განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002438430
საქმე N1-417/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13.09.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - პა-----–-–--–აძე
ბრალდებული: ოთ------–-----–--ლი
მამის სახელი: დუ------
დაბადებული: 2--11.1974 წელი
პირადი ნომერი: 6---------0
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭა----ი
ბრალდებულის ადვოკატი - და-------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით)(ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172300318001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 30 მარტს, დღის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭა----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ოთ------–-----–--ლმა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ თავის მეუღლეს ირ----–-----–---–ს შეასხა ყავა და ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, რის შედეგადაც ირ----–-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ოთ------–-----–--ლის და ირ----–-----–---–ის არასრუწლოვანი შვილები - ნი------–-----–--ლი და ნუ–----–-----–--ლი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
2.1. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს; დაცვის მხარემ ამავე სხდომაზე უარი განაცხადა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე (იხ. სხდომის ოქმი);
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბრალდებულმა ოთ------–-----–--ლმა დაადასტურა, რომ 2018 წლის 30 მარტს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ირ----–-----–---–ს, მოინანია ჩადენილი ქმედება და განმარტა, რომ სურს შვილებთან და მეუღლესთან ერთად გააგრძელოს მშვიდი თანაცხოვრება; ისინი ამჟამადაც ერთ ოჯახად ცხოვრობენ, მეუღლესთან შერიგებულია და მას მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; (იხ ოქმი);
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №00-------, 11.04.2018წ. დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით, ირ----–-----–---–ს ფიზიკური დაზიანების ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.6. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.7. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ ოთ------–-----–--ლი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ირ----–-----–---–თან.
2.9. სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ირ----–-----–---–ის, ნი------–-----–--ლის, გიგა კახიძის, მერაბ მოწყობილის, ოთ------–-----–--ლის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ოტარ ბა–-----–---–ის დაკავების ოქმი, ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ოთ------–-----–--ლმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ოთ------–-----–--ლის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით და საქმის განხილვისას მოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ოთ------–-----–--ლს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით და ეს განახორციელა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით;
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ოთ------–-----–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, ოჯახში შექმნას ოჯახის ცხოვრების მშვიდი გარემო; ბრალდებულის განმარტებით ამ შემთხვევის შემდეგ რაიმე სახით კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, ის ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ამჟამად;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით 2018 წლის 15 ივნისამდე რედაქციით ითვალისწინებდა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლო ჩადენილი დანაშაულის და ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის გათვალისწინებით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამჟამად მისი იზოლირება მოხდეს საზოგადოებისაგან; აქედან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნას, რაც გამოიწვევს გარკვეული პერიოდით მისი ქცევის გაკონტროლებას საამისოდ უფლებამოსილი უწყების მხრიდან, რათა სასჯელის მიზნების შესრულება მოხდეს და მაქსიმალურად გამოირიცხოს მომავალში ოჯახის წევრის მიმართ რაიმე სახის ძალადობის შემთხვევები;
5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ოთ------–-----–--ლის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად და ოჯახის წევრები მის კმაყოფაზეა, - თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,ქვეპუნქტით - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩათვლილი იქნება პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ოთ------–-----–--ლის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ოთ------–-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ოთ------–-----–--ლის მიმართ 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - დუ------ ბა–-----–---–ს (პ/ნ 6---------0) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N6---, დასტურის №ა 0-----).
მსჯავრდებულ ოთ------–-----–--ლს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 30 მარტიდან 2018 წლის 04 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
პირობით მსჯავრდებულის ოთ------–-----–--ლის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ირ----–-----–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს შსს ქ. ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე