გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.08.2018
საქმის ნომერი
080210117001773601
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/153-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 აგვისტო, 2018 წ ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე, თამარ შალამბერიძე

 

მოსარჩელე - შპს „G--“

წარმომადგენელი – დ----- მ--–----

 

მოპასუხეები - 1. გ------ გ--------ი,2. ზ--- მ---------ე, 3. ნ----- ი-----–---–ი (წარმომადგენელი მ-----– ჯ-----ე)

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს გ------ გ--------ს და ზ--- მ---------ეს შპს „ჯ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სასესხო დავალიანების 2365 ლარის გადახდა;

 

1.2. მოპასუხეებს გ------ გ--------ს და ზ--- მ---------ეს შპს „ჯ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 23 იანვრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 1300 ლარზე, სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 230.62 ლარს;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ზ--- მ---------ეს და ნ----- ი-----–---–ს შორის 23.08.2016წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება როგორც მოჩვენებითი გარიგება და უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–---, კ---------, რ----------ის #1, ბ. 1, ს/კ 8------------------ აღირიცხოს საჯარო რეესტრში ზ--- მ---------ის საკუთრებად.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 09 მაისს გ------ გ--------მა განცხადებით მიმართა შპს „ჯ------ს“ და მოითხოვა სესხი. გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მასზე გაიცა სესხი 1300 ლარის ოდენობით, თვიური სარგებელი განისაზღვრა 17,74%, ვადა – 2016 წლის 19 ივლისამდე. ყოველდღიურად 26 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მსესხებელს ეკისრება ფიქსირებული პირგასამტეხლო სესხად მიღებული თანხის 20%-ის ოდენობით.

 

მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ზ--- მ---------ემ. მანვე აიღო ვალდებულება, რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მის დასრულებამდე არ გაასხვისებდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თ---–---, კ---------, რ----------ის #1, ბ. 1, ს/კ 8------------------. მიუხედავად ამისა, მან ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, 23.08.2016წ. მოჩვენებითი გარიგება გააფორმა ოჯახის წევრთან ნ----- ი-----–---–თან და მას გადაუფორმა აღნიშნული უძრავი ქონება, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, როდესაც საჯარო რეესტრიდან მიიღეს შესაბამისი განახლებული ამონაწერი ამ ქონებაზე.

 

2. მოპასუხეების გ------ გ--------ის და ზ--- მ---------ის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2365 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა მოთხოვნას და დამატებით განმარტა, ხელშეკრულების შინაარსი ცნობილი იყო მოპასუხისათვის, ასევე თავდებისათვის მისი სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე და რომ მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს: 1300 ლარი-ძირითადი თანხა, 546 ლარი-სარგებელი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე 200 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო -260 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 8 თვეზე - თვეში 104 ლარი, რომელსაც ემატება მის მიერ გაწეული ხარჯები: 100 ლარი სააპლიკაციო საფასური, 50 ლარი საგარანტიო თანხის, 50 ლარი ყადაღის დადების საფასური, 100 ლარი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახ.ბაჟი, 40 ლარის და 10 ლარი იურიდიული მომსახურების საფასური, 15 ლარი საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების, 21 ლარი - აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის, 12,60 ლარი საქართველოს ფოსტის მომსახურების საფასური,რაც მთლიანობაში შეადგენს 3586.60 ლარს, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს გ------ გ--------ს და ზ--- მ---------ეს სოლიდარულად.

მანვე მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ზ--- მ---------ეს და ნ----- ი-----–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება როგორც მოჩვენებითი გარიგება.

 

მანვე განმარტა, რომ ვინაიდან ზ--- მ---------ემ მის შვილს ნ----- ი-----–---–ს მოჩვენებით აჩუქა მისი კუთვნილი ქონება, მათ შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს და ქონება აღირიცხოს კვლავ ზ--- მ---------ის სახელზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა ზ--- მ---------ემ და ნ----- ი-----–---–მა ერთობლივი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა მხოლოდ 1846 ლარი. რადგან მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამება რეალობას, ამასთან შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლო. სესხის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და მხოლოდ გამსესხებლის გამდიდრებას ემსახურება (სკ-ის 346-ე მუხლი). იგი თანახმაა 1846 ლარის გადახდაზე ერთი წლით განწილვადების შემთხვევაში.

 

მოპასუხეთა ზ--- მ---------ის და ნ----- ი-----–---–ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ თანხის ნაწილში (1300 ლარი ძირი თანხა და 546- სარგებელი) და დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეებს არ ეკუთვნით მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) 71 დღეზე მეტი, არც პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან ის არ ყოფილა გათვალისწინებული ხელშეკრულებით და მასზე მხარეები არ შეთანხმებულან. მანვე განმარტა, რომ ზ--- მ---------ეს გ------ გ--------თან აკავშირებდა საერთო სავაჭრო ურთიერთობა, თუმცა დღეს სად იმყოფება იგი, მათთვის უცნობია.

 

რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულებას, ის არ წარმოადგენს მოჩვენებით დადებულ გარიგებას, რადგან ზ--- მ---------ის ერთადერთი შვილია ნ----- ი-----–---–ი და აჩუქა, გამოხატა რა კეთილი ნება და მადლიერება მის მიმართ. სხვა განზრახვა მის მარწმუნებელს არ ჰქონია.

 

მოპასუხე გ------ გ--------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი არ გამოცხადდა არც სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად უცნობია მისი პოზიცია სარჩელთან მიმართებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 09.05.2016წ. გ------ გ--------მა განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა სამომხმარებლო სესხი. მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #ბ153 და გაიცა სესხი 1300 ლარის ოდენობით, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 17,74%, ვადა 71 დღე, 2016 წლის 09 მაისიდან 2016 წლის 19 ივლისის ჩათვლით, ყოველდღიურად 26 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით და ფიქსირებული პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 20%. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება მითითებულ ვადაში სესხის და მასზე დარიცხული სარგებლის ვადაში დაბრუნების თაობაზე.

 

მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ზ--- მ---------ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– განაცხადი სესხზე ( ს.ფ. 18),– სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21),–სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 19),-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22-23).

 

3.2. მოპასუხე ზ--- მ---------ემ 09.05.2016წ. ხელწერილით იკისრა ვალდებულება, რომ აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მის დასრულებამდე არ გაასხვისებდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თ---–---, დაბა კ---------, რ----------ის ქ. #1, ს/კ 8------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ხელწერილი (ს/ფ 24)

 

3.3. დადგენილია, რომ ზ--- მ---------ემ 2016 წლის 23 აგვისტოს მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. თ---–---, დაბა კ---------, რ----------ის ქ. #1, ს/კ 8------------------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა შვილს ნ----- ი-----–---–ს და დაარეგისტრირა ხელშეკრულება საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჩუქების ხელშეკრულება (ს/ფ 27-30),- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 31-32)

3.4. დადგენილია, რომ მოპასუხეების გ------ გ--------ის და ზ--- მ---------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2365 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1300 ლარი, საპროცენტო სარგებელი – 546 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე – 259 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო 260 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს/ფ. 33)

 

3.5. დადგენილია, რომ ზ--- მ---------ე და ნ----- ი-----–---–ი არიან დედა-შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 623–ე, 625–ე, 417–ე, 418–ე, 420–ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625–ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, მან გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ის არ ყოფილა წარმოდგენილი კანონით დადგენილი წესით, ამიტომ სასამართლო მსჯელობს მხოლოდ წერილობით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ 2016 წლის 09 მაისს გ------ გ--------მა განცხადებით მიმართა შპს „G--“-ს და მოითხოვა სესხი 1300 ლარის ოდენობით, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #ბ153 და გაიცა სესხი 1300 ლარის ოდენობით, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 17,74%, ვადა 71 დღე, 2016 წლის 09 მაისიდან 2016 წლის 19 ივლისის ჩათვლით, ყოველდღიურად 26 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით და ფიქსირებული პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 20%. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება მითითებულ ვადაში სესხის და მასზე დარიცხული სარგებლის ვადაში დაბრუნების თაობაზე.

 

6.2. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ზ--- მ---------ემ.

 

6.3. მოვალეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა 1300 ლარი და პროცენტი არ დაუფარავთ, ამასთან სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში მოპასუხე ზ--- მ---------ემ სარჩელი ცნო, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 100 ლარამდე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არამხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა და არ აღემატებოდა 25%-ს. ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსარჩელე სესხს გასცემდა იგივე საპროცენტო განაკვეთით (თვეში 17.74%), რაც წლიურად შეადგენს 212,88%.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს თვეში 27,08 ლარის გადახდა (წლიური 25%), რაც სამ თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 81,24 ლარს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ზ--- მ---------ემ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მიუხედავად წერილობით გამოხატული ვალდებულებისა, ზ--- მ---------ემ მაინც გაასხვისა მისი საკუთრება და თავის შვილს ნ----- ი-----–---–ს უძრავი ქონება აჩუქა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, რათა თავი აერიდებინა იმ სასესხო ვალდებულების შესრულებისათვის, რომელიც მას სოლიდარულად აკისრია გ------ გ--------თან ერთად.

 

მოპასუხეებს ზ--- მ---------ეს და ნ----- ი-----–---–ს შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 23 აგვისტოს, როდესაც უკვე გასული იყო სესხის დაბრუნების ვადა და ზ--- მ---------ეს გ------ გ--------თან ერთად უნდა შეესრულებინა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამ ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას იურიდიული შედეგები მოჰყვეს. შესაბამისად ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება’’, ,,გარიგება’’ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ და ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი 20.01.2017წ.) მოპასუხე ნ----- ი-----–---–ის სახელზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თ---–---, კ---------, რ----------ის #1, ბ. 1, ს/კ 8------------------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 23.08.2016. აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენენ მოპასუხეები ზ--- მ---------ე და ნ----- ი-----–---–ი.

 

სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სადავო ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადების ვარაუდს, რაც სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით ამ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის პოზიციას, ზ--- მ---------ის მიერ შვილისათვის ქონების ჩუქების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, მოპასუხეებს ზ--- მ---------ეს და ნ----- ი-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ 100 ლარი.

 

ვინაიდან თანხის დაკისრების ნაწილში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს გ------ გ--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 60.39 ლარი, გ------ გ--------ს და ზ--- მ---------ეს სოლიდარულად - 5.90 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა - 40 ლარი და 10 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური -100 ლარი, ყადაღის დადების საფასური -50 ლარი, აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის -21 ლარი, საქართველოს ფოსტის მომსახურების -12,60 ლარი, საგარანტიო თანხა -57.14 ლარი, ხოლო 33.71 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ----- ი-----–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თ---–---, კ---------, რ----------ის #1, ბ. 1, ს/კ 8------------------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის საფუძველზე, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „G--“ -ის (წარმომადგენელი დ----- მ--–----) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხეებს გ------ გ--------ს და ზ--- მ---------ეს შპს „G--’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს სასესხო დავალიანების 1946 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1300 ლარი, პროცენტი – 546 ლარი, ჯარიმა 100 ლარი;

 

1.2. გ------ გ--------ს და ზ--- მ---------ეს შპს „G--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1300 ლარზე, სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა 81,24 ლარის ოდენობით;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ზ--- მ---------ეს და ნ----- ი-----–---–ს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თ---–---, კ---------, რ----------ის #1, ბ. 1, ს/კ 8------------------ და ეს ქონება აღირიცხოს ზ--- მ---------ის საკუთრებად;

 

3. მოპასუხე გ------ გ--------ს შპს „G--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 60,39 ლარი, გ------ გ--------ს და ზ--- მ---------ეს სოლიდარულად დაეკისროს - 5,90 ლარი, ხოლო ზ--- მ---------ეს და ნ----- ი-----–---–ს სოლიდარულად დაეკისროს - 100 ლარი;

 

4. მოპასუხეებს გ------ გ--------ს და ზ--- მ---------ეს შპს „G--“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა – 40 ლარი და 10 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური -100 ლარი, ყადაღის დადების საფასური -50 ლარი, აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის 21 ლარი, საქართველოს ფოსტის მომსახურების 12,60 ლარი საგარანტიო თანხა -57.14 ლარი, ხოლო 33,71 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ----- ი-----–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თ---–---, კ---------, რ----------ის #1, ბ. 1, ს/კ 8------------------ - გასხვისება, იპოთეკით და სხვა ვალდებულებით დატვირთვა,- დარჩეს ძალაში;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11);

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე