გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 421210018002562611
N1/154-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.09.2018 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე - არ---–ი ლე---–--ლი;
მოპასუხე - ლი- ლე---–--ლი;
წარმომადგენელი - ნა-- ჯე------–--ლი;
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - ნინო საზანიშვილი;
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა; განქორწინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
1.1. მოსარჩელეს მიეცეს უფლება, წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილები, თავის სახცხოვრებელ სახლში - მა------ ლე---–--ლი ყოველი კვირის პარასკევი დღის 08:30 საათიდან კვირა დღის 10:00 საათამდე და თე---------- ლე---–--ლი ყოველი კვირის პარასკევი დღის 08:30 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე და შაბათი დღის 10:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე, შემდგომ დედასთან - ლი- ლე---–--ლთან დაბრუნების პირობით;
1.2. მოხდეს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, შესარიგებელი ვადის განუსაზღვრელად, 2007 წლის 22 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელე 2007 წლის 22 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი მა------ ლე---–--ლი დაბადებული 2008 წლის 8 მაისს და თე---------- ლე---–--ლი დაბადებული 2017 წლის 19 მაისს.
მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე არ აძლევს შვილების თავისუფლად ნახვის და ურთიერთობის საშუალებას. მოსარჩელეს სურს მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდა-განვითარებაში და იზრუნოს მათზე, მაგრამ ვერ ანხორციელებს თავის უფლება-მოვალეობებს თავისუფლად და დამოკიდებულია მოპასუხის სურვილზე.
შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა, წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილები, თავის სახცხოვრებელ სახლში - მა------ ლე---–--ლი ყოველი კვირის პარასკევი დღის 08:30 საათიდან კვირა დღის 10:00 საათამდე და თე---------- ლე---–--ლი ყოველი კვირის პარასკევი დღის 08:30 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე და შაბათი დღის 10:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე, შემდგომ დედასთან - ლი- ლე---–--ლთან დაბრუნების პირობით;
მოსარჩელე და მოპასუხე 2007 წლის 22 ივლისიდან იმყოფებიან ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი და 2018 წლის 24 თებერვლიდან დაშორდნენ ერთმანეთს. მოსარჩელე ითხოვს ქორწინების შეწყვეტას.
2. მოპასუხის, მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ლი- ლე---–--ლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ თანახმაა მამამ ნებისმიერ დროს ნახოს შვილები, მას არასოდეს შეუშლია ხელი შვილებთან ურთიერთობისათვის, მაგრამ მოსარჩელეს სურს ფორმალურად მოიხადოს ვალი შვილების წინაშე და ამიტომ მომართა სასამართლოს, თუმცა წინააღმდეგია ყოველი პარასკევიდან კვირამდე მა------ ლე---–--ლის მამასთან წაყვანის და თე----------ს ყოველი კვირის პარასკევს და შაბათს წაყვანის, მას მიაჩნია, რომ თვეში ორი კვირა, პარასკევს და შაბათს მა----- ლე---–--ლის და პარასკევ დღეს თე----------ს წაყვანა სრულიად საკმარისი იქნება.
მოპასუხე სარჩელს განქორწინების ნაწილში სცნობს და ითხოვს ქორწინებამდელი გვარის დაბრუნებას.
2.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა ნინო საზანიშვილმა განმარტა, რომ ბავშვების სრულფასოვანი აღზრდისთვის საჭიროა მათ ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან, რაც დადებითად იმოქმედებს მათ ფსიქოემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, წინააღმდეგი არ არის, რომ მა----- და თე--------- ლე---–--ლებს ურთიერთობა ჰქონდეთ მამასთან, თუმცა მიაჩნია, რომ ყოველი კვირას პარასკევს და შაბათს ადგილის ცვლილება ბავშვებისთვის რთული იქნება და უმჯობესი- თვეში მხოლოდ ორი კვირა პარასკევს და შაბათს წაიყვანოს შვილები მამამ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 მოსარჩელე არ---– ლე---–--ლი და და მოპასუხე ლი- ლე---–--ლი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 22 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასარჩელო განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი - 2008 წლის 08 მაისს დბადებული მა------ ლე---–--ლი, 2017 წლის 19 მაისს დაბადებული თე---------- ლე---–--ლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება;
- დაბადების მოწმობები.
3.1.3. ამჟამად მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. არასრულწლოვანი მა------ ლე---–--ლი და თე---------- ლე---–--ლი მოპასუხე ლი- ლე---–--ლთან ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება, შესაგებელი ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი);
3.1.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების 29.08.2018 წლის №4091 დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანმა მა----- ლე---–--ლმა გამოხატა მამასთან ურთიერთობის სურვილი, მხოლოდ აღნიშნა, რომ არ სურს მამა სკოლაში აკითხავდეს, რადგან ბავშვები უსვამენ შეკითხვას, რაც მასზე დამთრგუნველად მოქმედებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
29.08.2018 წლის №4091 დასკვნა (იხ საქმე).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.3. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ---– ლე---–--ლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არ---– ლე---–--ლი და მოპასუხე ლი- ლე---–--ლი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და მათ ორი შვილი მა----- ლე---–--ლი და თე--------- ლე---–--ლი შეეძინათ. ბავშვები ცხოვრობენ მოპაუხესთან. მოპასუხე ხელს არ უშლის მოსარჩელეს მშობლის უფლების სრულყოფილად განხორციელებაში, მაგრამ მიაჩნია, რომ კვირაში ორი დღე ბავშვების წაყვანა მიზამშეუწონელია.
როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-1202-ე მუხლების თანახმად, თუ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული გადაწყვიტონ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი და არცერთ მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობა.
სასამართლო დავის გადაწყვეტის მიზნით ხელმძღვანელობს არამარტო სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებით, რომლებიც მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის მეტად მნიშვნელოვანია და ბავშვის უფლებების დაცვაზე და მათი ინტერესების უპირატეს გათვალისწინებაზე მიუთითებს. კერძოდ, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით დადგენილია ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ამავე კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა.
შესაბამისად, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს შიდა კანონმდებლობით დაცულია მშობლის უფლება ურთიერთობა ჰქონდეს თავის შვილთან თუ ეს თითონ ბავშვის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ამავდროულად, მშობელთა უპირველესი მოვალეობაა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ორივე მშობელს აქვს ბავშვებისათვის უსაფრთხო საყოფაცხოვრებო გარემო, მაგრამ სასამართლო ითვალისწინებს სოციალური მუშაკის მოსაზრებას, რომ ბავშვების ყოველ კვირაში ორი ან სამი დღით მამასთან წაყვანა და გარემოს გამოცვლა არ მიაჩნია მიზანშეწონილად, იმის გათვალისწინებით, რომ მამა ცხოვრობს მარტო და შესაძლოა ვერ შეუქმნას ყველა პირობა ბავშვებს, რაც საჭიროა მათთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განუსაზღვრავს ბავშვის მშობლებს და ორივე მათგანს თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს. სწორედ ამიტომ ბავშვების დედა ლი- ლე---–--ლი ვალდებულია, რომ ხელი შეუწყოს მამის და შვილების ურთიერთობას. თავის მხრივ მამა, ვალდებულია, ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრთხილად და მზრუნველობით მოეკიდოს და გამოიყენოს არასრულწლოვან ბავშვებთან განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რათა მოხდეს მშობლისა და შვილების ურთიერთობის ჰარმონიული ურთიერთობა. მშობლების მხრიდან ბავშვების ინტერესების შესაბამისი მოქმედება, დადებით გავლენას იქონიებს ბავშვების ფსიქოემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა არასრულწლოვნების სრულფასოვანი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რომელიმე მშობელი, მეორის მიმართ არსებული პირადი უთანხმოებისა და გაუგებრობიდან გამომდინარე, უარყოფითად ჩაერევა ბავშვების გადაწყვეტილებაში, ხელს შეუშლის მეორე მშობელთან სრულყოფილი, თავისუფალი და ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, მაშინ შესაძლებელია ტრავმა მიადგეს არასრულწლოვანს, უარყოფითად აისახოს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ არ---– ლე---–--ლს აქვს შვილებთან ურთიერთობის და ზრუნვის სურვილი, ცდილობს მათთან კონტაქტს, ხშირად ნახულობს მა-----ს სკოლაში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაა წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილები ყოველი კვირის პარასკევს დღეს კვირა დილამდე მა------ და ყოველი კვირის პარასკევი და შაბათი დღე, რამდენიმე საათი თავისთან იყოლიოს თე----------, დაბრუნების ვალდებულებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველი თვის ყოველ პარასკევ დღეს მა----- ლე---–--ლის წაყვანა და კვირა დღეს დილით დაბრუნება დედასთან, არ არის მიზანშეწონილი, რადგან, ბავშვს უნდა ჰქონდეს დედასთანც დასვენების დროს ყოფნის შესაძლებლობა და ყოველი კვირა ბავშვისათვის გარემოს გამოცვლა, ითვალისწინებს, რა სოციალური მუშაკის მოსაზრებას, სასამართლოს არ მიაჩნია გამართლებულად ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვან ბავშვებთან მა----- ლე---–--ლთან და თე--------- ლე---–--ლთან მოსარჩელის არ---– ლე---–--ლის ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: არ---– ლე---–--ლს შვილთან 2008 წლის 08 მაისს დაბადებულ მა------ ლე---–--ლთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი თვის პირველი და მეოთხე კვირის პარასკევი დღის 08:30 საათიდან შაბათი დღის 10:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და მოპასუხე ლი- ლე---–--ლის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
არ---– ლე---–--ლს შვილთან 2017 წლის 19 მაისს დაბადებულ თე---------- ლე---–--ლთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი თვის პირველი და მეოთხე კვირის პარასკევ დღეს, დღის 08:30 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და მოპასუხე ლი- ლე---–--ლის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127 მუხლის თანახმად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეთა განმარტებით და ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ამიტომ განქორწინების ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მოპასუხის მოთხოვნას ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შესახებ, აღნიშნული საკითხი შეუძლია თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს განქორწინების რეგისტრაციის დროს შესაბამის სამსახურში.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სსს კოდექსის 53 მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
7 2. სსს კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის თ) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
7.3. სსს კოდექსის 14 მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეებია საოჯახო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
ამდენად, მოცემული საქმე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
მოსარჩელე არ---– ლე---–--ლს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს, ქვითარი (დედანი) ერთვის საქმეს, ვინაიდან მოპასუხე ლი- ლე---–--ლმა მოსამზადებელ პერიოდში სცნო სარჩელი განქორწინების ნაწილში, ამიტომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ “ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
ამდენად ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-2591-ე, 364-369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე არ---– ლე---–--ლის (პირადი №35001044017) სარჩელი მოპასუხე ლი- ლე---–--ლის (პირადი №45001008641) მიმართ არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილში ნაწილობრივ.
1.1. განესაზღვროს არ---– ლე---–--ლს (პირადი №35001044017) შვილთან 2008 წლის 08 მაისს დაბადებულ მა------ ლე---–--ლთან (35350000123) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი თვის პირველი და მეოთხე კვირის პარასკევი დღის 08:30 საათიდან შაბათი დღის 10:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და მოპასუხე ლი- ლე---–--ლის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
1.2. განესაზღვროს არ---– ლე---–--ლს (პირადი №35001044017) შვილთან 2017 წლის 19 მაისს დაბადებულ თე---------- ლე---–--ლთან (პ/ნ 01350143214) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი თვის პირველი და მეოთხე კვირის პარასკევ დღეს, დღის 08:30 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და მოპასუხე ლი- ლე---–--ლის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
2. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე არ---– ლე---–--ლის სარჩელი მოპასუხე ლი- ლე---–--ლის მიმართ განქორწინების ნაწილში სრულად.
2.1. შეწყდეს არ---– ლე---–--ლსა (პირადი №35001044017) და ლი- ლე---–--ლს (პირადი №45001008641) შორის, 2007 წლის 22 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა მნ №154404, სააქტო ჩანაწერი №მნ 0094631, მოწმობის გაცემის თარიღი 2007 წლის 22 ივლისი, მოწმობის გამცემი ორგანო - ქ. რუსთავის სპეციალიზირებული სამსახური).
3. დაუბრუნდეს არ---– ლე---–--ლს (პირადი №35001044017) მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 25 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი. (სს „საქართველოს ბანკი“ საგადახდო დავალება №14, მიმღების ანგარიში №300563150, ბანკის კოდი TRESGE22).
4. არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილში მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე