გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.09.2018
საქმის ნომერი
190310018002519889
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-180-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელე - ფ-------- ბ-----–---ი,წარმომადგენელი - პ----- გ--------,მოპასუხე - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო,წარმომადგენელი - ნ----- ა-------–ი, გ---- მ-------–---–ი,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 ივნისის №MOC 5 18 0------- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და მოპასუხისათვის მუდმივმოქმედი კომისიისათვის შუამდგომლობით მიმართვის დავალებას, კერძოდ კი, ფ-------- ბ-----–---ის პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართვას.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით ფ-------- ბ-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა ოთხი წელი. პრობაციის პერიოდში მის მიმართ კონტროლსა და დახმარებას ახორციელებს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მარნეულის რაიონის სამსახური. მსჯავრდებული პრობაციის პერიოდში პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას, არ ჩაუდენია ახალი დანაშაული ან რაიმე სამართლებრივი გადაცდომა. იგი არის მარნეულის რაიონში მოღვაწე ცნობილი ბიზნესმენი. მის მიერ რაიონში გაიხსნა და ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო. ვინაიდან მოსარჩელე მხარე კანონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, მან გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე ათი თვით ადრე 2018 წლის 04 მაისს შუამდგომლობით მიმართა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მის მიმართ შეფარდებული დარჩენილი გამოსაცდელი ვადის გაუქმების თხოვნით. სსიპ პრობაციის ეროვნული ბიუროს სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 01 ივნისის №MOC 5 18 0------- წერილით, ფ-------- ბ-----–---ს ეცნობა, რომ ამ ეტაპზე ქვემო ქართლის პრობაციის ეროვნულ ბიუროს მიზანშეუწონლად მიაჩნია მიმართოს პრობაციის ეროვნულ ბიუროს სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას მოსარჩელის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოება, რომ პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, არ შეესაბამება სინამდვილეს, ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ოფიცრის, აგილ მამედოვის მიერ შედგენილი 2017 წლის 04 დეკემბრის 062194 ოქმით, დასტურდება, რომ მსჯავრდებული ფ-------- ბ-----–---ი 2017 წლის 30 ნოემბერს არ გამოცხადდა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში მასზე კონტროლის და ზედამხედველობის განსახორციელებლად, რაც ჩათვლილია გაცდენად. ამასთან მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის, ქ--------- ბ-----–---ის, განცხადების საფუძველზე ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ერთხელ გაიცა საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და შვიდჯერ გაუგრძელდა ნებართვის ვადა. ასევე ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ფ-------- ბ-----–---ის მოთხოვნის საფუძველზე 2018 წლის 04 ივლისს გაცემულ იქნა მსჯავრდებულის დროებითი სარეგისტრაციო ნებართვა და 2018 წლის 04 აგვისტომდე პირობით მსჯავრდებულზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს აჭარის პრობაციის ბიურო.

 

მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიერ მოთხოვნილი ყველა ნებართვა დაკმაყოფილდა და ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო არ აფერხებს ფ-------- ბ-----–---ის საქმინობას და პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნა მოსარჩელისთვის არ არის ხელისშემშლელი მიზეზი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროებების შეფასების საფუძველზე, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობით, კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისთვის ხელშეწყობით და დახმარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრობაციის ბიუროს უფროსი გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ კომისიისადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე იღებს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადში მსჯავრდებულის ქცევიდან ასევე მისი პიროვნების, ოჯახური მდგომარეობის, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის/სიმძიმისა და წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებიდან გამომდინარე. შუამდგომლობის აღძვრა მაკონტროლებელი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებმოსილების დელეგირება გულისხმობს გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტას, ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. მოცემულ შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსს აქვს უფლებამოსილება უარი თქვას შუამდგომლობის განხორციელებაზე და არ არის ვალდებული მსჯავრდებულს განუმარტოს შუამდგომლობაზე უარის თქმის მიზეზი. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსმა კომპეტენციის ფარგლებში შეაფასა მსჯავრდებული, მის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება ჯგუფურად) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რაც ჩადენილია წინსწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენის ფაქტი (ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე), ასევე მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტი და მიიჩნია, რომ ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესხებ" საქართველოს კანონით დადგენილი მიზნები - მსჯვრდებულის რესოცილიზაცია, რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და საზოგადოებისათვის უსფრთხოების დაცვა ფ-------- ბ-----–---ის განცხადების განხილვის დროს არ იყო მიღწეული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით, დამტკიცდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს ლ---- ლ-------–---–ს (ზემდგომი პროკურორის ა---------– კ----–------–ვილის თანხმობით) და ბრალდებულ ფ-------- ბ-----–---ს შორის (ადვოკატ პ----- გ--------ს და თარჯიმან კ----–- ნ-----ას მონაწილეობით) დადებული საპროცესო შეთანხმება. ფ-------- ბ-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 100.000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04 (ოთხი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაითვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-12);

-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 პრილის განაჩენი (ს. ფ. 13-28);

-მოპასუხის წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 47-55)

 

3.1.2. მოსარჩელე ფ-------- ბ-----–---მა 2018 წლის 04 მაისის განცხადებით მიმართა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიისადმი მოსარჩელის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობის აღძვრის მოთხოვნით, რაზეც სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 ივნისის №MOC 5 18 0------- წერილით ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მიზანშეუწონლად მიაჩნია აღნიშნული შუამდგომლობის აღძვრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი-(ს. ფ. 2-12);

-მოპასუხის წერილობითი შესაგებელი (ს.ფ. 47-55)

-სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 01 ივნისის №MOC 5 18 0------- წერილი; (ს. ფ. 29);

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1 სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 ივნისის №MOC 5 18 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია სრულყოფილად, არ გამოიკვლია მასალები, არ დაასაბუთა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შეფასება არ მისცა ფ-------- ბაბაკიშვილის პიროვნულ მახასიათებლებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ პირნათლად ასრულებდა მოვალეობას, კერძოდ, დანიშნულ დროს ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ახალი დანაშაულის ან რაიმე სამართლებრივი გადაცდომის ჩადენას ან ვალდებულების შეუსრულებლობას.

 

მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ შუამდგომლობის აღძვრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე მიუხედავად იმისა, რომ პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება მას თავისი საქმიანობაში ხელი არ შეშლია, ფ-------- ბ-----–---ზე გაცემული იქნა საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და რამდენჯერმე გაუგრძელდა ნებართვის ვადა. ამასთან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობას მასზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას.

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა არასრულყოფილად, სრულად არ გამოიკვლია მასალები, არ დაასაბუთა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სრულყოფილად არ შეაფასა მოსარჩელის პიროვნული თვისებები, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი; ,არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 ივნისის №MOC 5 18 0------- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 ივნისის №MOC 5 18 0------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.

 

დასახელებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და დაიცვას კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნისა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით, დამტკიცდეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს ლ---- ლ-------–---–ს (ზემდგომი პროკურორის ა---------– კ----–------–ვილის თანხმობით) და ბრალდებულ ფ-------- ბ-----–---ს შორის (ადვოკატ პ----- გ--------ს და თარჯიმან კ----–- ნ-----ას მონაწილეობით) დადებული საპროცესო შეთანხმება. ფ-------- ბ-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 100.000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04 (ოთხი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაითვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის 211-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პირობითი მსჯავრის გაუქმების მიზნით, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის განცხადების განხილვის ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირობით მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, პრობაციის ბიურო შუამდგომლობით მიმართავს მუდმივმოქმედ კომისიას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ. ამასთან იმ შემთხვევაში, როდესაც განცხადება შეტანილი აქვს პირობით მსჯავრდებულს (წარმომადგენელს) კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისათვის - აღძრას თუ არა შუამდგომლობა მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე, განსაზღვრული აქვს 30 დღის ვადა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონტროლის განმახორციელებელი ორგანო - პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით. შესაბამისად სააგენტო გადაწყვეტილებას აღძრას თუ არა შუამდგომლობა მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ იღებს გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ქცევიდან გამომდინარე, აფასებს მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და ა. შ. ანუ შუამდგომლობის აღძვრა მაკონტროლებელი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 04 მაისს შუამდგომლობით მიმართა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს და მოითხოვა ამ უკანასკნელს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიაში ეშუამდგომლა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ, რაზეც 2018 წლის 01 ივნისის №MOC 5 18 0------- გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები." ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია მასალები სრულყოფილად, არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუსმენია დაინტერესებული პირის მოსაზრება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების საკითხს აღძრას თუ არა შუამდგომლობა მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ უკავშირებს ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებას, საკითხზე ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და კანონშესაბამისობის დასაბუთება. ადმინისტრაციული

ორგანოს სამართლებრივი შეფასება (სასამართლო სხდომაზე განმარტებული) საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებას, მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე ეწინააღმდეგება ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის პრინციპებს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის შესახებ და ეწინააღმდეგება კანონის მიზანს მსჯავრდებულის რესოზიალისაციისა და რეაბილიტაციის შესახებ.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და დარღვევის გამო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და განმარტავს, რომ ის, რომ მოსარჩელის მიერ ეკონომიკური, მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი და შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯარიმა. სწორედ აღნიშნული განაჩენის აღსრულებას ახორციელებს ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ასევე არ შეიძლება გახდეს მოპასუხის წარმომადგენლის მითითება პირობითი მსჯავრით მოსარჩელის ხელშეუშლელობის არსებობის შესახებ ვინაიდან დადგენილია და მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე თანხის გადახდის სანაცვლოდ იღებდა საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას გარკვეული პერიოდის ვადით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 25 ივნისს, 2016 წლის 23 ივნისს, 21 დეკემბერს, 2017 წლის 24 მარტს, 23 ივნისს, 25 ივლისს, 25 ოქტომბერს, 2018 წლის 30 მაისს მოსარჩელის სახელზე გაიცემოდა საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვები, რომელზეც გრძელდებოდა ვადები, ამასთან მოსარჩელეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის პირობითი მსჯავრით არსებობს ხელშემშლელი გარემოებები. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა იწურება და გასაჩივრებული აქტით საერთოდ არ არის მითითებული მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ კი, რატომ მიიჩნია მოპასუხემ მიზანშეუწონლად შუამდგომლობის აღძვრა.

 

სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ მოიწვია დაინტერესებული პირები, არ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებაზე, არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის ერთობლიობაში არ შეამოწმა და შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ თუ რატომ არ შეიძლება ფ-------- ბ-----–---ის მიმართ შუამდგომლობის წარდგენა პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიაში პირობითი მსჯავრის და ნასამართლობის მოხსნის შესახებ, კერძოდ რა პიროვნული მახასიათებელი წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, რატომ არ შეიძლება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისათვის მიმართვის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ფ-------- ბ-----–---ის წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 იანვრის №MOG5180------- გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;

 

2. მოპასუხე სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მოსარჩელე ფ-------- ბ-----–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი