ნიმუშის შემადგენელ კომპონენტს - მასრებს, რომლებიც ნასროლია წარმოდგენილ ავტომატურ იარაღში (ნომრით ” ям5511”);
- NN 13; 14; 15 ქაღალდის პარკებში და FCD669767 (N2) პაკეტში მოთავსებულ ტყვიებს, ტყვიის გარსის ნაგლეჯებს და ტყვიის (რუხი ფერის ცილინდრული საგანი) მეტალის გულას ისინი ასევე წარმოადგენდნენ 7.62მმ (7.62X39მმ) კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1947 წლის ნიმუშის და მოდელის ვაზნის შემადგენელ კომპონენტებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს მათი ზემოთხსენებული მასრებისადმი (გასროლამდე) კუთვნილების შესაძლებლობას.
- N13 და N15 პაკეტში და FCD669767 (N2) პაკეტში მოთავსებული ტყვიები გასროლილია წარმოდგენილი იარაღიდან. (ნომრით ” ям5511”);
- რ-------------ის ტანსაცმელზე არსებული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვებით და (შუალედური წინაღობის არ არსებობის შემთხვევაში) განვითარებულია არა ახლო მანძილიდან სროლების შედეგად (ტ. 3. ს.ფ. 166-198).
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გვანცა შერაზადიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 13 ივლისის №004497118 სასამართლო-ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
- პაკეტში, წარწერით ”...გ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომატი, მჭიდები და ვაზნები ” მოთავსებული ავტომატისმაგვარი საგნის სასხლეტსა და დამცავ რკალზე (ობ.N3), სახელურებსა და ცევიოზე (ობ.N4) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ------------ის (ობ. N67) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე ავტომატისმაგვარი საგნის ქამარზე არსებული ბიო მასალის (ობ.N5) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული(ძირითადი) წილი და გ------------)ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N5-ის პროფილში რ-------------ის (ობ. N68) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ მჭიდებზე (ობ.N6) და მჭიდებში მოთავსებულ ვაზნებზე (ობ. N7,8) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ”...რ-------------ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ შარვალზე (ობ. N 19,20), ქურთუკზე (ობ. N23,24), საცვალზე (ობ. N25), მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N26), ერთ-ერთ წინდაზე (ობ.N27), ქუდზე (ობ. N28), სათვალეზე (ობ.N29) და საათზე (ობ. N30), პაკეტში წარწერით: ”... მუქი მოწითალო ფერის ლაქა...” მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ.N31) და პაკეტში, წარწერით: ”... მუქი მოწითალო ფერის ლაქა, ბიოლოგიურ ჩხირზე ა/მ ჟიგულის წინა მარჯვენა ფარიდან...” მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N32) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ-------------ეს ( ობ. N68);
- პაკეტში, წარწერით ”...რ-------------ის გვამიდან აღებული 3 ც. ანაწმენდი დოლბანდით. სახიდან, მარჯვენა და მარცხენა ხელი...” მოთავსებულ სახიდან (ობ. N57) და მარჯვენა ხელიდან (ობ.N58) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ღია მოწითლო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, ხოლო მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული მონაცრისფრო მოყავისფრო ლაქალ (ობ. N59) სისხლს არ წარმოადგენს. ობ. N57,58-ის პროფილი და რ-------------ის (ობ. N68) გენეტიკური პროფილი იდენტურია (ტ. 3. ს.ფ. 220-233).
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა შორენა კვიცარიძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 19 აპრილის №001735318 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
- რ-------------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული სისხლდენით. რ-------------ის გვამზე, გამოკვლევით, აღინიშნება ექვსი (5 გამჭოლი და 1 შემხები) ცეცხლნასროლი ჭრილობა. გულ-მკერდისა და მუცლის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობები/ ჭრილობები # 4-4/ა, 5-5/ა/, ერთობლიობაში და ცალ-ცალკე მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. გვამზე არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობები განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედებით.
- გვამზე არსებული როგორც ცეცხლნასროლი, ასევე მკვრივი საგნით მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (ტ. 2. ს.ფ. 5-16).
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მირიან ლეფსვერიძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.9. საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 17 აპრილის №002508218 სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: გ------------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ------------ე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი.
ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენის დროს გ------------ე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. დანაშაულის ჩადენის დროს იგი არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიური ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა მის ცნობიერებაზე და ქცევაზე(ტ. 2. ს.ფ. 149-163).
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა მანანა ბრეგაძემ და აკაკი ტყემალაძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------–-----ის, ზ-------------ის და ანზორ ყ----–---–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ გ------------ეს და რ-------------ეს ვალის გამო უთანხმოება ჰქონდათ. ასევე დაკითხული იქნენ მოწმეები ი------------ე, თ----------------–---–---–ი, თ------------–-–---–ი და ნ--–-----------------–ი, რომლებმაც შემთხვევის დროს გაიგონეს ავტომატის სროლის ხმა და ნახეს ძირს დავარდნილი რ-------------ე სისხლის გუბეში. სასამართლო სხდომაზე ასევე დაკითხული იქნენ ქვ. ქართლის სუს-ის მესამე განყოფილების უფროსი მევლუდ ბასილაშვილი, შსს ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები აკაკი უგრეხელიძე, თეა რეხვიაშვილი, ელნურ ვალიევი და კობა პაპიტაშვილი, გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს ქვ. ქართლის სამხარეო პოლიციის გამომძიებლებმა გიორგი თიგიშვილმა, სერგო შუბითიძემ და ნიკოლოზ რუბაშვილმა, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები; გამოქვეყნდა წერილობითი მტკიცებულებები და დათვალიერდა ნივთმტკიცება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მუშაობდა კვიპროსში და ჰქონდა დანაზოგი, რომელიც ბიძაშვილმა რ-------------ემ, რომელიც თითქოს ცემენტის ქარხანას აშენებდა, გამოართვა მოტყუებით. აღნიშნული თანხა აღარ დაუბრუნა, ემუქრებოდა იარაღით და დასცინოდა. მიხვდა, რომ ვალს ნებაყოფლობით არ დაუბრუნებდა, რის გამოც სასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა თანხა, მაგრამ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. 2018 წლის 15 მარტს, დილით, გასული იყო ა/მანქანით, რა დროსაც დაინახა, რომ რ-------------ის მანქანა იყო გაჩერებული, რომლიდანაც ეს უკანასკნელი 4-5 მ-ით იყო დაცილებული. ამოიღო ავტომატი, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე თბილისში იპოვა და მივიდა მანქანასთან. მის დანახვაზე რ-------------ემ მისი მისამართით თქვა, კიდევ მოვიდა ეს ნაბიჭვარიო და წამოვიდა მისკენ. მან უთხრა გაჩერებულიყო, თორემ ესროდა. რ-------------ე მაინც წამოვიდა, რადგან სურდა მანქანაში ჩაჯდომა და იარაღის აღება. იგი გაედევნა და ორჯერ ესროლა, რ-----მა წაიჩოქა, წამოდგა და გაექცა ისევ, მერე აღარ ახსოვს. ახსოვს მხოლოდ, რომ რ-------------ე ძირს ეგდო სისხლიანი. მისივე განმარტებით, რ-------------ესთან არავინ ყოფილა, რომ ყოფილიყო, დაინახავდა და არ ისროდა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ-----------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გ------------ის სახლიდან 60-70 მ-ში. შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 10 საათზე იყო სახლში, სიგარეტის მოსაწევად იდგა ფანჯარასთან, დაინახა, რომ გ------------ე მივიდა სახლში თავისი მანქანით, გამოვიდა მანქანიდან, ჩაიჩოქა კარებთან და შევიდა სახლში.მოგვიანებით გაიგო ამ მკვლელობის თაობაზე(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის დილას გავიდა ბირჟაზე, დაინახა გ---- მოდიოდა, ავტომატი ჰქონდა გადაკიდებული და ჩაიცუცქა. მან დაუძახა, გ----მ ყურადღება არ მიაქცია, დაჯდა მანქანაზე და წავიდა. მანამდე ავტომატის გასროლის ხმა არ გაუგია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----–-------–--ის (ბრალდებულის და) ჩვენებით დადასტურებულია, რომ ვალის აღებამდე მის ძმას და რ-------------ეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მოგვიანებით, როცა გ---- ვალს სთხოვდა, რ-----ი არ უბრუნებდა, ლანძღავდა და დასცინოდა მის ძმას(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ”ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი”. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა ყველაზე უფრო საშიშ ფორმას წარმოადგენს. ამ მუხლის პირველი ნაწილის "გ" პუნქტით მკვლელობის კვალიფიკაციისას აუცილებელია დადგენილი იქნეს თვით მკვლელობის ჩადენის საყოველთაო საშიშროება, რაც გარშემომყოფთათვის საფრთხის შემქმნელად ჩაითვლება. აღნიშნული ქმედების ჩამდენს შეცნობილი უნდა ჰქონდეს, რომ იგი მკვლელობას ჩადის ისეთი ხერხით და საშუალებით, რომელიც დაზარალებულის გარდა საფრთხეს უქმნის თუნდაც სხვა ერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული ქმედება შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. კანონის პოზიციიდან გამომდინარე, ამ პუნქტით ქმედების კვალიფიკაციისთვია სავალდებულო არ არის სხვა პირს მიაყენოს ფიზიკური ზიანი, ვინაიდან მკვლელობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს მისი შესრულების ხერხი და საშუალება.
დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისათვის. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ცივ იარაღთან შედარებით ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არ არის საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც; გასროლის შედეგად საბრძოლო მასალის (მაგალითად. ტყვიის) მოქმედების მანძილი, ძალა და სხვა საზიანო თვისება არ არის დამოკიდებული იმ პირის ფიზიკურ მონაცემსა და პროფესიონალიზმზე, ვინც მოახდინა გასროლა; ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების სამართლებრივ განმარტებასთან მიმართებით ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქ/პუნქტის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღი განმარტებულია, როგორც იარაღი რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად კი საბრძოლო მასალა, განმარტებულია, როგორც მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიცირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.
დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის.
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში ან შენახვაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით.
მართლსაწინააღმდეგო შეძენა შეიძლება გამოიხატოს კანონის დარღვევით ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში, ვალში გაცვლაში. შეძენა დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა პირს მიეცემა განკარგვის შესაძლებლობა.
მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება გამოიხატოს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენაში, იმ პირის მიერ ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს.
მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღის თანქონა პირის მიერ, ვისაც მისი ტარების კანონიერი უფლება არ აქვს.
სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძენს, ინახავს და ატარებს სსკ-ის 236-ე მუხლში ჩამოთვლილ საგნებს და სურს ეს.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.
5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ გ------------ეს რ-------------ის მკვლელობა ისეთ გარემოებებში არ ჩაუდენია, რომ საფრთხე შეექმნა სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების გ---------------–-–---–ის, რ---------–---–---–ის, ბ-------------–ის და თ--------–---–---–ის ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ-------------ის მიერ რ-------------ეზე ავტომატით სროლა განხორციელდა სკვერში, სადაც იმყოფებოდნენ როგორც სკვერის აღდგენაზე დასაქმებული მუშები გ---------------–-–---–ი და რ---------–---–---–ი, ასევე სკვერში, ე.წ. ბირჟაზე მყოფი თ--------–---–---–ი და თვით ბრალდებულის მეგობარი ბ-------------–ი, რომელთა ჩვენების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს და რომლითაც უტყუარად დადასტურებულია, რომ გ------------ეს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას(არაპირდაპირი განზრახვა).
6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ გ------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნულ მუხლთა კვალიფიკაციით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.
8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------ეს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა დაენიშნოს სასჯელი. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ქცევას მომხდარი დანაშაულის შემდეგ, ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის გათვალისწინებით თვლის, რომ გ------------ის უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.
9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
9.1. გ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
9.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:
- გ------------ის ტანსაცმელი - რუხი ჟილეტი, სვიტერი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, რ-------------ის ტანსაცმელი - ქურთუკი, პერანგი, შარვალი, ტრუსი, წინდა, ფეხსაცმელი, საათი, სათვალე, ქუდი და ქამარი, გ------------ის ა/მანქანა „ო---–--------ა“ სახ. #------- (განთავსებულია ქვემო ქართლის პოლიციის ავტოსადგომზე), ა/მანქანა „მ-–----–ი“, სახ. #--------- (განთავსებულია კ--------ის პოლიციის ავტოსადგომზე) ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, პომპიანი თოფი, 9 ცალი ვაზნა, ა/მანქანის პლასტმასის ჩარჩო, მობილური ტელეფონი აიფონი, - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს;
- სისხლის ანაწმენდები, სისხლისფერი ლაქის ანაწმენდი, ა/მანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, ტყვიის გულა, ხელის ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის კვალის, ნერწყვის, თმის და სისხლის ნიმუშები, მეტალის დეფორმირებული ფრაგმენტები და მასრები - განადგურდეს;
- გ------------ისგან ამოღებული ავტომატი, 2 მჭიდი, 8 ცალი ვაზნა, 20 ცალი ვაზნა და 1 ცალი ვაზნა - გადაეგზავნოს საქართველოს შსს სპეციალურ სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
(ა/მანქანანების გარდა, ყველა ნივთმტკიცება ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).
- სს საქმეზე დართული DVD დისკი შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით;
2. გ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 მარტიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:
- გ------------ის ტანსაცმელი - რუხი ჟილეტი, სვიტერი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, რ-------------ის ტანსაცმელი - ქურთუკი, პერანგი, შარვალი, ტრუსი, წინდა, ფეხსაცმელი, საათი, სათვალე, ქუდი და ქამარი, გ------------ის ა/მანქანა „ო---–--------ა“ სახ. #------- (განთავსებულია ქვემო ქართლის პოლიციის ავტოსადგომზე), ა/მანქანა „მ-–----–ი“, სახ. #--------- (განთავსებულია კ--------ის პოლიციის ავტოსადგომზე) ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, პომპიანი თოფი, 9 ცალი ვაზნა, ა/მანქანის პლასტმასის ჩარჩო, მობილური ტელეფონი აიფონი, - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს;
- სისხლის ანაწმენდები, სისხლისფერი ლაქის ანაწმენდი, ა/მანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, ტყვიის გულა, ხელის ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის კვალის, ნერწყვის, თმის და სისხლის ნიმუშები, მეტალის დეფორმირებული ფრაგმენტები და მასრები - განადგურდეს;
- გ------------ისგან ამოღებული ავტომატი, 2 მჭიდი, 8 ცალი ვაზნა, 20 ცალი ვაზნა და 1 ცალი ვაზნა - გადაეგზავნოს საქართველოს შსს სპეციალურ სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
(ა/მანქანანების გარდა, ყველა ნივთმტკიცება ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).
- სს საქმეზე დართული DVD დისკი შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი