განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2018
საქმის ნომერი
330100118002336597
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №--------

(№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

8 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ----- პ----ა,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ------- ვ----–ის ძე ჩ---------ი (დაბადებული - 1----–-–----- ო----------ს, უ------ის მოქალაქე, (პასპორტის №--------, პირადი №----------), უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: უ----------------------------–------–-----, ბინა №--ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-----------------–-----------------------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით).

 

ადვოკატები - მ-–----------–---–ი და ო-–----------ე

 

თარჯიმნები - ე-–---------–--ე, ხ------- ს------ე, მ------ კ--–----ე და ი------------ე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, უ------ის მოქალაქე ბ------- ჩ---------ი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. თბილისში, გ------–------------------ში მდებარე სავალუტო-გა -მცვლელი პუნქტის მოლარე-ოპერატორ ლ---–- ფ---–---–--ას და მოსთხოვა დიდი ოდენობით 7000 (შვიდი ათასი აშშ დოლარი) ფულადი თანხის გადაცემა, რაც 2018 წლის 28 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 17204,6 ლარს, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით

 

2.1.1. დაზარალებულ ლ---–- ფ---–---–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის სექტემბრის თვიდან დასაქმებულია ქ. თბილისში, ა---–------------------ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. იგი სამ დღეში ერთხელ მუშაობს 24 საათიანი გრაფიკით. 2018 წლის 28 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც დაახლოებით 20:00 საათისათვის მასთან შევიდა ბრალდებული და რუსულ ენაზე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, რაზედაც დაზარალებულმა თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ ხსენებული პირი, რომელსაც სვიტერი ეცვა და თავზე შავი ქუდი ეხურა, მიტრიალდა, მიხურა ჯიხურში შემოსასვლელი კარი, ამოიღო მოვერცხლისფრო იარაღი შარვლიდან, მიადო მინას და მოსთხოვა თანხის გადაცემა. იარაღის დანახვისას დაზარალებულს ძალიან შეეშინდა და მაგიდის ქვეშ არსებულ ღილაკზე თითის დაჭერით გამოიძახა დაცვის სამსახური დასახმარებლად, თავად კი გაიქცა მოსასვენებელ ოთახში. დაზარალებულის განმარტებით, მან იარაღი დანახვისას ნამდვილად აღიქვა, შეეშინდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების გამო. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მინა ტყვიაგაუმტარი იყო, პანიკაში ჩავარდა და მაინც შეეშინდა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი, რის შემდეგაც მასთან შევიდა ხსენებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გვერდით მდებარე ბარში მომუშავე გოგონა, რომელმაც დახმარება შესთავაზა. გამოძახებიდან დაახლეობით ორ წუთში მივიდნენ დაცვის სამსახურის და პოლიციის თანამშრომლებიც. აღნიშნული ფაქტის შემდგომ დაზარალებული მიღებული სტრესის გამო იყო შეშინებული და სანამ დააკავებდნენ ბრალდებულს, მას ოჯახის წევრები აკითხავდნენ სამსახურში, ვინაიდან მარტო ეშინოდა გადაადგილება.

 

2.1.2. 2018 წლის 29 იანვრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ლ---–- ფ---–---–--ამ წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ბ------- ჩ---------ი და განაცხადა, რომ ეს პიროვნება 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, ა---–------------------ში სავალუტო ჯიხურში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პისტოლეტით დაემუქრა და მოსთხოვა ფულადი თანხა.

 

2.1.3. დაზარალებულმა ნ---- ს---–----–---–მა საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ფლობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, რომელიც მდებარეობს ა---–------------------ში. ხსენებულ ობიექტზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი შეიტყო ობიექტის მენეჯერის - ი----- ა---–-----–---–ისგან. მისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის 28 იანვარს, მის კუთვნილ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შევიდა პირი, რომელსაც ჰქონდა იარაღი და მოლარე-ოპერატორისგან მოითხოვდა 7000 აშშ დოლარის გადაცემას. ჯიხურში დამონტაჟებულია ტყვიაგაუმტარი მინა, მაგრამ ოპერატორს, ლ---–- ფ---–---–--ას შეეშინდა და როგორც კი დაცვის ღილაკს მიაჭირა, მოსასვენებელ ოთახში გაიქცა. მოლარე-ოპერატორის დროული რეაგირების შედეგად თავდამსხმელს არაფერი წაუღია.

 

2.1.4. თვითმხილველი მოწმე ნ---- ს-----–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს შ-- „ს----“, იგივე „ა---------–-“, მდებარე, ქ. თბილისში, გ------ი ა---–------------------ში. 2018 წლის 28 იანვარს გახსნა ბარი 17:00 საათზე. დაახლოებით 20:00 საათისთვის გადაწყვიტა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის დახურდავება. როდესაც მიუახლოვდა, ნახა რომ შუშის კარები იყო მიხურული, რომელიც სხვა დროს ყოველთვის ღია იყო; კარების გაღებისას კი დაინახა მაღალი მამაკაცი, რომელსაც თავზე შავი ქუდი ეფარა და ხელთათმანი ეკეთა, მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა და მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი. აღნიშნული პირი ლაპარაკობდა რუსულ ენაზე და მოლარე-ოპერატორისგან მოითხოვდა თანხის გადაცემას. ვინაიდან მან პირველად ნახა შეიარაღებული პირი, შეეშინდა და გაიქცა ბარისკენ. როდესაც დაბრუნდა უკან, ნახა რომ მოლარე-ოპერატორი იყო აღელვებული და ტიროდა. ამ დროს მივიდა დაცვის პოლიციაც.

 

2.1.5. მოწმე ა------- მ--------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი. იგი, 2018 წლის 28 იანვარს საღამოს საათებში თავისი ავტომანქანით ემსახურებოდა ბ------- ჩ---------ის და მისი მითითებით გ------–------ის ქუჩაზე შეაჩერა მანქანა. ბრალდებულმა მას უთხრა, რომ დალოდებოდა, ის კი სახლში ავიდოდა გამოიცვლიდა ტანსაცმელს და დაბრუნდებოდა. მოწმე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ელოდა ბრალდებულს, რის შემდგომაც ეს უკანასკნელი დაბრუნდა უკან, თუმცა მას იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამის შემდეგ ბრალდებულს არ უთქვამს კონკრეტული მისამართი, მხოლოდ უთხრა, რომ პირდაპირ ევლო. შემდეგ მგზავრობის საფასური ხუთი ლარი გადაიხადა და ვ---–--–-------ის ასახვევში ჩამოვიდა ავტომანქანიდან.

 

2.1.6. 2018 წლის 29 იანვრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------- მ--------------მა წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ბ------- ჩ---------ი და განმარტა, რომ ეს არის სწორედ ის პირი, ვინც 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 19:50 საათზე, თბილისში, ვ-------ის მ-------ზე, კაფე „ი-------“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუჯდა ავტომანქანაში და რომელიც შემდგომ წაიყვანა ა---–------ის ქუჩაზე. ამოსაცნობმა პირმა ა---–------ის ქუჩის დასაწყისში მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ე---–--ის ქუჩაზე გააჩერებინა ავტომანქანა და უთხრა, რომ დალოდებოდა. ამის შემდეგ აღნიშნული პირი გადავიდა მანქანიდან და წავიდა ა---–------ის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ იგი დაბრუნდა დაახლოებით 7–8 წუთში მანქანასთან, რომელიც წაიყვანა რ---------–-----------ის გავლით ბ-------–---–ის ქუჩამდე, ვ---–--–-------ის გამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიამდე.

 

2.1.7. აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ მოწმე ა------- მ--------------ის მიერ ბ------- ჩ---------ისთვის ტაქსით მომსახურების გაწევის დროის მონაკვეთი, ასევე ის პერიოდი, როდესაც ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან და სთხოვა მძღოლს დალოდებოდა, ემთხვევა სწორედ დროის იმ მონაკვეთს, როდესაც ბრალდებულმა განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა.

 

2.1.8. 2018 წლის 30 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბ------- ჩ---------ის მითითებით, სასტუმრო „მ-------------------------იდან, სადაც ცხოვრობდა თავად ბრალდებული, ამოღებული იქნა შავი ნაქსოვი ქუდი, შავი ტყავის ხელთათმანები და მუქი ლურჯი, ნაქსოვი, ყელიანი სვიტერი. საგულისხმოა, რომ სწორედ აღნიშნულ ნივთებს ატარებდა ბრალდებული დაზარალებულზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებისას. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებასთან მიმართებაში არ ვრცელდება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას არ მომხდარა მოწმის სახით ბ------- ჩ---------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის გადამოწმება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთები იქნა ამოღებული და დამაგრებული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი წესით. შესაბამისად, ეს არის დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთების ადგილსამყოფელის მითითების ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილია აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე არის პირდაპირი მტკიცებულება და გააჩნია ცალკეული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებითი ხასიათი. ამასთან განსახილველი მტკიცებულების რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა არაერთი მოწმე, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი და მასში მონაწილე პირები (შსს ძ---–-------–-----------------–ოს მ--- განყოფილების გამომძიებელი დ--------------–---–ი, ექსპერტი ნ---- გ-----ე, სასტუმრო „მ----------“ ადმინისტრაციის წარმომადგენელი ზ------------ი). აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ადგილი არ ჰქონია ბ------- ჩ---------ის მიმართ რაიმე უფლების ან/და კანონის მოთხოვნათა დარღვევას; მითუმეტეს, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ბ------- ჩ---------ის მხრიდან არ გაცხადებულა რაიმე შენიშვნა ან პროტესტი.

 

2.1.9. ბ------- ჩ---------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი დასტურდება, ასევე ქ. თბილისში, გ------–------------------ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომელიც მხარეების მიერ უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი. აღნიშნულ ჩანაწერში აშკარად არის ასახული, თუ როგორ ადებს ბრალდებული ტყვიაგაუმტარ მინას იარაღს მოლარე-ოპერატორის მიმართულებით და მოითხოვს მისგან თანხის გადაცემას. ასევე ასახულია, თუ როგორ ტოვებს იგი შემთხვევის ადგილს. აღნიშნული წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას.

 

2.1.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–ოს მ--- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა ვ------- დ----------–---–მა დაადასტურა მის მიერ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტი.

 

2.1.11. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ შსს ძ---–-------–-----------------–ოს მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ო--------–---–ი, ა-–-----------------–---–ი, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–ოს მ--- განყოფილების უ-----------------------------------------–ი ჭ---–-----–-----ი, შსს ძ---–-------–-----------------–ოს მ--- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი თ------–------–---–ი, შსს ძ---–-------–-----------------–ოს მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ზ------------ე და შსს ძ---–-------–-----------------–ოს მ--- განყოფილების გამომძიებელი ზ------------ა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. ასევე დაიკითხნენ მოწმეები: ექსპერტ-კრიმინალისტი ლ-–----------ი, უფროსი ექსპერტ-კრიმინალისტი შ--–------------ე, ნ-----–------------ე, ა----------–--ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალო დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს. ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.1.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ ბ------- ჩ---------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მე-5 და მე-7 პუნქტებში მითითებული ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები (შემთხვევის ადგილის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 დისკზე, ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე, სავალუტო პუნქტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ცალ დისკზე, სავალუტო პუნქტი შ-- „ე-----------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ცალ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები ამოღებული დაქტილოფირებზე, ხელის კვლები დაქტილოფირზე, ბრალდებულ ბ------- ჩ---------ისგან აღებული დნმ-ის (ნერწყვის) და ხელის კვლების ნიმუშები, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის, ნაქსოვი ყელიანი სვიტერი და წყვილი შავი ფერის ტყავის ხელთათმანები, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქურთუკი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნა), ასევე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნა, მოწმეების: თარჯიმნების ლ------------ის, გ------ი ჩ----ის, ლ---–- გ------------ის, ვ------- ც---–---ის, მოწმე დ--------------–---–ის, ექსპერტ-კრიმინალისტების ნ---- ლ----ის, ლ-------------ის, ს---------------ის და ნ---- გ-----ის ჩვენებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.1.13. ბრალდებულმა ბ------- ჩ---------იმ საქმის არსებითი განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი თბილისში მრავალჯერ არის ნამყოფი და ამჯერად სამსახურებრივი ვიზიტით ჩამოვიდა 2018 წლის 15 იანვარს. ის საქართველოში დარჩენას აპირებდა ერთი კვირით, თუმცა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გაუგრძელდა ვიზიტის დრო. 2018 წლის 28 იანვარს, მან დილის საათებში, თავისი შვილებისთვის შეიძინა საჩუქრები, მათ შორის სათამაშო იარაღი. საღამოს საათებში ჭირდებოდა რა ქართული ვალუტა, გადაწყვიტა თავის მიერ ჩამოტანილი 5000 აშშ დოლარის გადაცვლა ლარში. ამ მიზნით, ის მივიდა ხსენებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. როდესაც ჯიბეში ჩაიყო ხელი ფულის ამოსაღებად, ნახა, რომ იქ ედო ხსენებული სათამაშო იარაღი, რომელიც ამოიღო მარცხენა ხელით მარცხენა ჯიბიდან და ვინაიდან იყო ნასვამ მდგომარეობაში, სცადა მოლარე-ოპერატორთან გახუმრება და გადაიტანა მარჯვენა ხელში. ხელი კვლავ ჩაიყო ჯიბეში, რათა ფული ამოეღო, მაგრამ მოლარე ოპერატორს შეეშინდა იარაღის დანახვისას, დაიწყო ყვირილი და გაიქცა სხვა ოთახში. ბრალდებულმა სცადა მისთვის აეხსნა, რომ ეს იარაღი არ იყო ნამდვილი, თუმცა ვერ შეძლო. ამის შემდეგ იგი გამოვიდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან და წავიდა ტაქსით კაფეში, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი. მოგვიანებით სხვა კაფეში გააგრძელა სმა. აქ მაგიდიდან გადმოუვარდა სათამაშო იარაღი და გატყდა. სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მან ეს იარაღი ნაგვის ურნაში ჩააგდო. ბრალდებულმა კატეგორიულად უარყო მის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.

 

2.2. ქმედების ჩადენა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით

 

2.2.1. დაზარალებულ ლ---–- ფ---–---–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, ა---–------------------ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, სადაც იგი მუშაობს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, შევიდა ბრალდებული ბ------- ჩ---------ი, რომელმაც მიადო იარაღი მის გასწვრივ მინას და მოითხოვა 7000 აშშ დოლარის გადაცემა.

 

2.2.2. 2018 წლის 4 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებლის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ნანახი იქნა ლარის მიმართ უცხოური ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, 2018 წლის 27 იანვრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდში. საგამოძიებო მოქმედების ოქმზე თანდართული ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან ამობეჭდილი გაცვლითი კურსის 2018 წლის 4 მარტის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 27 იანვარს, 1 აშშ დოლარი შეადგენს 2,4578 ლარს, ხოლო 2018 წლის 30 იანვარს 2,4950 ლარს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. ყველა ზემოხსენებული მტკიცებულების მხედველობაში მიღებით, ასევე ბრალდებულის ჩვენებისა და დაცვის მხარის პოზიციის მოსმენის შემდგომ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა ბ------- ჩ---------იმ ჩაიდინა მისთვის ინკრიმინირებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.8. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულ ბ------- ჩ---------ის უდანაშაულობის თაობაზე, ამასთან არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ ბრალდებულის ჩვენება რიგი გარემოებების მხედველობაში მიღებით:

 

3.8.1. ბრალდებულმა საკუთარ ჩვენებაში გააჟღერა ფაქტები, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ სხვა ყველა მტკიცებულებასთან, როგორც დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებებთან, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერთან, სადაც აშკარად არის ასახული ბრალდებულის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედება, რაც ადასტურებს მის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს. დაცვის მხარე შეეცადა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი წარმოეჩინა, როგორც უბრალო გაუგებრობა და ამასთან აპელირებდა იმ ფაქტზე, რომ ბ------- ჩ---------ის თან ჰქონდა სათამაშო იარაღი. ეს უკანაკსნელი გარემოება არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვინაიდან, როგროც თავად ბრალდებულიც აცხადებს, მან ხსენებული „სათამაშო იარაღი“ გადააგდო, ვინაიდან იყო დაზიანებული. თუმცა, ეჭვი რომც გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს საქმეში სათამაშო იარაღის არსებობის ფაქტი, აღნიშნული მაინც ვერ გამოდგება ბ------- ჩ---------ის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ისეთი სუბიექტური კრიტერიუმის შეფასება და დადგენა, როგორიცაა დაზარალებულის მხრიდან საფრთხის რეალურად აღქმისა და შიშის განცდის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნული დასტურდება, როგორც დაზარალებულ ლ---–- ფ---–---–--ას, ასევე თვითმხილველი მოწმის - ნ---- ს-----–---–ის ჩვენებებით. შესაბამისად, სასამართლოსთვის მიუღებელია ბრალდებულის ალოგიკური განმარტება, რომ თითქოსდა მან სცადა უცხო ადამიანთან იარაღის დემონსტრირებით გახუმრება, რაც რა თქმა უნდა არ არის სარწმუნო, მითუმეტეს, რომ არ არსებობს რაიმე დამაჯერებელი გარემოება, რის გამოც ბრალდებულს შესაძლოა გასჩენოდა უცხო ადამიანთან მსგავსი ფორმით გახუმრების სურვილი. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს რა ბრალდებულის ჩვენებას, მიიჩნევს რომ იგი არ არის სარწმუნო და მისი განმარტებები მიმართულია სასამართლოს შეცდომაში შეყვანისკენ და მოტივირებულია ამ გზით მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სურვილით.

 

3.8.2. ბრალდებულმა ბ------- ჩ---------იმ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში ასევე აღნიშნა, რომ მას ესაჭიროებოდა ქართული ვალუტა, თავად ჰქონდა აშშ დოლარი და დაზარალებულს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შესაბამისი თანხა, რათა გადაეცვალა მის ხელთ არსებული აშშ დოლარი ლარში. აღნიშნული კი, ლ---–- ფ---–---–--ამ ენის არასაკმარისად ფლობის გამო აღიქვა არასწორად, მუქარად, თითქოსდა ბ------- ჩ---------ი მას აიძულებდა თანხის გადაცემას. ბრალდებულის აღნიშნულ ჩვენებას სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა ლ---–- ფ---–---–--ამ როგორც გამოძიებისას, ასევე საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ მართალია იგი კარგად ვერ ფლობს რუსულ ენას, კერძოდ, ვერ საუბრობს რუსულ ენაზე, თუმცა რუსული ენა ესმის და მიხვდა, რომ ბ------- ჩ---------ი მისგან ითხოვდა 7 000 აშშ დოლარის გადაცემას იარაღის მუქარით, რამაც მასში შიშის გრძნობა გამოიწვია.

 

3.8.3. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ თითქოსდა დაზარალებული ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ შეეშინდა ბრალდებულის მხრიდან თავდასხმისას. აღნიშნულ ნაწილში სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შემთხვევამდე აკავშირებდათ რაიმე ნაცნობობა, ამასთან, არც თავად დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე ლოგიკური არგუმენტი იმის სამტკიცებლად, თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს დაზრალებულ ლ---–- ფ---–---–--ას კონკრეტული პირის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარისათის ვალდებულების დაკისრება, წარმოადგინოს თავისი ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულება და პოზიციის გასამყარებლი ინფორმაცია, არ შეიძლება განხილულ იქნეს ბრალდებულისათვის თავისი უდანაშაულობის მტკიცების ტვირთის დაკისრებად.

 

3.9. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ბ------- ჩ---------ის მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ბ------- ჩ---------ი 2018 წლის 28 იანვარს, თავს დაესხა ქ. თბილისში გ------–------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურს და იქ მყოფ მოლარე ოპერატორს - ლ---–- ფ---–---–--ას იარაღის დემოსტრირების და ხმამაღალი ფორმით მოსთხოვა 7000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადაცემა. აღნიშნულით შეშინებულმა დაზარალებულმა ღილაკზე ხელის დაჭერით გამოიძახა დაცვის სამსახური და გაიქცა მისკენ დამიზნებული იარაღიდან შორს, რაც ცალსახად ადასტურებს დაზარალებულის მხრიდან თავდასხმის რეალურობის აღქმასა და მასში შიშის განცდას. ასევე თავად ბრალდებულის ჩვენებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ იგი გატაცებულია აზარტული თამაშებით, ხშირად სტუმრობდა თბილისის სხვადასხვა კ-------ს და წაგებული აქვს გარკვეული თანხა; ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენისას, იგი სწორედ კ------- „–----------- ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჩაბარდა უწყება მოწმის სახით გამოძახების თაობაზე. ბ------- ჩ---------ის განზრახვას, ყაჩაღურად დაუფლებოდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში არსებულ თანხას დიდი ოდენობით, ადასტურებს ისიც, რომ ბრალდებულმა ჯერ დააზუსტა ინფორმაცია ჰქონდათ თუ არა კონკრეტული ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მისთვის საჭირო ოდენობის თანხა და მხოლოდ ამის შემდგომ იარაღის მუქარით მოითხოვა თანხის გადაცემა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აზარტულ თამაშებში თანხის წაგების გამო, ბრალდებულს შესაძლოა გასჩენოდა დამატებითი ფინანსური სახსრების საჭიროება, თუმცა ამის კანონიერად მოპოვების საშუალება არ ჰქონდა რა, განიზრახა ყაჩაღური თავდასხმის გზით დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლება. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას (დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, ბ------- ჩ---------ი დაზარალებულისგან მოითხოვდა 7000 აშშ დოლარის გადაცემას, რაც იმ დროისათვის მოქმედი კურსის გათვალისწინებით შეადგენდა 17204,6 ლარის ექვივალენტს; აღნიშნული კი ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.

 

3.10. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ბ------- ჩ---------იმ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

3.11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ მიზანს - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

3.12. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ ბ------- ჩ---------ი, 2018 წლის 28 იანვარს, თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს და მოლარე ოპერატორისგან მოითხოვა დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადაცემა იარაღის გამოყენებით. განსახილველ შემთხვევაში, თავდასხმის ფაქტი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით - სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერით, ასევე თვითმხილველი მოწმის ჩვენებით. ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის მიერ იარაღის ფლობის ფაქტი, აღნიშნულ ფაქტს თავად ბ------- ჩ---------იც არ უარყოფს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტს - იარაღი ნამდვილი იყო თუ სათამაშო, სისხლის სამართლის ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან დაზარალებულმა ის აღიქვა რეალურად, შეეშინდა, გაუჩნდა სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების საფრთხის შიში. ბრალდებულის მხრიდან დამატებითი თანხის საჭიროების არსებობა დასტურდება მისი აზარტული თამაშებისადმი დაინტერესებით, ასევე იმ ფაქტით, რომ ბ------- ჩ---------ი ჯერ დარწმუნდა მისთვის საჭირო ოდენობის თანხის დაზარალებულთან არსებობაში და შემდგომ უკვე იარაღის მუქარით მოითხოვა მისგან თანხის გადაცემა. შესაბამისად, სახეზეა პირდაპირი განზრახვა. ამასთან, ბ------- ჩ---------ის მიერ დაზარალებულისგან მოთხოვნილი ფულადი თანხა ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს და სახეზეა ქმედების დამამძიმებელი გარემოება - დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნის არსებობა.

 

3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.14. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ბ------- ჩ---------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება და ბ------- ჩ---------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ------- ჩ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - რვიდან თორმეტ წლამდე ვადით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულისათვის მიყენებულ ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს, ასევე იმ ფაქტს, რომ ბ------- ჩ---------ის არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შენთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მზინები.

 

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ------- ჩ---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, სავალუტო პუნქტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ცალ დისკზე, სავალუტო პუნქტი შ-- „ე-----------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ცალ დისკზე - დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მისი შენახვის ვადით.

 

- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ნაქსოვი ყელიანი სვიტერი და წყვილი შავი ფერის ტყავის ხელთათმანები, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქურთუკი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

- ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები ამოღებული დაქტილოფირებზე, ხელის კვლები დაქტილოფირზე, ბრალდებულ ბ------- ჩ---------ისგან აღებული დნმ-ის (ნერწყვის) და ხელის კვლების ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:

 

1. ბ------- ჩ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ბ------- ჩ---------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 იანვრის 01:50 საათიდან.

 

3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტო სურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, სავალუტო პუნქტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ცალ დისკზე, სავალუტო პუნქტი შ-- „ე-----------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ცალ დისკზე - დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მისი შენახვის ვადით;

- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ნაქსოვი ყელიანი სვიტერი და წყვილი შავი ფერის ტყავის ხელთათმანები, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქურთუკი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

- ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები ამოღებული დაქტილოფირებზე, ხელის კვლები დაქტილოფირზე, ბრალდებულ ბ------- ჩ---------ისგან აღებული დნმ-ის (ნერწყვის) და ხელის კვლების ნიმუშები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე