გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/542-18
160210018002474320
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 აგვისტო, 2018 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - შპს ,,At-----"
წარმომადგენელი – გო----------------–---–ი
მოპასუხე – შპს ,,ქო-–-------"
წარმომადგენელი – ალ-----------–--–-----–---–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს „ქო-–-------“-ს შპს “At------”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხის 8 845.5 ლარის გადახდა;
1.2. შპს „ქო-–-------“-ს შპს “At------”-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 1769 ლარის გადახდა;
1.3. შპს „ქო-–-------“-ს შპს “At------”-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული სასამართლო ხარჯის: სარჩლზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 319 ლარის და იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 424 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2015 წლის მარტის თვეში ქ. მარნეულში შპს “A-------a”-ს და შპს „ქოლოსს“ შორის დაიდო მზა ბეტონის მიწოდების ზეპირი ხელშეკრულება, რომლითაც შპს “A-------a”-ს 2015 წლის 31 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით საკუთარი ა/მანქანით უნდა მიეწოდებინა მოპასუხისათვის მშენებლობისათვის საჭირო 15(M200) მარკის მზა ბეტონი ბოლნისის რაიონის სოფ. მ–-----სა და მარ-----–-ს რაიონის სოფელ კა-----–--ში, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 46 848.5 ლარი.
შპს “A-------a”-ს მიერ შესრულებულ იქნა ნაკისრი ვალდებულება, გადაეცა მოპასუხეს მოთხოვნილი რაოდენობისა და საფასურის საქონელი, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასახდელი დარჩა 8 848.5 ლარი. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით დადგა ზიანი, კერძოდ, ვერ გაფართოვდა წარმოება, ვერ მიიღო შემოსავალი, კერძოდ, კი მოსარჩელის განმარტებით მიღებული თანხის კომერციულ ბანკში განთავსებით მიიღებდა ყოველწლიურ სარგებელს 8 % -ის ოდენობით (რაც განსაზღვრულია სასამართლო პრაქტიკით (სუსგ 16.01.2017 წლის N ას - 762-730-2016), შესაბამისად, 2015 წლის აპრილიდან (როდესაც უნდა მომხდარიყო თანხის სრული გადახდა) დღემდე გავიდა 2.5 წელი და შემოსავალი იქნებოდა 8848/100X8=1769 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დარჩენილი თანხა არ იქნა გადახდილი ვინაიდან მიწოდებული ბეტონი არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტს და აღნიშნულით კომპანიას მიადგა ზიანი. ამასთან, მოპასუხის განმარტებით წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის მარტის თვეში ქ. მარნეულში შპს “A-------a”-ს და შპს „ქოლოსი“-ს შორის დაიდო მზა ბეტონის მიწოდების ზეპირი ხელშეკრულება, რომლითაც შპს “A-------a”-ს 2015 წლის 31 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით საკუთარი ა/მანქანით უნდა მიეწოდებინა მოპასუხისათვის მშენებლობისათვის საჭირო 15(M200) მარკის მზა ბეტონი ბოლნისის რაიონის სოფ. მ–-----სა და მარ-----–-ს რაიონის სოფელ კა-----–--ში, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 46 848.5 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის განმარტება. (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. შპს „ქო-–--------მა“ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება და გადაიხადა 38 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
- საგადახდო დავალებები
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „A-------a”-ს მიერ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელია საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის, გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელისათვის მიღება - ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარი არ განუცხადებია და არც აღმოჩენილი დეფექტების თაობაზე უცნობებია მოსარჩელისათვის, ასევე არ განუსაზღვრავს დამატებითი ვადა დეფექტების აღმოსაფხვრელად. მოპასუხის პოზიციის საწინააღმდეგო გარემოება დადასტურებულია საქმეში მოთავსებული მიღება-ჩაბარების აქტით, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მიიღო და მოიწონა თითოეულ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები შეთანხმებული ხარისხის შესაბამისად.
იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „A-------a”-ს წერილობითი ფორმით ეცნობა სამუშაოების განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა - განმარტება წარმოდგენილ შემთხვევაში საკმარისი არ არის.
ნების ავტონომიის პრინციპის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველესყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მითუმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას.
ამდენად, მოპასუხემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული ბეტონი არ ოყო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქცია ნაკლიანია.
3.2.2. შპს „A-------a”-ს მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზამულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.
მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს.
დადგენილია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შედავება წარდგენილი იქნა მოპასუხის მიერ როგორც წერილობით წარდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, მისი განმარტებით, მოსარჩელეს, თუნდაც, რომ გააჩნდეს კანონიერი უფლება მოითხოვოს თანხის დაკისრება, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი სამ წლიანი ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას შედავებულ გარემოებასთან მიმართებაში და მიუთითებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებით მოსარჩელემ დაადასტურა სარჩელის თავდაპირველი წარდგენა 2017 წლის 21 ნოემბერს. სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება სარჩელის შეტანით. დადასტურებულია, რომ თავდაპირველად სარჩელი წარდგენილ იქნა სამწლიანი ხანდაზმულობის დაცვით, შემდეგ აღნიშნული სარჩელი განუხილველად იქნა სასამართლოს მიერ დატოვებული. ამასთან, ამავე ნორმების შესაბამისად, თუ მხარე 6 თვის განმავლობაში კვლავ შეიტანს სარჩელს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. განსახილველი სარჩელი, სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 31 მაისს, სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6 თვიანი ვადის დაცვით. სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება სრულად შეესაბამება საქართველოს უზნეაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას №ას-1586-1489-2012 (2013 წლის 22 აპრილი), სადაც საკასაციო სასამართლო მიუთითა, რომ ,,საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან''.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 477-ე, 483-ე, 487-ე, 488-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მეორე ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლის მიხედვით, საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,At-----”-მ შპს ქო-–-------“-ს მიაწოდა 46 848.5 ლარის ღირებულების ბეტონი, საიდანაც შპს ,,ქო-–-------“-ის მიერ გადახდილი იქნა მიწოდებული ბეტონის ღირებულების ნაწილი 38 000 ლარის ოდენობით. მოპასუხემ უარი განაცხადა დარჩენილი ნაწილის ღირებულების გადახდაზე, რაც შეადგენს 8 848.5 ლარს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გამყიდველის მიერ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, კერძოდ, გამყიდველმა მიაწოდა ნივთობრივად ნაკლის მქონე ნივთი, რის გამოც შპს ქო-–-------“-ს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ ზოგად განსაზღვრებაში მითითებულ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შინაარსს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის ვალდებულებების მიმართ აკონკრეტებს ამავე კოდექსის 487-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს გამყიდველის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მიწოდებული ბეტონის ღირებულების ანაზღაურებას, ხოლო მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, რომლის თანახმად იგი უარს აცხადებს ნაკლიანი ნივთის ღირებულების ანაზღაურებაზე.
მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა ბეტონის ნაკლს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, შპს ,,At-----”-ს მიერ მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიღების შესაძლებლობას და ამ სახის ზიანის მიყენება მოპასუხისთვის იყო სავარაუდო. ამდენად, სასამართლოს დასკვნით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების საფუძველი გამოკვეთილი არ არის.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია თანხა 319 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს „ქო-–-------“-ს შპს ,,At------სს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 265.45 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 353.94 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,At------ს’’ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ქო-–--------ისთვის’’ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,ქო-–--------ს’’ შპს ,,At------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 8 848,5 ლარის გადახდა.
3. შპს ,,At------ს’’ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,ქო-–--------ს’’ შპს ,,At------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 265.45 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ - 353.94 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი