განაჩენი

სისხლის სამართლის 22.08.2018
საქმის ნომერი
020100118002474171
დავის ტიპი
276 1
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002474171

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/290-18 22 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი ბ-------------–---–--

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული თ------------------------------------–-----–------------------–-------–-–------------–-----------------------–----------–----------------–--------------------------------–----------–-----------–--------–---------------------------------------------–-------–--------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

 

2.2. ადვოკატი ზ------------–---

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2016 წლის 3-------------ს ხობის რაიონის სოფელ ნ---------ს ტერიტორიაზე, სენაკიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი „ჰონდა ფიტი“ -ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით A--------, რომელსაც მართავდა თ--------------, გადავიდა სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, რის შემდგომ დაეჯახა საცხოვრებელი სახლის რკინის ღობეს და გადაბრუნდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო „ჰონდა ფიტი“-ს მარკის ავტომობილის მგზავრმა დ--------------მ.

მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას მძღოლმა თ--------------მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილი, რელიეფი, გზის და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტა მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - გაჩერდეს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.

მოწმეების: დ--------------–---–-ს და მ--------------ს ჩვენებებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო დაზიანებული მგზავრი დ-------------- და მძღოლი თ--------------.

მოწმე დ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართავდა საჭეს.

მოწმე თ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მგზავრი დ-------------- გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, მძღოლი ადგილზე იყო.

ამდენად, დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა ბრალდებული.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური ნორმა, რომელიც ზოგადად მიუთითებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე, თუმცა კონკრეტულად არ ჩამოთვლის მათ. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს სსკ-ის 276-ე მუხლის ზუსტი შინაარსი, აუცილებელია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების მოძიება სხვა ნორმატიულ აქტში. მოცემულ შემთხვევაში რელევანტური სხვა ნორმატიული აქტი არის ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის ნორმების დაცვაც ევალებოდათ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეებს. აღნიშნული კანონის 33.2. მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილი, რელიეფი, გზის და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტა მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–-------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ ღამის 2-3 საათზე მეზობელმა გააღვიძა, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდაო. ეზოში თავდაყირა ამოტრიალებული იყო მანქანა. ერთი ადამიანი იდგა და ყვიროდა, მეორე იყო გასისხლიანებული. მეზობლის ღობე დაზიანდა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ--------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 3-------------ს ხობის მონაკვეთზე 03:30 საათისთვის მიიღო შეტყობინება სამორიგეოდან, რომ სოფელ ნოჯიხევში იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. მივიდა ა---------–-------–--ს სახლში. ეზოში იყო ავტომანქანა. მიწაზე იწვა დაზარალებული დ--------------. წამებში სასწრაფო მოვიდა და გადაიყვანეს. მძღოლიც იყო ადგილზე - ბრალდებული. მძღოლმა თქვა, სენაკიდან ზუგდიდისკენ მოვდიოდი, ვერ ვუზრუნველყავი უსაფრთხო მართვა და შევვარდიო ეზოში. გამომძიებელიც წამებში მივიდა. სვირავაც იყო კონტაქტური. შემთხვევის ადგილი დაცული ჰქონდათ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 3-------------ს 03:30 საათზე ხობში პატრულირებისას სამორიგეოდან შეატყობინეს, რომ იყო საგზაო შემთხვევა. ნახეს ეზოში გადაბრუნებული ავტომანქანა. მგზავრი სვირავა იყო დაზიანებული. სასწრაფოდახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ის. შემთხვევის ადგილი დაიცვეს. მძღოლი ფხიზელი აღმოჩნდა. 4-5 კილომეტრში იყვნენ შემთხვევის ადგილიდან და 3-4 წუთში მივიდნენ. ადგილზე იქაური მაცხოვრებლები იყვნენ. დაზარალებული მინდორზე იწვა. მათთან ერთად მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----------–------ას ჩვენების თანახმად, ხმა გაიგო და გამოვიდა გარეთ. ბებიამისის სახლში იყო ავტომანქანა შევარდნილი. 2 კაცი იყო გარეთ გამოსული. ღობეში იყო მანქანა შევარდნილი. ბრალდებულის მამამ აღადგინა ღობე. დავით ცხადაიას ღობე იყო დაზიანებული.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დ--------------ს ჩვენების მიხედვით, ბრალდებულთან ერთად მოდიოდა თბილისიდან ზუგდიდში. ბრალდებული მართავდა საჭეს. თვითონ მძღოლის გვერდით იჯდა. ძაღლმა გადაირბინა და საჭე ვერ დაიმორჩილა ბრალდებულმა. გადავიდნენ მარჯვნივ, გაიტანეს ღობე, რის შემდეგაც ავტომანანა გაჩერდა. 120-130 კმ/სთ მოდიოდნენ. გადაბრუნდა ავტომანქანა. ყვრიმალის ძვალი და საფეთქლის ძვალი დაუზიანდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრალდებული ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ქალაქ სამარაში. მას იშვითად ეხმიანება. ფეისბუქში ათასჯერ ერთხელ წერს. ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არა აქვს. ამის მერე 1 თვე იყო ბრალდებული საქართველოში. არ იცის ბრალდებულმა, რომ მის მიმართ პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ პ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, რომელსაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. „ჰონდა ფიტი“ -ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით A--------, როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

მოწმე თ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 3-------------ს მიიღო შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევაზე. გავიდა ნოჯიხევში. ეზოში იყო დაზიანებული მანქანა. მგზავრი გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მძღოლი იყო ადგილზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები. მძღოლი ჯერ მარცხნივ გადავიდა გზაზე, მერე მარჯვნივ ღობეს დაეჯახა და გარეთ გადმოსწია.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ ზ----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ თ--------------ს მოქმედება არ შეესაბამება "საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 308-ე კილომეტრზე, ხობის რაიონის სოფელ ნ---------ს ტერიტორიაზე. გზის სავალი ნაწილი ასფალტირებულია, მშრალია და უდეფექტო. გზის სავალი ნაწილი შუაზე გაყოფილია უწყვეტი ღერძულა ხაზით. შემთხვევის ადგილზე საყრდენ წერტილად აღებულია ა---------–-------–--ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის ბოძი. ხობის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს ღორღიან გვერდულზე აღენიშნება საბურავის მოთრევის კვალი, რომელიც მიემართება ქ. ხობის მხარეს. აღნიშნული კვალის გასწვრივ ღორღიან გვერდულზე და ვაკისზე აღენიშნება მუხრუჭის კვალი, რომლის გვერდითაც არის პარალელური საბურავის კვალი. ა---------–-------–--ს საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაბრუნებულ მდგომარეობაში განლაგებულია ავტომობილი ,,ჰონდა ფიტი’’-ს, სახელმწიფო ნომრით A--------, ავტომობილი დაზიანებულ მდგომარეობაშია.

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილი, რელიეფი, გზის და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტა მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - გაჩერდეს. ირკვევა, რომ შექმნილ გარემო პირობებში ბრალდებულმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას არ გაითვალისწინა ადგილი, რელიეფი, გზის და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი და შეზღუდული ხილვადობა, რის გამოც გადავიდა სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, დაეჯახა საცხოვრებელი სახლის ღობეს და გადაბრუნდა.

 

2.2. რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს შედეგს - ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და მიზეზობრივი კავშირის არსებობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ მამუკა ნოსელიძის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზიანება შუბლ-საფეთქლის არეში არსებული ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნებით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–-------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მის ეზოში თავდაყირა ეგდო ავტომანქანა. 1 კაცი იდგა და ყვიროდა, II იყო გასისხლიანებული.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნახა ეზოში გადაბრუნებული ავტომანქანა. მგზავრი სვირავა იყო დაზიანებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ის.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დ--------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ გადაბრუნდა ავტომანქანა და ყვრიმალის ძვალი და საფეთქლის ძვალი დაუზიანდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოწმე თ------------ს ჩვენების თანახმად, ეზოში იყო დაზიანებული მანქანა. მგზავრი გადაყვანილი იყო საავადმყოფოში.

ამდენად, ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - დ--------------ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებასთან, ვინაიდან ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევით მისი ავტომანქანის მოძრაობა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად დაზარალებული ნაკლებად მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება გაუფრთხილებელ დანაშაულს წარმოადგენს, რაც შეიძლება განხორციელდეს გაუფრთხილებლობის ორივე ფორმით: როგორც თვითიმედოვნებით, ასევე დაუდევრობით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი, უტყუარი, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა, რის გამოც თ-------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

თ--------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უდნა იქნეს სასამართლოსთვის არიდება.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ვერ გაითვალისწინა არსებული საგზაო პირობები, სწორად ვერ შეარჩია მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე, მოძრაობის პროცესში ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ღობისთვის შეჯახება, ავტომანქანის გადატრიალება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (არ ცხადდება სასამართლოში), ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთის ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რის გამოც მის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის შეფარდება ქმნის მისი აღუსრულებლობის საფრთხეს, ხოლო დანიშნული სასჯელი მაშინ არის ეფექტური, როცა ის აღსრულებადია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების, ბრალის ხარისხის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ამასთან, საქმის გარემოებების, ბრალდებულის პიროვნების, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა მოითხოვს, ძირითად სასჯელთან ერთად გამოყენებულ იქნეს მუხლის სანქციით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელი - ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე დართულია „ჰონდა ფიტი“-ს მარკის სახელმწიფო ნომრით A--------, ავტომანქანა, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-------------- საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის - უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით.

თ--------------ს ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.

ნივთმტკიცება: ავტომობილი „ჰონდა ფიტი“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მფლობელს - შპს "მოგოს".

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია