გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.08.2018
საქმის ნომერი
330310018002442806
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3/2886-18 15 აგვისტო, 2018 წელი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - მ-------------ა

მოპასუხე - შპს ”ქ--------–----------–ი"

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს ”ქ--------–----------–ისთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 515.98 ლარის ლარის ოდენობით;

1.3. შპს ”ქ--------–----------–ისთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 52.44 ლარის ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის 20 ივლისს შპს ”ქ--------–----------–ს", როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”დაცვამ” აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო დანაშაულის აღკვეთა ქ.თბილისში, გ-–---------------------------–ი, N74-ე კორპუსის მიმდებარედ "დამკვეთის" ოფისში მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით - თვეში 203 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების 2.1, 2.2 პუნქტები). ამავე ხელშეკრულებით, დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში "დამკვეთისათვის" ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნა დადგენილი (ხელშეკრულების 6.7 პუნქტი).

მტკიცებულება:

- 2017 წლის 20 ივლისის N1----- ხელშეკრულება (ს.ფ. 11-14)

 

3.2. ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის N17----3 ბრძანების თანახმად, 2017 წლის 24 ივლისიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ,,125-ის” განყოფილება უზრუნველყოფდა შპს ”ქ--------–----------–ის" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებას.

მტკიცებულება:

- N17----3 ბრძანება (ს.ფ. 15).

 

3.3. შპს ”ქ--------–----------–ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ №1----- ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში მიღებული მომსახურების საფასური 515.98 ლარის ოდენობით. კერძოდ, შპს ”ქ--------–----------–ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის 2017 წლის ივლისში მიღებული მომსახურების სანაცვლოდ არ გადაუხდია 51,03 ლარი, 2018 წლის აგვისტოში მიღებული მომსახურების სანაცვლოდ - 203 ლარი, 2018 წლის სექტემბერში მიღებული მომსახურების სანაცვლოდ - 203 ლარი, ხოლო 2018 წლის ოქტომბერში მიღებული მომსახურების სანაცვლოდ - 58,95 ლარი.

მტკიცებულება:

- ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 16).

 

3.4. შპს ”ქ--------–----------–ის" დირექტორმა ალ--------------------მ 2017 წლის 9 ოქტომბრის განცხადებით ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა.

მტკიცებულება:

- განცხადება (ს.ფ. 19)

 

3.5. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის №24----1 ბრძანებით შპს ”ქ--------–----------–ს" 2017 წლის 10 ოქტომბრიდან შეუწყდა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

მტკიცებულება:

- ბრძანება (ს.ფ. 20).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ”ქ--------–----------–ს" შორის ურთიერთობა 2017 წლის 20 ივლისის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, 2017 წლის 20 ივლისის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შპს ”ქ--------–----------–ის" მიმართ წარმოეშვა ობიექტის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების ვალდებულება, ხოლო შპს ”ქ--------–----------–ს" - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია, რომ შპს ”ქ--------–----------–მა" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა არ განუხორციელებია. ამდენად, შპს ”ქ--------–----------–ი" ვალდებულია, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს ამ უკანასკნელის მიერ 2017 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში განხორციელებული მომსახურების საფასური 515.98 ლარის ოდენობით.

6.1.2. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას ითვალისწინებს, როგორიცაა პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 20 ივლისის N1----- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის 2017 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით შპს ”ქ--------–----------–ის" მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების მოცულობამ 52.44 ლარი შეადგინა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანიდან გამომდინარე, შპს ”ქ--------–----------–ი” ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ბაჟის გადახდით გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. შპს ”ქ--------–----------–ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების მომსახურების ანაზღაურება 515.98 ლარის ოდენობით;

1.2. შპს ”ქ--------–----------–ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 52.44 ლარის ოდენობით.

2. შპს ”ქ--------–----------–ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია