გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.09.2018
საქმის ნომერი
010210017001789447
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001789447

2-344/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10/07/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - გ-----------–--------------------–---------------------ი

წარმომადგენელი - ლ----------

მოპასუხე - შპს ,,ა-------–---------ი“

წარმომადგენელი - ჯ----–-----------

დავის საგანი : თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა გ-----------–--------------------–---------------------ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს ,,ა-------–---------ს“ დაეკისროს 26 054.40 ლარის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმნტებით: 2015 წლის 2 ნოემბერს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და შპს ,,ა-------–---------ს“ შორის გაფორმდა №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-------–---------მა“ იკისრა ქ. ბათუმში პუშკინის ქ.№145-ში მდებარე, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის მოემზადებინა საკონკურსო წინადადების პირობების შესაბამისი საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია. მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 37 360 ლარი. მოპასუხე ვალდებული იყო მომსახურება გაეწია ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში. ხელშეკრულების 11.1 პუნქტით მხარეების მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, კერძოდ მომსახურების განხორციელების ვადების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შპს ,,ა-------–---------ს“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1 %. ამავე ხელშეკრულების 11.3 პუნქტით მიწოდების ვადის 10 დღის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით გადახდება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10 %. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა ვადაში შეასრულა,მაგრამ წარმოდგენილ სახარჯთააღრიცხვო პროექტს გააჩნდა ხარვეზები, რის გამოც დოკუმენტები 2016 წლის 8 თებერვალს მოპასუხეს დაუბრუნდა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტების ხავეზები მოპასუხს უნდა გამოესწორებინა 5 დღის ვადაში ანუ 2016 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. 2016 წლის 31 მარტს მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კორექტირებული ვარიანტი მოსარჩელეს წარედგინებოდა 2016 წლის 2 მაისამდე. მიუხედავად ამისა მოპასუხემ შეთანხმებულ ვადაში დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა. საბოლოო ჯამში მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა შეასრულა 2016 წლის 1 ივლისს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულებას გადააცილა 59 დღით. ამ ვადაში მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 22 278.40 ლარი, ხოლო ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად 3 776 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივად. ყველა ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს და სადაოდ არ ხდის, მაგრამ მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა მაღალია, არ შეესაბამება გონივრულ გაანგარიშებას და მოითხოვს მის შემცირებას.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 2 ნოემბერს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და შპს ,,ა-------–---------ს“ შორის 2015 წლის 2 ნოემბერს გაფორმდა №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-------–---------მა“ იკისრა ქ. ბათუმში პუშკინის ქ.№145-ში მდებარე, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის, მოემზადებინა საკონკურსო წინადადების პირობების შესაბამისი საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 2 ნოემბრის №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება ს.ფ. 101-104.

 

3.1.2. 2015 წლის 2 ნოემბრის №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 37360 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 2 ნოემბრის №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება ს.ფ. 101-104.

 

3.1.3. შპს ,,ა-------–---------ს“ საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების მომსახურება უნდა გაეწია ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 2 ნოემბრის №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება ს.ფ. 101-104.

 

3.1.4. 2015 წლის 2 ნოემბრის №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების 11.1 პუნქტით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, კერძოდ მომსახურების განხორციელების ვადების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შპს ,,ა-------–---------ს“ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1 %-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 11.3. პუნქტით მიწოდების ვადის 10 დღის ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით გადახდება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 2 ნოემბრის №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება ს.ფ. 101-104.

 

3.1.5. შპს ,,ა-------–---------მა“ საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების მომსახურება, შეთანხმებულ ვადაში შეასრულა, მაგრამ წარმოდგენილ სახარჯთააღრიცხვო პროექტს გააჩნდა ხარვეზები, რის გამოც 2016 წლის 8 თებერვალს დოკუმენტები მოპასუხეს დაუბრუნდა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტების ხავეზები მოპასუხს უნდა გამოესწორებინა 5 დღის ვადაში ანუ 2016 წლის 13 თებერვლის ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნები. სფ. 47-51; 52-55; 56-60; 61-64; 65-68; 69-74.

- გ-----------–--------------------–---------------------ის 2016 წლის 8 თებერვლის წერილი.ს.ფ. 87

 

3.1.6. შპს ,,ა-------–---------მა“ კორექტირებული საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია მოსარჩელეს წარუდგინა 2016 წლის 17 თებერვალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ,,ა-------–---------ის“ 2016 წლის 17 თებერვლის წერილი.ს.ფ. 95

 

3.1.7. კორექტირებული საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობასთან დაკავშირებით აუცილებელი იყო საექსპერტო კვლევა. იმის გამო, რომ ექსპერტიზა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადებში ვერ დასრულდა, 2016 წლის 31 მარტს მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კორექტირებული ვარიანტი მოსარჩელეს ექსპერტიზის დასკვნით წარედგინებოდა 2016 წლის 2 მაისამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ურთიერთშეთანხმება.ს.ფ. 100.

 

3.1.8. მოპასუხემ 2016 წლის 2 მაისამდე ვადაში კორექტირებული საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია მოსარჩელეს ვერ წარუდგინა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი.ს.ფ. 75

 

3.1.9. საბოლოო ჯამში მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა შეასრულა 2016 წლის 1 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი.ს.ფ. 75

 

3.1.10. მოპასუხემ ვალდებულების შესრულებას გადააცილა 59 დღით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ურთიერთშეთანხმება.ს.ფ. 100.

- მიღება-ჩაბარების აქტი.ს.ფ. 75

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის სადაო ფაქტობრივი გარემოებები არარსებობს. მხარეებს შორის სადაოა პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი. ის, რომ მხარეები პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმებულნი არიან, სადაო არაა. სადაოა მისი მოცულობა და გონივრულობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არაა ფაქტობრივი გარემოება. იგი სამართლებრიი შეფასების კატეგორიაა და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. მოპასუხემ დაარღვია 2015 წლის 2 ნოემბრის №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. იმავდროლად პირგასამტეხლოს ოდენობა არაა გონივრული და იგი შემცირებული უნდა იქნას.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიტუცია

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნარდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.2. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და შპს ,,ა-------–---------ს“ შორის 2015 წლის 2 ნოემბერს გაფორმდა №181 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-------–---------მა“ იკისრა ქ. ბათუმში პუშკინის ქ.№145-ში მდებარე, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის, მოემზადებინა საკონკურსო წინადადების პირობების შესაბამისი საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია. სწორედ ამ ხელშეკრულებით მხარეებმა თავიანთი უფლება-მოვალეობის მოცულობა განსაზღვრეს. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია და იგი მიმართულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთიობის წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისაკენ. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ და მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთ ვალდებულებათა წრე. ნარდობის ხელშეკრულება დაკავშირებულია მხარეთა ურთიერთვალდებულებებზე, ორივე მხარეს გააჩნია ერთმანეთის მიმართ, როგორც უფლებები, ისე მოვალეობები. ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ქ. ბათუმში პუშკინის ქ.№145-ში მდებარე, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის, მოემზადებინა საკონკურსო წინადადების პირობების შესაბამისი საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია. თავის მხრივ მოსარჩელემ იკისრა საზღაურის გადახდის ვალდებულება. უდაო გარემოებაა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 2015 წლის 2 ნოემბრიდან 45 დღის ვადაში, შემდეგში ეს ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა ჯერ 2016 წლის 13 თებერვლამდე, შემდეგ კი 2015 წლის 2 მაისამდე.

 

6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ნარდობის ხელშეკრულების დადების და შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც დამკვეთს აქვს მოთხოვნის უფლება - მენარდეს მოსთხოვოს შეასრულოს ნარდობის საგნის დამზადების ვალდებულება. თავის მხრივ მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია მოსარჩელისათვის წარედგინა არაუგვიანეს 2016 წლის 2 მაისამდე. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ, შეასრულოს გარკვეული ქმედება. ამ შემთხვევაში კი ხელშეკრულებამ მოპასუხე უნდა აიძულოს შეთანხმებულ ვადაში განახორციელოს ვადაში სატანადო დოკუმენტაციის მიწოდება. მოპასუხემ შეთანხმებულ ვადაში საპროექტო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის ჯეროვანი მიწოდების ვალდებულება ვერ შეასრულა და მისი შესრულების ვადას გადააცილა 59 დღით.

 

6.4. მოსარჩელე მოითხოვს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულების 11.1 პუნქტით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, კერძოდ მომსახურების განხორციელების ვადების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შპს ,,ა-------–---------ს“ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1 %-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 11.3. პუნქტით მიწოდების ვადის 10 დღის ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით გადახდება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10 %.

 

მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილია, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულების 6-ე მუხლის ,,ბ”, ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას იმ წესის მიხედვით, რა წესით პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით საქმეზე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 11.1 პუნქტის მიხედვით შეადგენს 22278.4 ლარს, ხოლო 11.3 პუნქტის მხედვით 3776 ლარს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად განსაზღვროს პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული და შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ის გარემოება, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში შეასრულა, თუმცა დოკუმენტაციას გააჩნდა ხარვეზები. მან ხარვეზების გამოსწორების ვადები დაარღვია საექსპერტო კვლევების გამო, რაც მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს მის გათვალისწინებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ და იგი 0.1 %-დან უნდა შემცირდეს 0.02 %-მდე, ხოლო ხელშეკრულების 11.3 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 10 %-დან უნდა შემცირდეს 3 %-მდე. შესაბამისად მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 22 278.40 ლარისა და 3776 ლარისა უნდა დაეკისროს 4455.68 ლარის და 1004.53 ლარის გადახდა. სულ 5460.21 ლარის გადახდა.

 

მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, ვადაგადაცილების მიზეზი, ძირითადი ვალდებულების შესრულების ხარისხი, ვალდებულების შესრულებისადმი მოპასუხის დამოკიდებულება და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოდ 0.02 % გონივრულია.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. მოპასუხეს დაეკისრა 5460.21 ლარის გადახდა. ამ ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 130.49 ლარს. მოპასუხე მოითხოვდა პირგასამტეხლოს 0.02 %-მდე შემცირებას. ანუ მან სარჩელი სცნო იმ ნაწილში, რაც დაეკისრა. სარჩელის ცნობის გამო ის ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გა------------------------------------------–------------------------–-–-------------–---------–-------–--- - გ-----------–--------------------–---------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. შპს ,,ა-------–---------ს“ გა------------------------------------------–------------------------–-–-------------–---------–-------–--- - გ-----------–--------------------–---------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 5460.21 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე