გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.08.2018
საქმის ნომერი
330310018002500117
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3729-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ვ----–---------ე

წარმომადგენელი - დ-------------ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ---------------–--ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანება, ვ----–---------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ;

 

1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----–---------ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა;

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----–---------ისათვის წელთა ნამსახურობის მიხედვით, მორიგი წოდების მინიჭება;

 

1.4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----–---------ისათვის გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2012 წლის 20 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის;

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ვ----–------------------------ე საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2007 წლის 24 დეკემბრიდან 2012 წლის 20 მარტამდე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 1 მარტის №------ ბრძანებით, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ქ. თბილისის სამმართველოს ნა------------–----–----–----------------------------–-------------------–-------------------- გამომძიებელს, პოლიციის ლეიტენანტ ვ----–------------------------ეს მიენიჭა მორიგი საშუალო სპეციალური წოდება „პოლიციის უფროსი ლეიტენანტი“.

 

2012 წლის მარტის მდგომარეობით, ვ----–------------------------ის, შსს ყოფილ შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის I----------------------–-------------------–------–----–------------–---------------–------------------------------- მოადგილე - გამომძიებლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა კომპონენტების მიხედვით შეადგენდა: თანამდებობრივი სარგო - 1315 ლარი, წოდების სარგო - 30 ლარი, წელთა ნამსახურობის დანამატი - 134 ლარი და 50 თეთრი, სულ დარიცხვა: 1479 ლარი და 50 თეთრი, საიდანაც დაკავებული საშემოსავლო არის 295 ლარი და 90 თეთრი, ხოლო ხელზე მისაღები თანხა 1183 ლარი და 60 თეთრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 26 დეკემბრის M---------------- ცნობა (ს.ფ. 12);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 1 მარტის №------ ბრძანება (ს.ფ. 13);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 დეკემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 14).

 

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის №--------- განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ----–---------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, კერძოდ, ვ----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

 

ვ----–---------ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანებით, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის პ------–------------------------–-------------------–------–----–------------–---------------–-------------------------------------------–ე - გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვ----–------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, 2012 წლის 20 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი (ს.ფ. 15-18);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2012 წლის 21 მარტის დასკვნა (ს.ფ. 20-23);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანება (ს.ფ. 25).

 

3.3. ვ----–---------ის განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დადგინდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულ ვ----–---------ის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დაირღვევის ფაქტი.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 12 ივლისის დადგენილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2017 წლის 18 ივლისს ვ----–------------------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 12 ივლისის დადგენილება (ს.ფ. 31-40);

- „დაზარალებულად ცნობის შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 18 ივლისის დადგენილება (ს.ფ. 26-30).

 

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ა------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვ----–---------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი; ვ----–---------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. ამავე განაჩენით ვ----–---------ეს განემარტა, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი (ს.ფ. 42-58).

 

3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №1------ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 01 ნოემბრის №---- საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება, კერძოდ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი გაუქმდა, შემცირდა ყველა თანამდებობა 747 საშტატო ერთეულით.

 

2012 წლის 14 დეკემბერს გაუქმდა შემდეგი დანაყოფები: - სპეციალური ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი) (№----); - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი (№0---); - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი (№----); - საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი (№----); - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (№----); - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (№----); - საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შსს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველო (№-------).

 

2012 წლის 14 დეკემბერს რეორგანიზაცია ჩატარდა კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტში) (№----) და შეიქმნა შემდეგი დანაყოფები: - სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი (№----); - სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (დეპარტამენტი) (№----); - ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი) (№----); - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (№----).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №1------ ბრძანება, დანართით (ს.ფ. 87-89);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის M---------------- წერილი (ს.ფ. 100).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ვ----–---------ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში და დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი რედაქციები); „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში და დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი რედაქციები); სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ვ----–---------ის მოთხოვნები წელთა ნამსახურობის მიხედვით, მორიგი წოდების მინიჭებასთან, სამსახურში აღდგენასა და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პოლიცია ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომში – სამინისტროს მოსამსახურეები), ხოლო პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი.

 

აღსანიშნავია, რომ მითითებულ პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. ხოლო მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

 

დადგენილია, რომ ვ----–---------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის პ------–------------------------–-------------------–------–----–------------–---------------–-------------------------------------------–ე - გამომძიებლის თანამდებობაზე; სპეციალური წოდებით - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამავე კანონის ამავე რედაქციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

 

აღნიშნული განმტკიცებულია მითითებულ პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის შესაბამისად, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც დანაშაულის ჩადენის გამო სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი, დათხოვნილ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ მსჯავრდების გამო.

 

სასამართლო, წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ ვ----–---------ე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის პ------–------------------------–-------------------–------–----–------------–---------------–-------------------------------------------–ე - გამომძიებლის თანამდებობაზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის გამო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, 2012 წლის 20 მარტიდან. ვ----–---------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის №--------- განაჩენით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ვ----–---------ის განცხადების საფუძველზე 2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქართველოს მთავარი პროკურატურამ გამოძიებით დაადგინა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულ ვ----–---------ის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დაირღვევის ფაქტი, რის გამოც საქართველოს მთავარმა პროკურატურის მიერ 2017 წლის 18 ივლისს ვ----–------------------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის №------------- განაჩენით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვ----–---------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი; ვ----–---------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ----–---------ე გამართლდა, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი იმ ბრალდებაში, რომლის გამოც იგი დაითხოვეს სამსახურიდან. გამამართლებელი განაჩენი კი ადგენს რა პირის უდანაშაულობას, აღნიშნული იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან პირის უდანაშაულოდ ცნობა გულისხმობს მის მიერ იმ დანაშაულის ჩაუდენლობას, რომელიც ბრალად ედებოდა (რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი), შესაბამისად, არ არსებობდა ვ----–---------ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველიც. ამასთან, ვ----–---------ის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა არა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის, სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ, არამედ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის გამო (აღნიშნული საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნასა და ვ----–---------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას), შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტი - ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო, მოსარჩელის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენი, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება შეიძლება იყოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (გასაჩივრებული აქტის) არა ბათილად ცნობის, არამედ მხოლოდ მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანება, ვ----–---------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ.

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 76-ე მუხლის თანახმად, შს ორგანოს ის თანამშრომლები, რომლებიც უსაფუძვლოდ იქნენ დათხოვნილი შს ორგანოებიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე შს ორგანოებში და სპეციალურ წოდებაში. სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება შს ორგანოებში აღდგენაზე.

 

ამავე დებულების 78-ე მუხლის შესაბამისად, შს ორგანოებში აღდგენილ თანამშრომლებს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი, ხოლო 79-ე მუხლის თანახმად, შს ორგანოდან უსაფუძვლოდ დათხოვნილ თანამშრომლებს აღდგენის შემთხვევაში უნაზღაურდებათ მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

აღნიშნული საკითხი იგივენაირად არის დარეგულირებული დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი კანონმდებლობითაც, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/ გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №1------ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 01 ნოემბრის №---- საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება, კერძოდ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი გაუქმდა, შემცირდა ყველა თანამდებობა 747 საშტატო ერთეულით, თუმცა 2012 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა შემდეგი დანაყოფები: - სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი (№----); - სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (დეპარტამენტი) (№----); - ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი) (№----); - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (№----).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამდენად, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვ----–---------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვ----–---------ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, რაც უნდა განხორციელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს ვ----–---------ისათვის წელთა ნამსახურობის მიხედვით, მორიგი წოდების მინიჭება და მისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება, აღნიშნული პერიოდი კი მოიცავს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2012 წლის 20 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდს.

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე და 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ----–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2012 წლის 22 მარტის №------ ბრძანება, ვ----–---------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ;

 

3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----–---------ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა;

 

4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----–---------ისათვის წელთა ნამსახურობის მიხედვით, მორიგი წოდების მინიჭება;

 

5. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----–---------ისათვის გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2012 წლის 20 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის;

 

6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე