გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/3672-18 30 აგვისტო, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - მ------------ია
მოპასუხე - შპს ”ჯ-----"
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ”ჯ-----სთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის მონტაჟ-ინსტალაციის ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 329.65 ლარის ოდენობით;
1.2. შპს ”ჯ-----სთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 404.63 ლარის ოდენობით;
1.3. შპს ”ჯ-----სთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 277.76 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 25 ნოემბერს, შპს ”ჯ-----ს", როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „დაცვას“ შორის გაფორმდა №1/4--6 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”დაცვამ” აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო ქალაქ თბილისში, ვ---------------–ოს რაიონში, ი------------–ის ქუჩა N18ა-ში მდებარე ”დამკვეთის” სუპერმარკეტის დაცვა მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით - თვეში 216.00 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები). ამავე ხელშეკრულებით, დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში "დამკვეთისათვის" ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნა დადგენილი (ხელშეკრულების 6.7 პუნქტი). ამავე ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დადგენილ იქნა მისთვის 200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება.
მტკიცებულება: 2016 წლის 25 ნოემბრის N------ ხელშეკრულება (ს.ფ. 22-25).
3.2. 2016 წლის 25 ნოემბერს, შპს ”ჯ-----ს", როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა №1----- და N------ ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც ”შემსრულებელს” უნდა უზრუნველეყო ქალაქ თბილისში, ვ---------------–ოს რაიონში, ი-----------–-ს ქუჩა N18ა-ში მდებარე ”დამკვეთის” ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულება, დამკვეთს კი უნდა გადაეხადა სამუშაოების ღირებულება N------ ხელშეკრულების ნაწილში 311,65 ლარის და N------ ხელშეკრულების ნაწილში 18.00 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: 2016 წლის 25 ნოემბრის N------ ხელშეკრულება(ს.ფ. 14-15); 2016 წლის 25 ნოემბრის N------ ხელშეკრულება(ს.ფ. 17-18).
3.3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 25 ნოემბრის N------, N------ და N------ ხელშეკრულებების შესაბამისად განახორციელა შპს ”ჯ-----ს" ობიექტზე დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის ინსტალაცია.
მტკიცებულება: 2016 წლის 29 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 20-21).
3.4. ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის N------- ბრძანების თანახმად, 2016 წლის 30 ნოემბრიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ,,125-ის” განყოფილება უზრუნველყოფდა შპს ”ჯ-----ს" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებას.
მტკიცებულება: №------- ბრძანება (ს.ფ. 26).
3.5. შპს ”ჯ-----ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ №1----- და N------ ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ღირებულება 329.65 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 29).
3.6. შპს ”ჯ-----ს", სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ №1/4--6 ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის მაისში, ივნისში და ივლისში მიღებული მომსახურების საფასური 404.63 ლარის ოდენობით. მითითებული ვალდებულების შსრულების ვადაგადაცილების გამო 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 77,76 ლარი.
მტკიცებულება: ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ, თნხის ბრუნვა, ვალები (ს.ფ. 31, 32, 34).
3.7. 2017 წლის 24 ივლისს შპს "ჯ-----ს" წარმომადგენელმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.
მტკიცებულება: მიმართვა (ს.ფ. 28)..
3.8. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის №------- ბრძანებით შპს ”ჯ-----ს" 2017 წლის 28 ივლისიდან შეუწყდა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
მტკიცებულება: ბრძანება (ს.ფ.27).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ”ჯ-----ს" შორის ურთიერთობა 2016 წლის 25 ნოემბრის N------, N------ და N------ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულებების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, 2016 წლის 25 ნოემბრის N------, N------ და N------ ხელშეკრულებების საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შპს "ჯ-----ს" მიმართ წარმოეშვა ობიექტის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურებისა და დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების განხორციელების ვალდებულება, ხოლო შპს "ჯ-----ს" - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია, რომ შპს "ჯ-----მ" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა არ განუხორციელებია. ამდენად, შპს "ჯ-----ს" ვალდებულია, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული დაცვით-საგანგაშო სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულება 329.65 ლარის ოდენობით და 2017 წლის მაისში, ივნისსა და ივლისში განხორციელებული მომსახურების საფასური 404. 63 ლარის ოდენობით.
6.1. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას ითვალისწინებს, როგორიცაა პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 25 ნოემბრის N------ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დადგენილ იქნა მისთვის 200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის მაისში, ივნისსა და ივლისში მიღებული მომსახურების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით შპს "ჯ-----ს" მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების მოცულობამ 277.76 ლარი შეადგინა, ასევე, მას ეკისრება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანიდან გამომდინარე, შპს ”ჯ-----” ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ბაჟის გადახდით გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. შპს ”ჯ-----ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულების ანაზღაურება 329.65 ლარის ოდენობით;
1.2. შპს ”ჯ-----ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის მაისის, ივნისისსა და ივლისის თვეების მომსახურების ანაზღაურება 404.63 ლარის ოდენობით;
1.3. შპს ”ჯ-----ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 277.76 ლარის ოდენობით;
2. შპს ”ჯ-----ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია