გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.08.2018
საქმის ნომერი
170210018002555169
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170210018002555169

საქმე #2/170-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აგვისტო, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი

მოსარჩელე: ნო-------------ი

წარმომადგენელი: ნუ------------–-----ძე

მოპასუხე: სსიპ წა-–---------–----–----------------–-----------------------------–ა

წარმომადგენლები: ალ----------ან, მა------------–---–ი

თარჯიმანი: სუ----------–---–ი

დავის საგანი: სახელფასო თანხის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაევალოს ნო-------------ის სასარგებლოდ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებლის შესაბამისი შრომის ანაზღაურების (ხელფასი) დანიშვნა, ასევე, დაეკისროს სხვაობის გადახდა, რომელიც ხელფასის სახით უნდა ანაზღაურებოდა.

 

სასარჩელო მოთხოვნა საბოლოო სახით დაზუსტდა და ფორმულირდა შემდეგნაირად:

 

მოპასუხე სოფელ და--------ს საჯარო სკოლას დაეკისროს ნო-------------ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების (სხვაობა) 1555,89 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მუშაობს სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფ. და--------ს საჯარო სკოლაში მასწავლებლად. განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის 26.03.2018 წლის გადაწყვეტილებით დადასტურდა მისი უმაღლესი განათლების T----------- დიპლომის ნამდვილობა. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. მიუხედავად აღნიშნულისა მოსარჩელეს არ ეძლევა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებლის შესაბამისი შრომის ანაზღაურება (ხელფასი) და იგი გათანაბრებულია ბაკალავრის ხარისხთან. მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნავს, რომ 2017 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით კანონის შესაბამისად იღებდა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგისათვის კუთვნილ ანაზღაურებას. მოგვიანებით, სსიპ და--------ს საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 30 იანვრის #1---- ბრძანების (რომელიც მოსარჩელის განმარტებით ოფიციალური წესით არ ჩაბარებია) შესაბამისად, გაცემული თანხა, ე.წ. ,,ზედმეტად გაცემული“ დაექვითა, რაც შეადგენს 1555.89 ლარს. მოპასუხე თვლის, რომ აღნიშნული თანხა მას უკანონოდ დაექვითა და უნდა დაეკისროს მოპასუხეს მისი 1555,89 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელს არ ცნობს და აცხადებს, რომ სსიპ წა-–---------–----–----------------–-----------------------------–ა უნდა დავალდებულდეს მოსარჩელე მხარეს გადაუხადოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის შესაბამისი ანაზღაურება. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებულ ანაზღაურებას ნო-------------ი 2018 წლის 26 მარტიდან სსიპ წა-–---------–----–----------------–-----------------------------–აში უკვე იღებს. ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას იმ სხვაობის დაკისრებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელფასის სახით უნდა მისცემოდა მოსარჩელე მხარეს. მოპასუხის განმარტებით, ნო-------------ი ნამდვილად მუშაობს სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ და--------ს საჯარო სკოლაში და მას ეძლევა მაგისტრის ხარისხის მქონე პედაგოგის შესაბამისი ანაზღაურება 2018 წლის 26 მარტიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, როცა მოხდა სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ნო-------------ის განათლების გათანაბრება მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან.

 

მოპასუხე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც სოფელ და--------ს საჯარო სკოლამ ნო-------------ს არაერთხელ სთხოვა სკოლისათვის წარედგინა მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მოსარჩელემ არ შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე სკოლის დირექციამ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან 2015 წლის 02 და 19 ოქტომბერს (ორჯერ) მოითხოვა ინფორმაცია ნო-------------ის მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ, რათა სწორად განესაზღვრა მისი ანაზღაურება. ნო-------------ს, 2017 წლის 07 ნოემბიდან 2018 წლის 26 მარტამდე, სსიპ და--------ს საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 07 ნოემბრის ბრძანება #1----- თანახმად, ერიცხებოდა ხელფასი ბაკალავრის ხარისხის შესაბამისი კოეფიციენტით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიღებული წერილის #2---------- შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ და--------ს საჯარო სკოლის დირქტორის 2017 წლის 07 ნოემბრის #1----- ბრძანების თანახმად, სოფელ და--------ს საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნო-------------ს მიეცეს ხელფასი ბაკალავრის ხარისხის შესაბამისი კოეფიციენტით 2017 წლის 07 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ და--------ს საჯარო სკოლის 2017 წლის 07 ნოემბრის #1----- ბრძანება (ს.ფ. 140 ).

3.1.2. სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ და--------ს საჯარო სკოლის დირქტორის 2017 წლის 30 იანვრის #1---- ბრძანების თანახმად, სოფელ და--------ს საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის და ბიოლოგიის მასწავლებლის - ნო-------------ის შრომის ანაზღაურებიდან მომდევნო 8 თვე შესაბამისი პროპორციული გადანაწილებით დაექვითა ზედმეტად გაცემული თანხა 1555.89 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ და--------ს საჯარო სკოლის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება #1---- (ს.ფ. 70);

- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 71).

 

3.1.3. განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის 26.03.2018 წლის #MES 2 18 00331502 გადაწყვეტილებით დადასტურდა ნო-------------ის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების T----------- დიპლომის ნამდვილობა. ასევე, შპს თბილისის საერო უნივერსიტეტ გაენათის მიერ 2010 წელს გაცემული უმაღლესი განათლების T----------- დიპლომის შესაბამისად, ნო-------------ს 2005 წელს მიენიჭა ქართულ-სომხური ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ნო-------------ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 26 მარტის განათლების განცითარების ეროვნული ცენტრის 26.03.2018 წლის #MES 2 18 00331502 დადასტურება (ს.ფ. 11-12);

- დიპლომის ასლი (ს.ფ. 13-15);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ და--------ს საჯარო სკოლის დირქტორის 2018 წლის 30 მარტის #1------ ბრძანების თანახმად, სოფელ და--------ს საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნო-------------ს მიეცეს ხელფასი მაგისტრის ხარისხის შესაბამისი კოეფიციენტით 2018 წლის 26 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ და--------ს საჯარო სკოლის 2018 წლის 30 მარტის #1------ ბრძანება (ს.ფ.131).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 1555.89 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ ხელმძღვანელობდა ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის N959 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“ მე-4 მუხლის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი.

 

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერრების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრის სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები: ა) სრული ზოგადი განათლება - 0,8; ბ) პროფესიული განათლება - 0,9; გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0; დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება - 1,1; ე) დოქტორის ან მაასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2.

 

,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 20 თებერვვლის N68 დადგენილების მე-6 თავში დადგენილის მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლის თანახმად, მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილების მიზნით, დადგენილია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიში მოქმედი მასწავლებლის შესახებ ელექტრონულ სისტემაში განთავსდება შემდეგი მონაცემები:

ა.ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ;

ა.გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;

ა.დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ;

ბ) მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში;

გ) ,,ა“ ქვეპუნტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია, შესაბამისი მასწავლებელი;

 

იმ გარემოებას, რომ მოხდა მოსარჩელისათვის დარიცხული (ხელფასის სახით გაცემული) თანხის დაქვითვა, ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 30 იანვრის #1---- ბრძანება სამსახურებრივი ბარათი და თვითონ მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები. ამის საფუძვლად მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ ვინაიდან მხარის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, აღნიშნული კი წარმოადგენდა მასწავლებლის კანონისმიერ ვალდებულებას - შესაბამისი დოკუმენტაცია დროულად აეტვირთა ელექტრონულ სისტემაში, რათა დამსაქმებლის მიერ მოხდეს მისთვის შესაბამისი ანაზღაურების მიცემა, მოხდა შესაბამისი ოდენობის თანხის დაქვითვა, რომლის ვალდებულებაც მოპასუხეს გააჩნდა როგორც ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 20 თებერვვლის N68 დადგენილებით, ასევე ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერრების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მოცემულობაში, მოსარჩელე მხარეს ვერ ექნებოდა შესაძლებლობა 2018 წლის 26 მარტამდე სათანადო წესით წარედგინა მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, უტყუარად დადასტურებულია მოსარჩელე ნო-------------ის მიერ მიღებული განათლება 2005 წლიდან უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, ამასთან, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს ხელფასი მის მიერ მიღებული განათლების შესაბამისად, სარჩელი, როგორც საფუძვლიანი და დასაბუთებული, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;

,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის N959 ბრძანება;

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერრების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სსკ-ის 1.2. მუხლი).

 

საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიმართ, მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. მოსარჩელემ კი, როგორც დასაქმებულმა, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი შრომითი ვალდებულება.

 

,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის N959 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“ მე-4 მუხლის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი.

 

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერრების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრის სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები: ა) სრული ზოგადი განათლება - 0,8; ბ) პროფესიული განათლება - 0,9; გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0; დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება - 1,1; ე) დოქტორის ან მაასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2.

 

,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების მე-6 თავში დადგენილის მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლის თანახმად, მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილების მიზნით, დადგენილია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიში მოქმედი მასწავლებლის შესახებ ელექტრონულ სისტემაში განთავსდება შემდეგი მონაცემები:

ა.ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ;

ა.გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების , აკადემიური ხარისხის შესახებ;

ა.დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ;

ბ) მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში;

გ) ,,ა“ ქვეპუნტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია, შესაბამისი მასწავლებელი;

 

აღსანიშნავია, რომ შესაგებელში მოცემული პოზიციის საფუძვლად მითითებული ფაქტის მხარდასაჭერად, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რითაც დაადასტურებდა სადავო პერიოდში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არარსებობას ან მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი: ”მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელია ამ პრინციპის საპირისპიროდ, მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადაკისრება: საკითხი შეეხება ისეთ ნეგატიურ გარემოებას, რაც მტკიცებადია სწორედ მოპასუხის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელის განათლების აკადემიური ხარისხის, როგორც მაგისტრის აკადემიური ხარისხის არ აღიარება იმ პერიოდზე, რა პერიოდზეც მოხდა ხელფასის დაქვითვა, არ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე სამართალწარმოებაც უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით თუ რამდენად დადასტურდა მოსარჩელის მიერ ჯერ შესაბამისი სადავო პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების გარემოება, შემდგომ შრომის კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობის გარემოება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა მოპასუხის მიმართ თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა და დაასაბუთა თავის შესაგებელში მითითებული პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით, ასევე სასამართლოში სამართალწარმოების დროს მიღებული მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ცალსახად დადგენილია გარემოება, რომ მოსარჩელის ნო-------------ის მიმართ 2017 წლის იანვრიდან დაქვითული ხელფასის 1555.89 ლარის ოდენობით ანაზღაურება არ განხორციელებულა. ეს გარემოება, როგორც ზემოთ ნამსჯელი სამართლებრივი მოცემულობის შესაბამისად, ცალსახად ამ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას განაპირობებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტით თანახმად, ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნო-------------ის სარჩელი მოპასუხე სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფ. და--------ს საჯარო სკოლის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფ. და--------ს საჯარო სკოლას მოსარჩელე ნო-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1555.89 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე სსიპ წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფ. და--------ს საჯარო სკოლას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა