გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/5440-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - სს “--------------
წარმომადგენელი - ს--–-------–----–---–ი
მოპასუხე - გ---------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ---------–---–ს სს “---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#3--------------) გამომდინარე 11 907.63 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 480.49 ლარი, სარგებელი - 790.60 ლარი, პირგასამტეხლო - 612.73 ლარი, დაზღვევა - 23.81 ლარი);
1.2. 2018 წლის 31 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#3--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 10 480.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 157.20 ლარს;
1.3. 2018 წლის 31 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 3--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 10 480.49 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 52.40 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა.
(მტკიცებულება: 21.02.2018 წლის სარჩელი; 03.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე გ---------–---–მა წარმოდგინილი წერილობითი შესაგებელითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახნა-განმარტებით, სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.
(მტკიცებულება: 26.03.2018 წლის შესაგებელი, 03.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს “------------სა“ და მოპასუხე გ---------–---–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (#3--------------), რომლის საფუძველზე გ---------–---–ის სახელზე გაიცა კრედიტი - 10 500 ლარის ოდენობით, კრედიტით სარგებლობის ვადა - 1455 დღე (25.08.2021 წლამდე). კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვაისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% პირგასამტეხლოს დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.08.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (#3--------------),- 31.08.2017 წლის ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (სესხის ხელშეკრულება # 3---------------ის დანართი);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე გ---------–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2017 წლის აგვისტოს თვის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფარად გადახდილია 72.01 ლარი, საიდანაც 19.51 ლარი წარიმართა ძირითად თანხაში, 52.50 ლარი საკომისიოში. 02.01.2018 წლის სს თ----------ი“-ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად მოპასუხის დავალიანება 31.01.2018 წლის მდგომარეობით არის:
· 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#3--------------) გამომდინარე 11 907.63 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 480.49 ლარი, სარგებელი - 790.60 ლარი, პირგასამტეხლო - 612.73 ლარი, დაზღვევა - 23.81 ლარი).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერები ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.08.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 3--------------);
- ამონაწერი ანგარიშიდან ხელშეკრულება (# 3--------------);
- 02.01.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (# 5---------);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. გ---------–---–ისათვის 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#3--------------) გამომდინარე 11 907.63 ლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 480.49 ლარი, სარგებელი - 790.60 ლარი, პირგასამტეხლო - 612.73 ლარი, დაზღვევა - 23.81 ლარი) ასევე, 2018 წლის 31 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#3--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 10 480.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 157.20 ლარს და 2018 წლის 31 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 3--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 10 480.49 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 52.40 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა.
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქმის მასალებით და მათ შორის გადახდების ისტორიით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დავალიანებას. მოპასუხემ 2018 წლის 03 აგვისტოს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის - 10 480.49 ლარის ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა საკმარისი საფუძველია მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების. რაც შეეხება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, საკრედიტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერით მოპასუხემ თანხმობა განაცხადა წლიური 18%-ის სარგებლის, ასევე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის დარიცხვის შესახებ. მოსარჩელემ საბოლოო ჯამში მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 3612.73 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს 3612.73 ლარის დაკისრება არ იქნება გონივრული და აღნიშნული უნდა შემცირდეს 1000 ლარამდე და მოსარჩელს უარი უნდა ეთქვას 2612.73 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 617 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 10 480.49 ლარის ფარგლებში (სესხის ძირითადი თანხა), რომლის პროპორციული ბაჟი 314.42 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის 12.7%-ის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, 78.39 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხის 274.19 ლარის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „თ----------ი“-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხე გ---------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა ქალაქი თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, ი---------–--------- კორპუსი N13, ბინა N13 ფართი 44.26 კვ.მ მდებარე უძრავი ქონებიდან მის საკუთრებაში რიცხული წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0----------------------).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს “---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გ---------–---–ს სს “---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#3--------------) გამომდინარე 12 294.9 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 480.49 ლარი, სარგებელი - 790.60 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი, დაზღვევა - 23.81 ლარი). მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დამატებით 2612.73 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი.
3. მოპასუხე გ---------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 31 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#3--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 10 480.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 157.20 ლარს;
4. მოპასუხე გ---------–---–ს სს “---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 274.19 ლარის გადახდა;
5. მოპასუხე გ---------–---–ს სს “---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდა;
6. მოპასუხე გ---------–---–ს სს “---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა;
7. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „თ----------ს“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 314.42 ლარი, რაც სს „თ----------ი“-ს 1--------- წლის №16 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
8. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 78.39 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე