გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.08.2018
საქმის ნომერი
330310118002400246
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2286-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე მ--–-------------–---–ი

მოპასუხე შპს „თბილსერვის ჯგუფი“

წარმომადგენლები - ლ--–------–--–--ე; გი---------–--–---–ი

დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ №8------ აბონენტზე დარიცხული 105 ლარი და 51 თეთრი დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება ცნობილ იქნეს ხანდაზმულად.

 

1.2. შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალოს აბონენტ №8-------სთვის დავალიანების ჩამოწერა და აბონენტის ბრუნვის ისტორიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

 

1.3. შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალოს აბონენტ №8-------სთვის ელქტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა სს „თელასისთვის“ დენის მიწოდებაზე ნებართვის მიცემის გზით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ--–-------------–---–ი (მის: გ-–----ის 3ა მ.რ., კორ. 24, ბ. 183) შპს „თბილსერვის ჯგუფის“ (დასუფთავების სამსახური) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია №8------ აბონენტად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 70-72).

 

3.1.2. 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით მ--–-------------–---–ის დავალიანება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიმართ შეადგენს 105.51 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 70-72).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--–-------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი. გადასახადებისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით.

 

სასამართლო მოიხმობს „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისათვის.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის პირველი მუხლის თანახმად, მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახადი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი თანახმად, შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი, ხოლო მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მოსაკრებელია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი.

 

დადგენილია, რომ მალხაზი გობოსაშვილი (მის: გ-–----ის 3ა მ.რ., კორ. 24, ბ. 183) შპს „თბილსერვის ჯგუფის“ (დასუფთავების სამსახური) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია №8------ აბონენტად და 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისი დავალიანება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიმართ შეადგენს 105.51 ლარს.

 

მოსარჩელე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაზე და ითხოვს დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების ხანდაზმულად ცნობას.

 

6.3. სასამართლო მოიხმობს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომლითაც კანონმდებელი განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლის ცნებას. კერძოდ, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებელს წარმოადგენს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. ხოლო 121 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

სასამართლო ასევე, მიუთითებს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაზე, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემოღებულ იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მისი გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი 1). ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 2,5 ლარით თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 2 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

 

მითითებული დადგენილებით დამტკიცებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომლის გადახდის ვალდებულება სწორედ მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოიშობა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. მე-2 ნაწილის მიხედვით კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით კანონმდებელი განსაზღვრავს სპეციალური ხანდაზმულობის ვადებს, რომელიც გამოყენებადია მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობებში წარმოშობილი მოთხოვნების მიმართ. კერძოდ, სახელშეკრულებო მოთხოვნების სტანდარტული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ზოგადია და გამოიყენება ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის, თუ კანონით სპეციალური ვადა არ არის გათვალისწინებული.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 04 ოქტომბრის №ას-649-610-2011 გადაწყვეტილებას, რომლითაც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „მოდავე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა და არ დგინდება მათი უფლება-მოვალეობანი ერთმანეთის მიმართ გამომდინარეობდა მხოლოდ კანონისმიერი საფუძვლებიდან, რაც სრულებით გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენებას“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების მიმართ 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების თაობაზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და განსახილველ შემთხვევაში მხარეთა უფლება-მოვალეობანი ერთმანეთის მიმართ არ გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ხოლო კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით ხანდაზმულობის 3 წლიან ვადას მხოლოდ სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს.

 

მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების და მისი ხანდაზმულად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ასევე არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–-------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი არ განსაზღვრავს დროებითი განჩინების მოქმედების ვადას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, კანონის ანალოგიის საფუძველზე, გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლი, რომელის აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის დროებითი განჩინება ძალას კარგავს აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მ--–-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნანა დარასელია