განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
010100118002271441
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010100118002271441

საქმე N1-59/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ნესტან მარჯანიშვილი

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - რ------–-----

ადვოკატი - ლელა გოგოლაძე

 

ბრალდებული: ბაჩუკი გოგიტიძე

მამის სახელი: ჯ-------ი

დაბადებული: 29.09.1-----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 61004069342

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

მცხოვრები: ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბაჩუკი გოგიტიძემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, სულიკო კაშილაშვილის საცხოვრებელ სახლში, ბაჩუკი გოგიტიძეს ურთიერთშელაპარაკება და კამათი მოუვიდა ჯ--------------თან, რაც გაგრძელდა სულიკო კაშილაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში და გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ფიზიკური დაპირისპირების პროცესში, ბაჩუკი გოგიტიძემ განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით ჯ--------------ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა. დაჭრილი ჯ-------------- გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

სასამართლო სხდომაზე ბაჩუკი გოგიტიძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

ბაჩუკი გ---------ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტო ტაბულა, დათვალიერებისა და ნივთების დალუქვის ოქმები, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთები, ბაჩუკი გ---------ს დაკავების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ჯ------- ვ----ის, მალხაზ მიქელაძის, სულიკო კაშილაშვილის, მიმოზა მენაფირეს, ანატოლი რიბალჩენკოს, გულნარა მიქელაძის, გუგული ქათამაძის, ზვიად ირემაძის, ბექა კაშილაშვილის ჩვენებები.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბაჩუკი გოგიტიძე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, განზრახ მკვლელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე (2018 წლის 30 მაისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაჭრილი ჯ-------------- (დაზარალებული) ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ბრალდებულის სასარგებლოდ ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ბრალდებული ბაჩუკი გოგიტიძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან, ბაჩუკი გოგიტიძე არ არის ნასამართლევი და თვლის, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით ბაჩუკი გოგიტიძეს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 30 მაისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციით.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბაჩუკი გოგიტიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

3. ბაჩუკი გოგიტიძეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 26 დეკემბრიდან.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ბაჩუკი გ---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. ნივთმტკიცებები: გუგული ქათამაძისაგან ამოღებული ჯ------- ვ----ის ჯემპრი, ჯ------- გ---------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჯ------- ვ----ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მალხაზ მიქელაძისაგან ამოღებული მისი კუთვნილი ჯემპრი, ბაჩუკი გ---------საგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ბაჩუკი გ---------საგან აღებული სისხლის ნიმუში, ჯ------- ვ----ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, ბექა კაშილაშვილისაგან აღებული სისხლის ნიმუში, მალხაზ მიქელაძისაგან აღებული სისხლის ნიმუში, ჯ------- გ---------საგან აღებული სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და საკეცი დანა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი