გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/32169-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.08.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - ლე--–--------–ი
მოპასუხე - სს "სა---------–---------", ქე-------------–-
წარმომადგენელი- ომ-----------–-------------------–---–-
დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-----------ის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #1----- აქტით დაყადაღებული და ქა-–--------–--–------–-----------–---–------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები - სარეცხის მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი, ჟურნალების მაგიდა, კონდიციონერი და მაცივარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,, მე-----------ა" სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხე ქე-------------–-ს პოზიცია უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-----------ის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებულია ქა-–--------–--–------–-----------–---–------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები - სარეცხი მანქანა (ბეკო 5 კგ, თეთრი ფერის) გაზქურა (წარწერის გარეშე, ოთხი კომფორით); ტელევიზორი (სამსუნგი, ძველი მოდელი, შავი ფერის ვერცხლისფერი კანტით, დიდი ზომის); ჟურნალის მაგიდა (ხის ყავისფერი, მეორადი); კონდიციონერი (ვირპული, თეთრი ფერის); მაცივარი ( ვესტელი, ორ5 კამერიანი, თეთრი ფერის, საშუალო ზომის).
3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–---------------ერს გაცემული №A---------------- წერილის მიხედვით, 2----–-–-----------ის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებულ სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.
3.2.3 საქმეში წარმოდგენილი საქონლის საგარანტიო ბარათებით, საბანკო ამონაწერებით და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში არსებობის ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 201-ე,208-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს დისპოზიციურობა, რომელიც მხარეებს ანიჭებს საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, რომლის საშუალებითაც მოპასუხის მიერ ხდება თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო ორი მოპასუხის მიმათ, რომლებიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის პოზიცია - სარჩელის ცნობა, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძვლად ვერ მიიჩნევს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სავალდებულო თანამონაწილეობა, რის გამოც მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს არსებითი განხილვის შედეგს და სამართლებრივი თვალსაზრისით იმის მტკიცებულებათა შეფასებას, იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, მოსარჩელეს ეკისრება სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი, რომ დაყადაღებული ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს მოსარჩელეზეა.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.
მოცემულ შემთხვევაში ერთერთმა მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო მეორე მოპასუხეს პოზიცია შესაგებლის წარმოუდეგნლობის გამო უცნობია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. ამასთან, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, კი, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ქ--------------–ს არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზე თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე არ წარმოუდგენია. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთი მოპასუხე ცნობს სარჩელს, ხოლო მეორე მოპასუხის პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ--------------–ს მოსარჩელე ლე--–--------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ლე--–--------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-----------ის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N 1----- აქტით დაყადაღებული და ქ--–--------–--–------–-----------–---–---------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: სარეცხის მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი, ჟურნალების მაგიდა, კონდიციონერი და მაცივარი.
3. მოპასუხე ქ--------------–ს მოსარჩელე ლე--–--------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე