გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.08.2018
საქმის ნომერი
251210018002583793
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 251210018002583793

საქმე #2/158-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 აგვისტო, 2018 წელი ახმეტა

 

შესავალი ნაწილი

 

ახმეტის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი მიხეილ მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ------------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ---------–----–---–ი

მოპასუხე - ე-–-------------------–ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოპასუხე ე-–-------------------–ს დაეკისროს ალიმენტი შვილის - ს---------------------–ის (დაბ. 0-.0-.2---წ.) სარჩოდ, მის სრულწლოვანებამდე თვეში 250 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის არსი:

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2007 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ე-–-------------------–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში 2--- წლის 5------------ს შეგვეძინა შვილი ს---------------------–ი. რამოდენიმე წელია მოსარჩელე და მოპასუხე ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხის უხასიეთობის გამო ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა დაშორებოდა მეუღლეს. ბავში ცხოვრობს მოსარჩელესთან და დამოუკიდებლად ზრდის. მისი მწირი ფინანსები არ ჰყოფნის ბავშვის რჩენას და აღზრდას. მოპასუხე მუშაობს კერძო სამუშაოებზე, ასევე თონეში პურის მცხობელად, ამასთანავე აქვს ოჯახური მეურნეობა და მიწის ნაკვეთები, საიდანაც იღებს შემოსავალს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ე-–-------------------–ი ნაწილობრივ სცნობს სარჩელს და თანახმაა შვილის სარჩენად თვეში გადაიხადოს 100 ლარი. ამჟამად არ მუსაობს და არ აქვს საშუალება თვეში 250 ლარის გადახდის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე 2007 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ე-–-------------------–თან. თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 5------------ს შეეძინათ შვილი, ს---------------------–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი და თანდართული მასალები;

-შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები სასამართლო სხდომაზე;

-ს---------------------–ის დაბადების მოწმობის ასლი.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია რომ მოპასუხე ე-–-------------------–ი მუშაობს ახმეტაში პურის საცხობში დროდადრო და დღიურ სამუშაოებზე, ამასთანავე აქვს ოჯახური მეურნეობა და მიწის ნაკვეთები, საიდანაც იღებს შემოსავალს.

 

-მხარეთა ახსნა-განმარტებები სასამართლო სხდომაზე;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

სასამართლო, დასაკისრებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს არ გააჩნია მუდმივი სამუშაო ადგილი

გამოდინარე აქედან სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ვერ შეძლებს ყოველთვიურად 250 ლარის გადახდას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

 

- “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზრდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხონით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვლისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, ე-–-------------------–ს ალიმენტის გადახდა ეკისრება არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რომელიც საცხოვრებლად მასთან არ იმყოფება. შესაბამისად, ე-–-------------------–ის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ დაკისრებული თანხის გადახდით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედის ნ------------–---–ის რჩენა-კმაყოფაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მოპასუხე ე-–-------------------–ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 125 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა იყო ყოველთვიურად 250 ლარის დაკისრება. მოპასუხემ სცნო სარჩელი 100 ლარის ოდენობით. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს ყოველთვიურად 125 ლარის გადახდა დაეკისრა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 49-ე, 102-ე, 10--ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ნ------------–---–ის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2.მოპასუხე ე-–-------------------–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - ს---------------------–ის სარჩოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად 125 (ასოცდახუთი) ლარის გადახდა მისი სრულწლოვანებამდე;

 

3.ალიმენტის გადახდის ვადის ათვლა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან, 2018 წლის 0- აგვისტოდან;

 

4. მოპასუხე ე-–-------------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახმეტის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: მარიე ცერცვაძე