გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.08.2018
საქმის ნომერი
330310018002495697
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3/3673-18 30 აგვისტო, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - გ--------–--–----–---–ი

მოპასუხე - შპს ”რ-–---------ი”

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს ”რ-–---------ისთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ GPS კონტროლის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 2156.09 ლარის ოდენობით;

1.2. შპს ”რ-–---------ისთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 177.07 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 30 ივნისს შპს "რ-–---------ს", როგორც "დამკვეთსა" და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა №1----- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, "შემსრულებელმა" აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო GPS-ის მოწყობილობის მეშვეობით "დამკვეთის" კუთვნილ ავტომობილებზე კონტოლი და გადაადგილების მონიტორინგი, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით - ერთ ავტომობილზე თვეში 40.00 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები). ამავე ხელშეკრულებით, დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში "დამკვეთისათვის" ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნა დადგენილი (ხელშეკრულების 5.3 პუნქტი).

მტკიცებულება: 2016 წლის 30 ივნისის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-15).

 

3.2. 2017 წლის 16 ივნისს, შპს "რ-–---------ს", როგორც "დამკვეთს" და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც "დაცვას" შორის N20-- ურთიერთშეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, 2016 წლის 30 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული N1----- ხელშეკრულების 2.1 პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდგი რედაქციით: GPS მომსახურების ღირებულება თვეში ერთ ავტომობილზე შეადგენს 23.00 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ურთიერთშეთანხმების ძალაში შესვლის დღედ 2017 წლის 1 ივნისი განისაზღვრა.

მტკიცებულება: ერთიერთშეთანხმება (ს.ფ.16).

 

3.3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 30 ივნისის N1----- ხელშეკრულებების შესაბამისად განახორციელა შპს "რ-–---------ის" 25 ერთეულ ავტომანქანაზე GPS მოწყობილობების მონტაჟი.

მტკიცებულება: მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 18-21).

 

3.4. შპს "რ-–---------ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ №1----- ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში განხორციელებული მომსახურების ღირებულება, რის გამოც დავალიანებამ 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, 2017 წლის აგვისტომდე არსებულ დავალიანებასთან ერთად (19,26 ლარი) შეადგინა 2156,09 ლარი. აღნიშნული ვადლებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო 2017 წლის 7 დელემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ 177,07 ლარი შეადგინა.

მტკიცებულება: ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 24)., თანხის ბრუნვა (ს.ფ. 25, 26).

 

3.5. 2017 წლის 1 დეკემბერს შეწყვეტილ იქნა შპს "რ-–---------ის" კუთვნილ 25 ერთეულ ავტომანქანაზე GPS მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფა.

მტკიცებულება: აქტი (ს.ფ. 22).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს "რ-–---------ს" შორის ურთიერთობა 2016 წლის 30 ივნისის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულებების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, 2016 წლის 30 ივნისის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შპს "რ-–---------ის" მიმართ წარმოეშვა GPS მოწყობილობის მეშვეობით "დამკვეთის" კუთვნილ ავტომობილებზე კონტოლისა და გადაადგილების მონიტორინგის ვალდებულება, ხოლო შპს "რ-–---------ს" - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია, რომ შპს "რ-–---------მა" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა არ განუხორციელებია. ამდენად, შპს "რ-–---------ი" ვალდებულია, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული GPS კონტროლის მომსახურების ღირებულება 2159.09 ლარის ოდენობით.

6.2. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას ითვალისწინებს, როგორიცაა პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 30 ივნისის N1----- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით, შპს "რ-–---------ის" მიერ მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების მოცულობამ 177.07 ლარი შეადგინა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანიდან გამომდინარე, შპს "რ-–---------ი" ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ბაჟის გადახდით გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. შპს "რ-–---------ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს GPS კონტროლის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 2156.09 ლარის ოდენობით;

1.2. შპს "რ-–---------ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 177.07 ლარის ოდენობით;

2. შპს "რ-–---------ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია