გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.08.2018
საქმის ნომერი
200210115001019494
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
14.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210115001019494

საქმე №2/245-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 აგვისტო, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე – სს ,,თ-----------’’

წარმომადგენელი – ნ-------------ა, ნ--------–--ა, ნ------–-–--–---–ი, გ---–---------–---–ი

მოპასუხე – ნ-----------------–---–ი

წარმომადგენელი - მ--------------–---–ი, ა-–-----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ-----------------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 2326.11 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2118.88 ლარი და ჯარიმა - 207.23 ლარი.

1.2. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 11 ივნისიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2118.88 ლარზე (არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში) 2017 წლის 11 სექტემბრამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოვეთვიურად შეადგენს - 63.56 ლარს.

1.3. ნ-----------------–---–ს დაეკისროს სს ,,თ-----------ს’’ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 119.36 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ, 159,14 ლარის გადახდა. (2018 წლის 26 აპრილის განცხადება, მოთხოვნის დაზუსტება. ს.ფ. 81)

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

სს ,,თ------------’’ და ნ-----------------–---–ს შორის 2014 წლის 17 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ-----------ს’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 12 რიცხვი. ხელშეკრულება დაირღვა 2015 წლის იანვარში და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ------------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს სს ,,თ------------’’ და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. ამის შემდეგ ახალი საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება. საკრედიტო ბარათზე T------------- უნდა დარიცხულიყო თანხა 3000 ლარი. რამოდენიმე დღის შემდეგ, ნ-----------------–---–მა სცადა თანხის განაღდება ბანკომატის მეშვეობით, მაგრამ თანხა ვერ გაანაღდა. მიმართა სს ,,თ-----------ს’’ ოპერატორს, რა დროსაც მან განუმარტა, რომ თანხას ვერ გაანაღდებდა, ვინაიდან თ-----------ს წესდების თანახმად, საკრედიტო ურთიერთობისთვის არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა 20-დან 65 წლამდე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 17 დეკემბერს, ხოლო მოპასუხეს 65 წელი შეუსრულდა 2014 წლის 22 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, მსესხებელს, რომ სცოდნოდა აღნიშნული გარემოება, არ დადებდა ხელშეკრულებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოპასუხის განმარტებით შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვს შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ,,თ------------’’ და ნ-----------------–---–ს შორის 2014 წლის 17 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ-----------ს’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 12 რიცხვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 17 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 15-18);

- განაცხადი საკრედიტო ბარათზე (ს.ფ. 19-20);

 

3.2.1. ხელშეკრულება დაირღვა 2015 წლის იანვარში და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. 2015 წლის 11 ივნისის მდგომარეობით ნ-----------------–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3215.95 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2118.88 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 1097.07 ლარი. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა და ნ-----------------–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2326.11 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2118.88 ლარი და ჯარიმა - 207.23 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი 01/01/2001-18/06/2015 (ს.ფ. 21);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 22);

- განცხადება (მოთხოვნის დაზუსტება) (ს.ფ. 81);

 

3.2.2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 17 დეკემბერს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. აღნიშნული თანხა გადატანილი იქნა თ----- ქარდის დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი 01/01/2001-18/06/2015 (ს.ფ. 21);

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 82-89);

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 90-107);

- ამონაწერი 01/01/2001-22/04/2018 (ს.ფ. 108);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საბანკო კრედიტი სესხის ნაირსახეობაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. განსახილველ ურთიერთობაში სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის საბანკო კრედიტის თაობაზე სპეციალურ ნორმებთან.

 

2014 წლის 17 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია T--------------ის ტიპის საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამასთან, მხარეები შეთანხმებულები არიან - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,თ-----------'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში T--------------ის განაცხადში მითითებული, რომ ამ განაცხადში მოცემული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი და სრულად შეესაბამება კლიენტის ნებას, დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას (T--------------ის განაცხადი, ს.ფ. 19-20).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და ჯარიმის გადაუხდელობას. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, აღნიშნული თანხა გადატანილი იქნა თ----- ქარდის დასაფარად.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გამომდინარეობს T--------------ის ტიპის საკრედიტო ბარათიდან, რაც დადებული იქნა 2014 წლის 17 დეკემბერს და წარმოადგენს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - T-------------, 3 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით.

 

T--------------ის განაცხადში - ანგარიშის გახსნის მიზნობრიობაშია მითითებულია სესხის გაცემა/დაფარვა (ს.ფ. 19-20). ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ბანკის მიერ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა, როგორც წესი, ხორციელდება კლიენტის თანხმობით, ნებართვის, დავალების ან მოთხოვნის საფუძველზე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. 3.2 პუნქტის თანახმად, კლიენტის ანგარიშებიდან ბანკის მიერ უაქცეპტო წესით (კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე) თანხების ჩამოწერა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: 3.2.1. ბანკის მოქმედი ტარიფების შესაბამისად მომსახურების საფასურის (საკომისიოს) ან/და პირგასამტეხლოს გადასახდელად; 3.2.2. შეცდომით ან/და კანონმდებლის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხული ან/და საეჭვო თანხ(ებ)ის უკან დასაბრუნებლად; 3.2.3. ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების დასაფარად ან ვალდებულების შესასრულებლად (იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ან ვალდებულება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი დგინდება თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით), ამასთან კლიენტი აცნობიერებს, რონ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით (ს.ფ. 90).

 

აგრეთვე ამონაწერებით (ს.ფ. 21; 82-88) ირკვევა, რომ თანხა გადატანილია თ----- ქარდის დასაფარად. შესაბამისად ის გარემოება, რომ მოპასუხე ნ-----------------–---–ს რომ სცოდნოდა ზემოთ მითითებული გარემოებების შესახებ, აღნიშნულ ხელშეკრულებას არ დადებდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია 2014 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებების პირობები.

 

6.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის 17.12.2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა 20 ლარი ერთჯერადად და დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამიტომ, ვალდებულების დარღვევა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 20.72 ლარის გადახდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.5. სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 11 ივნისიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2118.88 ლარზე (არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში) 2017 წლის 11 სექტემბრამდე წლიური 36% სარგებლის გადახდის ნაწილში, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 63.56 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. 2014 წლის 17 დეკემბერს სს ,,თ------------“ და ნ-----------------–---–ს შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტი განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. აღნიშნული ხელშეკრულების საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 5 კალენდარული დღე (22.12.2014-მდე). აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალისათვის 2015 წლის 11 ივნისიდან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2118.88 ლარზე (არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში) 2017 წლის 11 სექტემბრამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 119.36 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის სასამართოს გარეშე ხარჯის სახით - 159.14 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,თ-----------ს’’ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 119.36 ლარის ოდენობით. ვინაიდან სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ნ-----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელწმიფო ბაჟის 64.19 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე მოპასუხე ნ-----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი).

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საადვოკატო ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 85.58 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება. კერძოდ, თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით, მოპასუხე ნ-----------------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული თელავის რაიონის სოფ. კურდღელაურში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 53.07.42.049) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ვინაიდან სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი მოპასუხე ნ-----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე კმაყოფილდება ნაწილობრივ, არ არსებობს 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი მოპასუხე ნ-----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ნ-----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 17 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2139.6 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2118.88 ლარი და ჯარიმა - 20.72 ლარი.

 

3. სს ,,თ-----------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 11 ივნისიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2118.88 ლარზე (არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში) 2017 წლის 11 სექტემბრამდე წლიური 36% სარგებლის გადახდის ნაწილში, რაც ყოვეთვიურად შეადგენს - 63.56 ლარს, არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე ნ-----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე 64,19 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. მოპასუხე ნ-----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 20 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.

 

6. მოპასუხე ნ-----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 85.58 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი