განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 აგვისტო 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - თ------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------ ტ------–ის ძე ტ---–--–---–ი - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–----------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ზ------ ტ---–--–---–მა ქ.თბილისში, ბ-----–----------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 6 ძირი ნარკოტიკული საშუალება - კანაფი (მცენარე), საერთო წონით 147,2 გრამი, რომელიც 2018 წლის 11 ივლისს ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთადა ბრალდებულ ზ------ ტ---–--–---–ის ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ბინის ჩხრეკის ოქმი; ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნა; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და სხვ.) ერთობლიობა ზ------ ტ---–--–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ტ---–--–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------ ტ---–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის დასაბუთება:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ალტერნატიული სასჯელების გამოყენების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
1. სასჯელის განსაზღვრა ანალოგიის წესით დაუშვებელია - თანამედროვე სისხლის სამართალში აღიარებული პრინციპი „არ არის სასჯელი კანონის გარეშე“ განმტკიცებულია საქართველოს სსკ-ის პირველივე მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. ამ პრინციპის მიხედვით, სასამართლოს არ აქვს უფლება ანალოგიის წესით განსაზღვროს სასჯელი, ვინაიდან სასჯელის სახე და ზომა პირდაპირ, მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს კანონში განსაზღვრული.
2. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.
კანონის ზ/აღნიშნული დანაწესი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელოს ამ ნორმით, თუკი მხარეთა შორის არ არის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. თუმცა სასამართლოს არასწორად მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც კი შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, საპროცესო შეთანხმება არის ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის შეთანხმება მათთვის მისაღებ პირობებზე, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო ამოწმებს საპროცესო შეთანხმებით მოთხოვნილი სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. როგორც საპროცესო შეთანხმების გაფორმების, ისე საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების მიზანი არის ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება, რაც შესაძლოა გამოიხატოს სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრაში. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად საერთოდ აღარ აქვს სანქცია, სს საქმის არსებითი განხილვის პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას რაიმე სახის სასჯელი განუსაზღვროს პირს, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში კი ისეთი მსუბუქი სახის სასჯელების განსაზღვრა, როგორიცაა ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვერ იქნება მიჩნეული ბრალდებულის მიმართ შეღავათის გავრცელებად, ვინაიდან აღნიშნული არსებითად აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ამასთან, სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) დანიშვნა საშეღავათო პირობაა, როდესაც კონკრეტული დანაშაულისათვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სანქციის საერთოდ არარსებობის პირობებში მსუბუქი სასჯელების გამოყენება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად და სამართლიანად. ამასთან სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, გამოიწვევს სს საქმის არსებითი განხილვისა და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შემთხვევებში ინდივიდების არსებითად განსხვავებულ პირობებში ჩაყენებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:
ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;
გ) სასჯელის დაუნიშნავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების 3 შესაძლებლობას (გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად), რომელთა შორისაც არ არის სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან ამით არათუ ილახება ბრალდებულის უფლებები, არამედ არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგინდა 151 გრამამდე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობა, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ზ------ ტ---–--–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს აზრით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ ტ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
ზ------ ტ---–--–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ზ------ ტ---–--–---–ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
ზ------ ტ---–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარის 6 ძირი, მცენარეული მასა და 6 ცალი ქოთანი მიწის მასით (ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- 1 (ერთი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია