განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2018
საქმის ნომერი
140100116002507017
დავის ტიპი
338 1
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100116002507017

№1/304-16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

27.08.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ზ------ წ--------–-

სტაჟიორ-პროკურორი - ს--–---- ჩ-------

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატები - პ----- შ-----, ტ------– კ-------, თ----- გ-------

 

ბრალდებული - დ----- შ-----ს ძე მ--------, დაბადებული 1--- წლის 2---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---, ჟ-----–------------.

 

კვალიფიკაცია

 

მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მას, როგორც მოხელესთან გათანაბრებულ პირს, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება და გამოეყენებინა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- მ--------მ ჩაიდინა მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მას, როგორც მოხელესთან გათანაბრებულ პირს, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება და გამოეყენებინა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს ,,ბ--–--“ (ს------------) სამუშაოთა ზედამხედველს - ი---- კ-----–--ას, რომელიც სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა ქ-------–---- N----- საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო საპროექტო სამსახურის“ მ--------მა და ინსპექტირების ჯგუფის წევრმა - დ----- მ--------მ, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენისას, ი---- კ-----–--ას თითოეულზე, მოთხოვა ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რათა დროულად მომხდარიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.

 

შპს ,,ბ--–--“ (ს------------) მიერ სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოში“ წარდგენილ იქნა, ქ-------–---- N----- საჯარო სკოლის შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შუალედური დოკუმენტაცია. დ----- მ--------მ, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, შპს ,,ბ--–--“ საბანკო ანგარიშზე, 2016 წლის 7 ივლისს, ზემოაღნიშნული სააგენტოს თანამშრომლებს დაჩქარებულად ჩაარიცხინა ფულადი თანხა 31 628,46 ლარის ოდენობით. აღნიშნულის სანაცვლოდ, იმავე დღეს, ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირ N74-ში მდებარე რესტორან ,,უ------––ი“, დ----- მ--------მ, ი---- კ-----–--ასგან ქრთამის სახით მიიღო მოთხოვნილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- მ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 25 ივლისის რედაქციით) და მას აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

სასამართლოს გადაწყვეტილება დ----- მ-------ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ მან, როგორც მოხელესთან გათანაბრებულმა პირმა, ი---- კ-----–--ასგან, ფულადი თანხა ჯერ პირდაპირ მოითხოვა და შემდეგ ქრთამის სახით აიღო.

 

სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თავდაპირველად, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ქრთამის აღებაში დ----- მ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. ერთი მხრივ, მოწმეთა ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი, რადგან ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევიან, მეორე მხრივ კი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება, რომ თანხის გადაცემამდე დ----- მ-------ის მიერ განხორციელებული ქმედებები განპირობებული იყო ი---- კ-----–--ასგან წინასწარ შეთანხმებული ფულადი თანხის მიღების მოტივით, რაც ქრთამის აღების შემადგენლობის ერთ-ერთ სავალდებულო ელემენტს წარმოადგენს.

მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - გ------- ჯ-------ის პატაკი, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 30 ივნისს, მასთან პირად კონტაქტზე მყოფმა პირმა - ი---- კ-----–--ამ აცნობა მას, რომ იმჟამად მუშაობდა შპს ,,ბ--–--“ (ს------------) სამუშაოთა ზედამხედველად, რომელიც სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე, ასრულებდა ქ-------–---- №2---ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო საპროექტო სამსახურის“ მ--------მა და ინსპექტირების ჯგუფის წევრმა - დ----- მ--------მ ი---- კ-----–--ას შესთავაზა, რომ შპს ,,ბ--–--“ მიერ შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენისას, თითოეულზე ფულადი თანხის 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადაცემის შემთხვევაში, იგი თავისი ავტორიტეტის გამოყენებით, დაეხმარებოდა მას შესრულებული სამუშაოების ღირებულების დროულად ანაზღაურებაში.

 

გ------- ჯ-------ემ, სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა ზემოაღნიშნულ პატაკში მითითებული გარემოებები. მისი განმარტებით, 2016 წლის 30 ივნისს, ქ. თბილისში, ს----------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრისას, ი---- კ-----–--ასგან მიღებული ინფორმაციით, დ----- მ--------მ ი---- კ-----–--ას შესთავაზა, რომ ვინაიდან შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენის შემდეგ ჭიანურდებოდა ანაზღაურების საკითხის დროული გადაწყვეტა, იგი თავისი ავტორიტეტის გამოყენებით, მცირე ვადაში, მოახდენდა აღნიშნული საკითხის მოგვარებას, რის სანაცვლოდაც, თავდაპირველად, ი---- კ-----–--ას მოთხოვა მის საცხოვრებელ სახლში ე.წ. „ფანჩატურის“ აგება. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ კი დ----- მ--------მ ი---- კ-----–--ას მოთხოვა, შპს ,,ბ--–--“ მიერ შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენისას, ყოველი ანაზღაურების შემდეგ, თითოეულზე ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ------- ჯ-------ის ჩვენება არსებით წინააღმდეგობაშია ი---- კ-----–--ას ჩვენებასთან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე, ერთი მხრივ, კატეგორიულად უარყო დ----- მ-------ის მიერ, საერთოდ, ფულადი თანხის - 1000 (ათასი) ლარის მოთხოვნის ფაქტი, მეორე მხრივ, კი განმარტა, რომ 2016 წლის 30 ივნისს, ს----------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრისას, გ------- ჯ-------ეს მიაწოდა ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ, რომ დ----- მ--------მ, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით, შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენის შემდეგ ანაზღაურების საკითხის დროული მოგვარების სანაცვლოდ, მისგან მოითხოვა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ე.წ. „ფანჩატურის“ აგება. ი---- კ-----–--ას ჩვენებით, მასსა და დ----- მ--------ს შორის ფულად თანხაზე საუბარი შედგა გ------- ჯ-------ესთან შეხვედრის შემდეგ, უკვე, როდესაც იგი ნებაყოფლობით ჩერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. ი---- კ-----–--ას განმარტებით, მასსა და დ----- მ--------ს შორის ფულად თანხაზე საუბარი დაფიქსირებული უნდა იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში, რადგან აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა გ------- ჯ-------ესთან შეხვედრის შემდეგ. ი---- კ-----–--ას ჩვენებით, 2016 წლის ივნის-ივლისის თვეში, იგი წარმოადგენდა შპს ,,ბ--–--“ სამუშაოთა ზედამხედველს, რომელიც სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე, ასრულებდა ქ-------–---- №2---ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი შეხვდა სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო საპროექტო სამსახურის“ მ--------ს და ინსპექტირების ჯგუფის წევრს - დ----- მ--------ს, რომელსაც შპს „ბ--–--“ მიერ სამუშაოთა შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალა. პირველივე შეხვედრაზე დ----- მ--------მ ი---- კ-----–--ას განუმარტა, თუ როგორ უნდა შეედგინა შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტები (ე.წ ,,ფორმა №2“-ები) და წარედგინა სააგენტოში. დ----- მ--------ს ათი დღის ვადაში უნდა განეხილა აღნიშნული საკითხი და თუ ყველა დოკუმენტი სწორად იქნებოდა შედგენილი, მას შემდეგ ბუღალტერიის მხრიდან მოხდებოდა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება. რაც შეეხება თანხის ჩარიცხვას, თუ სამუშაოების შუალედური აქტები სრულყოფილად იქნებოდა შედგენილი, იგი დაეხმარებოდა მას კომპანიის ანგარიშზე თანხის დროულად ჩარიცხვაში, ვინაიდან სააგენტოს ბუღალტერს პირადად იცნობდა. მათი საუბრის შემდეგ ი---- კ-----–--ამ დ----- მ--------ს შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტები სამსახურში მიუტანა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შეცდომით იყო შედგენილი. დ----- მ-------- კვლავ დაეხმარა მას აღნიშნული ე.წ ,,ფორმა №2“-ების შესწორებაში, რის შემდეგაც ისინი წარედგინა ბუღალტერიას. ამის შემდეგ დ----- მ--------მ ი---- კ-----–--ას განუმარტა, რომ ბუღალტერი მას შესაბამის თანხას ჩაურიცხავდა. ი---- კ-----–--ას განმარტებით, იმის გამო, რომ დ----- მ-------- მას დოკუმენტების დროულად შედგენასა და ბუღალტერიაში წარდგენაში ასე ეხმარებოდა, მასაც გაუჩნდა პატივისცემის სურვილი, რის შესახებაც უთხრა დ----- მ--------ს, თუმცა, იგულისხმა მხოლოდ მისი რესტორანში დაპატიჟება. დ----- მ--------მ კი უთხრა მას, რომ მის საცხოვრებელ სახლში ე.წ. ,,ფანჩატურის“ აშენება სურდა. ი---- კ-----–--ამ იფიქრა, რომ შესაძლოა დ----- მ-------ის ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც აღნიშნულის შესახებ 2016 წლის 30 ივნისს აცნობა მეგობარ პოლიციელს - გ------- ჯ-------ეს. ამის შემდეგ, გ------- ჯ-------ის რჩევით, მან განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ნებაყოფლობით ჩაერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. რამდენიმე დღეში ი---- კ-----–--ამ დ----- მ--------ს უთხრა, რომ იგი აღნიშნული ,,ფანჩატურის“ აშენებას ვერ შეძლებდა და ჰკითხა, ამისათვის რა თანხა იქნებოდა იყო საჭირო, დ----- მ--------მ კი უპასუხა, რომ ე.წ. ,,ფანჩატურის“ აშენებას დაახლოებით 1000-1200 ლარი დასჭირდებოდა. ი---- კ-----–--ას განმარტებით, დ----- მ--------ს აღნიშული თანხა პირდაპირ მისთვის არ მოუთხოვია, თუმცა, რადგან ი---- კ-----–--ამ ვერ შეძლო ე.წ. „ფანჩატურის“ აშენება, აღნიშნული საუბრიდან გამომდინარე, მან ჩათვალა, რომ .კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, პატივისცემის ნიშნად დ----- მ-------ისათვის 1000 ლარი უნდა გადაეცა, რაც დ----- მ--------მ წინასწარ იცოდა. 2016 წლის 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც კომპანიის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა, ი---- კ-----–--ა ტელეფონით დაუკავშირდა დ----- მ--------ს და თხოვა რესტორან „უ------––ი“ შეხვედრა, თუმცა, აღნიშნული საუბრისას თანხის გადაცემა მას არ უხსენებია. რესტორანში შეხვედრისას მან დ----- მ--------ს გადასცა პოლიციის მიერ წინასწარ მისთვის გადაცემული დანომრილი ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით.

 

ბრალდებულმა დ----- მ--------მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, მიუთითა, რომ 2016 წელს მუშაობდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში მ--------ის პოზიციაზე. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა სკოლების სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების, ე.წ ,,ფორმა №2“-ების შედგენას, აღნიშნული ევალებოდა მშენებელს, ხოლო მათი გადამოწმება დ----- მ-------ის, როგორც მ--------ის, მოვალეობას წარმოადგენდა. იგი გადიოდა ობიექტზე, ამოწმებდა შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს და შემდეგ ახდენდა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერას. თუ მშენებელს შესრულებული სამუშაოს შუალედური აქტი, ე.წ ,,ფორმა №2“ სწორად არ ექნებოდა შედგენილი, იგი თავად ეხმარებოდა მას ხარვეზის შევსებაში, რადგან მის სამსახურებრივ ინტერესში შედიოდა, ერთი მხრივ, სწრაფად და ხარისხიანად შესრულებულიყო სარემონტო სამუშაოები, მეორე მხრივ კი არ შეფერხებულიყო კომპანიისათვის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა. დ----- მ-------ის განმარტებით, იგი ადგენდა სამსახურებრივ მოხსენებით ბარათს, სადაც აღინიშნებოდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამშენებლო წესების დაცვით, სრულყოფილად შეასრულა სარემონტო სამუშაოები, რომელიც შემოწმდა პროექტის მ--------ის მიერ. შემდეგ აღნიშნული მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტებით შესასრულებლად გადაეცემოდა ბუღალტერიას, რომელიც ახორციელებდა ტენდერში მონაწილე კომპანიისათვის შესაბამის ანაგარიშსწორებას. რაც შეეხება შპს ,,ბ--–--თან“ ურთიერთობას, მან ი---- კ-----–--ა გაიცნო სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, რომელსაც აუხსნა თუ რა პროცედურები უნდა გაევლო სარემონტო სამუშაოების შესრულების შემდეგ და დაპირდა, რომ თუ რაიმეს ვერ გაიგებდა, ყველა საკითხის გარკვევაში დაეხმარებოდა, რადგან დ----- მ-------- იყო დამაკავშირებელი რგოლი კომპანიასა და მათ ორგანიზაციას შორის. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ იგი უკავშირდებოდა ორგანიზაციის ბუღალტერს და არკვევდა შპს „ბ--–--თვის“ თანხის გადარიცხვის საკითხს, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო, ვინაიდან თუ კომპანიის ანგარიშზე თანხა დროულად არ ჩაირიცხებოდა, სარემონტო სამუშაოების გაგრძელება შეფერხდებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, დ----- მ-------ის საქმიანობაზე უარყოფითად აისახებოდა. აქედან გამომდინარე, კომპანიისათვის თანხის დროულად ჩარიცხვა პირდაპირ მის სამსახურებრივ ინტერესში შედიოდა. დ----- მ--------მ კატეგორიულად უარყო ი---- კ-----–--ასგან ქრთამის სახით ფულადი თანხის მოთხოვნის ან მიღების ფაქტი. მისი განმარტებით, ი---- კ-----–--ას მხრიდანაც ფულადი თანხის შეთავაზების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც დ----- მ--------მ ი---- კ-----–--ას აუხსნა ყველა პროცედურა და დაეხმარა შუალედურ აქტებში დაშვებული შეცდომების გასწორებაში, სამსახურებრივი საქმიანობის საერთო მიზნიდან გამომდინარე, მასთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი შეხვედრისას, დ----- მ--------მ ი---- კ-----–--ას უთხრა, რომ სახლში აშენებდა ე.წ. „ფანჩატურს“, რომლის ლითონის კუთხეების შედუღებისთვის სჭირდებოდა გამოცდილი ხელოსანი და ჰკითხა, ხომ არ ჰყავდა მას ასეთი ხელოსანი, რაზედაც ი---- კ-----–--ამ უარი უთხრა. ამის შემდეგ მას ი---- კ-----–--ასთან რაიმე ფულად თანხაზე საუბარი საერთოდ არ ჰქონია. დ----- მ-------ის განმარტებით, 2017 წლის 7 ივლისს, რესტორან „უ------––ი“ შეხვედრისას, ი---- კ-----–--ამ მას 1000 ლარი გადასცა საჩუქრად, პატივისცემის ნიშნად, რაც მან აიღო, მანამდე კი მათ შორის არავითარი შეთანხმება თანხის გადაცემაზე არ ყოფილა - არც ი---- კ-----–--ას შეუთავაზებია და არც დ----- მ--------ს მოუთხოვია ფულადი თანხა რაიმე მოქმედების შესრულების სანაცვლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ბ------–----ების ჩვენებებს, რომლებმაც კატეგორიულად გამორიცხეს შპს „ბ--–--“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით დ----- მ-------ის მიერ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენების ფაქტი.

 

ხათუნა დეკანოიძის ჩვენებით, 2016 წელს მუშაობდა საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში მთავარი ბ------–----ის პოზიციაზე. მის მოვალეობას წარმოადგენდა ელექტრონული სახით შემოსული დოკუმენტების შემოწმება. თუ აღნიშნული დეკუმენტები წესრიგში იქნებოდა და დაექვემდებარეობდა გადარიცხვას, გადაუგზავნიდა დამხმარე ბუღალტერს, რომელიც ტექნიკურად ასრულებდა თანხის გადარიცხვას კომპანიების ანგარიშებზე. მისი განმარტებით, 2016 წელს, ივნისის თვეში გაფორმდა ხელშეკრულება შპს ,,ბ--–--თან“, რომლის თანახმად, უნდა მომხდარიყო 2---ე საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების შესრულება, აღნიშნულზე კი ზედამხედველობას ახორციელებდა დ----- მაღარაძე. ხათუნა დეკანოიძის განმარტებით, მას დ----- მ--------სთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან სწორედ დ----- მ-------ის მოხსენებითი ბარათის და თანდართული ანგარიშფაქტურის საფუძველზე ხდებოდა კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ხათუნა დეკანოიძის განმარტებით, თანამშრომლები ხელმძღვანელის მხრიდან გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ თუ ყველა დოკუმენტი სრულყოფილად იქნებოდა წარმოდგენილი, თანხის გადარიცხვა სწრაფად მომხდარიყო, რათა კომპანიებს სამუშაოების შესრულებისას ფინანსური დაბრკოლებები არ შექმნოდათ. თუ ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევას, რომ სხვადასხვა მიზეზით მათი მხრიდან თანხის გადარიცხვა შეფერხდებოდა, თავად კომპანიის წარმომადგენელი, მშენებელი ან ზედამხედველი (მ--------ი) უკავშირდებოდა მათ. აქედან გამომდინარე, ხათუნა დეკანოიძე შპს „ბ--–--თან“ დაკავშირებით დ----- მ-------ის სატელეფონო ზარებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, ვინაიდან ეს იყო მათი ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი.

 

ლ--–ა ქ------–--ის ჩვენებით, 2016 წელს იგი მუშაობდა საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ბ------–----ის თანაშემწედ. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულებების, ვალდებულებების, განცხადებების და საგადახდო დავალებების გადაგზავნა. 2016 წელს 2 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება შპს ,,ბ--–--თან“ 2---ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა დ----- მ--------. მას, როგორც ბუღალტერს, ელექტრონული პროგრამის საშუალებით, შესასრულებლად დაეწერა დ----- მარღაძის მოხსენებითი ბარათი, რომელსაც ჯერ მთავარი ბუღალტერი განიხილავდა, შემდეგ კი, თუ ყველა დოკუმენტი იქნებოდა სწორად შედგენილი, იგი აღნიშნულ დოკუმენტებს გადასცემდა მის თანაშემწე ბუღალტერს, რომელიც, თავის მხრივ, უგზავნიდა მოცემულ დოკუმენტებს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს კომპანიის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვის მიზნით. 2016 წლის 1 ივლისს შემოვიდა დ----- მ-------ის მოხსენებითი ბარათი, რომელსაც არ ერთვოდა სრულყოფილად შედგენილი დოკუმენტები, რის გამოც მათი მხრიდან მოხდა აღნიშნული ბარათის დახარვეზება. როდესაც ხარვეზი გამოსწორდა, 2016 წლის 7 ივლისს განხორციელდა შესაბამისი თანხის გადარიცხვა შპს ,,ბ--–--“ ანგარიშზე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დ----- მ-------- უკავშირდებოდა მას და ეუბნებოდა, რომ ყველა დოკუმენტი მზად იყო და თანხა დროულად ჩაერიცხათ, ეს მისთვის რაიმე განსაკუთრებულ გარემოებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან ეს იყო ყოველდღიური მათი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი. ანალოგიურად მას სხვა მ--------ები და კომპანიის წარმომადგენლებიც უკავშირდებოდნენ და თხოვდნენ თანხის დროულად ჩარიცხვას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სატელეფონო საუბრების ე.წ. „კრებსების“ და ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა გაანალიზების საფუძველზე, დ----- მ--------სა და ი---- კ-----–--ას შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა ფულადი თანხის სანაცვლოდ, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დ----- მ-------ის მიერ რაიმე ქმედების შესრულების შესახებ, არ დასტურდება. მით უმეტეს, არ დგინდება ბრალდებულის მხრიდან ი---- კ-----–--ასთვის ფულადი თანხის მოთხოვნის ან თუნდაც ამგვარი შეთავაზების მიღების ფაქტი. მათი შეხვედრების და სატელეფონო საუბრებისას ფულადი თანხა, თავისი ინიციატივით, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რამდენჯერმე ახსენა თავად ი---- კ-----–--ამ, თუმცა, დ----- მ-------ის მხრიდან, თუნდაც არაპირდაპირ (შეფარულად), აღნიშნულზე თანხმობის განცხადებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული საუბრებიდან ასევე ვერ დასტურდება, რომ ისინი ფულად თანხაზე უკვე შეთანხმებულნი იყვნენ და სწორედ ამ შეთანხმების მიხედვით მოქმედებდნენ.

 

2016 წლის 30 ივნისს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო გადაღების მასალებით, ერთ-ერთი საუბრისას ი---- კ-----–--ა დ----- მ--------ს ეუბნება, რომ ე.წ. „ფანჩატურს“ ვერ აუშენებს, რაზედაც დ----- მ-------- ეკითხება: „ვერ ამიშენებ?“ ი---- კ-----–--ა პასუხობს: „არა მაგის დრო და ისიც, ხელოსნები ესენი ისინი, რაც ვილაპარაკეთ, ისე მივყვეთ და არ არის პრობლემა რა.“ ამაზე დ----- მ-------- პასუხობს: “ხო, არა, ვნახოთ რა“. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ამ საუბრების შინაარსში იგულისხმება სწორედ დ----- მ--------სა და ი---- კ-----–--ას შორის არსებული შეთანხმება ე.წ. „ფანჩატურის“ აშენების სანაცვლოდ 1000 ლარის გადაცემის თაობაზე, რადგან აღნიშნული დასკვნა წინამდებარე საუბრიდან ობიექტურად არ გამომდინარეობს.

 

2016 წლის 5 ივლისის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების თანახმად, საუბრისას ი---- კ-----–--ა დ----- მ--------ს მიმართავს: „ეხლა ერთი მთავარი საკითხი, ხვალე მე დილის საათებში ჩამერიცხება მაგ თანხა, ხოდა რო მოვხსნი ბანკიდან და სამსახურში მოგიტანო თუ სად მოვიდე მითხარი და“. დ----- მ--------: „არა კაცო, მოიცა რა სამსახურში, სად უნდა მომიტანო“. ი---- კ-----–--ა: „შენ როგორც მეტყვი, მითხარი და ისე გავაკეთოთ“. დ----- მ--------: „ვნახოთ რა, ხვალ როგორ იქნება ჯერ იცი? მასე დღესაც გვეგონა რო რაღაცა იქნებოდა“. ი----: „კი მარა ხოდა ეხლა შენ რო უთხარი იმის მერე დაადასტურა ყველაფერი და“. დ-----ი: „მერე, იქ აესე ზიან აი მაგიდასთან, იქით მაგის მაგიდაა, აქეთ ამის მაგიდაა რაა, ხოდა რო ველაპარაკე როგორ მითხრა იცი? ორი გაგებით იმასაც რო გაეგო და მეც რო გამეგო, ხოო ეხლაო დაადასტურებსო, კაი მადლობა მეთქი რა.“ ი----: „თუ გინდა შესვენების დროს დაგირეკავ და ისე გავაკეთოთ რო“. დ-----ი: „ანუ რა საჩქაროა და რა გეჩქარებათ ესე კაცო?“. ი----: „მაშინ მითხარი როდის, სამსახურის მერე დაგირეკავ და მოდი“. დ-----ი: შენ როცა მოახერხო და როცა ნახავ რა მოიცა გათენდეს ხვალ დილა“. ი----: „კაი ბაზარი არ არი, მე დაგირეკავ და გეტყვი რო სადა ხარ მეთქი ან რაღაცა და იმის მიხედვით გავაკეთოდ რა“. ი----: „შენ მაინც დილით რო მიხვალ გამიკონტროლე რა ბუღალტერი, მე როგორც ვიცი დადასტურებული აქ“. დ-----ი: „ეს ეხლა ამაზე არ არი დამოკიდებული რა ამან უნდა სთხოვოს იმას რა იმ გოთვერან ქალს რა მარა ეს გოთვერანიც ხვალ თუ არ გადმორიცხავს, დავადგები დირექტორს და შევიყვან იქა“. ი----: „ხოდა ის რაც ვილაპარაკეთ ათასი ლარი ძმაო შენ თუ გინდა შესვენების დროს, მე როგორც კი დამიჯდება მე დაგირეკავ“. დ-----ი: „მაგაზე ხვალ დავილაპარაკოთ.“ ი----: „ხო ბაზარი არ არი, დაგირეკავ და მე გეტყვი სადა ხარ, ან რაღაცა რა, ეგეთ პონტს გეტყვი და მეტყვი რო აქ მოდი და ვსიო რა ოღონდ დადასტურებული თუ აქ გამოშვებული ექნება შანსი არაა“. დ-----ი: „ეხლა ვეტყვი დაადასტურებსო რა ასე მითხრა ტელეფონში თან რა იყო იცი? რომ დაურეკე ხომ გვიანი იყო და ხმაზე შევატყვე რო რაღაც მაგან ვერ გააკეთა გაიგე საქმე, მეთქი ეს მეთქი რა ეხლავე ვეტყვი მოკლედ ჩემს გასაგონად, იმას უთხრა რა რო ეხლავე დაადასტურებსო რა. ხვალ დილით გადავამოწმებ.“ ი----: ჰო, ნუ მოკლედ ან მე დაგირეკავ თუ დილის საათებში ჩამერიცხა ხო მე დაგირეკავ“.

 

2016 წლის 7 ივლისის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების თანახმად, რესტორან „უ------––ი“ შეხვედრისას, ი----: „კაროჩე შენ რო არ ყოფილიყავი და არ გეჩალიჩა ის წაკლა ქალი როდის ჩამირიცხავდა კვირის ბოლომდე.“ დ-----ი: „აუ კაროჩე შენ რამდენი ხანი დაგჭირდებოდა იცი ეხლა ერთი, თან მაგას თუ არ უთხარი“. ი----: „საღოლ რა შენ რო არ დამხმარებოდი კაროჩე რა აქედან ესე ელაპარაკება“. ი---- საფულედან იღებს ფულის 100 !ასი! ლარიან კუპიურებს და ითვლის: „ასი ლარი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი. აჰა ძმაო 1000 (ათასი) ლარი“. დ-----ი: „ბიჭო შენ რამე ხვოსტი ხომ არ გაზის?“ ი----: „არა ძმა არაფერი ძაან დიდი მადლობა და სიკეთეში მოგახმაროს ღმერთმა“. ი----: „ხოდა ეს იცოდე რო ხვალინდელ იმაზე ხვალინდელ ჩარიცხვაზე ეს კიდე ვიცოდე რა ეს ათასი ლარი ძმაო ხო ვთქვით და ამაზე გეკუთვნის და რაზეა ლაპარაკი. დ-----ი: „არა ჩვენ მაგ თემაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ.“ ი----: „ხოდა მაგას გეუბნები რა“. დ-----ი: „ჩამოყალიბდი და ვიცოდე მეც რო აი ამდენი, ამდენი ამდენი და“. ამის შემდეგ ისინი საუბრობენ ყოფით საკითხებზე, რა დროსაც დ----- მ-------- ამბობს: „ქრთამის აღებაზე ხომ ნახე როგორ არის, აბა მიდი ეხლა ვიღაცას ფინანსური რაღაცა გაუმაზე, რომ აბა მოდი შენ და ასე და ეხლა იმას კი არ გეუბნები ამ თემას, მე ამას არ ვთვლი ასეთად, მაგრამ მე უბრალოდ შენი კაცური მდგომარეობიდან გამომდინარე გელაპარაკები“.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული საუბრებიდანაც, ასევე არ შეიძლება ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა იმის თაობაზე, რომ დ----- მ--------სა და ი---- კ-----–--ას შორის ფულადი თანხის სანაცვლოდ რაიმე ქმედების შესრულების შესახებ შეთანხმება წინასწარ არსებობდა და შესაბამისად, დ----- მ-------ის ქმედებები სწორედ ამ შეთანხმებით იყო განპირობებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.

 

ქრთამის აღების საფუძველზე შესრულებული მოქმედება შეიძლება შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში ან არ შედიოდეს, მაგრამ მის ავტორიტეტსა და გავლენას შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებას ან შეუსრულებლობას. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია არა ის, ჰქონდა თუ არა თანამდებობის პირს ქრთამის მიმცემის მიერ მოთხოვნილი მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება, არამედ ის, მოხდა თუ არა ქრთამის მოთხოვნა, ან შეთავაზება თუ დაპირება და აღნიშნულის მიღება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გარკვეული სამსახურის გაწევის სანაცვლოდ. ობიექტური მხრივ ქრთამის აღება დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან.

 

ქრთამის მოთხოვნას ადგილი აქვს მაშინ, როცა მოხელე პირდაპირ ან შენიღბულად აგრძნობინებს (მიახვედრებს) სხვა პირს, რომ მან უნდა გადაიხადოს თანამდებობის პირის მომსახურების (მოქმედების ან უმოქმედობის) სანაცვლოდ. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს გადაეცა თუ არა ქრთამის საგანი ან განხორციელდა თუ არა რაიმე ქმედება ამ მოთხოვნის სანაცვლოდ, მთავარია თვით მოთხოვნის არსებობა.

 

ქრთამის შეთავაზება გულისხმობს ისეთ სიტუაციას, როცა ქრთამის მიმცემი ავლენს მზადყოფნას უკანონო გასამრჯელო მისცეს მოხელეს ნებისმიერ მომენტში, რაზედაც მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი თანხმობას აცხადებს.

 

ქრთამის დაპირება მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა ქრთამის მიმცემი ვალდებულებას იღებს (პირობას დებს), რომ მოგვიანებით გადასცემს მოხელეს უკანონო გასამრჯელოს, რაზედაც მოხელე თანხმდება, ანდა როცა ქრთამის მიმცემსა და ამღებს შორის წინასწარი შეთანხმება არსებობს იმის თაობაზე, რომ უკანონო გასამრჯელოს გადაცემა მოგვიანებით მოხდება. დაპირებად არ უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევა, როცა მოხელე საორჭოფო პასუხს აძლევს ქრთამის მიმცემს (ვეცდები, ვნახოთ და ა.შ) და არ ჩანს დაპირების მიღების კონკრეტულობა.

 

რაც შეეხება ქრთამით განპირობებულ ქმედების შესრულებას თუ შეუსრულებლობას, იგი დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებს გარეთ რჩება. მთავარია დადგენილ იქნეს, რომ ქრთამი აღებულია გარკვეული მოქმედების შესასრულებლად ან მისი შეუსრულებლობისათვის.

 

მექრთამეობას ქმნის როგორც ქრთამი - მოსყიდვა, ისე - ქრთამი - ჯილდო. ქრთამის საფუძვლით, მოხელის მოქმედების განპირობებულობა აუცილებელი პირობაა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. თუ ქრთამის აღება წინასწარ არ იყო შეთანხმებული და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით მოხელეს არ შეეძლო წინასწარ სცოდნოდა, რომ მას ამა თუ იმ ქმედებისათვის ქრთამ-ჯილდოს გადასცემდნენ, არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქრთამის აღების დანაშაულის შემადგენლობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მოხელე კანონის ფარგლებში მოქმედებდა. შემდგომში მისი დასაჩუქრება, გარკვეული პირობების არსებობისას, განხილულ უნდა იქნეს არა როგორც ქრთამის აღება, არამედ როგორც კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება (სსკ-ის 340-ე მუხლი). თუ პირს არ ჰქონდა განზრახვა ქრთამის აღებისა და ისე შეასრულა რაიმე მოქმედება, ან თავი შეიკავა მისი შესრულებისაგან და ამის შედეგად მას საჩუქრად გადასცეს რაიმე ნივთი ან ფული, აღნიშნულ ქრთამის აღებად ვერ იქნება შეფასებული. ამდენად, ქრთამის აღებად არ ჩაითვლება სახელმწიფო მოხელის მიერ მატერიალური სიკეთის მიღება გარკვეული მოქმედების შესრულების შემდეგ, თუ არ არსებობდა წინასწარი წინადადება, თხოვნა ან მიღება.

 

სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, დ----- მ-------ის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას ამოსავალი სწორედ მათ შორის თანხის შემდგომი გადაცემის შესახებ შეთანხმების არარსებობაში მდგომარეობს. მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დგინდება, რომ ი---- კ-----–--ა წინასწარ შუთანხმდა და ვალდებულება აიღო, რომ მოგვიანებით დ----- მ--------ს უკანონო გასამრჯელოს გადაცემდა, რაზედაც იგი დათანხმდა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გაანალიზებისას ვერ დადასტურდა დ----- მ-------ის მხრიდან ი---- კ-----–--ას დაპირების მიღების კონკრეტულობა, შესაბამისად, ვერ დადგინდა, რომ დ----- მ--------, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, შპს „ბ--–--თან“ მიმართებაში, ქრთამით განპირობებულ ქმედებებს ახორციელებდა, რომ მან ფულადი თანხა გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, წინასწარ შეთანხმებული პირობების გამო აიღო. მოწმეთა ჩვენებების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების და თავად ბრალდებულის ჩვენების ერთობლიობით, უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართლაც ადგილი ჰქონდა დ----- მ-------ის მიერ ი---- კ-----–--ასგან ფულადი თანხის - 1000 ლარის აღების ფაქტს, თუმცა, სახეზე არ არის დ----- მ-------ის მიერ განხორციელებული ქმედებების განპირობებულობა მომავალში ფულადი თანხის მიღების მოტივით, რაც ქრთამის აღების მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი პირობაა. აღნიშნული გარემოება კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონით დადგენილ, უალტერნატივო, კონსტიტუციურ სტანდარტს.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას დ----- მ-------ის მიერ ე.წ. „ფანჩატურის“ აშენების მოთხოვნის ნაწილში, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ და რაში გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- მ-------ის დანაშაულებრივი ქმედება იმაში გამოიხატა, რომ მან, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, შპს „ბ--–--“ მიერ შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენისას, ი---- კ-----–--ას თითოეულზე, მოთხოვა ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რათა დროულად მომხდარიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, რის შემდეგაც შპს ,,ბ--–--“ საბანკო ანგარიშზე, 2016 წლის 7 ივლისს, ზემოაღნიშნული სააგენტოს თანამშრომლებს დაჩქარებულად ჩაარიცხინა ფულადი თანხა 31 628,46 ლარის ოდენობით. აღნიშნულის სანაცვლოდ კი, იმავე დღეს, ი---- კ-----–--ასგან ქრთამის სახით მიიღო მოთხოვნილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ბრალდება დ----- მ--------ს არ ედავება თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით შპს „ბ--–--“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაჩქარებული წესით ანაზღაურების სანაცვლოდ მის საცხოვრებელ სახლში ე.წ. „ფანჩატურის“ აშენების მოთხოვნას ი---- კ-----–--ას მიმართ (აღნიშნული ბრალდების შესახებ დადგენილებიდან არ გამომდინარეობს). შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (ი---- კ-----–--ასათვის ქრთამის სახით პირდაპირ 1000 (ათასი) ლარის მოთხოვნისა და მიღებისათვის) აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- მ--------მ ჩაიდინა მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება და მას სწორედ აღნიშნული დანაშაულისათვის უნდა დაედოს მსჯავრი.

 

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

 

ამავე კანონის მე-52 მუხლის თანახმად, თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომ – ბიურო) წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის დასახელების, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულების/ოდენობის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო ამ კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, როგორც სამოხელეო დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულია კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების მომენტიდან. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება იმით განსხვავდება ქრთამის აღებისაგან, რომ ამ შემთხვევაში მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მოქმედება საჩუქრის გადაცემით არ არის განპირობებული. საჩუქრის მიმცემს საჩუქრის გადაცემით სურს დაიმსახუროს მოხელის კეთილგანწყობა მომავალში სასურველი მოქმედებისთვის, რაზეც საჩუქრის გადაცემის მომენტისათვის ისინი შეთანხმებულნი არ არიან ან საჩუქარი შეიძლება გამოხატავდეს მადლიერებას უკვე შესრულებული მოქმედებისთვის. საჩუქრის გადაცემისას პირს შეიძლება გარკვეული საქმის ინტერესის მიღწევის მიზანიც ჰქონდეს, რადგან მისი მოქმედება, ძირითადად, მომავლისაკენ არის მიმართული. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მოხელეს საჩუქარი გადაეცეს იმ პირისგან, რომელთან დაკავშირებული საკითხიც მან უკვე განიხილა, იხილავს ან წინასწარ ცნობილია, რომ უნდა განიხილოს. საჩუქრის მიმღებმა არ უნდა ჩათვალოს რომ მას ქრთამს აძლევენ. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც განზრახვით, ისე გაუფრთხილებლობით. თუმცა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-52 მუხლის დანაწესი კანონით აკრძალული საჩუქრის სამი სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წარდგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც სახეზეა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- მ-------ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. ი---- კ-----–--ამ მოწმის სახით დაკითხვისას კატეგორიულად უარყო დ----- მ-------ის მიერ, საერთოდ, ფულადი თანხის - 1000 (ათასი) ლარის მოთხოვნის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე მან არაერთხელ მიუთითა, რომ ვინაიდან დ----- მ-------- დაეხმარა მას ფორმალური პროცედურების განხორციელებაში (დოკუმენტების დროულად შედგენაში, ბუღალტერიაში წარდგენაში და ა.შ.), მასაც გაუჩნდა პატივისცემის სურვილი. ფულად თანხასთან დაკავშირებით ანალოგიური განმარტება გააკეთა თავად ბრალდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ი---- კ-----–--ასგან აღებულ თანხას ის ქრთამად არ თვლის და მიიჩნევს საჩუქრად, რაც დადასტურებულია როგორც დ----- მ-------ის ჩვენებით, ისე 2016 წლის 7 ივლისის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალებით, რომლის მიხედვითაც, რესტორან „უ------––ი“ თანხის აღების შემდეგ დ----- მ-------- ი---- კ-----–--ას ეუბნება, რომ იგი ამ თანხას ქრთამად არ თვლის. ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ დ----- მ-------ის მოქმედებები შემდგომში ფულადი თანხის მიღებით კი არ იყო განპირობებული, არამედ ი---- კ-----–--ას მხრიდან თანხის გადაცემა გამოხატავდა მადლიერებას უკვე შესრულებული მოქმედებისათვის, დ----- მ--------მ კი აღნიშნული თანხა საჩუქრის სახით მიიღო.

 

2016 წლის 4 იანვრის №32 შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დადგენილია, რომ დ----- მ-------ის, როგორც სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო სამსახურის მ--------ის, შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1350 ლარს. შესაბამისად, მისი, როგორც მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ, საანგარიშო წლის განმავლობაში ერთჯერადად მიღებული საჩუქრის (1000 ლარის) ღირებულება აღემატებოდა მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-ს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დ----- მ-------- ნათლად აცნობიერებდა, რომ ი---- კ-----–--ასგან ფულადი თანხის აღებით მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებდა და სურდა ამ ქმედების ჩადენა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მისი ჩვენება და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი მასალები, სადაც დ----- მ-------- თანხის აღებისას შემდეგი სიტყვებით მიმართავს ი---- კ-----–--ას: „ბიჭო შენ რამე ხვოსტი ხომ არ გაზის?“; „ქრთამის აღებაზე ხომ ნახე როგორ არის, აბა მიდი ეხლა ვიღაცას ფინანსური რაღაცა გაუმაზე, რომ აბა მოდი შენ და ასე და ეხლა იმას კი არ გეუბნები ამ თემას, მე ამას არ ვთვლი ასეთად, მაგრამ მე უბრალოდ შენი კაცური მდგომარეობიდან გამომდინარე გელაპარაკები“. ამდენად, ამ შემთხვევაში, დ----- მ-------ის მიმართ ვერ გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-52 მუხლის დანაწესი კანონით აკრძალული საჩუქრის სამი სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წარდგენის შესახებ.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ----- მ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, დ----- მ--------ს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კანონით უნდა დაედოს მსჯავრი და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 25 ივლისის რედაქციით).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ----- მ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

დ----- მ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის, სამოხელეო დანაშაულთა რიგს, რომელიც არღვევს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა პრესტიჟსა და ავტორიტეტს. დ----- მ-------- 49 წლისაა, არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ონკოლოგიური სნეულებით დაავადებული დედა. იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, მეზობლებს შორის ხასიათდება დადებითად.

 

სასამართლოს აზრით, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები მიუთითებენ იმაზე, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად დ----- მ-------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, მისი წარსული ცხოვრების, ოჯახური მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, დ----- მ-------ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელი, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- მ--------ს 3 (სამი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 7 ივლისიდან 2016 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით) უნდა შეუმცირდეს 2 (ორი) თვით და საბოლოოდ, 2 (ორი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს აზრით, სასჯელის ზემოაღნიშნული სახე და ზომა შექმნის დ----- მ-------ის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დ----- მ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - ათი ერთეული 100 (ასი) ლარის ნომინალის კუპიურებით, რომლებიც შესანახად გადაეცა საქართვე,ლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს, უნდა დარჩეს მის საკუთრებაში, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩაწერის ამსახველი DVD დისკი 4 (ოთხ) ეგზემპლარად, აუდიო ჩაწერის ამსახველი CD დისკი 1 (ერთ) ეგზემპლარად და სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შედეგად მოპოვებული მასალების ამსახველი CD დისკი 1 (ერთ) ეგზემპლარად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა შენახულ იქნეს გორის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე, 43-ე, 62-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. დ----- მ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 25 ივლისის რედაქციით).

 

დ----- მ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე მუხლის პირველ ნაწილით (2006 წლის 25 ივლისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 7 ივლისიდან 2016 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით) შეუმცირდეს 2 (ორი) თვით და საბოლოოდ, 2 (ორი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. მსჯავრდებულ დ----- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის №12/32-16 განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, გულნარა მ-------ის (პ/-------------), დ----- მ-------ის (პ/ნ 0----------) და მ-----–ა ღ------–------ს (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, 2016 წლის 8 ივლისის უძრავი ქონების შეფასების ანგარიშში მითითებულ უძრავ ქონებას - საცხოვრებელი სახლის ნაწილს - ფართობით 68,70 კვ.მ., მდებარე: ქ-------–---, ჟ-----–-ს ქუჩა №31 (საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა თბილისი №01, სექტორი ნაძალადევი №12, კვარტალი №09, ნაკვეთი №-------, დაზუსტებული ფართობი: 864,00 კვ.მ., ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი: 15, საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, მესაკუთრეები: მ-----–- ღ------–------ (პ/ნ 0----------), აღწერა: შენობა ნაგებობა №1-ში საერთო ფართი: 151, 21 კვ.მ., აქედან II სართული, საერთო ფართით 138, 09 კვ.მ., სარდაფში 13,12 კვ.მ., №3 -საერთო ფართით 18.59 კვ. მ. გულნარა მ-------- (პ/-------------), დ----- მ-------- (პ/ნ 0----------) ½ ნაწილი). გირაოს შემტანებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეთ გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.

 

3. მსჯავრდებულ დ----- მ-------ის მიმართ დამატებით დაკისრებული ვალდებულებები - გამოძიების მწარმოებელი ორგანოსათვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარების და ყოველ სამშაბათ დღეს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ გაუქმდეს.

 

4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· დ----- მ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - ათი ერთეული 100 (ასი) ლარის ნომინალის კუპიურებით, რომლებიც შესანახად გადაეცა საქართვე,ლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს, დარჩეს მის საკუთრებაში;

· საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1438-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩაწერის ამსახველი DVD დისკი 4 (ოთხ) ეგზემპლარად, აუდიო ჩაწერის ამსახველი CD დისკი 1 (ერთ) ეგზემპლარად და სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შედეგად მოპოვებული მასალების ამსახველი CD დისკი 1 (ერთ) ეგზემპლარად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს გორის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე