გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017002236720
N2/5232-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ივნისი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - შპს „ქ. ბა-----------------–----------–-----------------------ო“
წარმომადგენელი - დი--ა მა------ე
მოპასუხე - შო----ა გუ-----ე
წარმომადგენელი - ვი----–ი ხა-–--–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული სამდიცინო მომსახურების ღირებულება 127.5 ლარი;
1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლო 109.77 ლარი.
მოსარჩელეების პოზიცია:
2015 წლის 10 თებერვალს, შპს „ქ. ბა-----------------–----------–-----------------------ოს“ ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსდა პაციენტი შო----ა გუ-----ე. გაიხსნა პაციენტის სტაციონარული სამედიცინო ბარათი (N663). მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც საავადმყოფომ ივალდებულა სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტისათვის, ხოლო მოპასუხემ მომსახურების სანაცვლოდ, მასზე დაკისრებული თანხის გადახდა. პაციენტის მიერ გადასახდელმა სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 127.5 ლარი. მოპასუხემ არ გადაიხადა მასზე რიცხული მომსახურების ღირებულება. ამდენად, დაერიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არსებული დავალი--ების 0,1% - 109.77 ლარი. მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს მოპასუხეს ჯამში 237.27 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მისი განმარტებით, გაწეული ხარჯები დაფარულია სრულად. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხარჯების ნაწილი დაიფარა აჭარის არ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო მედიკამენტები რაც მკურნალობისთვის იყო საჭირო, საკუთარის სახსრებით შეიძინა. მოპასუხემ სადავო გახადა სამედიცინო მომსახურების მოცულობა და ღირებულება. ანგარიში შედგენილია დაკორექტირებული სახით და მასზე არ არის არც მოპასუხის და არც მისი ოჯახის წევრის ხელმოწერა. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ საავადმყოფოდან გაწერისას მას რაიმე შეუსრულებელი ვალდებულება არ ერიცხებოდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 10 თებერვლიდან 1 მარტამდე, მოპასუხემ მკურნალობის კურსი გაიარა შპს „ქ. ბა-----------------–----------–-----------------------ოს“ ქირურგიულ განყოფილებაში, რა დროსაც გაიხსნა პაცინტის სამედიცინო ბარათი N663.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 28-33)
3.1.2. პაციენტსა და საავადმყოფოს შორის, 2015 წლის 10 თებერვალს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საავადმყოფომ ივალდებულა სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტისათვის, ხოლო მოპასუხემ, მომსახურების სანაცვლოდ, მასზე მომსახურების ღირებულების გადახდა. ასევე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში - პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არსებული დავალი--ების 0,1%. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად პაციენტს მკურნალობის ღირებულება უნდა გადაეხადა დამტკიცებული ტარიფის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება (ს.ფ. 34-35)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადავოა მიღებული სამედიცინო მომსახურეობის მოცულობა და მისი ღირებულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ღირებულებამ შეადგინა 127.5 ლარი, ხოლო პირგასამტეხლომ 109.77 ლარი. მოპასუხე არ ეთანხმება დავალი--ებას და განმარტავს, რომ მას დავალი--ება საავადმყოფოს წინაშე არ ერიცხება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომელი მხარის მტკიცების საგანში შედის სარჩელში და შესაგებელში აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელი მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს სადავო ფაქტები ანუ ვისკენაა მტკიცების ტვირთი. აღნიშნული საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ სადავო სამართალურთიერთობას არეგულირებენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავი--თი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები თუ ნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტი, რომლის თანახმად მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების მოცულობა თანმხლები კოდის მიხედვით და მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულების ღირებულება. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სამედიცინო მომსახურების მოცულობისა და ღირებულების ოდენობის მტკიცების ტვირთის მატარებელია მოსარჩელე, ხოლო სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზეა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო მომსახურების ღირებულების და გადამხდელის შესახებ საერთო ანგარიშს, რომელიც შეიცავს პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალს და ღირებულებას. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება განისაზღვრა: ძირითადი ნოზოლოგია კოდით K80.4 - მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი და თანხმლები ნოზოლოგია K 85.1. - პანკრეატიტი. როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, ამავე დოკუმენტით, სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ პირველი კოდის მიხედვით შეადგინა 2000 ლარით, რომელიც დაფინანსებული იქნა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 100 %-ით, ხოლო მეორე კოდის მიხედვით ღირებულება შეადგენდა 850 ლარს, ამავე პროგრამის შესაბამისად, პაციენტს გადასახდელად დაერიცხა თანმხლები კოდის 50 %, 425 ლარის 30 %-127.5 ლარი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მეორე ნოზოლოგიის ღირებულება (k 85.1) დაკორექტირებულია მონიტორინგის მიერ. ასევე, დადგენილია, რომ ანგარიში ხელმოუწერელია პაციენტის მხრიდან. დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო შეაფასებს სამართლებრივად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანგარიში
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი
-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1 მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ნარდობა, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ შეთანხმებული ანაზღაურების მიღების უფლება. სამართალურთიერთობის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტსა და საავადმყოფოს შორის 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საავადმყოფომ ივალდებულა სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტისათვის, ხოლო მოპასუხემ მომსახურების სანაცვლოდ მასზე დაკისრებული თანხის, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არსებული დავალი--ების 0,1%-ის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობისათვის ანაზღაურების ოდენობა და გაწეული მომსახურების მოცულობა. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის აზრით, მომსახურების ღირებულება ბოლომდე გადახდილი არ არის და დარჩენილი ღირებულება შეადგენს 127.50 ლარს, ხოლო მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფარგლებში მომსახურება არ მიუღია და შესაბამისად არც თანხა აქვს გადასახდელი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამედიცინო მომსახურების მოცულობასა და ღირებულების გაანგარიშებას შეიცავს საქმეში წარმოდგენილი „ანგარიში“. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი პაცენტის მხრიდან, ხოლო სადავო სამედიცინო მომსახურების ღირებულება დაკორექტირებულია მონიტორინგის მიერ. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უნდა შეფასდეს სამართლებრივად, ე.ი. უნდა დადგინდეს სახეზეა თუ არა მხარეთა ნამდვილი ნება ხელშეკრულების არსებით პირობებზე - მომსახურების მოცულობასა და ღირებულებაზე, შეთანხმებისას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ წარმოშობს კონტრაჰენტებისათვის შესაბამის უფლება-მოვალეობებს, როცა ყველა მის არსებით პირობებზე მხარეთა შორის მიღწეულია შეთანხმება. ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს მომსახურების მოცულობა და საზღაურზე შეთანხმება. დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მოცულობის და ანაზღაურების თაობაზე მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ სამედიცინო ანგარიშში. ამდენად, მოცემული ანგარიში წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს და მასზე უნდა გავრცელდეს გარიგების დადების წესები.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადებით მხარეებს წარმოეშობათ ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
წარმოდგენილი ანგარიში ხელმოუწერელია მოპასუხის მხრიდან, იგი არ ეთანხმება მასში მითითებული საზღაურის რაოდენობას და განმარტავს, რომ მასზე თანხმობა არ მიუცია, ე.ი. არ გამოუხატავს ნება გარიგების ამ ნაწილზე. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიაჩნია, რომ საავადმყოფოდან გამოწერის მომენტისათვის პაციენტს დავალი--ება არ ერიცხებოდა, ვინაიდან, არ არსებობს მხარეთა ურთიერთშეთანხმებული ნება ვალდებულების არსებობაზე. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ანგარიშში მითითებული მოცულობით გასწია მომსახურება, რომლის ღირებულება შეესაბამება ანგარიშში მითითებულს.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ შესაგებელში დაფიქსირებულ პოზიციას და განმარტავს, რომ წარმოდგენილი ანგარიშის მიხდვით, სამედიცინო მომსახურების ის ნაწილი, რომლის ღირებულებაც პაციენტს უნდა გადაეხადა ე.ი. თანმხლები ნოზოლოგიის შესაბამისი მომსახურება, დაკორექტირებულია მონიტორინგის სამსახურის მიერ, ანუ ცნობილია არანამდვილად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს რაიმე არგუმენტი არ წარმოუდგენია. მოპასუხემ, თავის შესაგებელში, სადავო გახადა მომსახურების ეს ნაწილი და განმარტა, რომ იგი მას არ მიუღია. საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ სამედიცინო მომსახურება ნოზოლოგიით K85.1, არ უნდა შევიდეს ხელშეკრულების საგანში და მისი ღირებულება არ უნდა დაემატოს მომსახურების ღირებულებას. აქედან გამომდინარე, სასამართლოს სარჩელი მიაჩნია უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც ბიუჯეტში უნდა დარჩეს გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ქ. ბა-----------------–----------–-----------------------ოს“ სარჩელი შო----ა გუ-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე