გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002388095
საქმე №2/699-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ნ--------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ეკატერინე მელქონაშვილი
მოპასუხე - ბ-----–-–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ-----–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის ბ------–-–---–ის (დაბ: 12.10.2008 წ.) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისროს თვეში 500 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ბ------–-–---–ი. ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ მათ შორის ურთერთობა დაიძაბა. 2014 წლის ზაფხულის პერიოდში მორიგი კამათის შემდეგ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ბავშვთან ერთად დროებით ცხოვრობდა მოპასუხის სახლში, მაგრამ მოპასუხე მალე დაბრუნდა სახლში და მოსარჩელე იძულებული გახდა ბავშვთან ერთად დაბრუნებულიყო მშობლებთან. მოსარჩელის განმარტებით ბ-----–-–---–ი მუშაობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და აქვს სტაბილური შემოსავალი, ხოლო თავად მოსარჩელე არის უმუშევარი და ბავშვის აღზრდაში ეხმარებიან მშობლები. მას შემდეგ რაც მხარეები დაშორდნენ მოპასუხე მხოლოდ ბავშვის სწავლის გადასახადს - 45 ლარს -იხდის. მოსარჩელის არაეთი მოთხოვნის მიუხედავად ბ-----–-–---–ი არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. აღნიშნულის გათვალიწინებით მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2016-2017 წლებში ბ------–-–---–ი სწავლობდა თბილისში მდებარე სკოლა-ლიცეუმში „ცოდნა“, სადაც სწავლის გადასახადი იყო 250 ლარი და ამ გადასახადს იხდიდა მოპასუხე, თუმცა შემდეგ იმის გამო, რომ საცხოვრებლად გადავიდა გორში, ბავშვიც დადიოდა გორში მდებარე ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში და სწავლის გადასახადს 45 ლარის ოდენობით იხდიდა ასევე ბავშვის მამა, თუმცა დღეის მდგომრეობით მოსარჩელე შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და ბავშვიც დაუბრუნდა იმ სკოლას, სადაც ადრე სწავლობდა, შესაბამისად, სწავლის გადასახადი შეადგენს 250 ლარს. ამასთან, მოსარჩელეს ბავშვთან აქვს ურთიერთობა, კერძოდ მიჰყვას თავის საცხოვრებელ სახლში, ყიდულობს ტანსაცმელს, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი ბავშვის აღზრდისათვის.
რაც შეეხება მოსარჩელის შემოსავალს, ნ--------------–---–ი ასისტენტია ერთერთ კლინიკაში, ახლო მომავალში 300 ლარამდე ხელფასი ექნება 9იხ. სარჩელი და 29.08.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 50 ლარის ფარგლებში და მიუთითა, რომ იგი აქტიურად მონაწილეობს ბ------–-–---–ის აღზრდაში და სრულად უზრუნველყოფს მატერიალურად. მოპასუხე აღნიშნავს, რომ იგი მოსარჩელეს აძლევდა გარკვეულ თანხას, როგორც ხელზე, ისე ანგარიშზე ჩარიცხვით, მაგრამ ეს თანხები არ ხმარდებოდა მის შვილს. გარდა შვილის აღზრდისა, იგი ეხმარებოდა მეუღლესაც მისი პირადი პრობლემების მოგვარებაში. დღეის მდგომარეობით მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1948.04 ლარს (ხელზე ასაღები), საიდანაც 489 აშშ დოლარს იხდის იპოთეკური სესხის თანხას, კომუნალურ გადასახადებში - 350-400 ლარის ოდენობით, სალომბარდო სესხზე მისი გადასახადი ყოველთვიურად შეადგენს 30-35 ლარს, ლიბერთი ბანკის სესხზე იხდის თვეში 145 ლარს, თიბისი ბანკის სესხზე - 160 ლარს. აქვს აგრეთვე ონლაინ სესხი 300 ლარის ოდენობით. მოპასუხე აღნიშნავს რომ მეორე ქორწინებაში შეძენილი ბავშვის მოვლისათვის ძიძას უხდის 350 ლარს. მოპასუხე ამასთანავე, მამა ბესარიონ ეჟიშვილი ცხოვრობს მასთან და არის მის კმაყოფაზე.
გარდა მითითებული გარემოებებისა, მოპასუხემ მიუთითა და მოპასუხე მხარემაც დაადასტურა, რომ დაზღვეული ჰყავს შვილი ბ------–-–---–ი და როგორც სამედიცინო მომსახურებები ისე მედიკამენტები ძირითად შემთხვევაში ბავშვს აქვს უფასოდ. შესაბამისად ბ------–-–---–ს თვის განმავლობაში ესაჭიროება 100 ლარი და მოსარჩელის მოთხოვნა 500 ლარის ალიმეტის სახით დაკისრებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მანამ სანამ მეორე ოჯახს შექმნიდა და სხვა ვალდებულებები გაუჩნდებოდა და სანამ მოსარჩელე ბავშვთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, თვის განმავლობაში დაახლოებით 300 – 350 ლარამდე აძლევდა თავის შვილს და ბოლო ორი წელია, რაც დაახლოებით 100-150 ლარს ხარჯავ თავისი შვილისათვის.
1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
1.1.1. მხარეები ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლიდან.
მტკიცებულებები:
მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ბესიკი ეჟიშვილი დაბადებული 2008 წლის 12 ოქტომბერს.
მტკიცებულებები:
- ბესიკი ეჟიშვილის დაბადების მოწმობა.
3.1.3. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი შვილი - ბ------–-–---–ი ცხოვრობს დედასთან ერთად.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. მოპასუხეს დაზღვეული აქვს შვილის - ბესიკ ეჟიშვილის ჯანმრთელობა
მტკიცებულება:
- მოსარჩელი ახსნა-განმარტება
- ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათის ასლი
3.1.5. მოპასუხეს გააჩნია ფინანსური ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებებთან
- ამონაწერები საბანო ანგარიშებიდან და გადახდის ქვითრები
3.1.6. ბ-----–-–---–ს ამჟამად ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი - 2017 წლის 25 აპრილს დაბადებული ა---------–-–---–ი.
მტკიცებულება:
- დაბადების მოწმობა
1.1.2. მოპასუხე ბ-----–-–---–ს აქვს სტაბილური შემოსავალი ხელზე ასაღები ხელფასის სახით, 1948 ლარის ოდენობით.
მტკიცებულებები:
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის № 276 ბრძანება
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 14 თებერვლის № 13/11456 წერილი
2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ--------------–---–ის სარჩელი ბ-----–-–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არსებობს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი ბ------–-–---–ი, რომელიც ცხოვრობს დედასთან.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე პერიოდულად ზრუნავს შვილზე - ბ------–-–---–ზე, რაც გამოიხატება სწავლის გადასახდის გადახდაში, სხვადასხვა საჩუქრების ყიდვაში. აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოება რომ მას დაზღვეული აქვს ბავშვის ჯანმრთელობა.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ბავში ცხოვრობს დედასთან.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს გააჩნია ფინანსური ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებებთან და ბანკებთან, აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ მას ჰყავს ოჯახი - მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. მოსარჩელეს, ბავშვის დედას აქვს სამსახური და ხელფასი 300 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვთა უფლებათა დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში. ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, განათლების მიღების უფლება. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია და ეს პასუხისმგებლობა, უპირველესყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს თანაბრად.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მოპასუხეს რეგულარული ურთიერთობა აქვს შვილთან, რასაც მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს, პერიოდულად ზრუნავს ბავშვის მატერიალურ კეთილდეღეობაზე, კერძოდ უხდის სწავლის გადასახადს, ზრუნავს მის ჩაცმაზე, გართობის საშუალებებზე და ასევე დაზღვეული აქვს მისი ჯანმრთელობა რაც მოიცავს მედიკამეტებს და სამედიცინო მომსახურებას, ე.ი. მამის მხრიდან მოწესრიგებულია ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ალიმენტვალდებულ პირს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და აღსაზრდელი ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელის ინტერესების გათვალისწინება ასევე სავალდებულოა ყველასათვის.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად 200 ლარი, სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 05 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან დადასტურებულია, რომ მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 300 ლარი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ აღიარა სარჩელი და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ბ-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 37.50 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ნ--------------–---–ის სარჩელი ბ-----–-–---–ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ბ-----–-–---–ს მოსარჩელე ნ--------------–---–ის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის - 2008 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული ბ------–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2018 წლის 05 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე;
3. მოპასუხე ბ-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 37.50 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე ბ-----–-–---–ს მოსარჩელე ნ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი