გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/649-18
160210018002529622
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
7 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე ლა-–--------------ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი აი-------------ი
მოპასუხე და--------–-–---–ი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე და--------–-–---–ისთვის არასრულწლოვანი შვილის ლი-- ხუ–-–---–-- (დაბადებული 2009 წლის 23 ივნისი) სასარგებლოდ ალიმენტის სახით, სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 5 ივლისიდან ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მხარეები 2008 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2009 წლის 23 ივნისს დაბადებული ლი-- ხ--–-–---–ი. ოჯახური კონფლიქტების გამო 2014 წლის 2 მაისს მხარეებმა შეწყვიტეს ერთად ცხოვრება. ბავშვს არჩენს მშობლების დახმარებით. ბავშვი დადის ცეკვაზე, ინგლისურზე, ხშირად სჭირდება ცეკვის ფორმების შეკერვა და სხვა ხარჯებიც. მოპასუხე მუშაობს კაზრეთში სს „არ-------------ში“ მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1 100 - დან 1 500 ლარამდე, დასვენების დღეებში მუშაობს კერძო სამუშაოებზე სადაც ღებულობდა სოლიდურ თანხებს 500 – 600 ლარს თვეში. მოპასუხე არ ღებულობს მონაწილოებას ბავშვის რჩენა - აღზრდაში. ამასთან, მას არ ჰყავს სხვა ცოლ-შვილი და მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი.
2. მოპასუხის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ
არასრულწლოვან ლი-- ხ--–-–---–ზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში. განქორწინების შემდგომ, 2015 წელს თავისი შვილის ოპერაციის ხარჯები თავად გაიღო და ყოველთვის ზრუნავდა შვილის მატერიალურ კეთილდღეობაზე. ვინაიდან მისი ხელფასი შეადგენს 550 ლარს, მოპასუხე თანახმაა გადაიხადოს ყოველთვიურად 100 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი ლი-- ხ--–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლი-- ხუ–-–---–-- დაბადების მოწმობა (ს.ფ 15)
3.1.2. მოსარჩელე ლა-–--------------ი და მოპასუხე და--------–-–---–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 2018 წლის 7 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. არასრულწლოვანი ლი-- ხ--–-–---–ი ცხოვრობს მოსარჩელე ლა-–--------------თან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 2018 წლის 7 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 არასრულწლოვანი ლი-- ხ--–-–---–ი დადის ცეკვისა და ინგლისური ენის შემსწავლელ წრეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, 2018 წლის 7 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.2. მოპასუხე და--------–-–---–ი დასაქმებულია სს „RMG Copper-ში” ავტოტრანსპორტის სარემონტო საამქროს რემონტის ოსტატის პოზიციაზე. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მისი საშუალო ხელფასისა და ბონუსის ჯამური ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 645 ლარს. და--------–-–---–ი გარდა ზემოაღნიშნული სამსახურისა, სხვა სამსახურში ანაზღაურებად საქმიანობას არ ახორციელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „RMG Copper-ის” წერილობითი ინფორმაცია (ს.ფ 69)
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, 2018 წლის 7 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.3. და--------–-–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის ლი-- ხუ–-–---–-- ჯანმრთელობა დაზღვეული აქვს სადაზღვევო კომპანია ,,ი--------–ში’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება, 2018 წლის 7 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
- სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 78)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
3.1.1 – 3.2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 180 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1218-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. – 6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი: ლი-- ხ--–-–---–ი (3.1.1.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ლა-–--------------ი და მოპასუხე და--------–-–---–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბავშვი ლი-- ხ--–-–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან ლა-–--------------თან ერთად. არასრულწლოვანი ლი-- ხ--–-–---–ი დადის ცეკვისა და ინგლისური ენის შემსწავლელ წრეებზე.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე და--------–-–---–ი დასაქმებულია სს ,,RMG Copper-ში” და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება საშუალოდ შეადგენს 645 ლარს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ლი-- ხუ–-–---–-- ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.
მოპასუხე და--------–-–---–ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვან ლი-- ხუ–-–---–-- სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება არასრულწლოვანი ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.
სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის აგვისტოს თვისთვის - 151.9 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა - აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 180 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. – 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, ლა-–--------------ი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხე და--------–-–---–მა ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ლა-–--------------ის სარჩელი მოპასუხე და--------–-–---–ის მიმართ:
1.1. დაეკისროს მოპასუხე და--------–-–---–ს (პირადი №1--------92) არასრულწლოვანი ლი-- ხუ–-–---–-- სასარგებლოდ (დაბადებული 2009 წლის 23 ივნისს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 5 ივლისიდან) ყოველთვიურად 180 ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე და--------–-–---–ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნინო თარაშვილი