გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0202108180-2570519 (2/1501-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.08.2018 წ. ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
განმცხადებელი ჯე---–-------ა
განმცხადებელი ნა--------–-ა
დაინტერესებული პირი დი---------ა
დავის საგანი: შვილად აყვანა
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
31.07.2018 წ ჯე---–-------ამ და ნა--------–-ამ განცხადებით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს სრულწლოვანი პირის დი---------ას (დაბ. 18.07.20-- წ) შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მათი მტკიცებით, მათ შორის უკვე არსებობს მშობლებისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა.
განცხადებაში მითითებულია, რომ განმცხადებლები 20-- წლიდან ზრდიან დი---------ას, რომელიც ჯე---–-------ას ძმისშვილია და მისი ბიოლოგიური მშობლები თანახმანი არიან შვილებაზე.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმე და შეკრებილი მტკიცებულებების გამოკვლევითა და შეფასებით მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
თვითონ დი---------ა სასამართლო სხდომაზე განმცხადებლებზე საუბრისას იყენებს ტერმინს ბიძია, ბიცოლა და ეს სინამდვილეში ასეა. საქმეზე დაკითხული მოწმეები ადასტურებენ, რომ განმცხადებლები ვისაც თვითონ დიმა ბიძიას და ბიცოლას ეძახის მატერიალურად და მორალურად ზრუნავდნენ მასზე, თუმცა მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივია და არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ განმცხადებლებსა და დაინტერესებულ პირს შორის უკვე არსებობს მშობლებისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა.
მოწმეთა დაკითხვიდან ირკვევა, რომ დი---------ას დაბადებისას მისი ბიოლოგიური მშობლები და ბიძია-ბიცოლა საერთო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ და ერთად ზრუნავდნენ პატარა დიმაზე, ხოლო მას შემდეგ რაც მშობლებმა ცალკე სახლი ააშენეს და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად დიმაც წაიყვანეს და იქ ცხოვრობდა, ახლაც ძირითადად იქ ცხოვრობს. ის, რომ იგი ხშირად რჩებოდა და რჩება ბიძია და ბიცოლასთან და ისინი ერთმანეთზე ზრუნავდნენ და ზრუნავენ სასამართლოს აზრით არ იძლევა შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკმარის პირობას.
თვითონ დი---------ამ განმარტა, რომ ის მისი მშობლებისთვის პირველი შვილია, მეორე შვილი 6 წლის შემდეგ 20-6 წელს შეეძინათ შესაბამისად, სასამართლოს აზრით ნაკლებსავარაუდოა, რომ ბავშვის დაბადებისთანავე მშობლებს გადაეწყვიტათ მისი გაშვილება, მასთან მშობლისა და შვილის ურთიერთობის შეწყვეტა და აღსაზრდელად ბიძია-ბიცოლასთვის გადაცემა.
საქმის განხილვის შედეგებით სასამართლოს შეექმნა რწმენა, რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობები დიმასა და მის ბიოლოგიურ მშობლებს შორის არც შემდეგ შეწყვეტილა და ამჟამადაც არსებობს. ამ პირობებში განსახილველ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია. დაუშვებელია პირს, მათ შორის სრულწლოვანს ჰყავდეს ორი დედა და ორი მამა ან რეალურად ბიოლოგიურ მშობლებთან ჰქონდეს მშობლებისა და შვილის ურთიერთობა და ნებისმიერი მიზეზით იურიდიულ დოკუმენტებში მის მშობლებად დაფიქსირდნენ სხვა პირები.
სხვა მტკიცებულებები - ფოტომასალა, ვიდეოფირი, სააღმზრდელო დაწესებულებებიდან (სკოლა, ცეკვის წრე და ა.შ) სარწმუნო ინფორმაცია, რაც სასამართლოს განსახილველ განცხადებაში მითითებული საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების რეალურად არსებობაში დაარწმუნებდა არ არის წარმოდგენილი.
მართალია, სასამართლოს მხრიდან შეთავაზების შემდეგ მხარეებმა წარმოადგინეს მოწმეები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ, მათ შორის სკოლის დირექტორი (შორ-----------ა), დაინტერესებული პირის თანაკლესელი (ირა--–----–----ა) და მეზობელი (ია-------------ია), თუმცა მათ მიერ დაკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა საკმარისი სასამართლოს დასარწმუნებლად. სასამართლოს შეექმნა რწმენა, რომ ისინი არ იყვნენ ბოლომდე გულწრფელები, მათი მიზანი არ იყო სასამართლოსთვის აბსოლიტურად სწორი ინფორმაციის მიწოდება და ისინი ცდილობდნენ დახმარებოდნენ მხარეებს მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადება
-მხარეთა ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
-დი---------ას დაბადების მოწმობა
-დი---------ას ბიოლოგიური მშობლების თანხმობა
-მოწმეების ჩვენება, სხდომის ოქმი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების საფუძველზე განმცხადებელი ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და თვითონ წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.
განსახილველ შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ პირობებში როცა შვილად ასაყვან სრულწლოვან პირს პირს ჰყავს ორივე მშობელი და მათთან როგორც მშობლებთან აქვს ურთიერთობა, არ იძლევა სხვა პირების მიერ მისი შვილად აყვანის შესაძლებლობას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. არ დაკმაყოფილდეს ჯე---–-------ას და ნა--------–-ას განცხადება დი---------ას შვილად აყვანის შესახებ.
2. განმცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს შესაბამის ანგარიშზე.
3, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა