გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.08.2018
საქმის ნომერი
010210017002010295
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210017002010295

N2/2692-2017წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 აგვისტო 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გი-----აძე

 

მოსარჩელე - შპს” მო-----------------------------–-----------------ი“

წარმომადგენელი- გი-----ი მი---–--ე

მოპასუხე - ნონა ბო-–----ე

წარმომადგენელი- ირ---–ი ნა--–--ე

დავის საგანი - სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნონა ბო-–----ეს შპს „მი-----------------------------–-ა ემ-------------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 900 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა-300 ლარი, % (საკომისიო) – 60 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი; პირგასამტეხლო - 520 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

ნონა ბო-–----ე წარმოდგენილი შესაგებლით მხოლოდ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში. მისი განმარტებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი პირგასამტეხლოს და სარგებლის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე აფიქსირებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეუმცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქმის მთავარ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს „მი----------------------------–-----------------სა“ და ნონა ბო-–----ეს შორის, 2014 წლის 13 მარტს, დაიდო N22516 ელექტრონული ხელშეკრულება, სადაც ნონა ბო-–----ემ ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა სესხის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე და მიუთითა მისი ანგარიშის ნომერი. შპს „მი-----------------------------–-------------------ს“ მიერ სესხი გაიცა სესხის ძირითადი თანხა - 300 ლარი;

3.1.2. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 300 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 60 ლარი დაებრუნებინა 20 დღის ვადაში.

3.1.3. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%-ის ოდენობით

3.1.4. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია;

3.1.5. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მისი დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 300 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის ხელშეკრულება

-ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხე შესაგებელში სადავოდ გახადა ჯარიმის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას. ასევე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პოზიციის თანახმად, რომელიც მან დააფიქსირა მთავარ სხდომაზე, დავალიანება არის ხანდაზმული და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 2 აპრილამდე, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად მოპასუხეს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას, ეკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4.3 სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნულს სამართლებრივად განმარტავს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

6.2. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2014 წლის 13 მარტს გაფორმებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულება N22516.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 13 მარტს მოპასუხემ, 20 დღის ვადით, ისესხა 300 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს სესხით სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი - 60 ლარი. მოპასუხემ, ხანდაზმულობის მოტივით, სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მართალია, შესაგებელში მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი თუმცა, საქმის განხილვისასა, მთავარ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ არ ეთანხმება სარჩელს და მიაჩნია, რომ იგი ხანდაზმულია.

სასამართლო ვერ განიხილავს მოპასუხის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება, წარმოადგენს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია. სარჩელის უარყოფის ამ საფუძვლის შესახებ მხარეს არ მიუთითებია საქმის მომზადებს ეტაპზე და არც შესაგებელში. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული გარემოება, როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქმეში დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირის 300 ლარის და დარიცხული სარგებლის 60 ლარის დაკისრების ნაწილში და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

6.7. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს პირგასამტეხლოს განსაზღვრას გონივრულ ფარგლებში, რომელიც სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში, აშკარად, შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას. ანუ უფლება უნდა იქნეს გამოყენებული მართლზომიერად და კეთილსინდისიერად.

6.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%-ით. ასევე, დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 520 ლარი, სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, იგი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პრევენციული ხასიათი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხის რაოდენობასთან და არ უნდა გადაიქცეს მსესხებლის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ქმედებად. ამდენად, სესხის მოცულობის, დარღვევის ხასიათისა და დარღვევის ხანგრძლივობის გათვალისწინებით სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაერიცხოს 50 ლარი პირგასამტეხლოს სახით, რაც გონივრულ შესაბამისობაშია სესხის ოდენობასთან.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა სესხის ძირითადი თანხის 300 ლარის და სარგებლის 60 ლარის ნაწილში და ნაწილობრივ დააკმაყოფილა პირგასამტეხლოს ნაწილში, მოპასუხეს დააკისრა 50 ლარი. რის გამოც, მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განაწილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 23.5 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს მი-----------------------------–-ა ,,ემ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ნონა ბო-–----ეს დაეკისროს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ემ-------------ს“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა - 300 ლარი, სარგებელი - 60 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი და ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი;

3. მოპასუხე ნონა ბო-–----ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ემ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 23.5 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. მოპასუხე ნონა ბო-–----ეს დაეკისროს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ემას კრედის“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების თანხა 20 ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე