განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002360327
№1-81/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13.09.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - დ----- ხ------–---–ი
ბრალდებული - ს-----–--- ბ--------ა
ადვოკატი - ს---–--- კ------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173040318001 საქმე
ბრალდებულ ს-----–--- ბ--------ას მიმართ
მამის სახელი: შ-----;
დაბადებული: 22.08.1--- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, სოხუმი.
პირადი ნომერი: 6----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი;
ნასამართლობის არ მქონე,რეგისტრირებული სოხუმი, სოფელი: ი-–----ა
ფაქტობრივი მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–-- მ---------- ქ. №1 ბინა №1.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ს-----–--- ბ--------ამ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკულ საშუალებას ,,ჰეროინს’’, წონით - 6,862 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2018 წლის 04 მარტს, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი სახლი №81-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან (უკანა ტანიდან) იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.
2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. 2018 წლის 04 მარტის ს-----–--- ბ--------ას პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს-----–--- ბ--------ამ პირადი ჩხრეკის დროს გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 04 მარტის ექსპერტიზის №ქ/118 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ს-----–--- ბ--------ასგან ამოღებული ერთ ცალად დაფასოებული ფხვნილისებრი მასა, წონით 52,025 გრამი, შეიცავს 6,862 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.
6. ს-----–--- ბ--------ამ დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა. .
7. ს-----–--- ბ--------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების ავთ------–--------------------------------------------------------------–------------------------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებით.
8.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
9. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №189 რეგისტრაციით და 6,862 გრამი ,,ჰეროინი” წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას;
10. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
11. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ13) პუნქტის თანახმად შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; ხოლო ჰ11 პუნქტის თანახმად შენახვაა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა;
12. ს-----–--- ბ--------ას არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენისა და შენახვის თაობაზე.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს-----–--- ბ--------ამ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი.
სამართლებრივი შეფასება:
14. . საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
15. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
16. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
17.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
18.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
19.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
20. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
23. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-----–--- ბ--------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
24. ს-----–--- ბ--------ას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
25.ს-----–--- ბ--------ას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
26. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ს-----–--- ბ--------ას, რომელიც არ არის ადრე ნასამართლევი და ითანამშრომლა გამოძიებასთან, უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს-----–--- ბ--------ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
27. ს-----–--- ბ--------ას ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ს-----–--- ბ--------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. რის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
2. ს-----–--- ბ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 მარტიდან.
3.გაუქმდეს მსჯავრდებულ ს-----–--- ბ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება - 6,862 გრამი ჰეროინი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი