გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/46-2018
130310018002493197
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აგვისტო, 2018 წელი ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - მ-----------–---–ი
მოპასუხე - ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ის საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - მ-----------ე
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დადგენილად იქნეს ცნობილი, რომ მ-----------–---–მა 1986-87 სასწავლო წელს დაამთავრა ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ის საშუალო სკოლის სრული კურსი და მასზე გაიცა ზოგადი განათლების ატესტატი.
მოსარჩელის პოზიცია:
1--- წლის 27 აგვისტოს N 9 ბრძანების საფუძველზე მ-----------–---–ი ჩაირიცხა ქ-----–ის რაიონის სოფელ დ----ის საშუალო სკოლის პირველ კლასში. სკოლის სრული კურსი მოსარჩელემ დაამთავრა 1--- წელს, რაც დასტურდება პედსაბჭოს N8 ოქმით, რომელიც დათარიღებულია 1--- წლის 22 მაისით. აღნიშნული ოქმის საფუძველზე მ-----------–---–მა მიიღო საშუალო სკოლის ატესტატი - სერია A №0-----.
მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ რესურსცენტრიდან გადაგზავნილი სკოლის 2018 წლის 23 და 24 აპრილის N 451697 და N 457853 წერილებით წარდგენილი იქნა 1--- წლის 22 მაისის N 8 პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი, რომელიც ეხება VIII-X კლასის მოსწავლეების გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვებას, თუმცა, აღნიშნული ოქმი არასრულყოფილია და არ არის მითითებული მოსწავლეთა სახელობითი სია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ის საჯარო სკოლამ შესაგებელში სარჩელი ცნო. მოპასუხემ მოსამზადებელ სხომაზე, გარდა იმისა, რომ სარჩელი ცნო, აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ერთ-ერთ ტექნიკუმში, სადაც ვერ ჩაირიცხებოდა, თუკი არ ექნებოდა საბაზო განათლების დამადასტურებული სათანადო დოკუმენტი.
3. მე-3 პირის პოზიცია
საქმეში მესამე პირი არ ჩართულა
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. მ-----------–---–ი 1--- წელს ჩაირიცხა სოფელ დ----ის საშუალო სკოლის პირველ კლასში და 1--- წელს დაამთავრა ამავე სკოლის სრული კურსი. (იხ. სსიპ ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----მის საჯარო სკოლის მიერ 2018 წლის 18 აპრილს გაცემული ცნობა, 1--- წლის 27 აგვისტოს ბრძანება №9, ს.ფ. 13-15; 38).
4.2. მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისი სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა განცხადება გადაუგზავნა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიმართა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სოფელ დ----ის საჯარო სკოლიდან გამოითხოვა მ-----------–---–ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. სკოლიდან გადაგზავნილი კორესპონდენციის მიხედვით, სკოლაში იძებნება მ-----------–---–ის ჩარიცხვის ბრძანება; ასევე წარდგენილ იქნა პედსაბჭოს N 8 სხდომის ოქმი, დათარიღებული 1--- წლის 22 მაისით, რომლის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად შეტანილია VIII-X კლასის მოსწავლეების გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვება, თუმცა, აღნიშნული ოქმი არასრულყოფილია და არ ჩანს მითითებულ წელს კურსდამთავრებულთა ვინაობა - არ არის მითითებული მოსწავლეთა სახელობითი სია. აქვე აღნიშნულია, რომ ატესტატის გაცემის წიგნში მითითებულია ამ ოქმის ნომერი და ჩანს მ-----------–---–ზე გაცემული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტიც - ატესტატი (სერია А, N0-----) და რომ ამ ატესტატის შესახებ ინფორმაცია დასტურდება კურსდამთავრებულზე გაცემული მოწმობების აღრიცხვის წიგნის მიხედვითაც. ამავე კორესპონდენციების თანახმად, სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება და არც საქართველოს ეროვნულ არქივს არ აქვს გადაცემული ცენტრალიზებულ დაცვაზე (იხ. სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტოს N 01/139797/გ გადაწყვეტილება ს.ფ 39-40-41).
სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით მ-----------–---–ს უარი ეთქვა ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, რადგან ვერ მოხერხდა მ-----------–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ მ---------–---–ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის წესით“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მიხედვით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. იმავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.
7.3. როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, მ-----------–---–მა დაამთავრა ქ-----–ის რაიონის სოფელ დ----ის საშუალო სკოლის სრული კურსი და მიიღო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მის მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი ადმინისტრაციული აქტი ვერ იქნა მოძიებული, რის გამოც იგი ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის დადგენას სასამართლოს მიერ. ამდენად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და აღიარებულ იქნეს მ-----------–---–ის მიერ ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ის საშუალო სკოლის ზოგადი განათლების დამთავრების ფაქტი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გადახდისაგან.
მოპასუხე სსიპ ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ის საჯარო სკოლამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე (საქმის მომზადების ეტაპზე) სრულად ცნო სარჩელი; ამიტომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დადგენილად იქნეს ცნობილი, რომ მ-----------–---–მა (პ/ნ 0----------, დაბადებული 1970 წლის 21 მაისს) 1986-87 სასწავლო წელს დაამთავრა ქ-----–ის რაიონის სოფელ დ----ის საშუალო სკოლის სრული კურსი და 1--- წელს მასზე გაიცა საშუალო განათლების მოწმობა (ატესტატი) სერია А №0-----.
3. მ-----------–---–ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. თანხა შეტანილია 2018 წლის 13 ივნისს სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300463150.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება, გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი