გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5128-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - გ------- კ--–----------ი, ა---- კ--–----------ი
მოპასუხეები - 1. ს----------------------------–-------------–-----------------–---------------–------------ (წარმომადგენლები - მ------------–-–---–ი, ნ--------------–ი, გუგა მირიანაშვილი)
2. ა-–---ნ კ--–----------ი,დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა---- კ--–----------ი ცნობილი იქნას თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №1----- აქტში მითითებული MIDEA-ს ფირმის, სერი მეორადი სარეცხი მანქანის მესაკუთრედ, ხოლო გ------- კ--–----------ი შემდეგი მოძრავი ნივთების მესაკუთრედ: 1.ლეპტოპი LENOVO-ს ფირმის, შავი, მეორადი; 2. მაცივარი BEKO-ს ფირმის, თეთრი ორგანყოფილებიანი, მეორადი; 3. გაზქურა BEKO-ს ფირმის, სერი, მეორადი;
1.2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 ივლისის ნივთის აღწერა-დაყადაღების შესახებ №1----- აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ლეპტოპი LENOVO-ს ფირმის, შავი, მეორადი; 2. მაცივარი, BEKO-ს ფირმის, თეთრი, ორგანყოფილებიანი, მეორადი; 3. სარეცხი მანქანა, MIDEA-ს ფირმის, სერი, მეორადი; 4. გაზქურა BEKO-ს ფირმის, სერი, მეორადი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ. თბილისი, რ----------–---–-- ქუჩა №---ში მდებარე ბინაში. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება მიწის ნაკვეთთან ერთად რეგისტრირებულია გ------- კ--–----------ის საკუთრებაში. მოსარჩელეებთან ერთად, აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია ასევე მათი შვილი - მოპასუხე ა-–---ნ კ--–----------ი, თუმცა იგი წლებია არ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, მოსარჩელეთათვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ა-–---ნ კ--–----------ი არის პრობაციონერი, მან დაარღვია დაკისრებული მოვალეობა გამოცხადებულიყო პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ზემოაღნიშნულმა დაწესებულებამ გასცა სააღსრულებო ფურცელი №0-----, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტი №1-----, რის მიხედვითაც დაედო ყადაღა მოსარჩელეების საკუთრებში მყოფ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: ლეპტოპი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა. მოსარჩელეთა განმარტებით, სასაქონლო ზედნადებით, საგარანტიო ფურცლებითა და სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნით მათ. აღმასრულებელს, ქონების აღწერისას განემარტა, რომ ა-–---ნ კ--–----------ი დიდი ხანია არ ცხოვრობს რეგისტრირებულ მისამართზე და ნივთები არ ირიცხება მის საკუთრებაში, თუმცა აღმასრულებლის მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა მხედველობაში მიღებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები მოითხოვენ ქონების ყადაღისგან განთავისუფლებას და მესაკუთრედ ცნობას.
(იხ. სარჩელი, ს.ფ 2-11, 2018 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმი, 10:15:39).
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა-–---ნ კ--–----------ის სააღსრულებო საქმე წარმოებაში ჰქონდა პრობაციის ეროვნულ ბიუროს, მან დაარღვია დაკისრებული მოვალეობა გამოცხადებულიყო პრობაციის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაზე, რის გამოც პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს მიერ შედგენილ იქნა 7 (შვიდი) სააღსრულებო ფურცელი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამისი ოქმი №0----- თანხით - 100 (ასი) ლარი, №0----- თანხით 200 (ორასი ლარი), №0----- - თანხით 300 (სამასი) ლარი, №0------ თანხის 300 (სამასი) ლარი, №0----- - თანხით 300 (სამასი) ლარი, №0----- - თანხით 300 (სამასი) ლარით და არა 130 ლარი, როგორც ამას მოსარჩელე აღნიშნავს. ასევე მოვალეს ა-–---ნ კ--–----------ს, მის მიერ ხელმოწერილ მსჯავრდებულის სარეგისტარციო ფორმაში, საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვს - ქ. თბილისი, რ--------------–---–-ს №80. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, თბილისი პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის შვილის, ა-–---ნ კ--–----------ის კანონით დადგენილი საპრობაციო რეჟიმის დარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ მიღებულ იქნა კანონის სრული დაცვით, რასაც მოსარჩელე ვერ გახდის სადაოდ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ორგანოს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ კანონის საფუძველზე დაჯარიმებული პირისაგან ჯარიმის გადახდევინება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კანონიერად განხორციელდეს.
(იხ. შესაგებელი ს.ფ. 84-109, 2018 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმი, 10:17:08).
2.2. რაც შეეხება მოპასუხე ა-–---ნ კ--–----------ს, მას როგორც სარჩელისა და თანდართული მასალების შინაარსი, ასევე სასამართლო უწყების თაობაზე ეცნობა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით. ა-–---ნ კ--–----------ს, შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც პროცესზე გამოცხადებულა, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული 0----- სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსრულების შესახებ, (სააღსრულებო წარმოება №A---------005), რომლის მიხედვითაც მოპასუხე ა-–---ნ კ--–----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა - 130 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 26 ივლისს გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 14);
3.1.2. 2018 წლის 19 თებერვალს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ნანა დვალმა, მოვალე ა-–---ნ კ--–----------ის ვალდებულების გამო, აღწერა და დააყადაღა ქ. თბილისი, რ----------–---–-- ქუჩა №---ში განთავსებული მოძრავი ნივთები: ლეპტოპი LENOVO-ს ფირმის, მაცივარი BEKO-ს ფირმის, სარეცხი მანქანა MIDEA-ს ფირმის და გაზქურა BEKO-ს ფირმის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღსრულების ეროვნული თბილისის თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი №1----- (იხ. ს.ფ. 16-17).
3.1.3. ქ. თბილისში, რ----------–---–-- ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონება, საერთო ფართით 76.33 კვ.მ. რეგისტრირებულია გ------- კ--–----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (იხ. ს.ფ. 12-13).
3.1.4. ს-------------------- და ა---- კ--–----------ს შორის 2017 წლის 3 იანვარს გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ა---- კ--–----------ს მიეცა სასყიდლიანი კრედიტი ე.წ. ,,სწრაფი განვადება’’, შესაძენ ნივთს (გირავნობის საგანი) წარმოადგენდა სარეცხი მანქანა - MIDEA-ს ფირმის, ფასი 599 ლარი.
ზემოაღნიშნული სარეცხი მანქანა შეძენილი იქნა შ-------–--------’’-ში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21);
- შ-------–--------ს’’ მიერ გაცემული საგარანტიო ტალონი და სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 40-41).
3.1.5. ს-----------------სა’’ და გ------- კ--–----------ს შორის 2017 წლის 7 მაისს გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება 658 ლარზე, ნოუთბუქი LENOVO-ს შესაძენად, რომელიც შეძენილი იქნა შ----------–ში’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-33);
- საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 23).
3.1.6. 2013 წლის 03 აპრილს, ბეკოს სერვის ცენტრში, გ------- კ--–----------ის მიერ შეძენილი იქნა მაცივარი BEKO-ს ფირმის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 34-35).
3.1.7. 2013 წლის 03 აპრილს, ბეკოს სერვის ცენტრში, გ------- კ--–----------ის მიერ შეძენილი იქნა გაზქურა BEKO-ს ფირმის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 24).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლები; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-40 მუხლის პირველი პუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, რ----------–---–-- ქუჩა №---ში, ნაკვეთი 29/2, შენობა ნაგებობა საერთო ფართით - 76.33 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად რეგისტრირებულია გ------- კ--–----------ის საკუთრებად. გ------- კ--–----------ი ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრობს ა---- კ--–----------თან ერთად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით შეძლეს სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურება, კერძოდ, სარჩელზე დართული საგარანტიო ფურცლებით, სესხის ხელშეკრულებებით და ზედნადებებით, დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ნივთები შეძენილია მოსარჩელეთა მიერ.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ ტექნიკა განკუთვნილია ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე გ------- კ--–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები: №ას-305-293-2012; №ას-1522-1529-2011; №ას-1777-1755-2011; საქმე №ას-586-561-2016, 29.07.2016).
ა---- კ--–----------ისა და გ------- კ--–----------ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და აღნიშნული გარემოება არც მოპასუხე მხარეს გაუხდია სადავოდ.
ამდენად, სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას, ასევე დადგენილია, რომ ნივთებზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებენ მოსარჩელეები. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტით თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, მოსარჩელეს ეკისრება სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი, რომ დაყადაღებული ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს მოსარჩელეზეა.
სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ იძულებით აღსრულების ფარგლებში დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოძრავ ქონებას, რომელიც განთავსებულ იყო მოსარჩელეთა და მოვალის საცხოვრებელში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოძრავ ნივთთან დაკავშირებით აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი პრეზუმფცია, იძულებით აღსრულებისას, აღმასრულებლის მიერ ყადაღის დადების დროს იცვლება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით, რომლის თანახმადაც იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი მუხლი კონკურენციაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან, აღნიშნულ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური კანონით ,,სააღსრულებლო წარმოებათა’’ შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზუმფცია. იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის და იძულებით აღსრულებისას დაყადაღებული მოძრავი ქონების კუთვნილების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარეს და არა მოპასუხეებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოვალეა და თითქმის ყოველთვის მოსარჩელესთან დაახლოებული სუბიექტია, ხოლო მეორე კრედიტორი, რომელიც შეიძლება სულაც არ იცნობდეს მოსარჩელეს და არ ჰქონდეს ინფორმაცია დაყადაღებული ნივთების წარმომავლობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალეს წარმოადგენს ა-–---ნ კ--–----------ი, რის გამოც იძულებით აღსრულების ფარგლებში ყადაღა უნდა დაედოს მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ქონება სადაც აღიწერა მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს, მოვალის ა-–---ნ კ--–----------ის საკუთრებას. სასამართლოს მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები არის ა---- კ--–----------ისა და გ------- კ--–----------ის საკუთრება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით შეძლეს დაემტკიცებინათ დაყადაღების აქტით დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მათი საკუთრების უფლების არსებობა. ხოლო მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს დასაბუთებული შედავება, ასევე არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სარჩელში მითითებული ნივთების მოსარჩეელებისადმი კუთვნილების ფაქტს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი სარჩელზე და 50 (ორმოცდაათი) ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობისთვის. შესაბამისად, მოპასუხეებს - ა-–---ნ კ--–----------სა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, ა---- კ--–----------ისა და გ------- კ--–----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ვინა----ნ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- კ--–----------ისა და ა---- კ--–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ა---- კ--–----------ი ცნობილი იქნას თბილისის სააღსრულებო ბუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №1----- აქტში მითითებული MIDEA-ს ფირმის, სერი მეორადი სარეცხი მანქანის მესაკუთრედ, ხოლო გ------- კ--–----------ი შემდეგი მოძრავი ნივთების მესაკუთრედ: 1. ლეპტოპი LENOVO-ს ფირმის, შავი, მეორადი; 2. მაცივარი BEKO-ს ფირმის, თეთრი ორგანყოფილებიანი, მეორადი; 3. გაზქურა BEKO-ს ფირმის, სერი, მეორადი;
1.2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 ივლისის ნივთის აღწერა-დაყადაღების შესახებ №1----- აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ლეპტოპი LENOVO-ს ფირმის, შავი, მეორადი; 2. მაცივარი, BEKO-ს ფირმის, თეთრი, ორგანყოფილებიანი, მეორადი; 3. სარეცხი მანქანა, MIDEA-ს ფირმის, სერი, მეორადი; 4. გაზქურა BEKO-ს ფირმის, სერი, მეორადი;
2. მოპასუხეებს - ა-–---ნ კ--–----------ს და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის (100 ლარი სარჩელსა და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე