გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002360371
2-1179/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02/08/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: თ------ კ----ე
წარმომადგენელი: ე---–------------ე
მოპასუხე: ნ---- თ---------ე
დავის საგანი: რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ------ კ----ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ნ---- თ---------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმნტებით:
თ------ კ----ემ და ნ---- თ---------ემ რეგისტრირებული ქორწინებით იქორწინეს 1998 წლის 21 მარტს. მხარეები ერთმანეთს ხასიათებით ვერ შეეწყვენ. დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. თ------ კ----ემ დაქორწინდა სხვა პირთან და ჰყავს შვილი, რაც გამორიცხავს მათ შერიგებასა და თანაცხოვრების გაგრძელებას. მოითხოვს ნ---- თ---------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.
მოპასუხის პოზიცია:
ნ---- თ---------ე სარჩელს არ ცნობს. ადასტურებს, რომ დაქორწინებულნი არიან 1998 წლის 21 მარტს და რომ ისინი დაშორდნენ და რამოდენიმე წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მაგრამ მიაჩნია, რომ ისინი გამონახავენ საერთო ენას, შერიგდებიან და გააგრძელებენ თანაცხოვრებას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თ------ კ----ემ და ნ---- თ---------ემ რეგისტრირებული ქორწინებით იქორწინეს 1998 წლის 21 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა ს.ფ. 16
3.1.2. მხარეები რამოდენიმე წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეში მნიშვნელოვანი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა მხარეთა შერიგებისა და თანაცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი აღძრულია 2018 წლის 20 მარტს. ანუ სარჩელის აღძვრიდან საქმის განხილვამდე გასულია დაახლოებით 5 თვე. ამ პერიოდში მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელესთან საერთო ენის გამონახვა და შერიგება. გარდა ამისა ისინი წლებია დაშორებულნი არიან და ამ პერიოდში მოსარჩელემ შეირთო სხვა ცოლი. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე მათი შერიგება და თანაცხოვრების შესაძლებლობა ძალიან მცირეა. თუ სხვა დროს მორიგდებიან, ეს არ წარმოადგენს თანაცხოვრების გაგრძელების დამაბრკოლებელ გარემოებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” პუნქტით ,,ქორწინება შეიძლება შეწყდეს განქორწინებით’’.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების შეწყვეტის ერთერთი გზაა - განქორწინება. საქართველოს კანონმდებლობა არც იძულებით დაქორწინებას იცნობს და არც იძულებით ოჯახის შენარჩუნებას. განქორწინებისთვის ერთ–ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია. მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინდნენ. კანონი ამ კუთხით მხოლოდ ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: - ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე, შეიტანოს სარჩელი განქორწინებაზე. სხვა ნებისმიერ დროს, როგორც ცოლს, ისე ქმარს, სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ განქორწინება. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს არ ჰყავთ ამცირეწლოვანი შვილები შვილები. შესაბამისად არარსებობს განქორწინების დასახელებული დამაბრკოლებელი გარემოება. სხვა მხრივ განქორწინების საკითხში სასამართლოს ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეუღლეებს შორის არსებობს რაიმე სახის დავა – ქონებრივი, შვილებთან დაკავშირებით და ა.შ რომელსაც ისინი ურთიერთშეთანხმებით ვერ წყვეტენ. წინამდებარე შემთხვევაში მსგავსი დავა მხარეებს შორის არ მიმდინარეობს.
6.3. განქორწინების საქმის განხილვისას, სასამართლო იღებს გარკვეულ ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს შესარიგებლად მისცეს დრო არაუმეტეს ექვსი თვისა. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მიუხედავად ამ ზომებისა, მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ იგი იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ. მხარეებს სარჩელის აღძვრიდან აქვთ დაახლოებით 5 თვე. ეს დრო არ დარჩა საკმარის მხარეთა შესარიგებლად. მოსარჩელე კატეგორიულად გამორიცხავს შერიგებას. აღნიშნული მიუთითებს, მასზედ, რომ ამჟამად მეუღლეთა შერიგება და სამომავლო თანაცხოვრება არ ხერხდება.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი) მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთ დაფასებასა და პატივისცემაზე, ხოლო თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოსარჩელემ გამოავლინა განქორწინების ნება. საქმის გარემოებების მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. უფრო მეტიც ის არარეგისტრირებულ ქორწინებაშია სხვა პირთან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო, საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ------ კ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. თ------ კ----ესა და ნ---- თ---------ეს შორის 1998 წლის 21 მარტს №101 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინების გზით.
3. ნ---- თ---------ეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე