გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1709-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ სილაგავა
მოსარჩელე - გე-------------–-ს
წარმომადგენელი - შა-–---------–---–ი
მოპასუხე - 1 - და-–--------–---–ი
წარმომადგენელი - გ---------–---–ი
2 - ლუ---------–---–ი
3 - გ---------–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეების და-–--------–---–ის, გ---------–---–ისა და ლუ---------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გე-------------–-სის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, წ---–---------------–--–-----------–--------------------ში პირველ სართულზე 19.50 კვ.მ. ფართი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------1----.--- და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს გე-------------–-სს.
1.2. მოპასუხეებს და-–--------–---–ს, ლუ---------–---–სა და გ---------–---–ს დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელე გე-------------–-სის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2016 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
( 2018 წლის 09 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:21:11სთ, ს.ფ. 133-141).
1.3. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა და მათმა წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2----–-–----------------- და-–--------–---–სა და გე-------------–-სს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, გე-------------–-სს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, წ---–---------------–--–-----------–--------------------ში I სართულზე 19.50 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდი N------1---------. ნასყიდობის საფასურად განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარი, ხოლო გამოსყიდვის უფლება განისაზღვრა 2----–-–--------------- ვადით.
(მტკიცებულება: გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 147-150)
3.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, წ---–---------------–--–-----------–--------------------ში I სართულზე 19.50 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით N------1--------- - რეგისტრირებულია გე-------------–-სის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით N---------- დამოწმების თარიღი: 10.1--2---–- ნოტარიუსი ე--–----–---–--
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 144-146)
3.2.3. გე-------------–-სის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე: ქალაქი თბილისი, წ---–---------------–--–-----------–--------------------ში I სართულზე 19.50 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით N------1--------- - ფაქტობრივად ფლობენ და-–--------–---–ი, ლუ---------–---–ი და გ---------–---–ი.
(მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება - 2018 წლის 09 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 133-141)
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას იმ გარემოების შესახებ, რომ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არ იმყოფება სადავო ქონება, ვინაიდან ისინი რეალურად ცხოვრობენ თე------------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ს. წ---–---------------------------–--–------ში, მეორე სართულზე არსებულ ბინაში. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით, გე-------------–-სს ქონება საკუთრებაში გადაეცა და-–--------–---–თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. შესაბამისად, ქონება წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას და იმყოფებოდა მის ფაქტობრივ მფლობელობაში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეთათვის გაგზავნილი სასარჩელო განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოპასუხეებს ჩაბარდათ სწორედ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული ქონების მისამართზე, რაც ადასტურდებს მოპასუხეთა მხრიდან სადავო ქონების ფლობის ფაქტს. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია, თუ ვის სარგებლობაშია დღეის მდგომარეობით ქონება, რის გათვალისწინებითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოპასუხეთა მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტს.
3.2.4. მოსარჩელემ აღძრული სარჩელით მოითხოვა მოპასუხეთათვის ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრება ქონების იჯარით გაუცემლობის გამო მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
(მტკიცებულება: სარჩელი, ს.ფ. 2-13)
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების ფლობის შედეგად, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც შეიძლება გამოხატულიყო ქონების გაქირავების შედეგად საიჯარო ქირის სახით სარგებლის მიღებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის მიყენებაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების შეუსრულებლობასა და ზიანის მიყენების ფაქტს შორის. ზიანის მიყენება, იქნება ეს პირდაპირ დამდგარი ზიანი თუ მიუღებელი შემოსავალი, უნდა ადასტუროს ამ მოთხოვნის მქონე პირმა და იმავდროულად უნდა ამტკიცოს და ადასტუროს კონკრეტული მტკიცებულებებით ზიანის ოდენობა, მისი მოცულობა. ზოგადად ვალდებულების შეუსრულებლობა, ყოველთვის ქმნის ზიანის მიყენების ვარაუდს, თუმცა მისი ანაზღაურების მოთხოვნისას, მომთხოვნი პირი ვალდებულია მიუთითოს და უტყუარად დაამტკიცოს როგორც ზიანი და მისი ოდენობა, ასევე უშულოდ ვალდებულების დარღვევის გამო ამ ზიანის წარმოშობა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება მისი კუთვნილი ქონების ფლობასა და სარგებლობაში, ზიანს აყენებს მას, ვინაიდან ვერ ახერხებს ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით სარგებლის მიღებას საიჯარო ქირის სახით. სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის განსასაზღვრად კი წარმოდგენილი აქვს აუდიტორული ფირმა შპს „-----------–----- მიერ 2----–-–----------------–- გაცემული დასკვნა. დასკვნის თანახმად, სადავო ქონების ყოველთვიური საბაზრო ქირის ოდენობა შეადგენს 300 ლარს. მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ მოპასუხე არ ეთანხმება ზიანის დაკისრების მოთხოვნას და გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოადგენილა მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ქონების იჯარით გაცემის შესაძლებლობას. მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, ვერ გახდება საკმარისი მტკიცებულება ზიანის მიყენების ფაქტის უტყუარად დადასტურებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მოპასუხეთა მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთაგან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-270-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, საჯარო რეესტრის ჩანაწერი მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხეთა მფლობელობაში და ისინი ვერ მიუთითებენ ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. ამდენად, გე-------------–-სის მოთხოვნა მოპასუხეთა მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 459-438-2015, 07.10.2015წ.).
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-307-291-2011, 24.10.2011წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხეთა მიერ უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის შედეგად მას ადგება ზიანი და ვერ ღებულობს სარგებელს მისი გაქირავების შეუძლებლობის გამო, სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად ზიანის ფაქტის უტყუარად დადასტურებისათვის.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, ზოგადად ზიანის მომტანია პირისათვის, რადგან მესაკუთრეს ყოველთვის აქვს ქონებით სარგებლის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მოდავე მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა შეძლოს და დაადასტუროს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. იმავდროულად, მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობისას, ზიანის სხვა კომპონენტებთან ერთად, აუცილებელია მოსარჩელის მიერ დადასტურდეს მოვალის წინასწარი მოლოდინი მისი მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების თაობაზე, მისი მოქმედების უშუალო კავშირი ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ მიუღებელ სარგებელთან. ყოველივე აღნიშნული კი მოსარჩელის მიერ ვერ განხორციელდა. ამდენად, მხარის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი სარგებლის სახით 2016 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული კი დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ იმავე მისამართზე მდებარე მეორე სართულზე. მოპასუხეები ვერ მიუთითებენ მოსარჩელის კუთვნილი ნივთით სარგებლობის უფლებამოსილებაზე და შესაბამისად, მესაკუთრე, რომლის უფლებაც აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით, უფლებამოსილია მოითხოვოს უკანონო მფლობელისაგან ნივთის დაუყოვნებლივ გამოთხოვა. შუამდგომლობის საფუძვლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ აუცილებლობაზე, რომ მოპასუხე მხარე მფლობელობაში არსებულ ნივთს იყენებს მესაკუთრის თანხმობის გარეშე და ნივთით სარგებლობა ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც ხელყოფს მესაკუთრის ინტერესს. მოსარჩელის მითითების საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილების აღსასრულებლად გადაცემასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია და არ დაუდასტურებია ის სამართლებრივი წინაპირობები, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა შუამდგომლობა უარყოფილ იქნეს და არ დაექვემდებაროს რეალიზებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა შუამდგომლობის დაკმაყოფილების და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გე-------------–-სის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 120 ლარს. სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადახდილი თანხა, რომელიც არ დაკმაყოფილდა, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რაც შეადგენს 324 ლარს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე გე-------------–-სის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეების და-–--------–---–ის, გ---------–---–ისა და ლუ---------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გე-------------–-სის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, წ---–---------------–--–-----------–--------------------ში პირველ სართულზე 19.50 კვ.მ. ფართი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------1----.--- და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს გე-------------–-სს.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გე-------------–-სის მოთხოვნა მოპასუხეების და-–--------–---–ის, ლუ---------–---–ისა და გ---------–---–ისათვის სოლიდარულად მოსარჩელე გე-------------–-სის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების 2016 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ.
2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. დაეკისროთ მოპასუხეებს და-–--------–---–ს, ლუ---------–---–სა და გ---------–---–ს სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა გე-------------–-სის სასარგებლოდ.
4. გე-------------–-სის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 324 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი