განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს----------------------------------
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქე-------------ე;
დაცვის მხარე:
არასრულწლოვანი ბრალდებული: ჯ--–-----------------------------------------–-------–-–-------------------------------------------------------------–----------–----------------–------------------------------------–-------------------------–-------------------------------------------------------–----------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
კანონიერი წარმომადგენელი: ირ---------------ა;
ადვოკატი: გა-----–---–---ი;
თარჯიმანი: ნუ-------------ა;
სხდომის სახე: დახურული,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 25 მაისს დღის დაახლოებით 13:00 საათზე, გარდაბნის რაიონის ს------–---------–-------------------–--------ში, ბურთის მოტანასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ჯა-–------------მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს 15 წლის მუ------------ს, სახის არეში ხელის ერთჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ამ ქმედებით ჯა-–------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც ქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რა თქმა უნდა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო და არ იწვევს მძიმე შედეგებს, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ან ადამიანის შრომისუნარიანობის დაკარგვასთან. ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლაში იგულისხმება ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც 21 დღეზე მეტ ხანს გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში პირი მწოლიარე მდგომარეობაშია და წართმეული აქვს შრომისუნარიანობა.
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მე-2 ნიშანია საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვა ერთ მესამედზე ნაკლებად. განსხვავებით ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლისგან, საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვისას ადგილი არა აქვს ადამიანის სხეულის რომელიმე ორგანოს ისეთ ავადმყოფურ მდგომარეობას, რომელიც სწრაფად ემორჩილება მკურნალობას.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყოველი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.
სუბიექტურ მხრივ ქმედების მოტივსა და მიზანს, როგორც წესი, არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. განზრახვა წარმოდგება მისი ორივე სახით - როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. განზრახვის დასაბუთებისათვის საკმარისია პირს გაცნობიერებული ჰქონდეს მისი ქმედების ფაქტობრივი შედეგი და არა სავალდებულოდ იცოდეს, თუ დაზიანების რომელ სახეს მიეკუთვნება იგი.
აღნიშნულ დანაშაულს (სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლს) გააჩნია მაკვალიფიცირებელი ნიშანები: ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. არასრულწლოვნად ითვლება პირი 18 წლამდე. ამასთანავე დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პირი, ვისაც უზიანებს ჯანმრთელობას, 18 წელს მიუღწეველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2018 წლის 25 მაისს დღის დაახლოებით 13:00 საათზე, გარდაბნის რაიონის ს------–---------–-------------------–--------ში, ბურთის მოტანასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ჯა-–------------მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს 15 წლის მუ------------ს, სახის არეში ხელის ერთჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: მუ------------ის, ჯა-–------------ის, მარ--–---------ს, ში-------------–----ს, ფ----–---------------------------------------------------------–-------------–----------------------------–----------------–---------------- გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ჯა-–------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ 42-ე პუნქტის თანახმად, ბავშვს, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, წაყენებულ ბრალდებებში მისი დამნაშავედ ცნობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ბრალდებების დამტკიცება ხდება გონივრულ ეჭვის ფარგლების მიღმა.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჯა-–------------ს მის მიერ განხორციელებული ქმედებით - გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაუზიანებდა ჯანმრთელობას 15 წლის მურთაზ ნაგიევს, რითაც ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ჯა-–------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ჯა-–------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯა-–------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას იგი იყო არასრულწლოვანი, ასევე იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, ჯა-–------------ი აღნიშნავს, რომ იგი შეესწრო, თუ როგორ ჩაგრავდა დაზარალებული თანატოლს, რომელიც ინკლუზიური განათლების პროგრამაშია ჩართული. ვინაიდან, დაზარალებულმა არ გაითვალისწინა ჯა-–------------ის მოწოდება ძალადობრივი ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჯ--–---მა დაარტყა მას. მოზარდი ნაწილობრივ იაზრებს მომხდარის სიმწვავეს. თვლის, რომ არასწორი იყო მისი ქმედება. ამავე დროს, არ იცის, სხვაგვარად როგორ უნდა დაეცვა დაჩაგრული თანატოლი. ჯ--–---ი მომხდარზე გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს. ოჯახი თანადგომას უცხადებს მოზარდს. მის მიერ ძალადობრივი ქცევის განხორციელებას არ იწონებენ. თუმცა, ჯ--–---ს უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებენ და განმარტავენ, რომ მოზარდი ყოველთვის ცდილობს სხვა ადამიანების დაცვას. ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ძალადობის სხვა შემთხვევა ჯ--–---ის მხრიდან არ დაფიქსირებულა. შეფასებისას მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობა არ გამოვლინდა. ჯ--–---ს მაპროვოცირებელი და კონფლიქტური ქცევები, იმპულსურობა არ ახასიათებს. იგი ხასიათდება როგორც მშვიდი, თავშეკავებული, პატიოსანი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა, რომელიც დადებითი ურთიერთობების დამყარებას ახერხებს როგორც უფროსებთან, ისე თანატოლებთან. შეფასებისას მიღებული ინფორმაციით, მოზარდი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო წარსულში, რადგან მშობლებს შორის იყო კონფლიქტი, რასაც მოზარდის დედის დაჭრა მოჰყვა მეუღლის მხრიდან, რის გამოც ჯ--–---ის მამა რამდენიმე წელი პატიმრობაში იმყოფებოდა. მოზარდი სახიფათო აქტივობებში ჩართული არ არის. ალკოჰოლს, ნარკოტიკებს ან ფსიქოაქტიურ მედიკამენტებს არ მოიხმარს, აზარტულ თამაშებს არ თამაშობს. ჯ--–---ი თამბაქოს მომხმარებელია. როგორც გამოვლინდა, არასრულწლოვანი სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. სწავლა არ უყვარს და არც მომავალში აპირებს სწავლის გაგრძელებას. მოზარდი სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის მხრიდან დადებითად დახასიათდა და მათ განმარტეს, რომ წარსულში არ გაუგიათ ჯ--–---ის მიერ ძალადობრივი ქცევის ჩადენის შესახებ. მოზარდს დისციპლინური სანქციები არა აქვს, სკოლას იშვიათად აცდენს. თუმცა, არ გამოვლინდა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს მის განვითარებაში. ჯ--–---ი კვირაში ორი დღე სავაჭრო საქმიანობითაა დაკავებული და მისი სამომავლო გეგმებიც ვაჭრობასთანაა დაკავშირებული. მოზარდის საცხოვრებელში დამაკამყოფილებელი პირობებია. არასრულწლოვანს საკუთარი კუთხე აქვს და საცხოვრებელი გარემო მისი განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს. ოჯახის ფინანსური მდგომარეობაც დამაკმაყოფილებლია. ოჯახის წევრებს შორის ნივთიერებებზე ან ქცევითი დამოკიდებულებების არსებობა არ გამოვლინდა. განმარტავენ, რომ ამჟამად არც ძალადობის ფაქტები ფიქსირდება. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, წარსულში მოზარდის მამა კანონთან კონფლიქტში იმყოფებოდა მეუღლეზე ძალადობის გამო. ოჯახს ფინანსური ვალდებულებები არა აქვს. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მოზარდს. ჯ--–---ს ბევრი მეგობარი ჰყავს, მათგან ერთი კანონთან კონფლიქტში იმყოფებოდა. თუმცა, არ გამოვლინდა, რომ აღნიშნული ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენდეს მოზარდზე. ჯ--–---ს დადებითი ურთიერთობები აქვს გარშემომყოფებთან, ჩაგვრის ობიექტი არ გამხდარა. სპორტული აქტივობებით დაკავებული არ არის. ნაკლებად რელიგიურია. ჯ--–---ს აქვს ძლიერი მხარეები, რაც გამოიხატა მისი პასუხისმგებლობის გრძნობასა და საკუთარი ქმედებების გააზრების უნარშიც. არასრულწლოვანი აგრესიული ქცევებით, იმპულსურობით, კონფლიქტურობით არ ხასიათდება. დესტრუქციული ტენდენციების არსებობა არ იკვეთება. თვითდაზიანების შემთხვევა არ ჰქონია. ეს ყველაფერი კი, ასევე, ჯ--–---ის ძლიერი მხარეებია. ოჯახს აქვს უნარი გააკონტროლოს მოზარდი. არასრულწლოვანი ფიზიკურად კარგადაა განვითარებული, ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს. დამაკამყოფილებელია მისი ემოციური მდგომარეობაც. ჯ--–---ს მომავლისადმი ოპტიმისტური ხედვა აქვს, მისი თვითშეფასება ადექვატურია, სტრესულ მდგომარეობასთან გამკლავების უნარები აქვს. ჯ--–---ს შშმ სტატუსი და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არა აქვს. მოზარდის დამცავი ფაქტორებიდან შედარებით ძლიერია ინდივიდუალური და ოჯახური ფაქრტორები და სუსტია საზოგადოებრივი ფაქტორები. მოზარდს აქვს ისეთი პიროვნული თვისებები, რაც მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის საფრთხეს მაქსიმალურად ამცირებს. ასევე, მოტივაცია, რომ ზიანი არ მიაყენოს ადამიანებს და კანონთან კონფლიქტში არ შევიდეს.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.”
”გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორიცელების შესახებ” (პეკინურ წესები) მე-17 მუხლის ”ა”, ”ბ”, ”გ” , ”დ” ქვეპუნქტების თანახმად, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპია სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას, ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობის და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით, პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევის არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა, არასრულწლოვანის კეთილდღეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი საქმის განხილვისას.
ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორიელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება, ისეთი სახის ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორებიც არის: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ზემოაღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლების დადგენა 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შესაძლებელია ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომლის დამზადება ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულოა სასჯელის დანიშვნის დროს. საბოლოოდ, მიღებული გადაწყვეტილება, კონკრეტული სასჯელის სახე და ზომა მხოლოდ და მხოლოდ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. ამდენად, ბავშვის საუკეთესო ინტერესი მოქნილი შინაარსის მატარებელია და ყოველი კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, იგი შესაძლოა სხვადასხვა გარემოებებზე მიუთითებდეს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი ქმედებისათვის, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჯა-–------------ს მიმართ გამოიყენოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემული სასჯელის გამოყენება შესაძლებელია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. სასამართლო აგრეთვე, მოკლებულია შესაძლებლობას სასჯელის სახით გამოიყენოს ჯარიმა, ვინაიდან, წარმოდგენილ საქმის მასალათა თანახმად, არ დგინდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 68-ე მუხლით დადგენილ გარემოებათა თანაარსებობა. მეტიც, ჯა-–------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 300 (სამასი) ლარის ოდენობით დღეის მდგომარეობითაც არ აქვს გადახდილი.
ნიშანდობლივია, რომ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აანალიზებს ჩადენილი ქმედების საზიანო ხასიათს არამხოლოდ მისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისათვის. ამასთან, იგი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას დაკისრებული სასჯელის შესრულებისათვის. მოცემული გარემოება, მნიშვნელოვნად ზრდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების აღსრულებას. ჯა-–------------ს აგრეთვე გააჩნია მომავლის გეგმები, რაც დაკავშირებულია ვაჭრობასთან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯა-–------------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს შინაპატიმრობა, ვინაიდან, სახეზეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლითა და 69-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. კერძოდ, ჯა-–------------ის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა, ხოლო ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, ჯა-–------------ის დამოკიდებულება ბრალად წარდგენილი ქმედებისადმი, მოსალოდნელი სასჯელის აღსრულებისადმი, მისი სამომავლო გეგმები და ოჯახთან დამოკიდებულება ფასდება დადებითად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 81-ე, 182-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯა-–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, განესაზღვროს შინაპატიმრობა 06 (ექვსი) თვის ვადით;
2. მსჯავრდებულ ჯა-–------------ს დაეკისროს ვალდებულება საცხოვრებელ ადგილზე ყოფნისა 23:00 საათიდან - 07:00 საათამდე;
3. ჯა-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე